მითხარ, მაია ..

მითხარ, მაია,
მითხარ, მანანა,
დღეს სადღა არი
თქვენი მშვენება?
ან უთქვენობით რა გვეშველება?
მითხარი, ნინა,
ეკატერინა,
შვიდი ნაწნავი რომ გერტყა,
მართა, ―
ნუთუ აღარ ხართ
ამქვეყნად მართლა?
და ან უთქვენოდ
რაღა ფასი აქვს
თბილისის დილას,
ქართლის ალიონს?
ვინ ამოსწიოს ხმალი კვლავ თქვენთვის,
ან ყანწი თქვენთვის ვიღამ დალიოს?
სტუმრები-ღა ხართ ჩემი სარკმელის ―
როცა მოსკდება მთვარის ნამქერი...
მე თვითეული ზოლი მთვარისა
თქვენი დალალის ჩქერი მგონია...
და მეხარბება მე მათი ბედი,
ვისიც იყავით შარავანდედი,
ვისაც თქვენი ხმა გაუგონია...
თქვენი საყურის ჩრდილის ქვეშ ტუჩი
ვინც ერთხელ ჩუმად, გინდაც ფარულად
ციურ სიტკბოთი ჩაიტკბარუნა.
მე მას მოვკლავდი! მაგრამ რა ვუყო,
უკვე ამ კოცნით ქცეულა მტვრადა...
ახლა ვის გინდათ გული გაუყოთ,
მე რათ მიღიმით, მითხარით, რათა?
თქვენს აბრეშუმთა ზვირთში ვიხრჩვები,
ვაჰ, თქვენი ზღვიდან ვერ გამოველი!
არ ვიცი, როგორ გადაგირჩებით,
და დაღუპვასაც თქვენგან მოველი!
მანანა, ნინა, ეკატერინა,
შვიდი ნაწნავი რომ გერტყა, მართა,
ნუთუ აღარ ხართ ამ ქვეყნად მართლა?