კარაქი პურზე


ზოგჯერ მსურს ვიყო კარაქი პურზე,
მთებს თოვლის საბანი პირამდე ეხუროს.
ზოგჯერ ციოდეს,
მზეც იყოს ზოგჯერ,
სიცივე ოქროსფრად
აჩენდეს ღოჯებს. 
ეს, ოღონდ ზოგჯერ.
დნებოდეს თოვლი
კარაქივით, დნებოდეს ღამე.
მსურს გავყუჩდე და მივიკუნჭო,
მეძინოს სადმე,
ზოგჯერ მსურს ვიყო კარაქი პურზე,
ვეხურო ღამეს,
ვიდრე მთა თოვლებს  გაატანს ქარებს,
დავგმანავ ფრთხილად
ზეცისა და სამყაროს კარებს.
ვიქნები ასე, უჩვეულო, კარაქი პურზე,
ვიდრე ხეები თოვლს მიიწვევენ
მეჯლისზე, ღამე.
ვიდრე ქალაქი შეიმოსავს
ფეხებზე "შუზებს",
ვიდრე ხეები ჩაიცვამენ
ხასხასა "ბლუზებს".
ფანჯრის მინასაც
სქელ ჟალუზში
გახვეულს ვუმზერ.,
შევმოსავ, მინას
როგორც იმ პურს
ნაზად, კარაქით
და ვივლით ქვეყნად
მეგობრები
სპექტაკლ-კარნავლით.
ვიქნებით ორნი, სამნი, მეტიც,
შენ, მე, ქალაქი...
მინდა მეხუროს,
მინდა ვიყო
პურზე კარაქი.


2020
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი