შუშის მძივი


მე დამიტოვეთ 
მხოლოდ ფერადთვლიანი მძივი,
უბრალო, შუშის;
ირეკლებოდეს ათასფერად 
დილის მზის სხივი,
ბავშვობისფერი გადაკრავდეს 
მარტივი შუქი.
აციმციმებდეს ცოტა სიბრძნეს, 
ბევრ სისულელეს,
ქონდეს სიზმრების სიმსუბუქე, 
ზღვასავით ლურჯი
და იყოს მისი სიიაფე 
ცასავით ძვირი.
რადგან ჩემს თვალებს 
ყალბი ქვების გარჩევა უჭირთ...
რადგან ჩემს ხელებს 
საგანძურის ტარება უკვირთ...
რადგან ვრწმუნდები,
რომ არც კი ვიცი
რისთვის ავკინძე
ამ სიტყვებით ეს ჩუმი ფიქრი.
მარგალიტები,ზურმუხტები 
თქვენი იყოს!
მათი მოხდენა,
მათი ფასი
თქვენ უკეთ იცით.
მე დამიტოვეთ გაწყვეტილი, 
ფერადი მძივი,
უბრალო, 
შუშის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი