ბათუმს


ყვითელ შუადღეს გაუმკრთალდა 
ლურჯი კონტური
და სანამ ცაზე გადმოღვრიან
დაისის ალებს,
ალაჰს ახსენებს მინარეთის 
მუქი ქონგური,
ტაძრის გუმბათი მოიხილვებს 
ღვთისმშობლის თვალებს .
სველ ოლეანდრებს ელანდებათ 
ჭრელი ხათუნი, 
გიშრის მზერაში რომ ადნობდა 
ალმაცერ ყისმათს,
პორტში აძინებს, ანანავებს გემს
მეზღვაური
და ფეხაკრეფით შეერევა 
ღამეულ ხიფათს.
ძველი ქუჩების აივნები 
ვნებით ყვებიან
წვიმით ნაფერებ მონატრების
აფრიან ამბავს,
გაგეშლებიან გაგანდობენ,
გაგენდობიან
გადმოგაფენენ ნამზეურებს
ჭორსა და მართალს.
თითებს აწყობენ კამათლებზე 
თითლიბაზები,
ქარში მოგებულსარიგებენ 
სიყვარულს მუქთად.
ყავის ჭიქაში მიხატული 
ფიქრის ხაზებით
ბათუმის სიზმარს უპოვნიან 
დაკარგულ დუქანს.
სანამ შუადღეს შემორკალავს
ლურჯი ჩრდილები ,
და სანამ ცაზე გადმოღვრიან 
მეწამულ ყანწებს,
ეამბორება ქალაქს ხელზე 
მლაშე ტუჩებით
ზღვა და სივრცეებს 
ფარდებივით 
ირიბად გასწევს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი