ოთხი არაგვის ჩამოტანილი


ფშაველი გოგოს უმწიკვლო ღიმილს, _
მთების ზეცა რომ თვალზე ირეკლავს,
როშკაში მყუდრო ზაფხულის ღამეს, _
ნისლთა ნახირს რომ წყალზე მირეკავს,
გუდამაყარში ბატკნების ბღავილს
და მთიულეთში გალეშილ მაყრებს,
ცხენოსან ხევსურს,
ქვეითა ფშაველს,
თექიან მთიულს და გუდამაყრელს,
ჩარგლური დილის საამო სურნელს
და იმ მადლს რასაც ჩარგალი ფიქრობს,
ჭირსა და ლხინში მწერსა და მკურნალს
ვაჟა-ფშაველას ელვარე სტრიქონს, _
მე ყველა ამას მეტეხის ყურთან
(წყალს რომ ჰკვეთს მრუმე ყამა ტინისა)
მტკვარში ვკითხულობ, ვითაარ უსტარს,
ოთხი არაგვის ჩამოტანილსა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი