ჩემი ბარათი


რამდენიმე წლის წინ დაწერილი ბარათი ვიპოვე, საკუთარ თავს ვეკითხები:
--- რა არის შენთვის დრო და რას ელი მისგან?
--- დრო? არაფერია და არც არაფერს ველი. ჰო, არაფერია.
--- რატომ?
--- რავიცი, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნაძალადევად არაფერი გამოვა, ყველაფერი თავისით უნდა მოხდეს... გაძნელდა ყველაფერი, ძნელი გზა მე არ ამირჩევია, თავისთავად გართულდა, თავისთავად წარიმართა ასე. წარმოიდგინე, მოვდიოდი თეთრი პატარა ბილიკით, რომელიც ძალიან ფუმფულა და თეთრი იყო, სინათლე თვალს მჭრიდა და ფეხი სიფაფუკეში მეფლობოდა.... ასე შემოვაღე სამყაროს კარი, შემდეგ იცით რა დაემართა ჩემს სავალს, გახუნდა, გაუხეშდა, გვალვისაგან გამოფიტულ მიწას დაემგვანა, დასკდა და ნაპრალები გაუჩნდა, ნაპრალებს ამოვსება დასჭირდა და წვიმა წამოვიდა, გადათელა და გადაასწორა ყოველი ნაპრალი, მაგრამ უცნაური იცით რა არის, სითეთრე შეინარჩუნა მხოლოდ, ესეც ჩემს უკითხავად.
ზეცას მივაპყარი მზერა, მთის წვერზე, ღრუბლის ფთილებში გადამარტოვებული გამოსახულება ისახებოდა თითქოს, დავინახე კიდეც, სადღაც შორს, ცის დასალიერზე გამოკვეთილი პატარა წერტილი, გადამარტოვებული გამოსახულება და თვალი მივადევნე წერტილისაკენ მიმავალ გზას, ვიწროდ მიიკლაკნებოდა ბილიკი შორს. სადღაც. ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი,--- წავილაპარაკე და თავი ჩავღუნე, ძირს ვიცქირებოდი მიწაზე, ბილიკი ისახებოდა ჩემს წინ და მე, ამ სავალის მხოლოდ დასაწყისში ვიდექი თავდახრილი. თავი ავწიე და ამაყად გავიხედე შორს, ჩემს კუთვნილს, ჩემს გასავლელს ვუყურებდი მხოლოდ, რომელიც დიდი დროის შემდეგ, აუცილებლად, გადამარტოვებამდე რომ მიმიყვანს. ოღონდ, იქამდე მისასვლელად დიდი გზის გავლაა საჭირო, ჯერ კიდევ ბევრი რამ შემხვდება... იქნებ სულ სხვაგვარ ყოფას მიმზადებს უფალი, იქნებ სიყვარულიც მელის, ვინ იცის, შვილიც, ცხოვრების ფერხულში ჩაბმაც. მე კი სხვაგვარად ვიფიქრე, იქნებ საბოლოო ვიფიქრე და ბოლოდან განვჭვრიტე? იქნებ მეტი მოთმინება და ლოდინი იყო საჭირო? იქნებ დავიღალე? იქნებ კიარა და ძალიან დავიღალე. ჰო, დავიღალე და ამიტომაცაა, რომ დრო შემჯავრდა.


2011 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი