მხარე ვაზებში გამოხვეული


ყანა კახური, ათქვირებული,
და ყამირები ყარაიისა;
ვაზი თორმეტი ფურის ნაწველი,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,

წინანდლის ღვინო დედისრძიანი;
თაფლი, ხეებზე ჩამოღვენთილი,
ბროწეულის ტყე წყაროებითა;
ცა ― არწივების კლანჭით გარტყმული,

მთები ფერადი დროშებივითა,
ნაციხარები ქვასისხლიანი...
მხარე ― ნათხარი საძირკველების;
მხარე ― სარკინე ფალავნებისა,

მხარე ― ვაზებში გამოხვეული...
იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ყრმობისა,
ფერფლი ლერწამის ნაცარივითა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი