კალამბურა


ბაღათერ არაბულს

არაგვს მაუსხამს ა კალმახები,
წამო, ვიანკესოთ, ვიბადუროთ;
ფშავის ბილიკები -- წვრილ-ხვლიკები
ქარმა ითვალოს და იფანდუროს.

არხვატს დევებია ახმახები,
ლუდზე დავიწვიოთ, ბაღათერო!
ისე გამავათვრათ, სალახნები,
ერთხელ იახსარმა ბაყბაყდევ რო...

იმდენ დავუყაროთ რიყ-ხინკლები,
ხვანჯარ ვერ შაიკრან -- გველისტყავის...

რას რა იფხინკები, შენც არ მყავდე,
მითამ, საარაგვოს ერისთავი!..

წამო, არ დალანდა ვიდრე წყლიდან
თევზმა -- ბუს თვალები -- ბღუერები;

ქოლგას რას დაეძებ, თუ გაწვიმდა,
ფშან-ფშან უშქარია ბუერები.

წამო, კაი ცეცხლი ვაცეკვოთ და
ყანწში ჩავუწყნაროთ არაგვს გული;
ჯვარმან გუდანისა შაგინდოთ და
მუზამ ხვარ გაგთოლათ არაბულნი?!.

გრძელი კალამბური აქ არ ხამს და
ვშიშობ: რახმა სხვა არ მიკარნახოს, --

არაგვს კალმახები მაუსხამს და...
წამო, ვიკალმახოთ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი