თუ დამუნჯდები


თუ დამუნჯდები,	
დაყრუვდები
და დაბრმავდები,
ჩამოგეხსნება ყველა ტვირთი, ყველა ბრალდება...
შენს სათქმელს იტყვის ის, ვინც დაგმო უკან დახევა,
ღმერთს გაუტოლებს (მთლად თუ არა) თვის თავს ნახევრად...
იგი შეისმენს, რაც შენ წესით უნდა გესმინა:
მოევლინება ერს რუსთველად, ვაჟად... შექსპირად...
ის დაინახავს საოცნებო, ზღაპრულ სანახებს
და ყოველივეს შენს მაგიერ სხვებს დაანახებს...
გამოიხსნება ბევრი კვანძი... 
ღელვა-ფიქრები
ფრთებს შეისხამენ, დასწვდებიან ზეცის კამარას,
მაგრამ ამ ყოვლის შემოქმედი შენ არ იქნები, 
რადგან ცხოვრება შენის ნებით დაისამარე...
და მაშინ იგრძნობ, ილუზიურ ,,მოლბერტ-ფუნჯებში’’ 
არარა ჰყრია, სიბრმავეში და სიმუნჯეში...,
რომ მთავარია მოძრაობა, ძლევა დემასის
და არა პოზა სამარცხვინო სირაქლემასი!
რომ სიყრუიდან არ იწყება გამოდარება
და არც ტვირთისგან განტვირთვაა სულის სანქცია,
რომ შეიძლება მსჯავრდებულმა საკნის დარაბა
ბედთან მებრძოლის ასპარეზად გადააქციოს...

... ჯობს სრულად ზიდო ყველა ტვირთი, ყველა ბრალდება,
ნუ დამუნჯდები,
დაყრუვდები
და დაბრმავდები!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი