სამოსელი პირველი (ნაწილი III)


კამორა

თავი პირველი

ნაცნობობანი

გათენებისას მძიმედ ამოტივტივდებოდა ხოლმე დიდი, ნაცრისფერი, გლუვი ქალაქი - კამორა. გისოსებიან ფანჯრებში ფარდები საეჭვოდ შეირხეოდა, ყველა ფარდაზე უამრავი თვალი იყო ამოჭრილი და ირგვლივ ლამაზად ამოქარგული; ფრთხილი მასპინძლისათვის მისწრება იყო ეს - რომელიმე ნასვრეტიდან იჭყიტებოდა და სახლის წინ მტერი რომ ატუზულიყო, ვერც გაიგებდა, ფარდიდან უთვალთვალებდნენ თუ არა. მზის ამოსვლამდეც აბჟუტდებოდა ხოლმე მკვრივი კედლები, მთელ კამორაში - მარმარილოს სახლები იდგა. საგულდაგულოდ ჩარაზულ კარებზე მრგვალი, კუშტი სახელურები ეკიდა - დასაბრახუნებელი. სხვისთვის თვალშეუვლები სიმდიდრე საიმედოდ გამოეკეტათ შინ, მხოლოდ დიდი, სქელი ნოხები გადმოეფინათ მაღლა, აივანზე. ღამის ამაყი დარაჯი, მაღალი, ხმელი კაეტანო, ჯავშანთორიანი, რკინის ბადეშემოვლებული, მძიმედ დააბიჯებდა ქუჩებში და გალიიდან მხოლოდ რკინის ხელი გამოეყო, დანაჩაბღუჯული. რკინის ნიღბით ყელგაშეშებული, გოროზად მიიწევდა ქუჩაში და დროდადრო რკინისავე ხელთათმანში ჩადებულ საათს თუ მიიტანდა ორგან გაჭრილ ნიღაბთან; ისევ მძიმედ ჩამოუშვებდა ხელს. შეშინებული უსტვენდა ჩიტი, უცნაური მწკლარტე სუნი იდგა, საზარლად მოტკბო, აქა-იქ მოკლედ ყიოდნენ მამლები. ეს სუნი იდგა იქაც, ოთახში; ძილში წრიალებდა მგზავრი და რაღაც მშობლიურად უსიამო ტუჩზე ჰკოცნიდა - გულაღმა იწვა, ტუჩებზე თბილ, გაბმულ სუნთქვად ჩამოსდიოდა აუტანელი სუნი, მერე ყელიც კი სქლად დაუსველდა, შემკრთალმა გაახილა თვალი, პირზე იტაცა თითები - ორივე ნესტოდან სისხლი სდიოდა. შეშინებული წამოხტა, გულისპირზე დაიხედა და იატაკზედაც მალიმალ ატკაპუნდა მძიმე წვეთები. წამოწვა და თავი ისე ძალიან გადააგდო უკან, თვალის უპეებში ჩაეღვარა სისხლი. არაქათგამოცლილი, ახლა ჭერს შესცქეროდა, და რაღაც ლაქა, ისე ნაცნობი... ძველისძველ ლაქას მუდარით ასცქეროდა დომენიკო, თავგადაწეულმა მიაშურა მაგიდას, დოქი იპოვა სისხლიანი ხელისგულების ფათურით, ცხვირსახოცი ამოაძვრინა, დაასველა, ცხვირზე მიიდო, წამოწვა ისევ. ესეც კამორა... აქ რა ელოდა! სარკმლისაკენ გაიხედა, თვალებამოქარგული ფარდიდან ჭრილობებივით შემოდიოდა დილის სინათლე, ამოძრავებული სიჩუმე კუშტად დაცურავდა უამრავ ირიბ სვეტში. აქ რა ელოდა - მუცელში დანა? თუ სისხლი, სისხლი... ან ბეჭებშუა ცეცხლოვანი ყინულის კოცნა - კამორული ფრთიანი დანა... ეგება - ყელში, და უკანასკნელ გულისცემასთან ამონაფეთქი სისხლი ამოდის, ლავიწის ორმოში გროვდება; ივსება, დაცურებული, ნეკნებს გადივლის და თვალებატრიალებული, გდია, იიქ გდია... სწრაფად წამოდგა, ისე დაზრინა, სისხლისდენაც კი შეუჩერდა შემცივნებულს, და ფარდას აეკრო, აესუსა, ერთ თვალს მოარგო თავისი თვალი, გადაიხედა. დამრეც ქუჩაში არავინ ჩანდა, მხოლოდ მოპირდაპირე სახლში, ფარდის მიღმა, ავად შეირხა ვიღაცის ჩრდილი. სარკმელს მოსცილდა, დაიხია, კედელს აეკრო, თვალდახუჭული. ზურგმიყრდნობილი, იდგა და იდგა, და, კიდევ კარგი, კეფა და ზურგი მაინც მშვიდად იყო ახლა და ოღონდ სციოდა, ყელზე - არც ისე - ნიკაპი დაებჯინა მკერდზე, ყელს იფარავდა, ყავისფრად დალაქულ ბალიშსა და ზეწარს შიშით დახედა, მფარველ ჭერისკენ აიხედა ისევ და სანამ რაიმეს გაარჩევდა, „დი-ილის რვა საათია დაა, - ომახიანად გაისმა სადღაც, - სუყველაფერი გეენიიაალურაადააააა...“ მერე რაღაცა მოკლედ აჟღარუნდა, სხვაფრივ - სიჩუმე იდგა და ჟღარუნი რომ მიილია, მაშინვე აბაკუნდა ქუჩა, ხმაური ატყდა მარმარილოს ქალაქში, ოღონდ რაღაცნაირად უხიფათო, მშვიდი, ისევ ფარდასთან მიიპარა და გაიხედა - სარკმელს აღებდნენ ყველგან, მოპირდაპირე სახლიდან არხეინად გამოვიდა ვიღაცა კაცი, ჩვეულებრივ ადამიანს წააგავდა შორიდან. იღეჭებოდა კიდეც, იქითა სახლში აივნის ნოხს დიდი კეტი დასცხო ვიღაც თავწაკრულმა ქალმა, გამწარებული სცემდა და სცემდა. შორიდანაც აღწევდა ეს ყრუ ბრაგვანი, მრავალგან ბერტყავდნენ ალბათ ხალიჩებს. თითქოს მიენდო ამ უწყინარ ხმებს, მოეშვა თითქოს... აქ კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. მაშინვე გაახსენდა, სადაც იყო, და ყველაზე მეტად ზურგს შეეშინდა, მხრების ხახუნით გაუყვა კედელს, კარსაც ზურგით აეკრო და, თავმიქცეულმა ჩურჩულით ჰკითხა: - ვინ ხარ... სხეული თითქოს დაეშალა, და ყოველ ნაფლეთს თავისი დარდი ჰქონდა. იქიდანაც წაიჩურჩულეს: - გღვიძავს, გაიღვიძე? - ჰო, ვინ ხარ... დახშულ კარს აქეთ-იქით აკრულნი, ჩურჩულით საუბრობდა სტუმარ-მასპინძელი: - მე ვარ, მე... - ვინ შენ... - ვინ ვიქნები! - ხმამაღლა მოისმა უცებ და ისევ საიდუმლოდ დადაბლდა ხმა, - ქალი ხომ არ გინდა? - ჰა!! - ჩურჩულით შეკრთა დომენიკო. და ისევ ჩუმად, სულწასულად მოისმა: - დილის ქალი ხომ არ გინდა-მეთქი, ჰალე? - ვინა ხარ-მეთქი, კაცო... - ვინ ვიქნები, - გაგულისდა კარსიქითა ხმა, - ამ სახლის პატრონი ვარ, სკარპიოზო, სხვა ვინ ვიქნები, ჯერ არ გამიღია მთავარი კარი. - მერე, რა გინდა... - შენ თვითონ რა გინდა, ვერ გამიგია, რატომ არ გამოდიხარ კარში! - რა ვიცი, ისე... - არ იცი წესი? - ა... არა, არ ვიცი. - დილით ყველამ უნდა გავიაროთ ქალაქში და თუ გავლა არ გინდა და დილის ქალი გინდა, გიშოვი საპატიო ტალონს. -რას? - ორ ტალონს, ჰალე. „დამშვიდებათა ნავთსაყუდარი, სწორუპოვარი მარშალი ედმონდო ბეტანკური მშვიდობის დღეებს გისურვებთ ყველაას“ - საზეიმოდ იყვირეს სადღაც. - ახლაც არ გჯერა? - რა... - რომ რო გაიღო მთავარი კარი! - ვისი... - მთელი ქალაქის, ვისი... მშვიდობის საათები დაიწყო. - სადამდე... - საღამოს რვამდე... ვითომ არ იცი, არაა, ჰალე? - და უცებ შეშინდა, - შენ ისე მიამიტად მელაპარაკები, ალბათ რაღაცას მიპირებ, ჰალე, რა დაგიშავე ასეთი, რა, ჰალე... და ერთბაშად გაღიზიანებულმა დომენიკომ გასაღები გადაატრიალა, ურდულიც ამოაგდო, ღონივრად მიიზიდა მძიმე კარი და მის დანახვაზე დუნედ დაინტერესებულმა მასპინძელმა უდარდელად ჰკითხა: - დაჭერი თუ გაასაღე, ჰალე? - ჰა! - ხეელისგულეეებს,-ეშმაკურად წაუმღერა მასპინძელმა, - დააბანვა უნდააა, ჰალე. - წყალი მომიტანე. - ახლავე, ტკბილო. ყვრიმალებდაბერილი, მკაცრად, თამამად შესცქეროდა - ვიღაცას უყვარდა. დიდი ვარცლი შემოარბენინა მასპინძელმა, ორ სკამზე დადო, ვერცხლის თუნგით დაუსხა წყალი, აღარაფრისა ეშინოდა, ბრაზიანი ფრუტუნით იბანდა პირს, მაგრამ ქვემოთ რომ დააკაკუნეს, ძალიან შეკრთა, მყისვე გაიმართა წელში. - ვინ ხარ! - დაიძახა მასპინძელმა. - ჩიჩიო ვარ, ჰალე... - რა გამახარე?! რა გინდა მერე... - კარგი დილის ქალი ხომ არ გინდათ, ჰალე... - გად-დაიკარგე იქით... - ოთხია, იცოდე, ჩემი... შემომიშვი, რა... - ოთხი, აბა კი... - სკარპიოზო, სამს არ გაუვა წყალი... - ორი, თუ გინდა... რას ლაპარაკობდნენ... - ერთი რა არი... - გულდაწყვეტილად მოისმა ქვემოდან. - ასეთია წესი. - ძალიან წესის კაცი არ ხარ? - წადი, მიჩივლე... - გიჩივლებ იცოდე, ჰალე... - ჰოდა, შენს წილს მაინც ის წაიღებს, ვისთანაც იჩივლებ და შენ მაინც შენი დაგრჩება და მომჩივანის სახელი კი გაგივარდება. აბაა, ჰალე... რეებს ამბობდნენ... *** მომავალი კანუდოსელი, ზე მორეირა, მარმარილოს ქალაქიდან შორს, სერტანაში ცხოვრობდა. დილაადრიან იღვიძებდა მწყემსი, ფეხზე დგებოდა. მაღალი ფეხები ჰქონდა ზეს, ტყავის ფართო ქამარს ზედ ნეკნებთან შემოიჭერდა, ტყავისავე შარვალ-ხალათი ეცვა, ფოჩებიანი. ბამბუკის ქოხში ცხოვრობდა მამაცი ვაკეირო - მწყემსი, ძლიერ უბრალო სახელი ერქვა, - ზე. ქოხის კუთხესთან, ორი ბალღის შუაში, იმისი ცოლი, მარიამი იწვა. გამრჯე ქალი კი გახლდათ, მაგრამ ასე, ზესავით, გაღვიძებისთანავე არ შეეძლო წამოხტომა - დიდ, აფუებულ თმას სახეზე ჩამოიშლიდა და ვიწრო ნაპრალებიდან უჭვრიტინებდა ზეს - რაღაცნაირად, ფარულად უყვარდა. მარიამს უყვარდა მალულად ცქერა, როგორ ამოჰყოფდა ტყავის ხალათში თავს ზე, როგორ მოირგებდა დაკუნთულ მხრებზე, და როგორ გამოიკვეთებოდა ქამრით მისი დაუჯერებლად თხელი, ვიწრო წელი; თავქვეშ მკლავამოდებულ მარიამს უხაროდა, როგორი ბუნდოვანი სიამაყით, როგორ ლამაზად მიმოდიოდა ქოხში ზე და მერე კუთხეში, სკამზე ჩამომჯდარი, როგორ სვამდა რძეს და ხმელ პურს როგორ ატანდა. მერე ზე წამოიმართებოდა და ქოხიდან გასვლამდე, მარიამს შეკავებული ღიმილით დასცქეროდა. მარიამი კი, ერთხანს დაძაბული, თავს მოიმძინარებდა და მერე უცებ გაიელვებდა თეთრი კბილები, გულიანად გაიცინებდა, ზე მუხლზე დგებოდა, თმას შემოაცლიდა სახიდან და ძილისაგან ოდნავ გაფუებულ ტუჩებზე ორჯერ ჰკოცნიდა. მერე ცხენთან მიდიოდა ზე, ხელისგულს რბილად ჩამოუსვამდა კისერზე - ცხენის ენა მშვენივრად იცოდა - და შეუდარებელი პატრონის მოფერებით განაბულ ცხენს მაშინვე ზურგზე მოექცეოდა - სკუპ ერთი! - და მორჩა, გამართული იჯდა უბელო ფაშატზე მოხდენილი ვაკეირო, ზე... უცნაური ადგილი იყო სერტანა, ალაგ ქვიშიანი, გველებითა და თაგვებით სავსე, ალაგ - გაუვალი ტყით დაფარული, ბალახოვანი, თხებზე ნადირობდნენ აფთრები. ქვიშრობზე დინჯად მიარონინებდა ცხენს, დამფრთხალი ხვლიკები თავით ჩაიგრიხებოდნენ ქვიშაში, მზერად გადაქცეული გველისკენ დამუხტული მიიძურწებოდა თაგვი, მომნუსხველ მზერას რომელიღაც ამაზრზენი კანონით დამორჩილებული. მაღალ, გარინდულ კაქტუსებსა და საოცრად ეკლოვანი ბუჩქნარის - კაატინგას შორის მიდიოდა ცხენი, ცოტათი იქით კი, მოლზე, ტყისპირას, ზეს მიბარებული ნახირი ბალახობდა. მომცრო ტანის ძროხები მშვიდად იცოხნებოდნენ, თავისუფლებას შეჩვეული, ავი ხარები კი დროდადრო თავს შემართავდნენ და მრისხანედ ყნოსავდნენ ჰაერს. ზე დიდად სცემდა პატივს თავისუფლებას და ნახირს ძაღლებს არ აკარებდა. ძაღლებით მოსვლა მხოლოდ ნახირის პატრონთ, კამორელებს სჩვეოდათ - წელიწადში ერთხელ მთელ სერტანას იკლებდა ყეფა და წკავწკავი, ისე კი, იმოდენა ნახირთან მარტოდმარტო იყო ზე, ერთგული ცხენის ანაბარა. ჩორთით შემოუვლიდა სამწყსოს, პირუტყვს ათვალიერებდა. შორიდანვე ამჩნევდა იარას, კაქტუსისა თუ კაატინგას ეკლები რომ უჩენდა საქონელს. ძროხა თუ იყო, არა უშავდა, იოლად წაასმევინებდა მალამოს, ხარი კი ზეს მიახლოებისთანავე თავს დაღუნავდა და მოლზე გავარდებოდა. ცხენს დაადევნებდა მხედარი, მაგრამ ხარი ჭალაში შევარდებოდა, და შხუილით წამოსული ტოტების ასაცდენად ზე ხან ერთ გვერდზე გადაიხრებოდა, ხან მეორეზე, ხშირად კი ძალიან დაბალი ტოტის ასარიდებლად გაჭენებული ცხენიდან ჩამოხტებოდა, ცალ ფეხს მიწაზე დაჰკრავდა და წამსვე ისევ ამხედრდებოდა უმაყურებლო, უაპლოდისმენტებო, ჭეშმარიტი ეული ჯამბაზი, ზე. ისე ლამაზად - ყოველივე ეს... დაბალ ხარს ტყეში უფრო ეხერხებოდა სრბოლა, მერე კი, ისევ ველზე რომ აღმოჩნდებოდნენ, ცხენი იმარჯვებდა და ზეც უცნაურად გადაწვებოდა, თავქვედაკიდებული, კუდში ხელს სტაცებდა დევნილს, დაქაჩავდა, და წაქცეულ ხარს კისერზე პირდაპირ ცხენიდან ახტებოდა. რქებში ჩასჭიდებდა ხელს, და გააფთრებული, დუჟმორეული ხარის ქშენა სახეში სცემდა, დაგრეხილი კუნთები ებერებოდა ვაკეიროს, და უჩვეულო ძალის შეგრძნებით გაოგნებული პირუტყვი მორჩილად იწვა გვერდზე. ცალი ხელით ისევ ხარის რქა ეჭირა, მეორეთი ეკალს ამოუღებდა. მერე ჩექმის ოთხკუთხა ჯიბიდან მალამოს ამოაცოცებდა და წყლულზე უსვამდა. ერთხელაც გულდასმით შეათვალიერებდა და მერე იქვე მორჩილად მდგარ ცხენთან, ხარს თვალს რომ არიდებდა, მიდიოდა და, სკუპ ერთი! - ლაღად ამხედრდებოდა. გაბრუებული და დარცხვენილი ხარი საითკენმე გასწევდა, ზე კი ახალი, იარიანი პაციენტის საძებრად მიეშურებოდა. და მთელი დღე ასე... მაგრამ ხანდახან ისეც ხდებოდა, ძროხას ცალფეხა ჭინკა - სასი წაიყვანდა ხოლმე. იქაურობას გადაატრიალებდა ზე, ძროხა არ ჩანდა, „აჰ, სასი, შენი ცოლ-შვილი“, უბოროტოდ გაიფიქრებდა ზე. მერე ძროხის ნაკვალევს მაინც იპოვიდა, ჩამოქვეითდებოდა და პაწია ღრმულში ორ გადაჯვარედინებულ ჩხირს ჩადებდა - სასის ძალიან ეშინოდა ჯვრისა. ზე ნაკვალევს მეზობელი ვაკეიროს საზღვრამდე გასდევდა, იქით კი უხერხული იყო გადასვლა, უნდობლობას ნიშნავდა - მეზობელი ისედაც მოუყვანდა ძროხას, ერთიმეორის დამღას ყველა სცნობდა - ვაკეიროთა პატიოსნება ეჭვმიუტანელი იყო. თვით კამორელებსაც კი სჯეროდათ მათი. შუადღით, სადმე ხის ძირას ჩამოჯდებოდა, დიდ, განიერ, ორკუთხა ქუდს მოიხდიდა, გრძელ ფეხებს გაშლიდა, და მარიამის ბოსტანში მოყვანილ კომბოსტოსა და სტაფილოს ლეოპარდებზე სანადირო გაღუნული დანით - მაჩეტეთი ჭრიდა და ასე კურდღელივით იცუცნებოდა სრულიად სერტანის უსახელო, მიკარგული გმირი - ზე. შებინდებისას კი, შინ მობრუნებულს, კედლის ჭუჭრუტანიდან სიხარულით აღვსილი უთვალთვალებდა ცოლი, მერე კი - მალულად უყვარდა - ცეცხლზე შედგმული ქვაბისკენ შეტრიალდებოდა და მხარზე რომ იგრძნობდა უეცრად განაზებულ დაკოჟრილ ხელს, თითქოსდა უგულისყუროდ იტყოდა - აა, მოხვედი?.. ერთად ვახშმობდნენ, ღარიბზე უფრო ღარიბი იყო ზე, თუმც მის ცოლს ლეოპარდების ტყავი ემოსა - გროშებს უხდიდნენ, და ბალღების ხათრით ორიოდ ნაჭერ თხის ხორცს პირს არ აკარებდა. შუაღამით კი უხვ მარიამში იძირებოდა ზე, უთქმელი იყო, მოფერება არ შეეძლო და ჩუმად, გულში იმეორებდა - მარიამ, გვირილა... ზე წელიწადში ერთხელ ჩადიოდა ქალაქად, ბაზრობაზე, და იქ მიხაკებიანი და ვარდებიანი ქალები რომ ნახა, უცებ კი მოეწონა, მაგრამ რაღაც სიცივეც იგრძნო, მარიამი გაახსენდა, - ერთის შეხედვით ყველაზე უბრალო ყვავილის სახელი საიდუმლოდ შეარქვა და მას შემდეგ, მის თმაში სახეჩარგული, სულ ჩუმად, ჩუმად იმეორებდა: „მარიაამ, გვირილა...“ ზე ერთ-ერთი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც შემდგომ დიდი კანუდოსელი გახდა. *** - აბა ასე ქუჩაში ვერ გამოხვალთ, მშვიდობის საათებია და თუ გიჭყავით ფული, მშვენიერ ტანსაცმელს მოგართმევთ. - რამდენი უნდა. - ოცი გროშიდან დაწყებული, სამოც დრაჰკანამდე, ჰალე. - რა ამბავია... - რა - ოცი გროში? - არა - სამოცი დრაჰკანი. სკარპიოზომ მზერა ფრთხილად მოუცურა სახეზე და თავი თითქოს მორცხვად ჩაღუნა: - მთლიანად სამოცი კი არ ღირს... - აბა? - ორმოცდაათი. - და - სამოციო? - მერე მე ფეხის ფული არ მინდა, ჰალე? - რა ფეხის ფული... - მაგდენ ფულს მიტანა არ უნდა თერძთან? - რა, ასე მძიმეა? - მამასხარავებთ, ხომ? - ყელი რომ გამომჭრას ვინმემ, მამაცი გაბედულების საფასური ფული არ მინდა? - აკი მშვიდობის საათებიაო? - რომელ მშვიდობას არა სჯობს სამოცი დრაჰკანი, ჰალე? - გაუკვირდა მასპინძელს, - როგორ ბავშვივით ლაპარაკობთ თქვენ... სკამზე ჩამოჯდა დომენიკო. ესეც, მშვიდობის საათები... - თქვენ რომელს მირჩევთ? - მამასხარავებთ კიდევ, ხომ? სამოციანი, რა თქმა უნდა, - და დააყოლა, - ხომ გაგიგიათ, ცხოველი ბეწვით ფასდება და ადამიანი ტანსაცმლით, ჰალე! - ქვემოთ დამიცადეთ, ახლავე მოვალ. მძიმე ურდულით ჩარაზა კარი. ტომარა გახსნა, დრაჰკანები საწოლზე პეშვით დაყარა, ჯერ სამოცი დრაჰკანი გადაარჩია, მერე - თოთხმეტი, ბალიშის ქვეშ შეაცურა. თავწაკრული ტომარა ისევ საწოლის ქვეშ შეაგდო, მერე ურდულს ხელისგული აჰკრა და გასძახა: - მობრძანდი, ჰალე. ეს რა წამოსცდა - უცნობი სიტყვა! შემკრთალი იდგა... - მოვედი, ჰალე! - უთხრა იმანაც. - აჰა, სწორედ სამოცი დრაჰკანია. აქ მასპინძელი მართლა გამწარდა - მხრები აზიდა, გულზე აიბაგუნა ხელები, თვალები გადმოქაჩა, საკვირველებავ, მუხლებზე დადგა: - მართლა უნდა გამატანო ამდენი ფული ქუჩაში, ჰალე? ვითომ არ იცი ვაჭრობის წესი, არა? რა დაგიშავე ასეთი, რა! არ იცი, არა, მესამედი რომ უნდა მომცე? და მარტო ოთხი დრაჰკანი რომ დამრჩება, არ იცი, არა? - კი მაგრამ, რამდენი მოგცეთ? - ყველაფერი იცი შენ! თავს იკატუნებ მხოლოდ! რა მიამიტი ბიჭი ხარ, ხო-ხოო, ბიჭო! ჯერ იყო და, ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ღამით გამოხვედი ქუჩაში და თვით ზედამხედველ ნავოლეს კაცმა მოგიყვანა. მერე იყო და იმას შენთვის დანის დარტყმა უნდოდა და ვიღაცა იყო შენი კაცი - აშენდა იმისი ოჯახი - ჩიჩიოს ხელში ჩაარტყა დანა, მერე იყო და, საიდან და როგორ მოახერხე, პოლკოვნიკი სეზარიც კი ვერ მიხვდება ამას და ღამით ჩემს მთავარ კარს საიდუმლო გასაღები მოარგე და გაიპარე და ვიღაცა დაჭერი თუ მოკალი. უფრო მოკლავდი ალბათ და ისევ არხეინად დაიძინე. და მე რომ ლაპარაკში განგებ ბითურობა გადავწყვიტე, შენ მაინც მაჯობე განგებ ბითურობაში და, თუ გინდა, მომკალი და გამათავე, მაგრამ თქვენი შესაძლებლობების კაცს ჩემი მოკვლა ეკადრება, ჰალე? აჰ, ეს სად მოხვდა, გაოგნებული იდგა დომენიკო; მაგრამ მასპინძლის ასეთმა შეშფოთებამ მაინც გაამხნევა და ოცი დრაჰკანი ამაყად ჩაუთვალა, - აჰა, მიყიდე. შენ - ოთხი გრჩება? - მე არა, ჰალე, - ფეხზე წამოდგა სკარპიოზო, ხელისგულით ჰაერი მოინიავა, - აქედან ორი დრაჰკანი მარშალ ბეტანკურისაა, ერთი-პოლკოვნიკ სეზარისა და ერთიც ჩიჩიოსი... - რა, ისიც დიდი კაცია? - არა, მაგრამ... აქ რომ მოგიყვანა. - შენ რაღა გრჩება... - იმდენი იმას გვერდები არ აუდგა, თექვსმეტი დრაჰკანი არ მივცე. - ვინ იმას? - ვის - მკერავს, ჰალე. ერთხანს ჩუმად იდგნენ, გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ერთურთს. - და ეგ მარშალი რაღა შუაშია? - აჰ, - შეკრთა მასპინძელი და პირზე მიიფარა ხელი, - არავინ გაგვიგოს, დავიღუპებით, ჰალე... - რა ვთქვი ასეთი... - ისევ იკატუნებთ თავს, ხომ? ვითომ არ იცით, თავისი წილი რომა აქვს ყველაფერში მარშალს... ჩვენი ქალაქი კარგად რომ წარმართოს და სამართლიანი იყოს, ადამიანს ბევრი, ძალიან ბევრი ფული უნდა უჭყაოდეს. ჰალე, ბრძნულია წესი. მერე გახდება სამართლიანი, აბა რას იზამს, ჰალე... ვერაფერს მიხვდა და დაბნეულმა თუნგს წაატანა ხელი. პირზე მიიყუდა, თავი გადასწია, აჰ, ძველი ლაქა - კუშტად მზირალი. მაინც გამხნევდა: - წადი, ჰო, წადი, რაღას უდგახარ. - მივდივარ, ჰალე. - დაიცა! ზომა რომ არ აგიღია? - როგორ არ ამიღია, - გაიკვირვა მასპინძელმა, - ამდენი ხანია გზომავ და გზომავ თვალით! - კარგი, ჰო, წადი. სკარპიოზომ კარი რომ მიიხურა, არაქათგამოცლილი, სკამზე ჩამოჯდა. ათასი ფიქრი ეწეწებოდა თავში, ხანდახან რაიმე საშინელება გაუელვებდა, ჯოხის დარტყმასა ჰგავდა და ის ულმობელი სახრე ფიქრებს მატყლივით წეწდა - რომ მომკლან! თუ არა, არა, ღამით გადავრჩი... ეგებ მეორე გასაღებიც აქვს? აჰ, არა, არა, ვერ შემობედავს, მკვლელი ვგონივარ... და სხვამ რომ მომკლას! არა, მშვიდობის საათებია... არაფრად უღირთ ეს საათები! თუმცა აქ ფულით აფასებენ და ფული კი ჰეე, მაქვს... ის მორჩენილი ორმოცი დრაჰკანი ორივე პეშვით აიღო, საწოლთან მივიდა, ზეწარზე დაყარა, ცალ მუხლზე დაიჩოქა და ტომრის გამოსაწევად ცალი ხელი საწოლის ქვეშ შეჰყო; ვერ მისწვდა, გადაიხარა, ლოყა დააბჯინა საწოლს, უფრო ღრმად შეჰყო ხელი, მოაფათურა და უცებ მაჯაზე მარწუხი იგრძნო. ჯერ, რა თქმა უნდა, აფართხალება მოუნდა, მაგრამ ვერ შეძლო - წამსვე დაზრინა და დამძიმებული, დარბილებული, გვერდზე გადაგორდა, და თვინიერი სიამით გაიჟღინთა, ოჰო, ღრუბლები - ღრუბლებში იწვა. ერთიანად შიშველი, ლბილი ქულებით შემოფუთული, ნეტარებისაგან დაბუჟებული, იისფერ ღრუბლებში იწვა, მაგრამ უხეში თითებით საფეთქლებს უზელდნენ, სილაც გააწნეს, კოჭლი ხომ არა, აჰ, არა, არა, უღონოდ ფიქრობდა დომენიკო, აქ სჯობს, აქა სჯობს, ცოტა მაცალეთ, ოო, კარგია, რა კარგია, არაფრის დარდი, დამაცათ ცოტაც, იმ აბეზარმა კი წყალი დაასხა თავზე, სახეზეც აპკურა, უკმაყოფილოდ გაახილა თვალი და საზარელი ნიღბოსნის დანახვაზე აიღო და ისევ ღრუბლებისკენ დაადო თავი, მაგრამ იმან თქვა: - ყური დამიგდე. მე ალექსანდროს უფროსი ძმა ვარ. საწოლზე იწვა. როგორ აღმოჩნდა... უმწეოდ დამშვიდებული, ღამინდელ მხსნელს ასცქეროდა, ის კი ნიღბის ვიწრო, ირიბი ჭრილიდან ესისინებოდა: - კარგად დამიგდე ყური. ბევრი დრო არ გვაქვს. არ დაიჯერო, რომ სკარპიოზოს მართლა ავაზაკი ჰგონიხარ. მშვენივრად იცის, მისი სახლის მთავარი კარი ღამით რომ არ გაღებულა. და, ზედა ტუჩზეც გემჩნევა სისხლი. ახლა ცოტა ხანს შეაგვიანებს, რადგან ჯერ ის უნდა გაიგოს, მართლა ხარ თუ არა მარშლისა ან პოლკოვნიკის ნათესავი. მერე ტანსაცმლისთვის შეივლის და მოზომვისას ოდნავ დიდი თუ მოგივიდა, იცოდე, მოსაკლავად წაგიყვანს სადმე - იმ ტანსაცმელს კი გაგხდის და თვითონ ჩაიცვამს - შენზე ცოტათი სრული კაცია. ყური დამიგდე, არც ისე ბევრი დრო გვაქვს... - ნიღბოსანი კართან მივიდა, გამოაღო, ხის მოსასხამიდან ციცქნა ნაჯახი და რაღაც ხელსაწყოები გამოაძვრინა, კლიტე გამოიღო ბუდიდან, - ტყეში წაგიყვანს ალბათ და ვინმემ რომ არ დაინახოს შენი დამარხვისას, ჯერ რაიმე ტყუილს გეტყვის და საფლავის წინასწარ გათხრაში მოგიხმარებს, გათხარე, არა უშავს, მაგრამ შაშვის ჭახჭახს როგორც გაიგონებ, სკარპიოზოს დასანახად რომელიმე ხისკენ სამჯერ დაიქნიე ხელი. არ შეგეშინდეს, ზურგსუკან მე გეყოლები, მაგრამ ჩემს გამოსაცნობად თუ გაბედავ და თავს მოაბრუნებ, მაშინვე ყელში ჩაგესობა ჩემგნით ნასროლი დანა... - რაღაც მოარგო კარს, ხელი კი უტყუარი მაქვს, დანას ჩემსავით ვერავინ ისვრის... როგორ სისინებდა! - ღამით შენი საწოლის ქვეშ მეძინა - თამამად შეიძლებოდა, სკარპიოზო შემოპარულიყო, მოეკალი და შენი დრაჰკანებიანად სადმე გადაკარგულიყო. არა, ვერ გადაიკარგებოდა, მაინც იპოვიდა ზედამხედველ ნავოლეს ხალხი, მაგრამ მაგდენი ფული მაინც გონებას დაუბნელებდა. ამიტომ დავრჩი, ახლა კი, - კარი მიხურა ნიღბოსანმა და დომენიკოს მიუახლოვდა, - კლიტე გამოვცვალე, ჰა შენ, გასაღები, ოთახიდან გასვლისას შენ თავად დაკეტე კარი, სკარპიოზო ვერაფერს შეამჩნევს, იმის კლიტეს ჰგავს. მერე კი, უვნებლად რომ მობრუნდები, სკარპიოზო თავისი გასაღებით შეეცდება კარის გაღებას, მაგრამ ვერ შეძლებს, შენ კი, ჰა, ეს გამომართვი, - გასაღები ჩაუდო ხელში, - და გააღებ. ეს საბოლოოდ დააშინებს - და დააყოლა, - გამიგე, არა? - გავიგე, ჰალე, - უთხრა მადლიერებით აღვსილმა დომენიკომ. - ჰალეს მოგცემ შენ, - ბრაზიანად წაისისინა კაცმა, - აღარ გავიგო შენგან ეს სიტყვა. მაგით დაიწყებ, და მერე თანდათან ისე აგიყოლიებენ, როოო... - ალექსანდროსავით გაწელა. - და თქვენ ახლავე წახვალთ? ბოდიში... - არა, დავრჩები. - და კარი რომ უნდა დავკეტო? როგორ გამოხვალთ... რაღაცნაირად ნიღაბზეც დაეტყო, რომ გაიღიმა, ალერსი შეერია სისინს, - მეორეცა მაქვს. - ვიწრო ნახვრეტიდან თბილად შეჰყურებდა თითქოს, - მაშ ასე, შაშვის ჭახჭახზე მაღლა ასწიე ხელი და სამჯერ ღონივრად, სწრაფად დაიქნიე. რომელიმე ხისკენ... გამიგე? - დიახ. - აჰა, ეს დანები გამომართვი. ტანსაცმელს რომ მოგიტანს, აქაური წესისამებრ, ხუთგან იქნება ჩატანებული დანა. ოღონდ ხუთივე ალბათ ყალბი. და ამეებით შეცვალე, ორი - ჩექმის გარეთა, ვიწრო ჯიბეში, ორიც, ქამარში და ერთიც - მოსასხამის საყელოში. გაიგე? - დიახ. - ახლა მიბრუნდი, ისევ საწოლის ქვეშ უნდა შევძვრე, ოღონდ იცოდე, დანები არ ამოაძრო ხიდან. იმასაც არ გააბედინო. - დამიჯერებს კი? - კი. - და ახლავე, რომ გასულიყავით და... იქ დაგვლოდებოდით, ტყესთან? - არ შეიძლება. ჯერ ერთი, შეიძლება აქვე გაგათავოს, არა მგონია კი და, მეორეც მაინტერესებს, როგორ მოიქცევა, რანაირად ილაპარაკებს. - და თქვენ... როგორ გაიგებთ... - რას. - აი... რაიმეს თუ დამიპირებს... - ეტყობათ ხმაზე. მიბრუნდი-მეთქი... იატაკზე გაწოლილი არავის ვუნახივარ. შეტრიალდა და იდგა, იცდიდა... ზურგს მაინც ეშინოდა. სკარპიოზომ მოწიწებით შემოიტანა ხელებზე გადაფენილი სამოსი. მშვენიერი შარვალ-ხალათი იყო, მოსირმული, იღლიაში ამოჩრილ მაღალ ჩექმებსაც გვერდზე ოქროსფერი ზოლი ჩასდევდა. ქათქათა პერანგი ცალ მხარზე ჩამოჰფენოდა, მრგვალი, ფუმფულა საყელო ჰქონდა. - აგერ, გაიზომეთ, ჰალე, ყველაფერია აქ, - სკამზე სასოებით გადაჰფინა, - აგერ, ბატონო, შარვალი, ხალათი, აჰ, რა პერანგი, ახ... აგერაა, აქვე, ქამარი და ჩექმა, შიგნითა პერანგი და იმისი საუკეთესო ამხანაგი, წინდა, შენ ხარ ჩემი ბატონი... - და შესცინა, - ყველაფრის ღირსი ბრძანდებით თქვენ. - მარტო დამტოვე, - თქვა დომენიკომ. - ხომ გამოისეირნებთ, მერე ტყეში, ჰალე? - მომხიბლავი ღიმილით დაეკითხა მასპინძელი, - ჰაერი არის სუფითა. - თუ არ მომცილდებით, კი. - აჰ, როგორ გეკადრებათ, თქვენ მოგცილდებით? როგორ იფიქრეთ... ყველაფერს რომ მოირგებთ, ჰალე, სამჯერ შემოჰკარით ტაში. დომენიკომ სისხლიანი პერანგი კუთხეში მიაგდო, ქათქათა გადაიცვა, მერე შარვლის ტოტში გაჰყო ფეხი, ხალათში ამოჰყო თავი, სუყველაფერი სრულად ადგა, გააჟრჟოლა, ყალბი საოცრად დრეკადი დანები ამოაძვრინა ჩექმებიდან, ქამრიდან, საყელოდან, ბალიშის ქვეშ დამალა. ტანსაცმელზე დატანებულ უცნაურ ქარქაშებში კი ნიღბოსნის დანები ფრთხილად ჩააცურა, საწოლზე მორიდებით ჩამოჯდა და ჩექმაში რომ ჩაჰყო მეორე ფეხიც, შეკრთა - კოჭზე დაუკაკუნეს: - ტყეში ერთხელ მაინც რომ მოტრიალდე, დანა არ აგცდება ყელში. და თავად ნიღბოსანმა სამჯერ ღონივრად შემოჰკრა ტაში. ვიწრო ქუჩებში მიაბიჯებდნენ, მოღრუბლული დღით ნაცრისფრად ჩამუქებულ მარმარილოს სახლებს შუა. მთელ გზაზე, ძვირფას კედლებს მიყრდნობილნი, კამორელები იდგნენ! რიდით ათვალიერებდა ავაზაკთა ქალაქის მკვიდრთ დომენიკო - შორიახლოდან, ასე, ჩვეულებრივ ადამიანებს წააგავდნენ - ორ-ორი ხელი, ფეხი, თვალ-ყური ჰქონდათ. ხმელი, მომაღლო ხალხი იყო, აქა-იქ თუ გამოერეოდათ ვინმე მსუქანი. მაგრამ თვალებში რომ შეგეხედათ... გინდა, შევხედოთ, შევხედოთ, გინდა? მივუახლოვდეთ, ჩვენ, უხილავებს, ორ სალახანას, დაუკითხავად რომ ვბოდიალობთ, ვერავინ გვამჩნევს, მხარზე დამადეთ ეგ თქვენი ხელი, მომყევით, ოჰო, წარბებამდე ჩამოუფხატავთ განიერი ქუდი, და მოჭუტულ თვალებში რაღაც უბზინავთ, რაღაც სურვილი - რაღა რა რაღაც, ალბათ მიხვდებით, ფულიანი კაცის დანახვაზე რასაც ფიქრობენ... ქამრის მიღმა ჩაუყვიათ ცერა თითები, სწორედ იქ, სადაც გრძელი, წვრილი დანები ეგულებათ, და, კიდევ კარგი, ჯერ რომ აქ მოვხვდით, ეს კამორელთა შუა ქალაქია, ზედა და ქვედა ქალაქში კი ჰეე, ამათზე შვიდჯერ უარესი ხალხი ბუნაგობს... მაგრამ ესენიც, ოო, ესენი... ერთი სული აქვთ, ჩვენს მგზავრს ესროლონ მწივანა დანა, მაგრამ ასე იძახის მისი მეგზური და მასპინძელი - თვით პოლკოვნიკთან მივდივართ, ჰალე... ეს კი ჩიჩიოა, ქვედა ქალაქიდან ახლად გადმოწინაურებული, ქვედა ქალაქი არ იცით, რაა? ყველას აგიხსნით, აგიხსნით ყოველს თავ-თავის დროზე... ჰოდა, ჩიჩიო უახლოვდებათ: - მშვიდობის საათებს გილოცავთ, ჰალეებო... გუშინღამ რომ დრაჰკანს დამპირდით, ჰალე? ეგებ მიბოძოთ... დომენიკომ კი ზიზღით შეხედა: - რატომ გიბოძო... მოკვლას რომ მიპირებდი ორჯერ? აქ ჩიჩიომ ოდნავ, სულ ოდნავ დაირცხვინა, წამით თავიც კი ჩაღუნა, მაგრამ მერე გულმართლად შეხედა თვალებში და დაანამუსა: - და თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას, ჰალე? ხომ ისევ აქ ხართ, დაიმახსოვრეთ - იშვიათად, რომ შუა კამორელმა პირდაპირ თვალში შეხედოს ვინმეს. ხან ცხვირზე შეაჩერებენ ხოლმე მზერას, ხანაც - წარბებზე, ხელებზე, შუბლზე, ყურსა თუ ტუჩზე, თვალებში კი - არა, არაფრით, უნებლიეთ შეხედავენ ერთმანეთს და წამსვე აუსხლტებათ ვერაგი მზერა - ასეთია მათი დაუკანონებელი, უნებური წესი - სულაც არ უნდათ ტანში დაზრინოთ. და საკუთარი თვალებიც რომ არ გაახსენდეთ - რაც გინდა იყოს, სუყველამ ვიცით. რას წარმოვადგენთ და სარკეშიაც, წვეულებამდე გაკოხტავებისას, წვერის პარსვისა თუ თმის დავარცხნის დროს, მორჩილ ორეულს თვალს არიდებენ. - აჰა, აიღე, - თქვა დომენიკომ და ქვაფენილიდან დრაჰკანი წკრიალით ახტა, მაგრამ მეორედ აღარ დაცემულა - წახრილმა ჩიჩიომ დაუჯერებლად სხარტად მოიქნია ხელი და იმავ მოქნევით დრაჰკანს სადღაც გულის შიგნითა, საიდუმლო ჯიბეში ჩაუძახა, - მშვიდობის საათები გაგგრძელებოდეთ, ტკბილო... სკარპიოზო კი, თვალარიდებულთ, ყველას ამცნობდა: - თვიით პოლკოვნიკთან მივდივართ, ჰალე... ვინც აგვედევნება, თვიით პოლკოვნიკთან ექნება საქმე, ჰხალე! თვალანთებულნი, ნერწყვგამშრალნი მისჩერებოდნენ ზურგზე... უძრავად იდგნენ. - ცოტა დიდი მაქვს შარვალ-ხალათი, - თქვა დომენიკომ. ტყედ მიდიოდნენ. - უნდა გაგასუქო, ჰალე, - შესცინა მასპინძელმა, - აბა რაა, ასეთი გამხდარი რომ ხარ მაგისთანა ფულის პატრონი კაცი. მუცელზედაც კი უნდა ეტყობოდეს ადამიანს კაცობა, აბა? შემწვარ-მოხრაკულ-დაბრაწულებს მოგართმევ სულ. - გასამრჯელოზე რატომ არ მელაპარაკები, ჰალე, - ჰკითხა დომენიკომ, და „ჰალეს“ თქმაზე ისე შეშინდა, ენაზე იკბინა და კინაღამ მიიხედა. - რა გვეჩქარება, ჰალე. მერე სკარპიოზო შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა და თქვა: - აქ შენ უცხოდ ხარ... ამ ქალაქში და კეთილის გულით რაღაცას შემოგთავაზებ, თუ არ დამიწუნებ და თუკი მიკადრებ, ჰალე. - ბრძანე, - უთხრა დომენიკომ. მუხლები უკანკალებდა, და მაინც ღირსეულად ეჭირა თავი. - რა და... ძმადნაფიცები გავხდეთ, თუ გინდა, ძმადნაფიცობას რა სჯობს ცხოვრებაში. ხომაა კარგი? - კი. მიდამოს ათვალიერებდა სკარპიოზო, არც უყურებდა, ისე ლაპარაკობდა: - ხოდა, თუკი მიკადრებ, დავძმადნაფიცდეთ, ჰალე! რაა ამისთვის საჭირო, თუ იცი... - არა. - არ იცი წესი? - არა. - რა იყო და, ტკბილო, მიწაა ყველაფრის თავი და თავი, ჰალე! ხომ გაგიგია, მიწა ვართ და მიწად ვიქცევითო, წამია წუთისოფელი და ამ ერთ პატარა მონაკვეთში პატიოსნების გარდა რა დაგვრჩენია, ჰალე? ვინ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სამოთხეში, ტკბილო, სიკეთის გარდა... ჰოდა, ძმადნაფიცობას მიწაში ღრმად, ორმოში ეფიცებიან ერთმანეთს, თავი და თავი მიწის წიაღშია, აგერ, ამ ფუღუროში მაქვს დამალული წერაქვი და ნიჩაბი... მუშაობა თუ შეგიძლია, ჰალე? - ისე, ცოტათი. მზე გამოვიდა, აუარება წვრილი ნამცეცი გამჟღავნდა და აბრჭყვიალდა ხეებიდან გამოსხლეტილ ცახცახა სვეტში. - ძა-ალიან კარგი, ძლიერ. ჰოდა, ჩემო მშვენიერო, აგერ, წერაქვით იმუშავე შენ და მიწის ამოყრაში ნიჩაბით მე მოგეხმარები, აბა ჰა, დასცხე... დომენიკომ მიწაზე მიაგდო მოსასხამი და ხალათი, რაებიც ტოტზე მაშინვე მზრუნველად ჩამოჰკიდა სკარპიოზომ. დომენიკომ თვალი გააყოლა, მერე ფართო ქამარი ოდნავ შეიხსნა, გააგანიერა, და წერაქვი გამეტებით მოიქნია. - დაიცა პატარა ხანს... - შეშფოთდა სკარპიოზო, - აქ ნათხარი ჩანს მიწა, - და ჩაეღიმა, - აქ უკვე დაძმადნაფიცებულან, ჩვენ ჩვენი ორმო ამოვთხაროთ, სხვისი არაფერი უნდა გვინდოდეს ცხოვრებაში, არაა ასე? სამიოდ ნაბიჯით გადაინაცვლეს, პირველმა სკარპიოზომ დაიქნია წერაქვი, მერე დომენიკოს გაუწოდა: - აჰ, ეს მშვენიერი კარგი ადგილია, ჰალე. დომენიკოს მსუბუქად უძიგძიგებდა მუხლები, ღონივრად იქნევდა წერაქვს. საფლავს ითხრიდა... ის კი, სკარპიოზო, ირგვლივ მოთვალთვალე, ნიჩბის ტარს მსუბუქად დაყრდნობოდა და ემასლაათებოდა: - აბა უძმადნაფიცოდ რა გაგვაძლებინებს აქ... შენი მტერი - ჩემი უსასტიკესი მტერი იქნება და მოკეთე ხომ მთლად მოყვარე იქნება ჩემი შენი, ჰალე... გამოდი აბა, ახლა მე ამოვყრი მიწას... დიდის მონდომებით შრომობდა. დომენიკო ხესთან, ჩრდილში იდგა და შესცქეროდა. ბევრი რამ ვერ გაეგებოდა მასპინძლისა. მერე კი, როგორც იყო, ყველაფერს თითქოს მიხვდა - ოთახში რომ მოეკლა მასპინძელს, და ტომრით დაენახათ იმ ვიღაც ზედამხედველის ხალხს, გათავებული იყო საქმე - ტომარასაც წაართმევდნენ და ალბათ; მოკლავდნენ კიდეც... არავინ რომ არ ადევნებოდათ, თითქოს პოლკოვნიკთან მიჰყავდა ახლა... მერე კი, ორმოში ღრმად ჩამდგარს რომ მოკლავდა, სასწრაფოდ უნდა ამოევსო საფლავი და ქალაქში დაბრუნებულიყო, ვითომ პოლკოვნიკს ჩააბარა მგზავრი და ზედამხედველის ხალხი ყურადღებას რომ მოადუნებდა, ტომრიანად დააპირებდა ქალაქიდან გაქცევას, ალბათ თამამი განზრახვა იყო... სკარპიოზომ კი ოფლი მოიწმინდა, მცირე ორმოდან ამოვიდა, სანამ მიწაზე დაჯდებოდა, თქვა: - შრომის ფასი რაა ცხოვრებაში, ჰალე? შევარცხვინე მე არამი ლუკმა... ტანსაცმელი არ გაისვარო, ჰალე, ძვირფასია. რა ეღიმებოდა, მაინც ჩაიცინა დომენიკომ. - დაჰკარი, დაჰკა, - წააქეზა სკარპიოზომ, - თუ გინდა, გიმღერებ რამეს, სიმღერა რომ გესმის, უფრო ადვილად მუშაობს კაცი... გინდა? - კი. - ერთი ორი სამი ოთხი, ერთი ორი სამი ოთხი, ვააჰ, დედას ცუდი მშრომლისა რა ცუდი გაუზრდიაოოოუ-ოოო-უ, ჰეეეე, ჰეე... - წამოიწყო სკარპიოზომ - კარგ კაცის გულსა ვახარეებთ ცუდისა დაგვილპიაოოოუ, ოოო-უ, ჰეეე, ჰეე... ხომ მოგწონს, ბიჭი? - კი. - მიდი-მიდი, დაჰკა! ცუდისა კა-აცის მზესმზირას არა გამოოდის ზეთიაააა, ცუდსა დაახვდება აფთრები, კაარგსა - აპლოდისმენტიააოოოუ, ოოო-უ, ჰეეეე, ჰეე... ამოდი ახლა, მე გადავყრი მიწას, ჩქარა წავა საქმე... რა უკან-უკან დადიხარ, ბიჭი?! იმიტომ იხევდა უკან-უკან, სადმე მიმალულ ალექსანდროს ძმისკენ რომ არ გაეხედა. სკარპიოზომ კი, პირიქით, დომენიკოს წინა ხეებზე აიღო ეჭვი და გველივით მზერას იქითკენ აცოცებდა. ორმოში წელამდე იდგა, ქშენით ამოყარა მიწა. მერე ოფლი მოიწმინდა, ორმოდან ამოძვრა და უთხრა - ერთიც და... ეყოფა მერე, მგონია, ბატონო, - და უსაყვედურა, - მაგ შარვლით მიწაზე როგორ დაჯექი, არ გეცოდება მატერია, ჰალე? ისე იყო დაღლილი, სიმღერის თავიც აღარა ჰქონდა, ღიღინებდა მხოლოდ: უუუ-ო, ჰეეე, ეე... მმუუუ-ო, ჰეეე, ეე... მაგრად დაჰკარი, ჰალე... დაძმადნაფიცებას რა სჯობს ცხოვრებაში, ჰალე, ოოო-უ, უუუ-ო, ჰეეე, ე... ერთი-ორჯერაც და... ამო, ამოვყრი, ბოლო ჯერია, - და ისევ მიმოიხედა, - თუ, ეგება, შენ ამოყარო, ახალგაზრდა ძმადნაფიცი ხარ და... მაგრამ დომენიკო მიხვდა და თქვა: - არა. შენ ამოყარე. სკარპიოზო ეჭვით შეაცქერდა, მერე ნიჩაბს წაავლო ხელი: - ისე, რომ იცოდე, ქვედა და ზედა ქალაქშიც სისხლით ნათესავები მყავს, ჰალე და სიტყვაზე, მე რომ ვინმე უგუნურად თავზეხელაღებულმა რამე დამიპიროს, აუუჰ, გაგიჟდებიან ნაღდად, წამში დაესევიან მტარვალს. აბაა?! - ორმოში ჩახტა, - ძნელია, ძნელი, ასე ქვემოდან მიწის ამოყრა, - და გაიკვირვა, - რამდენი შრომა გიწევს კაცს ძმადნაფიცობისათვის, ჰალე? მერე გაჭირვებით ამობობღდა ორმოდან, მძიმედ ხვნეშოდა, სთხოვა: - ცოტას დავისვენებ, კარგი? მხარ-თეძოზე იწვა, იქვე მდგარ დომენიკოს მიწის ნამცეცებს აშორებდა მუხლიდან და თან ემუსაიფებოდა: - დაძმადნაფიცების წესი ასეთია, ტკბილო - ჯერ უმცროსი საძმადნაფიცო უნდა ჩახტეს ორმოში და მერე კი უფროსს ერთგული ხელი შეაგებოს. რამდენი წლის ხარ? - ოცის. - ჰოოდა, ჰალე, აგერ, ორმოცდასამის ვარ მე და შენ გიწევს წესით. დავისვენე უკვე, ხო იცი, - წამოდგა, - ეს სურდო ვერ მოვიცილე ვერაფრით, აჰ! - უკანა ჯიბეში ჩაიცურა ხელი, - დღეში სამი ცხვირსახოცი მინდა, ჩახტი აბა, ჰალე... აქ უცებ შაშვმა დაიჭახჭახა. და დომენიკომ პირველსავე ხისკენ სამჯერ ღონივრად დაიქნია ხელი. სკარპიოზოს სახე ეცვალა, ხეს დააკვირდა. სამი წვრილი დანა თრთოდა ხეში, ერთ წერტილში იყო ჩასობილი სამთავე, ოღონდ ორი - ოდნავ ირიბად. სამ დანას კი არა, ისრისწვერს ჰგავდა. - ახხ! - შესძახა სკარპიოზომ და ორსავ მუხლზე დაეცა, - ოღონდ ნუ გამათავებ და... რა გინდა ჩემგან, ახხ! თქვენისთანა მსროლელი, ჰალე? ან... თქვენი შესაძლებლობების კაცი! რა ვიცოდი მე შტერმა, არნახულ ვაჟკაცსაც რომ შეიძლება წამოუვიდეს ცხვირიდან სისხლი! ბუნების წესია ეგ... პირიქით, იტყვიან, კარგია ეგო, ზედმეტი რაცააო, ცუდი... ხომ შემიწყალებთ, ჰალე! ცოლი მყავს მოსაყვანი, ბავშვები გასაჩენი, ბავშვები ხომ გიყვართ, ჰალე, რაა ცხოვრებაში სხვა?! დომენიკომ კი მკაცრად მიუგდო: - ადექ. - ავდგები კი არა, მეორედა ვარ დაბადებული, ჰალე... აჰ ის კი არა, ყალბი დანები შეგაპარეთ ტანსაცმელში და ნუ მიწყენთ მაგას, ხომ იცით ახლა, რასაც გიპირებდით გამოუცდელობით და... და უცებ მიხვდა, რომ სკარპიოზო აღარ ტყუოდა, ისევ შეავლო მარჯვედ ნასროლ დანებს თვალი. ახლა ისევ უძიგძიგებდა მუხლები დომენიკოს, ოღონდ - სიძულვილით, შუა კამორელს ზიზღით შესცქეროდა. - ყალბი არაა. - როგორ არაა, ჩემი ხელით არ ჩავაცურე შიგ?! - მოდი, გასინჯე. სკარპიოზომ მოსასხამის საყელოს შეავლო თითები და ვიწრო, ალესილი დანა ამოაძვრინა: - ამას რას ვხედავ, ჰალე, მოხარშულს მიცნობ თურმე, ტკბილო... ერთი დანაც გაქვთ მანდ, ჩექმაში? - არა. - აბა, არც ერთი? - იკითხა სკარპიოზომ და ოდნავ შეეცვალა სახე. - ხუთივე ადგილზეა, ის სამი დანა ხელში მეჭირა. - სულ ეს მთელი დრო? - კი. ხომ შეიძლებოდა, ვეღარ მოგეთმინა. - აუუხ, ჰალე! - აღფრთოვანდა სკარპიოზო, - წინდახედულება - აიი, მესმის... - და მუდარით შეაცქერდა, - ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან! - რა გნებავს. - დავძმადნაფიცდეთ, ჰალე... - გადი აქედან... - თქვა დომენიკომ, ხალათს იცვამდა. შუა ქალაქში ისევ ტყით დაბრუნდნენ, ბილიკებს ერიდებოდა სკარპიოზო. წინ მიუძღოდა, და დომენიკოს უტყუარ მკლავს უქებდა. ქალაქში რომ შევიდნენ, თვალზე ქუდჩამოფხატულ, თვალარიდებულ კამორელთაგან, ერთ-ერთს უთხრა: - ეს ჩვენზე მაგრის ერთი არ ყოფილა?! აბა!.. და ზღურბლს რომ გადააბიჯეს, კიბეს აუყვნენ, სკარპიოზოს გაახსენდა: „ის ძვირფას-ძვირფასი დანები რომ ჩაგვრჩა ხეში?“ „აღარ იქნება“, თქვა დომენიკომ. „თქვენ ამოიღეთ უჩუმრად, ჰალე?“ „კი.“ „აუჰ, რა კაცი...“ და სკარპიოზომ კარის გაღება სცადა, და კარგა წვალების შემდეგ გაოცებული რომ მიუბრუნდა დომენიკოს და იმან კი ჯიბეში ჩაიყო ხელი, გასაღები ამოაძვრინა და კარი გააღო, მასპინძელი მთლად გადარია: - ასე უჩუმრად შემიცვალეთ გასაღები, ხომ! - და გახარებულმა იღრიალა, - ააა, მივხვდი! კაცი მოკალით და მერე ზედა ტუჩზე განგებ წაისვით სისხლი! აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, აუუჰ, დაბერდი, არა, სკარპიოზო, შე უბედურო... - შუბლზე იტკიცა ხელი, - შე ლაყე, ლაყე... - და დომენიკოს მიუტრიალდა, - ახალი ხერხი, ახალი ხერხი! არაა ასე, ჰალე? და იმანაც დინჯად, მძიმედ დაუქნია თავი. იმავ საღამოს სკარპიოზო თავად პოლკოვნიკ სეზარის წინაშე წარსდგა და მოახსენა: - მშვენივრად გამოიყურებით; თქვენი მეგობრობის ღირსია ნამდვილად, გრანდჰალლე. როგორც მსროლელი, იშვიათია და ფული აქვს ბევრი - ოთხ ათასამდე, თუ, მგონი, მეტიც... იმედია, მცირედს მიწყალობებთ, თქვენს მონა-მორჩილს. ყოველმხრივ საჭირო კაცია თქვენთვის - ხუმარაცაა დიდი და სანამ ფულს მოუგებთ, უშიშრად შეიკედლებთ თქვენს ნათელ ჭერქვეშ და მერე, გამოუშვით ჩვენთან, ძალიან გთხოვთ, ასე, ორას დრაჰკანამდე რომ დარჩება, - და კმაყოფილება რომ შეამჩნია, შეეთამამა. - თქვენ რა გესწავლებათ ჩემგან, კულტურულად გაატყავებთ, გრანდ-ჰალლე! და რადგან ღამით მაინც საშიში იყო შუა ქალაქიდან ზედაში ჩასვლა (ზედა ქალაქი უფრო ქვემოთ მდებარეობდა), სკარპიოზოს სახლთან ღამე თეთრად გაათია ზედამხედველ ნავოლეს თორმეტმა რჩეულმა კაცმა - ცოტათი ავი ტაროსი დაემთხვათ - და, ნიღბიანხისმოსასხამიანა აძაგძაგებულნი, დანაჩაბღუჯულნი, მოუთმენლად უცდიდნენ ღამის დარაჯის, კაეტანოს ომახიან შეძახილს: - დიილის რვა საათია და ყველაფერი გეენიიალურადააააა!!! რა მშვენიერი ტყე იყო, ისე... *** მომავალი კანუდოსელი, მანუელო კოსტა, მარმარილოს ქალაქიდან შორს, სერტანაში ცხოვრობდა. უცნაურად იღვიძებდა ვაკეიროთაგან ყველაზე მხიარული - თვალს გაახელდა თუ არა, იღიმებოდა. სულელის ღიმილს არ წააგავდა მისი სიხარული, უცნაური რამ ბედნიერება სჭირდა მანუელო კოსტას - ყოველივეთი აღფრთოვანებულს, კოშკივით სული ევსებოდა და მხიარულად დასდევდა დუჟმორეულ ხარებს. როგორც ყოველმა ვაკეირომ, იმანაც მშვენივრად იცოდა თავისი საქმე და სუულ ცოტათი - უფრო. თვით დიდ მწყემსს, ზე მორეირასაც კი უახლოვდებოდა მამაცობითა და ღონით, ოღონდ მარიამისთანა ცოლი არ ჰყავდა და ქალაქში ხშირად დაიძურწებოდა ხოლმე, სიხარულს წინასწარატანილი. გარეგნობითაც ყმაწვილი გახლდათ, ჰეე... როგორ უყვარდა თავისი ცხენი... და თუ ყოველი ხე, უკანასკნელ ფოთლიანა, ჟრუანტელს ჰგვრიდა, უდაბნოში პეშვით აღებულ სილასაც იგივ სიყვარულით დასცქეროდა, ვინ რას გაუგებდა - მარტოკინა იყო. მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა - მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და - ბაობაბივით დიადდებოდა - ლამაზდებოდა, იფურჩქნებოდა, რა უცნაური მწვანე ეფინებოდა, რას არა გავდა, ცად აზიდული - მანუელო კოსტა ცხენიდან მსუბუქად ჩამოხტებოდა და შუაგულ ბუჩქში გულაღმა წვებოდა - ცამდე ამაღლებდა. მთელი ქვეყანა - ღატაკ მანუელოსი გახლდათ, ისეთი ცქერა იცოდა - საცა კი თვალი მიუწვდებოდა, სუყოველივეს ითვისებდა, ყოველივეთი იჟღინთებოდა ვაკეიროს ტევადი სული და, ბედნიერად აღზევებული, გაღიმებული დააგელვებდა მშვენიერ ულაყს ერთცხენიანი მეფე - მანუელო კოსტა და გაკვირვებული უჭვრიტინებდა დიდ ხეს ამოფარებული ცალფეხა ჭინკა, სასი - ასეთი ვაკეირო არსად ენახა. და თვით კაატინგაც კი, დაუნდობელი, ეკლოვანი ბუჩქი, ისე უცნაურად გაიტრუნებოდა მხიარული ვაკეიროს ჩავლისას... მაგრამ მანუელო კოსტას ცოცხალი, აშოლტილი ქალი ყველაფერს ერჩია. ორიოდ დღეს მხიარულად ითმენდა, მერე ორი თითით ყელს მოიწიწკნიდა და ასე სთხოვდა თავის მეზობელს, ზე მორეირას, ნახირისათვის ერთი დღე ეპატრონა, მერე კი უსაგზლოდ მოახტებოდა ცხენს და ქალაქისაკენ გასწევდა. მთელ ღამეს ძილგამკრთალ, სადღაც განაბულ ლეოპარდებსა და ქურციკებს შორის მიარონინებდა ცხენს მანუელო კოსტა, დილაადრიან კი, უთენია, ქალაქად შედიოდა ულაყის ფერდებს მუხლებით მიწებებული მოხდენილი ვაკეირო და, ცხენს საოცრად შეჩვეული, ცოტათი დაუდევრად ირწეოდა და ახალგაღვიძებული ქალები სარკმელებიდან უჭვრიტინებდნენ - იმისი ცხენის კაკუნა ფეხის ხმას სუყველა სცნობდა. მანუელო კოსტა კი ორიოდე გროშით ისე ისაუზმებდა, ცხენიდან არც ჩამობრძანდებოდა, ხანდახან კი ვაკეიროთა ორკუთხა ქუდზე თითებს წაივლებდა, მოხდენილად დაიქნევდა უზანგამდე და ქუჩებში ვითომცდა შემთხვევით გამოსულ, აჭარხლებულ ქალებს ასე ეტყოდა: - ვერონიკას ვახლავარ... როგორ გიკითხოთ კოლომბინა... ისე კი, სახელები ხშირად ეშლებოდა. დიდი ამბავი - ქალებს ისედაც მოსწონდათ მწყემსი. და სადმე, ქალაქის განაპირას, უკაცრიელ ტყეში, შუაგულ მზეზე ჩამოსვამდა თავის დამძიმებულ ულაყზე შესკუპულ ქალს, თვითონაც რაღაცნაირად უცნაური ხრიკით ჩამოხტებოდა, ფართო ქამარს მორჩილი ცხენის ზურგზე გადაფენდა, მერე კი ჭრელაჭრულებით შემკულ ქალს შეწუხებული ეუბნებოდა - რა როგორ იხსნება, ვეღარ ვისწავლე, და თუმცა ქალი ბუჩქებისაკენ გამალებული იწევდა, მოხდენილი მწყემსი მაინც მზის გულზე აწვენდა და მერე, სახეგანათებულს, მოხიბლული დასცქეროდა, და ის კი, ქალი, უცნაური მწყემსით აღზევებული, ბედნიერებით გაკვირვებული, მხოლოდ ამის თქმასრა ახერხებდა: მანუელო კოსტა, მანუეელ... მანუელო კოსტა ერთ-ერთი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც შემდგომ დიდი კანუდოსელი გახდა. *** და კაეტანომ თავისი რკინის გალია და ნიღაბი ჟღარუნით რომ დააგდო ფილაქანზე, ზედამხედველ ნავოლეს თორმეტმა კაცმაც მაშინვე მოიცილა ხის მოსასხამი. მთელი კამორაც აბაკუნდა, დაგმანულ კარებს აღებდნენ მეზობლები; ფართოდ, მხოლოდ პირით უღიმოდნენ ერთმანეთს, თვალები არ ეცვლებოდათ და მერე ეჭვით ახედ-დახედავდნენ ერთმანეთს ზურგზე. იმ თორმეტ კაცთაგან ყველაზე უკეთ ჩაცმულმა, ბრჭყვიალაღილებიანმა, სკარპიოზოს სახლს მიაშურა და მაღალ სახელურზე დაკიდებული ბრინჯაოს რგოლით ღონივრად დააბრახუნა კარზე. - რომელი ხარ, ჰალე! - მოისმა სკარპიოზოს მჭახე ხმა. - მე ვარ, ელიოდორო. - აჰ, ჩემო კაპრალო, - დატკბა სკარპიოზო, - ახლავე გაგიღებთ, ჰალე. კაპრალმა ელიოდორომ როგორც კი გადააალაჯა ზღრუბლს, თქვა: - დამშვიდების საათებს გილოცავ, ჰალე. კაცს უბრალოდ არ გამოვჭრი ყელს, მაგრამ რაიმე თუ დამიშავა? აჰ, ჩემს მტერს, მტრისას... დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი. - მაღალბედნიერი ყოფილიყოს დამშვიდების ნავთსაყუდარი, ჰალე. თქვენ ვინ სულელი დაგიშავებთ რამეს. - ახლა სადა გყავს... - იმ ოთახშია. - როგორ ეძინა? - არა ყვიროდა. - ძალიან კარგი. ფეხისწვერებზე აიარეს კიბე. კართან შეჩერდნენ, კაპრალი ელიოდორო ჭუჭრუტანისკენ გადაიხარა და, ჭერისაკენ თვალაპყრობილი, ერთხანს რაღაცას გასუსული უგდებდა ყურს, მერე ხის დიდი მოსასხამი მოიმარჯვა, ფეხაკრეფით დაიხია უკან, ფრთხილად შეისუნთქა ჩახუთული ჰაერი და ექვს მხლებელს რაღაც ანიშნა. ისინიც ფრთხილად ჩამწკრივდნენ, სახელურებიანი, რკინის ვეება მილი ჩაბღუჯეს, გამოქანდნენ და კარს შეანარცხეს. მერე მილი დააგდეს და აქეთ-იქით გახტნენ, კედელს ამოფარებულმა კაპრალმა კი გამონგრეული კარის ადგილას უცებ ხის მოსასხამი გაჰყო, ორიოდ წამს გააჩერა, მერე კი სამკლაურიანი ხელი მყისვე გამოსწია, განზე გახტა და ხის მოსასხამს დახედა - არც ერთი დანა არ იყო ჩასობილი. სკარპიოზოს გაოცებულმა შეხედა, ისიც დაბნეული შეჰყურებდა. ექვსივე მხლებელიც გაკვირვებული ახამხამებდა თვალებს. - ეს ან დიდი შებერტყილი უნდა იყოს, ან წარმოუდგენელი ბითური, - თქვა კაპრალმა ელიოდორომ და ხის მოსასხამს ისევ დახედა. - ბითური რანაირადაა, - გაიკვირვა სკარპიოზომ, - გუშინ არაფრით არ მომაკვლევინა თავი. - მაშინ რა რჩება? - დიდი შებერტყილი. - სწორია. ისე, გვიცდიდა? - გვიცდიდა, დიახ. - მომეცი მაინც ეგ მოსასხამი. და კაპრალი ელიოდორო ხის მოსასხამიან-ნიღბიანა წარსდგა გაფითრებული დომენიკოს წინაშე და მოახსენა: - პოლკოვნიკ სეზარს დაძმაკაცება სურს, თქვენთან, გრანდჰალე. მოგეხსენებათ წესი და რიგი, ხელი მიბოძეთ. საიდანღაც წვრილი თოკი გამოაძვრინა და სამი ყველაზე მოქნილი თითი - ცერი, საჩვენებელი და შუათითი მაგრად შეუკრა. მერე მეორე ხელიც დაულუქა, პაწია ტომრები ჩამოაცვა მაჯებამდე, მაგრად გაუნასკვა, ტანსაცმლიდან ყურადღებით ამოუცოცა დანები და უთხრა: - როგორ არ გენდობით, მაგრამ წესია ასეთი და რიგი... გთხოვთ, წამობრძანდეთ. ეს ტომარაა? - კი. - თქვენ წამოიღეთ. მკერდზე მიიხუტეთ და ისე. ალბათ, ლეიტენანტი ნავოლეც გვიცდის. ზედამხედველი ნავოლე, როგორც ყოველთვის, პირღია იყო, ოღონდ დოყლაპია, რაღა თქმა უნდა, სულაც არ გახლდათ. უბრალოდ, პირით სუნთქავდა, ცხვირში ლაპარაკობდა, თითქოს ცხვირპირმა ერთმანეთის საქმეები გაცვალესო. ისე კი, საჭმელს მაინც პირითა ჭამდა და მრისხანედ გამობურცული თვალებით შესცქეროდა დომენიკოს. - არც ერთი დანა არ ესროლა მოსასხამს, ჩემო ლეიტენანტო, - მოახსენა კაპრალმა ელიოდორომ. - ნრაო? - გაიოცა ზედამხედველმა ნავოლემ და დააყოლა, - ვითომ, ბითურია, ნჩემო კანპრალო? - პირიქით უნდა იყოს. - ნდიდი შენბერტყილი ნსჩანს, - დასძინა ზედამხედველმა ნავოლემ. - ნამდვილად ასეა, ჩემო ლეიტენანტო, და თანაც ძილში არა ყვიროდა. - თითებს ნრკარგად რომ შეუკრავდი, არც გეკინთხები ამას... - თქვა ზედამხედველმა ნავოლემ და გამომცდელად შეაცქერდა. - ჭეშმარიტება ღაღადებს თქვენი პირით, ჩემო ლეიტენანტო. არადა, ნავოლე ცხვირში ლაპარაკობდა. - ნრკარგით, წავიდეთ, ნჩემო კანპრალო. მარმარილოს სახლებს შორის, ფერდობზე მწკრივად ჩადიოდნენ, თვალს რაღაც აკლდა - არცერთი ხე არ იდგა ქუჩებში, ჰო. შუა ქალაქის კამორელები ტომარას თვალანთებულნი მისჩერებოდნენ, და ხანდახან გაფითრებულ პატრონზე გადაჰქონდათ მზერა - ყოველი თვალი იწიწკნებოდა. შორით ზღვა ჩანდა, მზისგან ირიბად გადასერილი. უცნაური და შეუსაბამო იყო შუა კამორასთვის მზიანი დღე - ყველას, ყველაფერს მიმალვა სურდა, თვალმოჭუტულნი, თვალებს მალავდნენ, ცერი ქამარში ჩაეყოთ და როგორც კი ვინმეს მზერაში აკაწკაწებულ სულს ამოიკითხავდა ელიოდორო, მაშინვე მუქარით შეაგებებდა - „დიდი მარშალი, ედმონდო ბეტანკური დამშვიდების საათებს გილოცავთ ყველას“. ქვემოთ და ქვემოთ, ზედა ქალაქისკენ უფრო დიდი, შავი მარმარილოს სახლები იდგა და უფრო სქელი, უფრო ჭრელი ნოხები გადმოეფინათ აივნებზე, უკეთესადაც ეცვათ, ეს - უკვე ზედა კამორა იყო, და იქაური კამორელები თვალანთებულნი კი არა, თავაზიან-მოეშმაკო ღიმილით ხვდებოდნენ მწკრივს, მერე კი, დომენიკოს ზურგზე ჩაფიქრებულ მზერას აწებებდნენ და ყვრიმალები ებერებოდათ. ზედა ქალაქელთ - მოსირმულ შარვალ-ხალათიანებს, იმ სიცხეში ძვირფასი ბეწვის ქუდი ეხურათ, თავაზიანად ესალმებოდნენ ერთურთს - „დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი...“ ძალიან მაღალ, მარმარილოს გრძელ კედელს მიუყვებოდნენ, ზედამხედველმა ნავოლემ ცხვირში იყვირა: - ნდღეგრძელი იყოს ნდიდი მარნშალი ედმონდო ბეტანკურიი... - და ხელი როგორც დაიქნია, მწკრივმაც იფეთქა: „გრანდისსიმოო-ბრავო!!! კედელს გადაღმა უტყვი მისალმების ნიშნად მწვანე მაშხალა შიშინით აიჭრა ჰაერში, კმაყოფილმა ნავოლემ გაღიმება სცადა, ისევ ბუნდოვან გზას დაადგა მწკრივი. დიდი კედელი როგორც მოთავდა, იქვე, ოციოდ ნაბიჯზე, სხვა კედელი წაგრძელდა, ოღონდ შედარებით დაბალი - თორმეტი ხილული კაცი ერთმანეთს ჩვენსავით მხრებზე რომ დადგომოდა, ალბათ, მეთორმეტე თუ შეძლებდა კედლის მიღმა გადახედვას, კედლის თავზე კი ალაგ-ძვირფასი ნოხები ეფინა, ალაგ - შუშის ნამსხვრევები ჩაესოთ. დიდ, უცხოდ მოხატულ, ზეიმნარევ ჭიშკართან შეჩერდნენ, და ზედამხედველმა ნავოლემ იყვირა - შვინდჯერ ოთხი ათიაა! ალბათ ამ დათქმულ შეძახილს ფხიზლად ელოდნენ, მაშინვე უხმაუროდ გაიღო ჭიშკრის გვერდით კედელს საიდუმლოდ დატანებული ვიწრო კარი. სათითაოდ შეაბიჯეს, დომენიკო მეექვსე კაცად შევიდა და საოცარი ბაღი იხილა - გვიანი ოქტომბერი იდგა, შემოდგომის თვე; მაღალ კვიპაროსებს აჰყოლოდა შავი ყურძენი, მაგრამ საზარლად შემოხვეოდა ვაზი მერქანს, გასუსულიყო ხე, ავად ბზინავდნენ წითლად დახლეჩილი ბროწეულები... მაგრამ დომენიკოს აღარ დასცალდა - შავზოლებიან, წითელ ხავერდში გამოწყობილმა მცველებმა თვალები აუხვიეს ყველას, ზედამხედველ ნავოლესაც კი, რომელმაც მცველების უფროსს ქამარში ჩასჭიდა ხელი, ნავოლეს - კაპრალმა ელიოდორომ, ელიოდოროს დომენიკო ამოუყენეს, ხელის ცეცებით ძლივს იპოვა მისი ქამარი, დომენიკოსაც ვიღაცა ჩაებღაუჭა და მცველების თვალხილულმა უფროსმა სხვა საიდუმლო კარით შეიყვანა თვალახვეულთა მწკრივი სადღაც, ჯერ ორიოდ უმიზნო წრე დაარტყმევინა, მარცხენა ხელისგული წინ გაეშვირა ოთხივეს, იღლიაში ტომარაამოჩრილ დომენიკოსაც კი, მუხლებში მოხრილნი დაბორიალობდნენ. ყოველ ნაბიჯზე თავღია ჭა ეჩვენებოდათ და ფეხის დადგმისას შვებით გრძნობდნენ მარმარილოს იატაკს, მერე შვიდ კიბეთაგან ერთ-ერთს მიადგნენ და მცველმა დაბალი საფეხურებით აიყვანა დროებითი ბრმები, რომელიღაცამ წაიბორძიკა და ტალღა გადაევლო მწკრივს, საითკენღაც წატორღიალდნენ, უკანა კაცის თითები უთრთოდათ წელზე, სადღაც შეუხვიეს. და მერე რიგრიგობით შეხსნეს ყველას შავი თვალსახვევი - დიდ, უზარმაზარ სავარძელთან წარმოსადეგი, აელვარებულ-ტანსაცმლიანი კაცი იდგა, და დაკვირვებით შესცქეროდა პატივნაცემ სტუმრებს - ეს ყმაწვილია? - თქვა. - ენგ განხლავთ, გრანდჰალლე, - მოახსენა ზედამხედველმა ნავოლემ. - ეგ ტომარაა? - იკითხა ბრჭყვიალა მასპინძელმა და საოცრად მსუბუქად, ფეხაკრეფით გაიარ-გამოიარა. - ნდიაახ, გრანდჰალლე. - ძალიან კარგი, ჩემო ლეიტენანტო, - რბილად წარმოთქვა პოლკოვნიკმა სეზარმა და სავარძელში ჩაეფლო, ფეხი გადაიკვანტილა ფეხზე, ეპოლეტები უბზინავდა? - აჰჰ... დომენიკოს ერთხელაც დაკვირვებით შეხედა. თავით-ფეხებამდე აწიწკნა მზერით და თავშეკავებული ღიმილით მიუგდო ნავოლეს: - როგორც თქვენა თვლით, დიდი შებერტყილია, არა? - ნდიდად შებერნტყილი გახლავთ, ნგრანდჰალლე... - ძალიან კარგი... - თქვა პოლკოვნიკმა სეზარმა და ახლა კაპრალს უწყალობა: - თითები შეუხსენით. - სახიფათოა, დღეგრძელი იყოს მარშალი ბეტანკური. - შეუხსენით-მეთქი, მაღალბედნიერი ყოფილიყოს დამშვიდების ნავთსაყუდარი. ძლივას აამოძრავა დაბუჟებული თითები. თავი დახარა, ყველას არიდებდა მზერას - ყოველი თვალი ისუსხებოდა, სეზარის - უფრო. - მოანგარიშეს დამიძახეთ. აქ, საკვირველებავ, თხემით-ტერფამდე შიშველი კაცი შემოვიდა, თმაც კი გადაეპარსა თავზე. - დათვალე, ანისეტო. ხომ არ ეჩვენებოდა! - ისე უშუალოდ იქცეოდა შიშველი კაცი. - ეს ტომარაა? ხომ კი ეგაა, დიდება სწორუპოვარ მარშალს? - ეგაა, კი. ანისეტომ პირი გამჭვირვალე ქსოვილით აიკრა, ხელი ტომარაში ჩაჰყო, თვალნათლივ შეკრთა, გააჟრჟოლა, ბუსუსები დაეტყო მკლავზე, მეორე ხელიც ჩააძვრინა, ტომარა ყრუდ ააჟღარუნა, თითები აურ-დაურია და თავგადაწეულმა თქვა: - საიდუმლოებაში გადადის, ჩემო პოლკოვნიკო. - ყველანი გადით... მხოლოდ ანისეტო და... - თქვა პოლკოვნიკმა სეზარმა და ისევ ცბიერი ღიმილით დაამატა, - და დიდი შებერტყილი დარჩნენ. ჰო, მართლა, მიჩინიოს დამიძახეთ. - ნჩემო პოლკოვნიკო, ნგრანდჰალეე, - მუხლთ მოიყარა ნავოლემ. - ცალი ნთხოვნა მაქვს - გამოუშვით რაა, ჩემები...ხომ ნდროულად ჩაგაბარეთ, ნზუსტად... პოლკოვნიკმა ჭერს მიაპყრო თვალები, რაღაცები აწონ-დაწონა და თქვა: - თავდებში მყოფნი გამოუშვით, ამისი ცოლი და შვილები - და ამაღლებულად წარმოთქვა: - ბავშვების ფასი რაა ამქვეყნად, გიბრუნებ, ჰალე. - ნდიდი მადლობა, ნდიდი მარშალის მარჯვენა მკლავო, - აღფრთოვანდა ნავოლე და კაპრალმა ელიოდორომაც დაამატა: - თქვენისთანა სწორუპოვარი? აჰ არა, არა... დაა... ჩემო ლეიტენანტო, თქვენც ხომ თქვენის მხრივ დამიბრუნებთ ცოლ-შვილს? - რაღა ნთქმა უნდა, ჩემო კანპრალო, უნდობლობა და - ნჩვენში? - შენ გაიხარე, ჰალე... მეც დავუბრუნო მხლებლებს ცოლ-შვილი? - აქ, ჩემს დარბაზში თათბირობთ ამას? - სუსხიანად იკითხა პოლკოვნიკმა სეზარმა და თავი შემართა. - რაღაცა გველის დაეტყო თვალში. - აჰ, არა, არა, გვაპატიეთ, გრანდჰალლე, სვებედნიერად ბრძანდებოდეთ, მზემდე ამაღლდეს დიდი მარშალი. სამნიღა დარჩნენ. პოლკოვიკი წამოდგა, და უცნაურად გაიარა, ისე რბილად, ისე ფეხაკრეფით - ბამბად აქცია მარმარილოს იატაკი, თვალმოჭუტულმა, ცბიერად ჰკითხა: - რა გქვია, ბიჭი... - დომენიკო. და თვალი არ მოუშორებია, ისე იკითხა: - მართალს უნდა ამბობდეს, არა, ანისეტო? - კი. - ოდნავადაც არ დაფიქრებულა და თვალებითაც არ უყოყმანია, - დაეთანხმა შიშველი კაცი. პირი ისევ გამჭვირვალე ქსოვილით აკრული ჰქონდა. - კედლისაკენ შეტრიალდით. დომენიკო მაშინვე შებრუნდა, და შიშველი კაცის დარცხვენილი ხმა მოესმა: - ასე ზურგით როგორ დავდგე თქვენთან... და ისიც მაშინვე სწრაფად შებრუნდა, ეტყობა, მოიღუშა ბრჭყვიალა პოლკოვნიკი. რაღაც ჭრიალი გაისმა, მერე ისევ, ბრძანებაზე შემოტრიალდნენ, პოლკოვნიკ სეზარს ვერცხლის ლამაზი სურა ეკავა, აპრიალებული, მაგიდასთან მივიდა და ძვირფასი თვლებით მოჭედილ ჭიქაში ალისფერი სითხე ჩაასხა, თან დომენიკოს უყურებდა. - მობრძანდით და მიირთვით, ჰალე. რა, ეს რა იყო!.. და უცებ მიხვდა - აჲამათ ხელში საწამლავი ყველაფერს სჯობდა. ძლივს გადადგა ორიოდ ნაბიჯი, ფეხები უკანკალებდა, უცნაურად ისე - ხან ბარძაყში გაუჯდებოდა სუსხი, ხან - წვივზე, მერე ფეხისგული გაენასკვა, მოეკუნტა, საბრალო მგზავრი, და თითებიც გაეყინა; სიკვდილი რომ მონატრებოდა, თვალებშიაც კი შეხედა პოლკოვნიკს, მაინც ძლივს წაავლო სასმისს ხელი და, ალბათ ჭიქის აწევის თავიც აღარ ჰქონდა - მაგიდას ვერ ააცილა. დაეჯაჯგურა და პოლკოვნიკის მსუბუქი სიცილი მოესმა - აჰ, არც ეგ იცი, არა, ბიჭო, ჰალე? რა უნდა სცოდნოდა, გაოგნებული მისჩერებოდა მლიქვნელურად ახითხითებულ ანისეტოს. პოლკოვნიკი კი გულიანად იღიმებოდა: - დიდი შებერტყილი ვარო, მართლა შენ უნდა დაიკვეხო. ეგეც არ იცი, ასეთი ძვირფასი ჭიქები მიხრახნილი რომ გვაქვს ზედა კამორაში? გინდა, გაჩვენო, თუ როგორა ვსვამთ... - მაგიდაზე მიგდებულ ფერად ჩხირთაგან ერთ-ერთი ამოარჩია, კბილებით დაიჭირა, გადაიხარა, ჭიქაში ჩაჰყო და დომენიკოსთვის თვალი არ მოუცილებია, ისე ამოწუწნა ალისფერი სითხე, საზარლად სვამდა! მერე იკითხა: - ჰა, რამდენია ანისეტო? - ოთხი ათას რვაას თორმეტი დრაჰკანი გახლავთ, ჰალე, ყველა საღია. - როგორ აღელდა, ხომ ხედავ, ბიჭი? ჰალეც მიწოდა... ნუ აკანკალდი, ჩემი რამდენი გამოდის... - ათას ექვსას ოთხი დრაჰკანი, გრანდჰალლე. - იმასაც ვერ მიხვდებოდა, ასე გვიან რატომ ვიკითხე ეს, - და ანისეტოს ცბიერად გაუღიმა, - სიამოვნებას ვიზოგავდი, ჰალე. ალბათ ისიც არ იცი, მოანგარიშე შიშვლად რადა დგას - ფული რომ არ ჩაიცუროს სადმე. კედლისაკენაც, ჯერ ერთი, შესამოწმებლად ვაქნევინე პირი და, მეორეც, არავინ იცის ჩემი საიდუმლო განჯინები როგორ იღება, სასმელს იქ ვინახავ ხოლმე - სიფრთხილე საჭიროა მაინც. შენც ხომ გაგახსენდა, ა, საწამლავი? ეს რას გაბედავს, ან მოპარვას და ან ჩემს მოწამვლას, აჰ, ზღაპარია, მაგრამ მაინც ყოველი წარმოუდგენელი შემთხვევისათვის, არა, სწორი არა ვარ, ა, ანისეტო? უცნაური ჩვევა ჰქონდა - ვინმეს რაიმეს თუ ეტყოდა, სხვას შეაცქერდებოდა ხოლმე. ახლაც ანისეტოსთან რომ მივიდა, ზედაც არ შეუხედავს, ისე გაარტყა უცებ ხელუკუღმა და ჰკითხა: - ხომ არ გეტკინა, ა, ანისეტო? - არადა, დომენიკოს უყურებდა. - არა, გრანდჰალლე, - მხიარულად მიუგო ანისეტომ, ცხვირპირიდან სისხლი სდიოდა. მოშავოდ შეეღება გამჭვირვალე პირსახვევი. - სადაა აქამდე მიჩინიო... - თქვა ჩაფიქრებულმა პოლკოვნიკმა სეზარმა და კიდეც მოისმა: - აქა ვარ, ჰალე. ასეთი მაინც ჯერ არაფერი გაკვირვებია - დარბაზში მეოთხე ადამიანი იდგა. და, შეხედა და... ჯერ ხომ იყო და, მისი ხმის გაგონებისთანავე ისე დაზრინა, ტანსაცმელიც კი შეეყინა, და, რომ შეხედა... თითისწვერები დაუბუჟდა, საფეთქლებს რაღაც უკორტნიდა, და ისე მძლავრად, ისე ღონივრად ახტუნავდა გული, ყელის გამოგლეჯას ლამობდა, ამ განათებულ, კრიალა დარბაზში ღამის ყვავილად ამოიზარდა - შიში. ვინ იყო მასთან ან პოლკოვნიკი, ანდა ნავოლე და ელიოდორო, არსად ენახა მსგავსი რამ სახე, ვინ იყო მაინც, რა დაგრეხილი ყვრიმალები ჰქონდა, რა ფერის თვალები, ნამდვილი ნაცრისფერი, მთლიანად ნაცრისფერი, ჭრილით ჭრილამდე, გუგასაც კი ვერ გამოარჩევდა, და, მხოლოდ შიშით ვეღარ მოსწყვიტა მზერა, წარბებიც თითქოს სხვადასხვანაირი ჰქონდა, ერთი - თვალზე რკალად ჩამოზიდული, მეორე - საფეთქლისკენ ისრად გაფენილი, და შეძრწუნებული, მონუსხული მგზავრი ამ საზარელი თვალებისკენ დაიძრა, ნაცრისფერ თვალებში ალაგ-ალაგ ნაკვერჩხლები უბჟუტავდა, მერე კი, საიდანღაც თვალების სიღრმიდან, რაღაც ავმა ქარმა წამოუბერა და მხურვალება მოემატა ნაცარს, თვალები - ეწვოდა! ავად დაღებულ, გატრუნული პირისაკენ მიიძურწებოდა თაგვი, მაგრამ უეცრად ცეცხლი გაფერმკრთალდა, მოდუნდა, ორივე წარბიც გაუსწორდა - თურმე დაკვირვებით რომ ათვალიერებდა მგზავრს, იმიტომ გადასხვაფერებოდა და დომენიკოც ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ ისევ შეხედა და თითქოს ნაცარი შეეყარა წამსვე - თვალები დაეხუჭა, თავი დაუვარდა და იქვე, იატაკზე ჩაჯდა. ერთხანს ასე იყო, თავჩაქინდრული, ხელებჩამოყრილი, აღარაფერი ახსოვდა და მერე ოდნავაც არ დაძაბულა, საკვირველებავ, რაღაცნაირად თავისით წამოდგა, ტანი გამართა და ისევ რომ შეხედა, გააჟრიალა - თურმე იმისი თვალების ბრძანებით ამართულიყო ტანი, და უღონო სხეული წაქცევას აპირებდა ისევ, მაგრამ უცხოს თვალებში კვლავ იფეთქა ცეცხლმა, ადგილზე გააქვავა, და მერე შებრუნდა, თავი მიანება, არხეინად ითვალიერებდა ფრჩხილებს. - წადი, ანისეტო, - თავჩაღუნულ დომენიკოს უთხრა სეზარმა, - აჰ, ცხვირ-პირზე ეს რა დაგმართნია, ჰალე? - კედელს მივარტყი, გრანდჰალლე. - წადი, კეთილო. ფრთხილად იარე. ანისეტომ კი ენით აილოკა სისხლიანი ტუჩი, თქვა: „დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი“, და წავიდა. - მართლა ბითურების ხელში ვართ, ჩემო მიჩინიო, - თქვა პოლკოვნიკმა სეზარმა და სავარძელში ჩაეფლო, - ეს მომიყვანეს და დიდი შებერტყილიაო. აბა?! - რეგვენებია, - თქვა მიჩინიომ, ისიც სავარძელში ჩაჯდა. რატომღაც უბრალოდ ეცვა. - მაგარი ხალხი კი გვყავს, არა? თუმცა, ეგება ასეც სჯობდეს, მაგრამ ოხრის ერთია მაინც ყველა... - და, გამოცოცხლდა, - ჩემი წილი ათას ექვსასი დრაჰკანი გამოდის. ხომ არა უშავს? - დიდებულია, ჰალე. - ამას რა ვუყოთ? - მერედა, სად იშოვა... სად იშოვე, ბიჭო! - მე... მამამ მომცა. - მოკალი? - არა. - თავისით მოგცა? აქაურია? - დაინტერესდა პოლკოვნიკი და მიჩინიოსკენ გადაიხარა. - სოფელში ცხოვრობს. - რომელ სოფელში... - ამას რა ვუყოთ, - თქვა მიჩინიომ და ვერცხლის სურიდან ჭიქაში ჩაასხა ალისფერი სითხე - როგორ წამოდგა, მაგიდასთან აღმოჩნდა როგორ! ვერც დაინახა... ჩხირი კბილებით დაიჭირა, საშინელებავ, ისეთი თეთრი კბილები ჰქონდაა... - თუ გინდა, შენ გაჩუქებ, ჰალე, - უთხრა სეზარმა და გაუღიმა, - მაგრამ შენთვის ძალიან წვრილი ყელი აქვს. - მართლა? - უგულოდ იკითხა მიჩინიომ და თავჩაქინდრულ დომენიკოს უთხრა: - აბა თავი გადასწიე, ბიჭო. დომენიკომ ჭერისკენ მორჩილად აღაპყრო მზერა, ჭიანჭველები დაესივნენ გადაჭიმულ ყელზე, და - ისევ ის ლაქა! ისე ნაცნობი! ამ გაკრიალებულ, მდიდრულ დარბაზის ჭერზე... ისევ ის ლაქა! - მე რა - ქათმების გამსაღებლად გადაგყავართ, ჰალე? - არა, აჰ, არა, მიჩინიო-ჩემო, - დაუყვავა პოლკოვნიკმა, დომენიკოს უყურებდა - იქნებ გაგვესუქებინა-მეთქი ჯერ და მერე... ისე... - ამას რა გაასუქებს,-თქვა მიჩინიომ, თავგადაწეულ დომენიკოს შესცქეროდა, - სისხლიც არ ექნება ბევრი, ფერმკრთალია... ერთხელ ფეხს გაიქნევს და მორჩა. - არა, რა ვუყოთ, მარცხენა ხელო. - დამწყებ კარისკაცს გაასაღებინე. ან ქვედა ქალაქში მივყიდოთ ვინმეს, ანდა, უბრალოდ, ზღვაში ჩაგვეგდო... - მაინც გამორიყავს. ვერ ვიტან გაბერილებს. - მაშინ... - ჩაფიქრდა მიჩინიო, - გამოიხედე, ბიჭო... აჰ, ერთი აზრი მომივიდა. - რომელი, ჩემო. - ერთის წუთით, ჰალე... წამოდგა და დომენიკოს შემოუარა. ზურგს უკან დაუდგა, ახლა ორივენი დომენიკოს მისჩერებოდნენ და კეფა, კეფა უფრო ეწვოდა. მიჩინიოს ისევ კბილებით ეჭირა ჩხირი, კბილებდახშული უცნაურად ლაპარაკობდა: - ყური დამიგდეთ, ჩემო პოლკოვნიკო, კარგად დამიგდეთ ყური. ამისი მოკვლა რა არის, ჰალე, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი, ერთხელ ხელის გაქნევა და მორჩა. და რადგან მსგავსი ბითური ჯერ არ შეგვხვედრია, ერთ აზრს მოგაწვდით, ჰალე, - და გამოთქმაზე მაშინვე შეეტყო, ჩხირი რომ გამოიღო პირიდან, - დაიტოვეთ ისე, როგორც სათამაშო. - როგორ სათამაშო... - გაუკვირდა სეზარს. - ჩვეულებრივად, ჩემო პოლკოვნიკო. გყავდეთ გასართობად. ბავშვობას დაგიბრუნებთ, ბავშვობის ფასი რაა ამქვეყნად, ჰალე. - ა? აა? ვითომ - დაინტერესდა პოლკოვნიკი, მაგრამ იქვე გადაიფიქრა, - არა, რას ამბობ, მარცხენა ხელო, საქმეების მეტი რა მაქვს... - სწორედ მაგიტომ, ბევრი საქმეები რომ გაქვთ, ჩემო პოლკოვნიკო, - იმასაც კი ბოროტად მიეალერსა მიჩინიო, - გართობისთანა დასვენება სხვა რაა, ჰალე... - ა? აა? ვითომ - ახლა კი მართლა ჩაფიქრდა პოლკოვნიკი. - თქვენთვის ვამბობ, თორემ ამას ორი თითით მოგიგუდავთ ახლავე, ჰალე. მე რა, კი არ მეზარება. ვეება კაცი იყო. მსუბუქი, ტლანქიც... - და მერე რა ვუყოთ? როგორ ვათამაშოთ... - თამაშის მეტი რაა ქვეყნად, ჰალე, გნებავთ, ჩვენი ნამოქმედარიდან რაიმე ვკითხოთ ხოლმე, ისე სულელურად აგვიხსნის, სიცილით დავიხრჩობით, ჩემო პოლკოვნიკო, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი. - მაღალბედნიერი ყოფილიყოს დამშვიდების ნავთსაყუდარი, მაინც რა ვკითხოთ, ჰალე? - აიი, თუნდაც... - და დომენიკომ ზედ ყურთან იგრძნო მისი საზარელი სუნთქვა, ყინულეთივით დაუნდობელი, - აბა, თუ მიხვდები, ბიჭო, რატომ მიწოდა გრანდჰალლემ მარცხენა ხელი? აბაა!.. არ იცი? - არა. პოლკოვნიკმა კი გულიანად გაიცინა და მიჩინიოს უთხრა: - რატომ და, ცაცია ვარ, ბიჭო. რა ბითურია, ჰეე... - და უცებ მოიწყინა, - ეგ ყველაფერზე არ ვიცი-ს გვეტყვის. - რატომ, პატარ-პატარა გავანათლოთ გზადაგზა, გზაში... აი, ხომ ხედავთ, პირველსავე შეკითხვაზე როგორ გაგაცინათ და მერე და მერე... თავისი ჭკუით ჭკუას რომ მოიკრეფს... გნებავთ, ერთი თაროც გავუკეთოთ და შემოვსვათ ხოლმე ზედ... და დომენიკო იატაკს დაენარცხა, ფრჩხილებით კრიალა იატაკის მოფხოჭნას ლამობდა, გამწარებული, თავს ურტყამდა მარმარილოს, ბრაზით აცახცახებული, იატაკზე გორავდა და ყვიროდა: - მომკალით, თქვენი... თქვენი ავაზაკი... არ მეშინია... მომკალით, თქვენი... - და დაიბღავლა: - აანა... მარიააა!! და ამ სახელმა მთლად გააყუჩა, მიიზიდა და გულგრილად იწვა ულმობელი დარტყმის მოლოდინში, მაგრამ აქ მიჩინიოს ხმა შემოესმა: - ამაზე კარგი სათამაშო? მომკალითო, თქვა. ადექ, პატარავ... ადექი, შე ლაწირაკო. გაოცებული იმით, ასეთი მჭახე სიტყვები რომ შერჩა, წამოდგა და სუულ ცოტა, ცოტათი, ოდნავ, ამაყად იდგა. - არა, ეს რა მართლა მშვენიერი აზრი მოგივიდა, ჰალე... - და პოლკოვნიკი წამით დაფიქრდა, - ამას ისე კოხტად გამოვიყენებ, რომ, აჰ, ერთი აზრი მომივიდა... - რომელი აზრი, ჩემო პოლკოვნიკო. - ხვალ არისტოკრატ ქალებში წავიყვან და რაღა იქნება ამაზე კარგი? ჰეე, არისტოკრატი ქალები და ეს... წარმოგიდგენია? აჰ, ეს რა მითხარი, მიჩინიო. - ისე, ცოტა ჯიბის ფულიც დაუტოვეთ, თავმოყვარეობისთვის, ჰალე... - ჩაეღიმა, - კაცად რომ იგრძნოს თავი, უფრო გასასაცილოვდება, არა, გრანდჰალე? - სულ მივცემ იმ ფულს, - თვალები გაუბრწყინდა სეზარს, - და ყველგან ამას დავაპატიჟინებ თავს. სათამაშო-ყულაბა იქნება, მიჩინიო, არა? - დომენიკოს შესცქეროდა. - დიდებული აზრია, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი. - ამ ორ მესამედს კი დღესვე მივართმევ დიდ სწორუპოვარს, სვებედნიერი ყოფილიყოს დამშვიდობების დედა, ვრცელი მარშალი. - რომ გამოუზოგოთ, ვითომ არა სჯობს? უფრო ხშირ-ხშირად ასიამოვნებდით მაშინ დიდ სწორუპოვარს. - ეგეც სწორია, ბრავო, კარგი ხარ. თავი ასწია, აღარსად ჩანდა ნაცნობი ლაქა. მაინც ახსოვდა... ახსოვდა როგორ! - ისე კი, თავი თუ შეგაწყინოთ, მე მისაჩუქრეთ. სანამ დავკლავდე, კარგად გავირთობ მეც თავს, ჰალე. - სიტყვა სიტყვაა, მარცხენა ხელო, - თქვა პოლკოვნიკმა სეზარმა და მერე დომენიკოდან მიჩინიოზე გადაიტანა მზერა: - დაჯექი, ბიჭი... *** მომავალი კანუდოსელი, ჟოაო აბადო, მარმარილოს ქალაქიდან შორს, სერტანაში ცხოვრობდა. უჟმური იყოო - მტრისას... დილაადრიანვე ჯაჯღანებდა, „ეს აქ რატომ დევს, სკამს იქ რა უნდა, სადაა კოვზი... როგორი ამინდია, ხომ არ წვიმს...“ „არ ვიცი“, - ბურანში ამბობდა თვალდახუჭული ცოლი და ჟოაო გულმოსული დუდღუნებდა, - არაფერი ამათ არ იციან, არაფერი... „ვითომ არ გესმის, წვიმის ხმა რომ ისმის, არა? შარვალი რატომ არ დამიკერე...“ „როგორ არა, გავკერე...“ „კი, კი, ახალთახალს დაამსგავსებდი...“ დახედავდა შარვალს. კოხტად გაკერილი იყო, ღარიბ ოთახს მოავლებდა თვალს, „სადაა მაკრატელი...“ „რად გინდა...“ „რა შენი საქმეა, მჭირდება ალბათ. იმას კი არ გეტყვიან, სადაა, ყოველთვის სხვას გიპასუხებენ, - რად გინდაო, ჰმ!“ „აიმ ყუთში დევს, როგორც ყოველთვის...“ „როგორც ყოველთვის, - გამოაჯავრებდა ჟოაო, - როგორც ყოველთვის! და როცა ვხმარობთ, მაშინაც ყუთში დევს? ა? მაშინაც ყუთში დევს, არა, ყოველთვის, არა?“ და მაკრატელს არც ამოიღებდა, ახლა ყუთი ააჯაჯღანებდა, - „რატომ არ გადაწმინდე მტვერი, ა? - აბუზღუნდებოდა, - მთელი დღე - მტვერში, საღამო - მტვერში, სახლში მოხვალ და - მტვერში და დამმარხეთ ცოცხლად ბარემ... კი დამმარხავდით, მაგრამ მარჩენალი გჭირდებათ და მოსამსახურე გინდათ, არა? კარგია, არა, მოსამსახურე, არა?“ „კარგი, რა, ჟოაო, - ფრთხილად დაუყვავებდა ცოლი, - რა გაბუზღუნებს, კარგი რა, ხომ არ დაბერდი, ჩემო პუმპურიკა“. ამ უცნაურად მოსაფერებელ სიტყვაზე სასიამოვნოდ შეუკრთებოდა გული, წამით გაიტრუნებოდა, მაგრამ რას დაიმჩნევდა, რა ჩიტი იყო? - პირიქით, უფრო იფეთქებდა: „დავბერდები, აბა რა იქნება კაცი თქვენ ხელში - სულ მოიტაა, მოიტაა, ერთხელ წაიღეო არ გეტყვიან...“ „აგერ, საგზალი წაიღე, პუმპურიკ...“ „პუმპურიკს მოგცემ მე შენ, - გაბრაზდებოდა ჟოაო, განმეორებული მოფერება აღარ მოსწონდა, სხვა მოთბო სიტყვაც თუ უნდოდა ალბათ... - საგზალი თორემ, შენც შემწვარ-მოხრაკულებს ჩამიწყობდი“. „თხის ხორცია შემწვარი, ნახშირზე შევწვი, ჟოაო...“ აქ კი დაირცხვენდა, ქვაბში ჩაიხედავდა, ოჯახში თურმე აღარაფერი რჩებოდა, ბოსტნეულის გარდა და, სიწითლემორეული, თხის ხორცს აბგიდან ქვაბში გადასდებდა და კომბოსტოსა და სტაფილოს წამოავლებდა ხელს - „არ გაგირეცხია, არა?“ „როგორ არა, ჟოაო...“ „ჰო, ჰო, სულ როგორ არა იძახე და წინ წავა საქმე“. როგორც ყოველი ვაკეირო, ისიც ხმელი და მაღალი იყო, ოღონდ საოცრად მსხვილი ძვლები ჰქონდა. ორმოცდახუთისა გახლდათ, თორმეტი წლის ცხენზე იჯდა - ტოლები იყვნენ. სხვა მეგობარი ჟოაოს არ ჰყავდა. კისერზე მალულად ეფერებოდა, ვინმეს სიყვარული რომ არ შეემჩნია და თუკი სადმე მეზობელი ვაკეირო შემოხვდებოდა, მათრახს ღონივრად მოიქნევდა და ვითომ მტკივნეულად გადაუშხივლებდა ცხენს - მაგრამ ფეხს უკან სწევდა, ჩექმაზე ირტყამდა. მტერიც ერთი ჰყავდა - ცალფეხა ჭინკა, სასი. სასი თუ დიდის მოწიწებით შესცქეროდა დიდ ვაკეიროს - ზეს, და მხიარული მწყემსი - მანუელო კოსტა თუ აღაფრთოვანებდა, და თუ ყოველ ვაკეიროს უნებურად პატივს სცემდა, ჟოაო აბადოს, უჟმურს, ხშირად აცოფებდა ხოლმე და იმის ჭვრეტისას უხმო სიცილით გადაფიჩინდებოდა ხოლმე. დაღლილი ჟოაო შუადღისას ჩრდილში ჩამოჯდებოდა, გაოფლილი თავიდან ორკუთხა ქუდს მოიხდიდა, გვერდით დადებდა და, თვალდახუჭული, ცოლ-შვილზე ფიქრობდა. „რას გადავეკიდე იმ ქალს, რას ვერჩი, - დარცხვენილი მსჯელობდა ჟოაო, - საჭმელი იმას არა აქვს ჩემს ხელში, სახლი და ქონება, ტანსაცმელი... ზოგი ქალაქელი როგორ არჩენს ცოლ-შვილს და მე... მე თხის ხორცს ვამადლი... არა, კი არ ვამადლი, მაგრამ... ისე გამოდის. საწყალი ქალი...“ აქ სასი ფიქრებში გართულს უხმაუროდ მიუჩოჩდებოდა და განზე მიგდებულ ქუდს ჰპარავდა. „რამდენჯერ უტირია, გაძვალტყავებული ბავშვების შემხედვარეს, ეეჰ, შე ბრიყვო! - თავს შეუძახებდა ჟოაო, თან კომბოსტოს ფცქვნიდა, - და კიდევ ჩემი საყვედურები აკლია საწყალს? რა არის მაინც მისი ცხოვრება... წვალება, ტვირთი... და - ჯერ მშვიდად გაიფიქრებდა, - ხომ შეიძლება, თავიც მოიკლას?! - და უცებ, ერთბაშად აფორიაქდებოდა, ჩუმი პანიკიორი გახლდათ, - ხომ შეიძლება, მოიკლას თავი!“ - წამოხტებოდა, ქამარს საჩქაროდ ისწორებდა, ქუდისკენ დაიხრებოდა - სადღა იყო ქუდი, თორემ კი... „ი, აქ არ დავდე? იი, აქ არ დავდეე... - მიმოიხედავდა, გაოცდებოდა, - იიე...“ სასი ფუღუროდან უჭვრიტინებდა, უყურებდა, უყურებდა, კვდებოდა სიცილით... ჟოაო კი ირგვლივ ყველა ბუჩქს გადაქექავდა, თავზეც ერთი-ორჯერ მოისვამდა ხელს, ტოტებსაც კი ააყოლებდა მზერას, და რომ მოტრიალდებოდა, განცვიფრდებოდა - ადგილზე არ იდო თურმე, ქუდი? ჯერ თვალდაჭყეტილი დასცქეროდა, მერე განრისხდებოდა - „უუუხ, სასი, შე ცალფეხმოსამტვრევო, მე შენი... კი...“ გადაბჟირებული სასი ახლა ხის კენწეროდან დასცქეროდა, ფოთლებთან ერთად აცახცახებული, გახარებული. ჟოაო კი ცხენს მოახტებოდა და თავისი ქოხისკენ გამწარებული მიაგელვებდა. შორიდანვე მოჰკრავდა თვალს ბოსტანში მოფუსფუსე ცოლს, მშვიდდებოდა, „თავი მოიკლას კი არა ერთი... და გაბრაზებული უხსნიდა: „მალამო დამრჩენია... გამიბამ ხოლმე დილაუთენია საუბარს და დამრჩება რამე, რა იქნება აბა... დილაობით ხმა აღარ გამცე, იცოდე...“ „კარგი ჟოაო...“ - მორჩილად აღუთქვამდა ქალი, განზე ეღიმებოდა - როგორც ყოველი ცოლი, ქმარს ისაც მშვენივრად სცნობდა. ჟოაო კი კოპებშეკრული ჩაიდებდა მალამოიან ბოთლს ჩექმის დიდ ჯიბეში, ძველ ბოთლს - ხალათის ქვეშ მალავდა და ნახირისკენ მიეშურებოდა. „რა სისულელე მომივიდა, - ფიქრობდა გზაში, - ქალს როგორ უნდა აჰყვე...“ საოცრად ლამაზად იჯდა ცხენზე, ვაკეირო იყო - უკან გადახრილს, დაუდევრად ერწეოდა ტანი, - „ისევ ესა სჯობს, გაჭირვება... - ფიქრობდა ჟოაო, - ქონებამ გადარია მთელი კამორა... და დროსტარებამ... ისევ ესა სჯობს, გაჭირვება და... პატიოსნება და უმძრახობა... მსახიობობამ დაღუპა ხალხი...“ ისევ შეჰყრიდა წარბებს, საყვედურების ხასიათზე მოდიოდა, აიღერღებოდა, გვერდით ჩავლილ ვაკეიროს თვალს არიდებდა - არავის ესალმებოდა ჟოაო, თვლიდა, რომ „ნაცნობობანამ“ დაღუპა ხალხი... აიმრიზებოდა, მერე წაქცეულ ხარს შიშველი ხელებით მოთოკავდა და, გაყუჩებულს, იმასაც კი ებუზღუნებოდა: - თვალები სადა გქონდა, ოხერ-ტიალო, ამხელა თვალები გადმოგიყვლეფია და კაატინგა ვეღარ დაინახე?.. უჰ, ფიჰ, უჰ - ბრიყვი... საღამოობით კი ქალაქისკენ თავდაღერებულ მანუელო კოსტას დანახვაზე ტუჩებს უსიამოდ მომუწავდა - „დარდიმანდს დამიხედეთ - ქალაქისკენ მიბრძანდება ყმაწვილი... ჰმ!..“ ჟოაო აბადო ერთ-ერთი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც შემდგომ დიდი კანუდოსელი გახდა. *** - მე მაინც ვგონებ, - განაგრძო ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, - ფერწერაში ხაზია მთავარი. ორი - რას ბრძანებთ, ჩემო პოლკოვნიკო, - აღნიშნა ქალმა, - ფერთა შეხამებას რა შეედრება. ოცდახუთი. - რატომ, გრეგ რიკიო ავიღოთ თუნდაც, - თავაზიანად შეესიტყვა პოლკოვნიკი სეზარ, - როგორ საოცრად წამოსწია ხაზი. ოთხი. - რას ბრძანებთ, პოლკოვნიკო, უბრალოდ იმან რაკურსის შერჩევა იცოდა კარგი, კი, ეს პროცესი, ოცდაორი. მდიდრულ, სვეტებიან ოთახში ისხდნენ, უზარმაზარი შავი ტახტი იდგა კუთხეში. სქელი, ფუმფულა ნოხის სიღრმეში ჩაძირულიყო მომცრო მაგიდის მორკალული ფეხები, ყვითლად აპრიალებულ სუფრაზე ოთხი გახსნილი შუშხუნა იდო. რბილ სავარძელში გადაფლულიყო პოლკოვნიკი სეზარ, სვეტის გვერდით იჯდა და ფეხი კოხტად გადაედო ფეხზე, სვეტისთვის ხელი ისე ნაზად შემოეხვია, თითქოს ქალის წელს გრძნობდა მშრალი ხელისგულით, დიდსაყურება, ჭრელად მორთული ნასუქი ქალი კი მის პირდაპირ იჯდა, თვალებს უჟუჟუნებდა, დროდადრო კოხტა, მომცრო ბოთლიდან უცხო რამ გამომწვევ სურნელებას აფრქვევდა ოთახში, და ორიოდ წვეთს ყელსა და ყურების უკან ისვამდა. უსახელოებო კაბა ეცვა, თეთრი, სავსე მკლავები ჰქონდა. ცალი ხელი განზე გაეშვირა და ოდნავ მაღლა, მაგიდაზე ჩამოედო, დროდადრო იღლიაში მზერას შეუცურებდა პოლკოვნიკი და საკუთარ ბარძაყს უნებურად ეფერებოდა. ქალს თითქოს არაუშავდა რა, მაგრამ დიდი ლაშები ჰქონდა და სადღაც, სახეზე, მოზრდილი ხალი, და ისე უცნაური, ისეთი ხაზგასმული სინაზით იცინოდა რომ სადღაც, ტანზე, ნაიარევი უნდა ჰქონოდა. პოლკოვნიკი მეორე არისტოკრატ ქალს უმზერდა და ისე ებაასებოდა პირველს, მეორე ქალი კი ქედმაღლური გამოწვევით შესცქეროდა თავჩაღუნულ დომენიკოს და პირველი წყვილის მაღალფარდოვანი საუბრის დამთავრებას სულმოუთმენლად უცდიდა - ასეთი იყო წესი - ჯერ ერთნი უნდა მორიგებულიყვნენ, და მეორენიც ალაპარაკდებოდნენ მერე... იქვე, დომენიკოს ფერხთით, დრაჰკანებიანი ტომარა იყო. - ისე კი ნუ გამიგებთ, მაღალო ქალბატონო, თითქოს ფერთა მნიშვნელობა არ მესმოდეს, მაგრამ თვით სახელწოდება ფერწერაც ხომ ფერიდანაა წარმომდგარი, მაგრამ წერა, ა, ფერებს წერა არ უნდა, აიი? შვიდი. - რაღა თქმა უნდა, ჩემო პოლკოვნიკო, მაგრამ ფერწერა თავის პროცესით როგორი ღრმაა და შემზღუდველი. აი, თუნდაც არქიტექტონიკა, - აღფრთოვანდა ქალი, თვალები ნაზად დახუჭა, სანთლების შუქი აუციაგდა საყურეებსა და ლურჯად შეღებილ ქუთუთოებზე, - არქიტექტონიკა - ეს ხომ მთელი ორგანიზაციაა, დაა, კოლორიტი? ექსპოზიციასაც ვერ გამოვტოვებთ. ოცი. რაღაცა ხდებოდა. - ოღონდაც, ოღონდაც რომ, მაღალო ქალბატონო, - დაეთანხმა პოლკოვნიკი სეზარ, - უბრალოდ, ჯერი არ მიმდგარა კომპოზიციაზე, თორემ ვინ უარყოფს, ვინ თავზეხელაღებული. შვიდი. აი, იმ ტომრიდან მიირთვით. - და თქვენ ფაქტურაც დაგავიწყდათ, ჩემო პოლკოვნიკო, ფაქტურა, - ორაზროვნად გაუღიმა ქალმა, - და იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სინათლე საიდან ეცემა ნახატს. თვრამეტი. - შვიდი. - თვრამეტს არ გაუვა წყალი. - გაკეკლუცდა ქალი. - შვიდი-მეთქი!!! - იფეთქა პოლკოვნიკმა და წამოხტა, ყველანი გაშრნენ - სხვა კაცი იყო თითქოს ოთახში, აბრიალებული, მწარე, - შვიდი დრაჰკანი-მეთქი, სამჯერ გითხარი უკვე, შე დამპალო, შენ... - კარგი რა, პოლკოვნიკო, - გულზე ხელი მიიფარა ქალმა, - შენობით ნუ მელაპარაკები, რაც არ უნდა იყოს, არისტოკრატი ვაარ და... - ფრთხილად, შემპარავად უღიმოდა, - როგორ გიხდება განრისხება, ტანსაცმლიანა - მამაკაცი ხარ, განგებ გაგაბრაზე. ასე არაფერი მხიბლავს შენში, ჯანდაბას, შვიდი იყოს. შენ თვითონაც ხომ მოგწონს ვაჭრობის პროცესი... - მერე სამჯერ რომ გაგიმეორე... - გავახანგრძლივე პროცესი, კარგო, - წამოდგა ქალი, და სქელ ხავერდში გამოხვეული მსუყე ტანის რხევით გაემართა დაბალი კარისაკენ. -რაიმე ამაღელვებელი! - შეუძახა პოლკოვნიკმა სეზარმა და ქალი შეჩერდა, ვერცხლის სახელურს შეავლო თითები, პატარა ხანს იდგა, მუზას თუ უცდიდა ალბათ, მერე მხარუკუღმა გამოხედა, თვალდახუჭულმა გასჭიმა, - ჰხაა, - ოდნავ გაშალა ხელები, ცალი თვალით გამოიჭყიტა, მთელ ტანში მსუბუქად გააძიგძიგა თითქოს, დიდი სქელი ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიმწყვდია, მსუბუქად იკბინა, თავი გადააგდო, თქვა: - აჰჰ! - და ღია კარში შევარდა. პოლკოვნიკიც მსწრაფლ შევარდა ყუჩ ოთახში და კარი ჯახუნით მიხურა. ორნიღა დარჩნენ. რა, რას ეტყოდა... ქალი ერთაზროვანი ღიმილით ათვალიერებდა, მერე უთხრა: - თუ შეიძლება, შუშხუნა დამისხით. დაბურძგვლული ბროლის ჭიქა მიაწოდა მგზავრმა. - გიყვაართ ფერწერა? ხაზი გირჩევნიათ თუ ფერი? - მე... ფერი. - შესანიშნავია, - თქვა ქალმა, წამოდგა და კისერში ჩაუყო ხელი, - გრეგ რიკიო ხომ მოგწონთ? გრეგ რიკიომ დიახაც რომ იცოდა საგნების ფასი - ქმნილებაში „ძებნა“ სკივრთან დახრილი ქალის ფიგურა პირდაპირ ცხოვრებიდანაა აღებული. მე თუ მოგწონვართ? - არა. - შევცდი, - აღიარა ქალმა, - ვუალი უნდა გამეკეთებინა. პირბადე ქალს მეტ იდუმალებასა და ამიტომ მიმზიდველობას ანიჭებს. შუშხუნა მიირთვით, აღმგზნებადია. ისეთად დუუუღს... გაქვავებული, კრიჭაშეკრული იჯდა. - ჰმ, - ეშმაკურად გაუღიმა ქალმა და კარზე ანიშნა, - ჰმ... - და მაშინვე დასძინა: - გრეგ რიკიომ მშვენივრად იცოდა ექსპრესიის ფასი, მისი მეომრები პირდაპირ ბრძოლის ველიდანაა აღებული. გაინტერესებთ? - არა. - და ნაწიურმორტებს აღარ იკითხავთ? ლეღვი იქნება, კიტრი თუ ვაშლი, პირდაპირ ხიდანაა აღებული. რად არ მოგწონვარ? ხმას არ იღებდა. - არ მოგწონვარ, არა?! დაა, პინკურიკა, მხატვრობა თუ არა, მუსიკა მაინც ხომ ალბათ გიყვართ? მუსიკა ისე ამაღლებულია, ისე დიადი და ყოვლისმთქმელი... აჰ, ვინც კი უკრავს, ბედნიერია, რა შეიძლება იყოს უკეთესი, ინსტრუმენტს ფლობდე, ეს ხომ ნამდვილი ჯადოქრობაა... რა დაგემართათ! ტიროდა მგზავრი. - რა დაგემართა, ჰალე! გამართული იჯდა, და, გაქვავებულს, არაფერი შეტოკებია სახეზე, ოღონდ ცრემლები ჩამოსდიოდა. - და ასე გიყვართ ნუთუ მუსიკა? წარმოგიდგენიათ, - მიმართა ქალმა ახალშემოსულ, თმააწეწილ პოლკოვნიკ სეზარს, - მხოლოდ სიტყვით ვახსენე და როგორ ატირდა, ხედავთ? - რა ახსენე? - დომენიკოს შეაცქერდა მსუბუქად დაბნეული პოლკოვნიკი. - სახელწოდება მუსიკა... და ატირდა. - სხვა არაფერი? - არაფერი სხვა. - და ასე უბრალოდ იტირა? ზედაპირული ჰანგებისათვის? ააბა, გამოვცადოთ, - და ფეხაკრეფით შემოუარა, რბილ ნოხში ეფლობოდა ფეხი, ჩასჩურჩულებდა, - მუსიკა... დომენიკო, მუსიკა... მართლაც ასეა. ცრემლმა უმატა, - და გაიბადრა - სათამაშო და - ამისთანა? ასეთი კარგი... მოტირალი... - როგორ იქცევა? - იკითხა მიჩინიომ, საიდან გაჩნდა, როგორ შემოვიდა... - მშვენივრად - ტირის... - თქვა პოლკოვნიკმა, - რამდენი ხანია, ცრემლი აღარ მინახავს, ვიღას აატირებ ახლანდელ დროში... ეს რა კარგი რამ გამოიგონე, მარცხენა ხელო... უილაჯოდ იცრემლებოდა გასუსული მგზავრი. *** მომავალი კანუდოსელი, მოხუცი, სანტოსი, მარმარილოს ქალაქიდან შორს, კალაბრიაში ცხოვრობდა. იმათ სოფელში ორ კაცსა ჰქონდა ეს გვარი და, საუბრისას ერთმანეთში რომ არ არეოდათ, სოფლელები ჩვენს სანტოსს თავდაპირველად ახალგაზრდას ეძახდნენ, რადგან ათიოდე წლით მოგვარეზე უმცროსი იყო - ორმოცისა გახლდათ. იმ ამბის შემდეგ კი თმაც გაუთეთრდა, წარბებიც, წვერიც და იმას გადაარქვეს მოხუცი - ჩვენს სანტოსს. ცალი ყბა ჩანგრეული ჰქონდა; დაბალი, ჩასკვნილი, ლოდივით გლეხი იყო, ჩვეულებრივი. იმ უბედურების შემდეგ კი ღონის დაგროვებას გამწარებული შეუდგა - გლეხკაცს საქმეს რა გამოულევდა, მაგრამ თავისუფალი დრო მაინც რჩებოდა და სანტოსს ქალაქელივით არ შეეძლო, ტყუილუბრალოდ რკინა აეწია, ანდა ხელებგაშლილს ჩაებუქნა და სიგრძეზე გადამხტარიყო - მეზობლებს მძიმე სამუშაოზე ეხმარებოდა. გამრავლებულ ოჯახებს ახალი სახლისთვის საძირკველს უმზადებდა დიდი, მძიმე, წვერწამახული რკინით - კლდოვანი იყო კალაბრიის მიწა და გამეტებით იქნევდა ღონიერ ხელებს, კლდეს აქუცმაცებდა. მხარსა და ცალ ხელისგულზე დაიდებდა ლოდს, მეორე, თავსზემოთ მორკალული ხელით ლოდის წონასწორობას იცავდა და ტაატით მიდიოდა უფსკრულისაკენ, მერე გამოზომილი ბიძგით იცილებდა ლოდს და მხოლოდ ოთხი ამოსუნთქვის შემდეგ აღწევდა ყრუ, მოგუდული ხმა და ხმასთან ერთად წივანა ლოდით შემკრთალი ფრინველებიც ამოიჭრებოდნენ ხოლმე. ხის მოჭრასაც არავის ანებებდა - სანტოსი სქელტარიანი ნაჯახით მიადგებოდა დიდი ხნის მუხას, მაღლა ამართავდა ხელებს, შეისუნთქავდა და ღრმად ესობოდა ალესილი პირი ხეში, მერე ყუას ჩაასობდა მარწუხებივით თითებს, გაბზარული მერქნიდან ამოგლეჯდა, მერე ისევ შემართავდა ხელებს და ისეთი გამეტებით დაიქნევდა, თითქოს ხის ნაცვლად იმ კაცს უქნევდა, ვინც დააქცია და გააუბედურა - ლამაზ-ქალაქში მაღალმა, მოხდენილმა კამორელმა რკინა რომ დაარტყა ყბაში, ავადმყოფი ცოლისკენ წამლებიანად მიმავალს, და ერთადერთი ვაჟით - გვერდზე, ამას კიდევ აიტანდა გლეხი, მაგრამ შეშინებული ბავშვი იმავ საღამოს ისე გაყვითლდა, თავბრუდახვეულ სანტოსს რეჩხი უყო გულმა და ატატებული ბავშვით ხელში აიარა კალაბრიის ვრცელი აღმართი, მოწმენდილ ღამეში მთებისკენ ამავალი, ვაჟს შიშნარევი, უილაჯოდ გამამხნევებელი ღიმილით დასცქეროდა და ხანდახან წამით თუ შეაბრუნებდა თავს - პირი ევსებოდა, სისხლს აფურთხებდა და მერე ისევ ორ გაფართოებულ, შეშინებულ თვალს თავადაც შეშინებული დასცქეროდა - ფოთოლივით გაფითრებულიყო ბავშვი, სრულიად ყმაწვილს, გვიანი შემოდგომა სჭირდა და შეძრწუნებული სანტოსი თვალებს ხუჭავდა - ვინ ვინ და, გლეხმა იცოდა გვიანი შემოდგომის ზნე. შინ რომ შევიდა და თავგადაგდებული, ხელებჩამოყრილი ბავშვი ტახტზე დააწვინა, შეძრწუნებული ქალი ძალიან სწრაფად წამოჯდა საწოლზე, ბავშვს შეხედა, მერე მოკლედ, მკვეთრად შეისუნთქა და ლოგინზე გადავარდა. სანტოსმა აკანკალებული ხელებით წყალი აპკურა, საფეთქლები დაუზილა, თვალი გაახელინა და უთხრა: „რამ შეგაშინა, არაფერია, დაეძინა, მირცა...“ „და ფერი... ფერი... - ჩურჩულებდა ქალი, - რა ფერი ადევს...“ „რა უჭირს მერე... - გაამხნევა სანტოსმა, მუხლები უკანკალებდა - დაისვენებს და...“ „შენ რაღა მოგივიდა...“ „დავეცი ქვაზე...“ „მაშინ თვალები რატომ აქვს ღია...“ - თქვა ქალმა და დინჯად, ღონივრად, საზარლად ჩამოიხოკა ლოყა. სანტოსი ბავშვთან მივიდა, თავს დაადგა, ხელი დაადო შუბლზე, სისხლით პირავსებულმა, ძლივს უთხრა: „შვილო...“ ბავშვს არაფერი ესმოდა, ერთადერთ სიტყვას კვნესოდა მხოლოდ: „არა... არა, არა... არა,“ მამა ერთადერთხელ აღიქვა ნისლმორეული თვალებით, მაგრამ ნაგვემი სახის დანახვაზე უფრო გაახსენდა ყველაფერი, ისევ აკვნესდა: „არა... არა რა, არა... არა რა, ბიძიებო, არა...“ სანტოსი მაშინვე გამოიჭრა გარეთ, წყალი შეისხა, სისხლი მოიბანა, შავი ქოჩრიდან მტვერი მოიცილა, და ერთადერთი ხელი ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა - უსისხლო. გონს მოსული ქალი წამოწევას ცდილობდა, მაგრამ ისევ უვარდებოდა თავი და იმავ ღამით, როცა გულშემოყრილი ქალი სუსტად, უღონოდ ებრძოდა სიკვდილს, გონებაარეული ბავშვი კი დიდი თვალებით ეხვეწებოდა ჭერს - „არა... არა რა, არა...“ - სანტოსმა ახლო-ახლოს მიაჩოჩა იმათი ტახტები, თვითონ შუაში, სამფეხა სკამზე დაჯდა და ორივეს ხელი აიღო ხელში, სახეზე რიგრიგობით შესცქეროდა. მერე ტახტების შუა გაუშტერდა, გაუქვავდა მზერა, მაგრამ ორთავეს გრძნობდა თვალის კუთხით, ახლობელთ ისე... გამართული იჯდა და ცხელი თითები ეპყრა ხელთ, ხელებზე ცხელოდა, და ერთხანს ვეღარცა გრძნობდა - საკუთარი ხელების სითბოსთანა ეჭირა და მერე აუგრილდა დაკოჟრილი ხელები გლეხს, ორი უნაზესი ხელი შეეყინა ხელებში, ერთი - უფრო მომცრო... მთელ ღამეს გამართული იჯდა სანტოსი, უძვირფასესი, ყინულივით თითები ეპყრა ხელთ; არც ერთს არ შესცქეროდა, დროდადრო სისხლს თუ ჩაყლაპავდა, სხვა - არაფერი, ისიც გაყინული, გამართული იჯდა სამფეხა სკამზე. იჯდა და თეთრდებოდა. და როცა დილით მეზობლის ქალი ამბის გასაგებად შემოვიდა, ორთქლადენილი რძის კასრით ხელში, ჯერ ვერც ერთი ვერ იცნო - გაციებული, შიშით სახემოღრეცილი, თვალღია დედა-შვილი და თეთრი სანტოსი, მერე კი კასრი გაუვარდა და ღია კარისკენ წაწვრილდა თეთრი, თხევადი გველი - აკივლდა ქალი. დედა-შვილს სანამ გორაკზე დაასაფლავებდნენ, სამიოდ დღეს სანტოსის ქოხში უხერხულად ინაცვლებდნენ ფეხს კედელთან აყუდებული გლეხები. ხმა არ გაუღიათ, ანდა, რა ეთქვათ... ერთმა მოძრავმა ქალმა ხმით დატირება სცადა, მაგრამ სანტოსმა ისე შეხედა, მაშინვე ხმა გააკმენდინა. მირცა მთელი სოფლის სიამაყე ქალი იყო და ვერავინ მიხვდა, რად გაჰყვა სანტოსს - გარეგნობა იმას არ უვარგოდა, ქონება, და ვერც სიტყვა-პასუხით დაიკვეხნიდა. ვერავინ ხვდებოდა, მხრებს იჩეჩავდნენ, ისე კი, მირცა ალბათ ის იშვიათი ქალი იყო, მომავალი დამსახურებისათვის რომ შეუძლიათ შეიყვარონ არაფრით გამორჩეული, უბირი გლეხი - იმას თუ გრძნობდა, სანტოსი მერმე დიდი კანუდოსელი რომ გახდებოდა. მერე რა, მისი სიკვდილის შემდეგ რომ მოხდებოდა ეს, და თავად კანუდოსიც არ არსებობდა... რა ცოლი ჰყავდა, როგორ უყვარდა, როგორ იცოდა ქმრის შეგებება, ლაღი სიცილი... კუბოში იწვა. და იქვე, მომცრო კუბოში იწვა თავი და თავი, მზე, მთვარე, წვიმა... თავად ქვეყანა, ქვეყანა ვრცელი! მომცრო გორაკი რომ აიარეს, სანტოსმა ცოლს სადღაც ლოყაზე აკოცა, და, ყბაჩანგრეულმა, შვილს ვერ შებედა სახეზე კოცნა, მუხლზე დაადო ლოყა, თვალდახუჭული, გაიტრუნა და მძიმედ წამოდგა მერე და განზე მიდგა. ოდნავ შორიშორს დაასაფლავებინა სანტოსმა ცოლ-შვილი, შუაში ერთი საფლავისხელა ადგილი დაატოვებინა. „თავისთვის შუაში სდომნია, ქაა... „ - წაიჩურჩულა მოძრავმა ქალმა, მაგრამ სანტოსს ძალიან შორს, ჯერ არარსებულ კანუდოსში ეწერა სიკვდილი, თუმც ის მორჩენილი ადგილი სიცოცხლეშიაც გამოადგა - მეორე დღეს მარტო ავიდა სასაფლაოზე, წერაქვითა და ნიჩბით მხარზე, წელამდე ორმო ამოთხარა, შიგ ჩადგა, ცალი ხელი ერთ ბორცვს დაადო, მეორე - მეორეს და ასე, ვიწრო საფლავში ცოცხალი იდგა, და ორი ბორცვის შეყინულ სითბოს ხელისგულებით ისმენდა. მესამე დღეს კი ლამაზ-ქალაქში ჩავიდა და პირველსავე ლაღ, თავის ტოლ მოქალაქეს ჰკითხა: „კამორელთაგან მაღალს რა ერქვა“. „მასიმო, ძია“, „მასიმო, ძალიან კარგი“, - თქვა სანტოსმა და კალაბრიაში აბრუნდა. გზად ფიქრობდა და უთენია ეზოში რომ შევიდა, პირდაპირ ბოსელს მიაშურა, ხბოს ხელები შემოაჭდო და შეშფოთებული მაღლა ასწია. ის დღე იყო და, ღონის დაგროვებას შეუდგა მოხუცი სანტოსი. ხბოს ყოველ დილა-საღამოს სწევდა, მორებს ხერხავდა, კუნძებს უპობდა მოტეხილ ქვრივებს. ყველანი რიდით უმზერდნენ, ხმას აღარავის სცემდა, მაგრამ ერთი უცნაური რამ უბედურება დასჩემდა - კალაბრიაში ყოველ ნაბიჯზე სილამაზე აღმოაჩინა და თუმცა თვალის არიდებას ცდილობდა, მაინც ხიბლავდა თავისი მხარე, გოროზი მთები, ღრიალა მდინარე, ხშირი ტყეები და ვრცელი სათიბები, და ყოველივე ამის უნებურად დამნახავს ერიდებოდა ცოლის და შვილის, ვერაფერს რადგან ვეღარ ხედავდნენ, და, უნებლიე დამნაშავე, სანტოსი, ყოველ საღამოს, მიყუჩებისას, თავის საფლავში ჩადგებოდა და, ორ ძვირფას ბორცვზე ხელებდადებული, როგორც შეეძლო, ისე ჰყვებოდა. ხანდახან უცნაურად ამოდიოდა მზე - მთის გადაღმიდან, ღრუბლებიდან ვიწრო სვეტად ამოხეთქავდა, ისე მსუბუქი, ძლიერი ისე, და შუა ცაზე დაკიდულ მუქ ღრუბელს თვალისმომჭრელად გაანათებდა. ჯერ კიდევ ამოუსვლელი, ღონივრად დააბუჟებდა ამოჩემებულ ღრუბელს, ჯერაც უხილავი, ჟინიანი სინათლით ანამცეცებდა, თავად მახარებელი - ამოიწვერებოდა და გრძელსხივება, შუქთამფენი, თავის ფერხთით ჩამოგოროზებულ, დათოვლილ ქედს - ნაჰლას, ააბრჭყვიალებდა. უცნაური სანახავი იყო ქედი - კალთებზე შეფენილი სიმწვანე ოდნავ ზემოთ ბაცდებოდა, მერე მუქდებოდა ისევ, სილურჯეში გადადიოდა, მერე რბილად თეთრი იყო და კენწეროზე - ვარდისფრად ააბრჭყვიალებდა მზე, მაგრამ დილაობით აღტაცებულს, საღამოთი, თავის საფლავში მდგარს, თუმცა არაფერი ავიწყდებოდა, ამის თქმასღა ახერხებდა მხოლოდ: „დღეს მზე ამოვიდა, მირცა...“ მერე მარჯვნივ შეატრიალებდა თავს: „მზე ამოვიდა, შვილო“. - რა ექნა, არ ეხერხებოდა სანტოსს ლაპარაკი. სქელ კუნძებს ორად ჰკვეთდა მოხუცი, და თუ ერთის დარტყმით ვერ გააპობდა, სანახევროდ გაბზარულ კუნძს ღონიერ თითებს ჩაავლებდა, დაიძაბებოდა, თითქოს გამაუბედურებლის, მასიმოს ხახას ჩაფრენოდა ზედა კბილებსა და ნიკაპში, შუაზე ხლეჩდა დამაქცეველს შურისმაძიებელი, და მრავლისმომსწრე გლეხებს მსგავსი ღონის პატრონი ჯერ არ ენახათ. „ისეთი კოკისპირული იყო, ისეთი... მირცა... - ჰყვებოდა საღამოობით ბორცვებზე ხელისგულდადებული სანტოსი, - თქვენც გაიგებდით ალბათ... თქვენამდეც კი ჩამოჟონავდა, ვაიმე, შვილო“. ახლა უკვე ხარს სწევდა დღეში ორჯერ სანტოსი, და ბოჩოლობიდან მიჩვეულ პირუტყვს აღარ უკვირდა ჰაერში ყოფნა, არხეინად იცოხნებოდა. „პაპას ხილი მოგიტანე, შვილო, შენ რომ გიყვარდა... პაპას ხილი მოგიტანე, მირცა... - ამბობდა სანტოსი და გულისპირში ჩაყრილ, თავის კუნთებადქცეული სხეულის სითბოგამოყოლილ პაწია მარცვლებს ბორცვებზე დებდა, - ჩიტებს აჭამეთ... მართლა, გალიით ჩიტი გიყიდე, შვილო... და შენს სახელზე გავუშვი... ჰოჰოჰო, ჰოჰოო - რა შეიფრთხიალა?“ - იღიმებოდა, იდუმალ ბორცვებს გულს უკეთებდა ვითომ. მაგრამ ბნელი ღამით, როცა ყბებზე სხვადასხვაგვარად ებერებოდა ყვრიმალები, ჩამტვრეულზე - უფრო, დაძინებამდე, დიდ მორს, რომელსაც მასიმო დაარქვა, თითებს წაუჭერდა და ახრჩობდა, გუდავდა... მერე და მერე, მკრთალ წრედ დაეტყო მორს მისი ღონიერი ნათითარები, და არსად რომ არ გაქცეოდა, მასთან ერთად წვებოდა და მოხდენილი, ავთვალება ჭაბუკის დასიზმრებისთანვე ძილშივე ფათურით პოულობდა მორს და თითებს უჭერდა... და რამდენიმე ხნის შემდეგ მოხუცმა სანტოსმა შური იძია, მტრისას... მოხუცი სანტოსი მეოთხე იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც შემდგომ დიდი კანუდოსელი გახდა. *** ეს ერთადერთი სამალავი იყო, რომელიც მისმა ცოლმა, მერსედეს ბოსტონმაც კი არ იცოდა, კედლიან-იატაკიანა ფილებით მოჭედილ ოთახში, მარტოდმარტომ, საიმედოდ ჩარაზული კარი ერთხელ კიდევ შეამოწმა და, ფარნით ხელში, კედელს მიუახლოვდა. ერთ-ერთ ოთხკუთხა ფილასთან შეჩერდა, სავარძელი მიიჩოჩა და ზედ შედგა, უჩინარ ღილაკს დააჭირა თითი, მერე ჩამოქვეითდა, კედელს გაუყვა, მეორე ღილაკი მოხრახნა, გრძელი, ფრთიანი ჩხირი შეყო ხვრელში და ზურგს უკან, იატაკზე, უხმაუროდ ამოიბურცა ნოხი. წელს ზემოთ შიშველი იყო კაცი, და ასაკი ოდნავ, სულ ოდნავ შეპარვოდა შემჭკნარ მკერდსა და ოდნავ სავსე წელზე, რომ დაიხარა, ძუძუსთავები მცირედ ჩამოეკიდა, ფერადოვანი ნოხი ფაქიზად გადაახოხა ამოზნექილ ფილას. ხელი ჩაყო და ჯერ მომცრო რამ ქილა ამოაძვრინა, სქელი წებოვანი სითხით სავსე. ფრთხილად ასწია, მუცელზეც კი მიიხუტა გრილი შუშა და გააჟრიალა, მაგრამ არა, არა, ოთახში თბილოდა, მაღალ ბუხარში მაღალი ცეცხლი ენთო, წრიალა ბინდი დაფათურობდა ოთახში. სამიოდ ფრთხილი ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა, ხელი წასწია, ფარანი სარკის რაფაზე დადო, უცნაურად განათებულ, საკუთარ თვალებს გახედა მალულად, მხარზემოთ ცეცხლი მოუჩანდა, ბუხარში ავად აწრიალებული, და ის სინათლეც სარკიდან ეცემოდა. ქილას თავი ახადა და მწვანე წებოს მაგვარი ძალიან სქელი სითხე შემჭკნარ სხეულზე ალაგ-ალაგ მუქ წერტილებად დაიმჩნია. შარვლის ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოაცოცა, გაასწორა და ფარნის გვერდით, რაფაზე დადო, სამალავთან მიბრუნდა ისევ, შავ ხავერდში გახვეული მეორე ქილაც ამოაძვრინა, ორგან შეუმჩნევლად დასვრეტილი, ხუფი ახადა და მკერდზე მიიდო. მერე განაბული იდგა სარკესთან, თვალდახუჭული, მწარე სიამით მომლოდინე და, როგორც იქნა, გააჟრიალა. მაშინვე მოიშორა ქილა, თვალმოჭუტულმა ჩახედა სარკეს, კი, კი, ის იყო - ზედ შუა მკერდზე ირიბად გასუსულიყო ხვლიკი და, სიბნელიდან ამომძვრალი, ამ მკრთალად ათამაშებულ შუქზე ყურადღებადქცეული კუსავდა თვალებს. მერე იყო და, მობუზულმა, გაბედა - ოდნავ გაასისინა კუდი, ერთ-ერთ მწვანე ლაქას მიუახლოვდა, ავად გაფარჩხული პაწაწკინტელა ბწკალებით დაეყრდნო შემჭკნარ სხეულს და ვიწრო ენით მალიმალ ალოკა სქელი სითხე. კაცს სახე მოეღრიცა, კანკალმა აიტანა, ქაღალდს დახედა, თქვა: - თუ ვინმემ რაიმე გაივლო გულში, გაივლო-მეთქი, გაბედვაზე ხომ აღარას ვამბობ, რადგანაც მტკნარი უაზრობაა - ჩემი გრძელი და მიმოხვეული ნესტარი არ ასცდება... შხამში ამოვლებული! - ლაპარაკისას, გაფაციცებული იმახსოვრებდა საკუთარ სახეს - ხვლიკის მსუბუქი, საშინლად ნაზი კბენით დაძაბულსა და უცნაურად განრისხებულს, - საკუთარ სახეს იმახსოვრებდა, ახალ მუქ წერტილს დაეძებდა მადააშლილი ხვლიკი, მკვეთრი ბიძგებით დასრიალებდა ცივი, მოქნილი, გაიყინებოდა ხოლმე, ისევ მიმოხვეული ბიძგით წაიწევდა და ეხიცინებოდა კაცს, ზიზღით იცინოდა, წაიკითხავდა - ჭეშმარიტ მეგობრობას რა სჯობს... ადამიანთა მეგობრობას მოყვება დადებითი შედეგები... - ხვლიკით ბოძებული სიცილით მზაკვრულად იცინოდა, იმახსოვრებდა საკუთარ სახეს, მერე კი ხელისგულები კეფაზე შემოიჭდო და დიდი, მწვანე ლაქები მის იღლიებში იპოვა უნებურმა, უცნაურმა მწვრთნელმა. მიეძალა და - ოჰოჰო, ჰაჰა, - ახითხითდა კაცი, - შემოწმებას და ყურადღებას მოაქვს ბედნიერება, ბედნიერება იქნება, კი, კიი, როგორ არა, - უჰ, იცინოდა, - ბედნიერება იქნება, და აი, ასე ვიცინებთ ხელიხელჩაკიდებულნი ყველანი... მააგრამ, თუკი...“ და სარკიდანაც ჯერ ავად უცინოდა ტორტმანა ჩრდილდაფენილი ორეული, და ერთმანეთსაც თვალებით ჭადნენ, ხვლიკი კი ისევ დაცოცავდა და, ხომ ისევ აქ ხართ, შეგზიზღდათ, არა? შეგზიზღდათ როგორ... მე მაპატიეთ, რა ვქნა, ასეა... ასე სჭირდება, თვისი მიზნისთვის, ამით აჯობა ბარე ერთი-ორს, და აქ, ამ ოთახში საიდუმლოდ დამარტოხელებული, მომეცადინე, თქვენთვისაც რომ არ მეჩვენებინა, ვეღარ შევძელი - სულწასული ვარ... და მაინც, ორ კაცს, ორად-ორ კაცს დაგიმალავთ კარგა ხანს, გვიან გაგიმხელთ, ერთი - ალექსანდროს უფროსი ძმაა, მეორე - მეხუთე დიდი კანუდოსელი; და ამ ბოლო ადამიანზეც რომ არ შეიტანოთ ჩემგნით დაფარვის რაიმე ეჭვი, აქავე მოგახსენებთ, რომ სწორედ ის კაცი, ტანხვლიკიანი, თავად დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური იყო... აქვე მთავრდება თავი პირველი - „ნაცნობობანი“. თავი მეორე

დროსტარებანი

ერთადერთი, ვინც დიდი ვაკეიროს, ზე მორეირას ცოლს, მარიამს სერტანელთაგან ჭირის დღესავით ეზარებოდა, ერთის შეხედვით გასაკვირია და, მხიარული მწყემსი მანუელო კოსტა გახლდათ, „ცოლი მაგას არ ენაღვლება და შვილი, - დილაადრიან ებუზღუნებოდა უცნაურად მოთენთილ ზეს მარიამი და თანაც გულის კუნჭულში უხაროდა, მისავათებულს, ამისთანაებს რომ უბედავდა, - დაიარებოდა ვაჟბატონი ქალაქის შეღებილ ქალებში, შენც გამოძებნე, რაღა, ამხანაგი, იფ, იფ... იმას რომ რაიმე მოუვიდეს, ვის რა ენაღვლება, ცოლი აუტირდება თუ შვილი, შენ, შენ იკითხე, შენ“... „კარგი... ჰო, კარგი...“ - უნიათოდ ჩაიბუზღუნებდა ზე, ახლა, თავატკიებული, სულ სხვა კაცი იყო. მარიამმაც მშვენივრად იცოდა, ზეს შეპასუხების თავიც რომ არა ჰქონდა და სხაპასხუპით აყრიდა: „და მერე კიდევ. ისიც იცოდე...“ საქმე კი იმაში გახლდათ, რომ მანუელო კოსტა და დიდი მწყემსი ისე რა, ხანდახან, ასე, თვეში ერთხელ მანუელოს მცირე ეზოში მაღალ ფეხებს მოირთხამდნენ და ცეცხლივით სითხეს რიგრიგობით სვამდნენ. კი, კი, მშვენივრად იცოდა მარიამმა, მისთვის ამ საზარელი დროსტარების წამომწყები მხიარული მწყემსი რომ ბრძანდებოდა და, გაგულისებული, როგორც კი ზეს შეაგვიანდებოდა, მანუელო კოსტას წყევლით იოხებდა გულს. ნაშუაღამევს, ძილ-ღვიძილში შორიდანვე მოკრავდა ყურს ფლოქვების ნაცნობ ხმას, გარეთ გამორბოდა და, გულაფანცქალებული, ქოხის უკანა კედელთან დგებოდა. ზე უდარდელად მოარონინებდა ცხენს, თავჩაქინდრული, ცუდად ირწეოდა, აღვირიც კი არ ეპყრა ხელთ, ცალი ხელისგულით ცხენის კისერს დაყრდნობოდა და ორკუთხა, განიერი ქუდი ცხვირზე ჩამოეფხატა. „რა მშვენიერია, ყმაწვილი, იფ...“ - გაბრაზებული ფიქრობდა მარიამი და თავისი ღრიჭოდან გამალებით იცქირებოდა. ცხენი მორჩილად შედგებოდა ეზოში, ზე დაუდევრად, ძალიან მაღლა ასწევდა თავს - ქუდი უშლიდა - თავის უბადრუკ ქოხს, რაღა თქმა უნდა, სცნობდა და უცებ წარმოუდგენლად მაღლა აიქნევდა ცალ ფეხს, ცხენს თავზე გადაავლებდა და მიწაზე ისე მსუბუქად, ისე სხარტად ხტებოდა, გაოცებული მარიამი გაიფიქრებდა: „მაინც მარჯვეა, ოხერი...“ და გაინაბებოდა. ზე კი ბანცალ-ბანცალით მიმოდიოდა ეზოში, ცხენს აღვირს მოხსნიდა, შეინახავდა, მერე თოკს შეაბამდა ფეხზე ერთგულ ფაშატს, წყალს დაუდგამდა. „არაფერი რომ არ ავიწყდება მაინც, ჰმ...“ - რატომღაც ბრაზდებოდა მარიამი და ახლა უკვე სუნთქვასაც ფრთხილობდა, რადგან ზე ქოხის შუაგულში იდგა, ირწეოდა და მთვრალი კაცის უცნაური, სამაზროვანი ღიმილით ათვალიერებდა კუნჭულებს - სად წავიდა, ა... უ... ო... ზლაზვნით შეიხსნიდა დიდ, ფართო ქამარს, იქვე დააგდებდა, უცებ თავს შემართავდა და ხმამაღლა ამბობდა: „მარიაამ... მოდი“. მაგრამ ნურას უკაცრავად - მარიამს ისე არაფერი ეზარებოდა ქვეყნად, როგორც მთვრალი ქმრის ალერსი, სუნთქვაშეკრული, ახლა ზურგით აკვროდა კედელს, ნახევრად მშიერს, ლეოპარდების ტყავი ემოსა. „მოდი, ო“, - ხმას აუმაღლებდა ზე და ქოხში დაბოდიალებდა. ისეთი მთვრალი გახლდათ, ხანდახან გადაავიწყდებოდა კიდეც, ვის, რას ეძებდა, ოღონდ ის მაინც ახსოვდა, რაღაცას რომ ეძებდა და, ასე განსაჯეთ, ხანდახან ქვაბსაც კი ახდიდა ხუფს. და რომ გაახსენდებოდა - „მარიაამ... მოდი“, მაგრამ მარიამი ყურსაც არ უგდებდა, ისე გატრუნულიყო და ზეც ტყავის ხალათს თავზე გადაიძრობდა, მაღალ ჩექმებთან ერთად კუთხეში მოისროდა, მაჩეტეს კი ნაზად ამოიდებდა თავქვეშ და იმწამსვე აფშვინდებოდა - ვითომ ეძინა; მაგრამ მარიამმა კარგად იცოდა იმისი ხრიკები და ისიც, რაღა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა, რომ ზეს ორიოდ წუთში მართლა ჩაეძინებოდა და მერეღა შედიოდა ქოხში, ფრთხილად, უხმაუროდ წვებოდა. დილაადრიან კი, თავთით რომ დაადგებოდა, ზე ბურანშივე იგრძნობდა მომავალ ბუზღუნს, და როგორც კი შეიშმუშნებოდა, მარიამიც მყისვე აგებებდა - „ვისთან ბრძანდებოდი“. „ვისთან ვიქნებოდი...“ - ჯერ კიდევ თვალდახუჭული, უღონოდ ამბობდა ზე. „იმ ყმაწვილთან ბრძანდებოდი, არა?“ ზე აღარ უპასუხებდა, გაბრუებული წამოჯდებოდა, ტანსაცმელს მოჭუტული თვალებით მიმოიძებნიდა და, მერე მაღალ ფეხებზე წამოიზრდებოდა და კუთხეში მიყრილ სამოსს დასწვდებოდა. მერე ზედ ნეკნებთან შემოიჭერდა ქამარს, იმსიმაღლიდან დაიხრებოდა და ბალიშის ქვეშ შეაცურებდა ხელს, ჩაეღიმებოდა. ჯერაც დახრილი, მარიამს ახედავდა, ნელა წამოიმართებოდა და სახეზეც ნელინელ ეფურჩქნებოდა ღიმილი. ისე კი, იშვიათად, - მაგრამ თუ გაიღიმებდა... ცხელ წყალსა სვამდა, სულს უბერავდა, დოინჯშემოყრილი უმზერდა მარიამი. მერე ზე ცოლისკენ ისე გაიშვერდა ხელს, ზედაც არ შეხედავდა და მხოლოდ ამას იტყოდა: „მაჩეტე“. „რა ვიცი მე, - ყალბად აბუზღუნდებოდა მარიამი, - შენს თავს მოჰკითხე. მაჩეტე კი არა, თავი რომ არ დაკარგე. არ გიკვირს? რა ნახე საერთო იმ ვიგინდარასთან, რა...“ „არაა ცუდი ბიჭი“. „რააო? აიი, ცუდი და ჯანდაბა მაგის მაწანწალა თავსა და ტანს, დანა რომ დაგაკარგინა, ლეოპარდები რომ დაგსხმოდნენ, ეგეთ მთვრალს, ბავშვებს ვიღა არჩენდა მერე!“ „მაჩეტე“, - ისევ ამბობდა განზე ხელგაშვერილი მწყემსი, მეორეთი ცხელ წყალსა სვამდა. „რა ვიცი მე, აგერ, მეორეც ხომ გაქვს, დაკარგე ბარეღამ ისიც...“ აქ კი ზე ცოლს თვალებში შეხედავდა და თუმცა ისევ წყნარად იტყოდა - „მაჩეტე“ - მარიამი სასწრაფოდ მივარდებოდა კუთხეში მიყუდებულ, გაფუებულ ცოცხს და იქიდან გაღუნულ დანას გამოაძვრენდა. ზე საქმიანად გამოართმევდა, ჩექმის ჯიბეში სანახევროდ ჩააცურებდა და ცხენს სანამ აღვირს მოარგებდა, თვალნათლივ ემატებოდა ღონე. „სად წახვალ აბა ასე, სად, მთელი ჯოგი დაგეფანტება“, - აბუზღუნდებოდა მარიამი, ზე კი - სკუპ ერთი! - და უბელო ფაშატზე არხეინად იჯდა. მარიამი საუზმეს აწვდიდა, თავისი ჭკუით აბრაზებდა: „ასე დარეტიანებული, გადმოვარდები“, ზეს კი ჩაეღიმებოდა, ქუსლებს ოდნავ მოუჭერდა ცხენს და ისიც, ყალყზე შემდგარი, წამით გაქვავდებოდა, მერე კი ისკუპებდა და პირდაპირ ჭენებით გავარდებოდა ველზე. ზე ორკუხა ქუდზე წაივლებდა თითებს და გამთენიის მწიწკნავ ჰაერში რონივრად, ირიბად, ხელუკუღმა ისროდა, ჭენებით ეწეოდა და, ჰაერშივე კოხტად იჭერდა, ქუდიან ხელს ამაყად დაიქნევდა და მერე ცხენს შეაჩერებდა, წინ, შორს გაისროდა მძიმე ქუდს, განზე მისრიალებდა გველი, და ისევ გაქანდებოდა ფერდებში ქუსლებჩასობილი ფაშატი და თავქვედაკიდებული ზე ქუდს ყოჩაღად სტაცებდა თითებს, მერე გაიმართებოდა და, მარიამისკენ მობრუნებული, ორკუთხა ქუდს თავს ზემოთ განივრად შემოივლებდა - სალამს უძღვნიდა, აქ კი აღტაცებულ მარიამს ყველაფერი ავიწყდებოდა, ის თავისი ამოჩემებული, ფარული სიყვარულიც და ზეს ჰაეროვან კოცნას თვალებდახუჭული უგზავნიდა. „რამ აატინგიცა ეს დევივით ვაჟკაცი, ლაზღანდარა“, - ბრაზიანად გაიფიქრებდა ჟოაო, ერთთავად მოღრუბლული, ჰეეი, უჟმური იყოო, მტრისას, ხეს ამოფარებული სასი კი, ცალფეხა ჭინკა, დიდ მწყემსს აღფრთოვანებული შესცქეროდა. მაგრამ სიმართლე - სიმართლედ და გულის სიღრმეში ჟოაო დიდად აფასებდა ზეს - ვაკეიროთაგან უპირველესი, აღიარებული გახლდათ - ერთადერთი იყო, ვისაც სერტანაში გაცოფებულ ხართან შებმა ძალუძდა; რაღა თქმა უნდა, მუდამ იმარჯვებდა, თორემ ცოფშეყრილ ხართან დამარცხება რასაც უდრიდა, ყველამ მშვენივრად იცოდა, და ერთადერთი გასამრჯელო, რასაც ზე სანაცვლოდ ითხოვდა, ის გახლდათ, რომ მარიამისთვის ესე ამბავი არავის ეთქვა. ისე კი, კაცი ვერ იტყოდა, მარიამს უფრო ეჯავრებოდა მანუელო კოსტა, თუ ჟოაო აბადოს. მხიარული მწყემსი მარიამს თავს თუ არიდებდა, ჟოაოსთან შეხვედრა მაინც უწევდა და როცა უნებურად შეეჩეხებოდნენ ერთურთს, წინასწარ სიცილით იგუდებოდა სასი. როგორც კი გაუსწორდებოდა, მანუელო მაშინვე თავაზიანი ღიმილით ეტყოდა: „გამარჯობათ, ჟოაო ბიძია“. ჟოაო კი, ერთიანად დაძაბული, მისი ხმის გაგონებისთანავე იფეთქებდა: „ვინაა შენი ბიძია, ვინ! შენ დაბადებულიც არ იყავ, მე რომ ვმწყემსობდი... აბა!“ „ჰოდა, სწორედ მაგიტომ - უფროსი ბრანდებით და იმიტომ გიწოდეთ, ჟოაო ბიძია.“ აქ სრულიად სერტანის მთავარი უჟმური ხვდებოდა, დამაყრუებელმა სიძულვილმა რომ შეაცდინა და უმძრახად გაეცლებოდა, სასისაც სხვა რა უნდოდა, ფეხებში გაებლანდებოდა ცხენს, წააფორხილებდა და ჟოაო თავს ძლივს იმაგრებდა, უდარდელად გაიღიმებდა მანუელო კოსტა, უცნაურად ლამაზი, შემართული, მხიარული მწყემსი. შორს კი, სერტანიდან ძალიან შორს, ჯერ იმ სავაჭრო - ბაზრობათა ქალაქის გავლით, ზე - იშვიათად და მანუელო კოსტა ხშირად რომ ჩადიოდა და მერე ლანდოთი ორკვირიანი ჩაქჩაქის შემდეგ, კამორასაც უვნებლად თუ გააღწევდა კაცი, იქიდან კი ორდღიანი მგზავრობის შემდეგ ლამაზ-ქალაქს არხეინად თუ მოინახულებდა და მერე მთელ დღეს აღმართში ეარა, ასულიყო კალაბრიაში და იქ კიდევ ერთი სევდიანი ბორცვი აეარა, შეღამებისას ნახავდა კუნთებადქცეულ, ლოდივით მოხუც სანტოსს, თავის საფლავში გულამდე მდგარს, ხელები რომ დაედო ორ მომცრო გორაკზე და ამბობდა: „დღეს ჩვეულებრივად გათენდა, მირცა... ისეთი არაფერი მომხდარა, შვილო, მსხალი მოგიტანეთ“. ასე და ამგვარად ატარებდა ხანდახან დროს მომავალი ოთხი დიდი კანუდოსელი - ზე მორეირა, მანუელო კოსტა, ჟოაო აბადო და მოხუცი სანტოსი. რჩეული მეხუთე კი ჯერ არსად ჩანდა, და ჯერ არც იყო აგებული თავად კანუდოსი, თიხის უბრალო, დიდი ქალაქი. 2 ერთადერთი სიხარული გათენებას ახლდა. გამთენიისას, როცა მძიმედ ამჩატებული, მოიისფროდ დაბუჟებული სხეული მთელი თავისი სიგრძე-სიგანით გაბრუებული ახელდა თვალებს, გამთენიისას, როცა პირველი სიხარულით ძალას იკრებდა გასაგოლიათებელი დღე, გამთენიისას, როცა სინათლის მადლით გულმოცემული მცირე ჩიტები ღამის მუქ სიზმრებს მხიარულად ჰყვებოდნენ, მგზავრი იღვიძებდა. ბურანში იშმუშნებოდა, უცნაურ სიხარულს ატანილი, დილა იყო, დღე... რაღაც იდუმალს, ვინმე უძლეველს თუ უღიმოდა გამოუცდელი... ზმორებაატეხილი სხეულის ყოველი ნამცეცი სასიამოვნოდ იწიწკნებოდა, და მაინც, უცებ, შიშით ახელდა თვალებს - ვაიმე, აქ ვარ... კამორაში გახლდათ, შეძრწუნებულს, მიჩინიოს საოცარი თვალები ახსენდებოდა, ჭრილით-ჭრილამდე ერთიანად ნაცრისფერი, სუსხი დაუვლიდა ტანზე და ზიზღით ახსენდებოდა ჯუჯა უმბერტო, რომელმაც ორიოდ დღის უკან უთხრა: „სალამ-გამარჯობა, ჰალე, მე მომაგრებული ვარ თქვენზე...“ ახლაც, მაიმახს, იქვე ეძინა... კარგად იცოდა დომენიკომ, ძვირფასი საბნიდან ფეხს გამოყოფდა თუ არა, უმბერტოც მაშინვე თვალს დააჭყეტდა და ეტყოდა: „სალამ-გამარჯობათ, ჰალე, დღეგრძელი იყოს...“ მერე შეიყვანდნენ მიჩინიოსთან, ყოველი შემთხვევისათვის, მთელი დღით რომ გაჰყოლოდა მორჩილება და შიში, და მიჩინიო ბევრს კი არაფერს აშავებდა, უბრალოდ, მის დასანახად ერთ ნაჭერ პურს ჭამდა, მაგრამ ისე რომ, მაგრამ, აჰ, ისე... ძვლებამდე გრძნობდა მის მჭახე კბილებს, პურს შეექცეოდა მიჩინიო, დომენიკო ძრწოდა. - სალამ-გამარჯობა, ჰალე, დღეელი იოს დიი მარშალი. - გამარჯობათ. უმბერტო, ჯუჯა, საქმიანად იცვამდა, და დროდადრო სარკისაკენ აპარებდა შეყვარებულ მზერას. - ნაშუადღევს გრანდჰალე პოლკოვნიკს მიღების საათები აქვს და თქვენც უნდა დაესწროთ, ჰალე. - რა საჭირო ვარ... - რა და მითითებაა ასეთი, ცოტათი უნდა გაიქექოთ, ჰალე. - რატომ? - როგორ თუ რატომ - რატომ და გაქექილი რომ მივიღოთ თქვენგან, ჰალე. კედლებიან-ჭერიანა ყავისფრად გაკრიალებულ ოთახში პოლკოვნიკი სეზარ რბილ სავარძელში გადაფლულიყო და ჰოი, საკვირველებავ - ვიღაცა კაცი მსუბუქად ულაწუნებდა ყბაში. - ოო, სათამაშოც მოსულა ჩემი, ჰა, როგორა ხარ, - უმბერტოს შესცქეროდა პოლკოვნიკი. - კარგად, - თქვა დომენიკომ და მძიმე ტომარა მოინაცვლა. პოლკოვნიკმა ახლა დომენიკოზე გადაიტანა მზერა და იკითხა: - შენ რაღასა იქმ, ჩემო დევგმირო? - გმადლობთ, გრანდჰალე, - თავი მოწიწებით დახარა უმბერტომ და ქვემოდან ასცინა. დიდად უცნაური ექვსეული შეკრებილიყო: სავარძელში გადაწოლილი, ალერსით შენიღბული მრისხანე პოლკოვნიკი და ვიღაცა უცხო, თავად გრანდჰალლეს მსუბუქ სილებს რომ უტკაცუნებდა; გულზე ხელებგადაჭდობილი, საზარელი მიჩინიო, ძალზე გადაზნექილი, მხრით მიყრდნობილი კედელს; ტიტლიკანა, პირახვეული ანისეტო; მოწიწებით თავდახრილი ჯუჯა და კამორაში გაჩხერილი ყმაწვილი მგზავრი, გამოუცდელი, ეგრეთ წოდებული დიდი ბითური დომენიკო, მძიმეტომრიანი. - მაშ კარგად, არა, კარგად, ჰა, არა, დომენიკო? - ჯუჯას დაეკითხა პოლკოვნიკი. - არა მიშავს რა. - თუ არა გიშავს, დომენიკო-ჩემო, აგერ იმ თაროს ხომ ხედავ, ტკბილო? გულმა რეჩხი უყო. - ჰოდა, თუ ხედავ, - ისევ უმბერტოს შესცქეროდა პოლკოვნიკი, - ანისეტო, უთხარ, თაროზე შემოსკუპდეს, - და გაიბადრა, - ჩე-ემი სათამაშო... - თრზეშშმმჯქხ, - თქვა ანისეტომ. პირი ახვეული ჰქონდა. - არა. აქ პოლკოვნიკმა ანისეტოზე გადაიტანა მზერა და თქვა: - მაშინ შენ უთხარ, მარცხენა ხელო. მიჩინიოს არაფერი უთქვამს, მაგრამ შეხედა... თაროზე იჯდა! პოლკოვნიკმა ახლა მიჩინიოს გადახედა და ბრძანა: -აეგ ტომარაც გვერდით მოიდგი. ასე. მერე პოლკოვნიკი წამოდგა, ჭერში აიხედა და თქვა: - ცოტათი უნდა გამოვქექოთ. ააბა, დომენიკო, ვინაა ეს კაცი? - არ ვიცი. - ეგეც არ იცის, - ახლა იატაკს შესჩივლა გრანდჰალლემ, - უნდა მიმხვდარიყავ კი - სხვას ვინმეს ამას გავაბედინებდი? - მემასსაჟეა ჩემი. ბოლთასა სცემდა. - მნახველებს მშვენივრად რომ წარვუდგე, კარგად მაინც ხომ უნდა გამოვიყურებოდე და კარგად რომ გამოვიყურებოდე, აუცილებელი პირობაა სახის მასსაჟი. ჩაჰხვდი? - კი. - ამ კაცმა ფრიად მშვენიერი სამსახური გამიწია, დომენიკო, ხედავ - ვღაჟღაჟებ, ეს ერთი, მაგრამ მეორეს მხრივ, ამას შევარჩენ თუნდაც სამსახურს? ვის კანს შეეხო! - მშვიდად აიმაღლა ხმა პოლკოვნიკმა და უცნობს მუშტი ხეთქა. კაცი წაიქცა და აყაყანდნენ: - აჰ, რა ხელი გაქვთ, გრანდჰალლე, აჰ, რა ოქროს ხელი გქონიათ, გრანდჰალლე... დუმდნენ მხოლოდ დომენიკო, და მიჩინიო, რომელიც წაქცეულს უცნაური ზიზღით დასცქეროდა, ნაღვერდალი გამორეოდა თვალებში. წაქცეულიც აღფრთოვანებული იძახდა - ეს რა კოხტად მომდეთ, რა კოხტად, თქვენი ცაციის ჭირიმე, გრანდჰალლე. - კარგი, ჰო, წადი, - თქვა პოლკოვნიკმა და ყველაფერზე მეტად საკვირველი ის იყო, რომ წაქცეულმა ანისეტოს სამი დრაჰკანი იქით ჩაუჩხრიალა, მერე მდაბალი თაყვანი სცა ზურგშექცეულ პოლკოვნიკს და ოთახიდან დიდად კმაყოფილი გავიდა. - ეს მისი შემოსავლის ნაწილია, ჩემო თოჯინავ, - თქვა პოლკოვნიკმა, - მოგეხსენება, რომ შემოსავლის... - და ერთბაშად მობეზრდა, - კარგით, გვეყოფა. აბა, დავიწყოთ! - და დაიძახა: ექვსჯერ სამი შვიდიაა!.. ზღურბლზე მსახური იდგა, თვალებში შესციცინებდა, პოლკოვნიკმა კი ანისეტოს ჰკითხა: - პირველი ვინაა, ჩემო სერჟანტო? - კაპრალი ელიოდორო გახლავთ, გრანდჰალლე. - შემოიყვანეთ. მენდეს მასიელი ბაზრობათა ქალაქში უჩვეულო მხრიდან მოვიდა - სწორედ იქიდან, სადაც გაუვალი ბუჩქნარი, კაატინგა იდგა. ორმა სერტანელმა მწყემსმა შორიდანვე შენიშნა უცნაური, გრძელტანსაცმლიანი მომავალი. ორი ვაკეირო - გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლЎოსა ნახირთან იდგნენ. თვალზე ქუდჩამოფხატულნი, ცალფეხმოკეცილნი მიყრდნობოდნენ კედელს და ხელები გადაეჯვარედინათ გულზე. ბაზრობაზე ჩამოსულ კამორელთა დანახვა არ სიამოვნებდათ და ვაკეიროთა ორკუთხა ქუდი ჩამოეფხატათ თვალზე, მაგრამ უეცრად ორივემ ერთდროულად ასწია თავი და კაატინგას მოახლოებული უცხო დაინახეს. თვალმოჭუტულნი, უნდოდ შესცქეროდნენ - მიბრუნება ეწერა მგზავრს, იმ ბუჩქნარს ვინ გაივლიდა, ზაფხულის სიცხით გამწარებული, ღრჯუ კაატინგა მოწყურებულ კაციჭამიას ჰგავდა - ვინმე თუ გაეკარებოდა, მაშინვე ჩაასობდა აუარება მარწუხს, ტანსაცმელს შემოაფლეთდა, შეძრწუნებულ მგზავრს ხორცის ნაკუწების ფასად თუ გაუშვებდა, თავად კი, სისხლნაპკურები, მადიანად იშმუშნებოდა და სანამ ხორცსა და სისხლს შეიწოვდა, ერთი-ორჯერ რომელიმე დახვეულ ჭანგს გაისროდა შორიახლოს აკვნესებული მგზავრისაკენ, თუ მისწვდებოდა, ისევ წააგლეჯდა ხორცს და შეძრწუნებული მსხვერპლი გატკეპნილი გზისკენ გარბოდა; ხანდახან გამოერეოდა ისეთი გონებადაბინდულიც, ტკივილით გამწარებული კაატინგას ფეხებით ცემას რომ დაუწყებდა, მაგრამ... ბრჭყალები ტანზე, ჭანგები - ყელში და თვალებგადმოკარკლული, თავზარდაცემული მგზავრი ერთიანად იძირებოდა ამ მომაკვდინებელ ალერსში და მის ირგვლივ ჩახვეული კაატინგა მეორე დილით მზეს თვალთმაქცურად რომ შეეგებებოდა და ამაყად აღაწვდიდა ნასისხლარ მკლავებს, დაფხაჭნილ ძვლებს თუ გამოაგდებდა, სხვა - არაფერი. რა დააბნევდა მრავლისმომსწრე მწყემსებს, მაგრამ გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლЎოსა გაოგნებულნი იდგნენ. მხოლოდ კედელს მიყრდნობილი ფეხი ჩამოუშვეს და მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები ჩამოეყარათ, სხვა - ვეღარა მოახერხეს რა, გამაფრთხილებელი შეძახილიც არ დასცდენიათ - რაღაცნაირად გოროზად მოდიოდა მგზავრი. და მომაკვდინებელ ბუჩქნარში კუშტად რომ შემოაბიჯა, დიდად განცვიფრდნენ, არც ერთ ვაკეიროს არ ენახა ამდაგვარი რამ - კაატინგას ბუჩქნარი გადაიწია, გადაიშალა და განზე განერთხო, და თუმცა გრძელი ტანსაცმლისა გამო ფეხები არ უჩანდა მენდეს მასიელს - მგზავრს, მაინც ეტყობოდა, რომ ისე ამაყად, ისე გაბედულად მოაბიჯებდა, და გრეგორიო პაჩეკომ და სენობიო ლЎოსამ ისღა მოახერხეს, დიდი ორკუთხა ქუდები მოიხადეს და, მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრულებს, დაჭმუჭნილები ეკავათ ხელში... - ცოტათი უხერხული თხოვნა კია დიდი, - წამოიწყო კაპრალმა ელიოდორომ, - გრანდჰალლე. - თქვი, ჩემო კაპრალო, - უთხრა უმბერტოს ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, - შენ ცუდ საქმეზე არ მოხვიდოდი. - რა სათხოვარია პატარა უხერხული დიდი და, გრანდჰალლე, ცოლი მინდა გაახლოთ, - რიდით უმზერდა ელიოდორო, კაპრალი, - მუცელი ეძრა და ხალხი მაინც ბრძენია, იძახის ხალხი, ხომ იცით ნათქვამია, ვისაც ქალი პირველად შეხედავს, იმას დაემგვანება ბავშვიო და, თქვენზე უკეთეს, თქვენზე მშვენიერს, გრანდჰალლე... - ძალიან გინდა, მე დამემგვანოს? - იკითხა ნასიამოვნებმა პოლკოვნიკმა. - ძლიერ ძალიან, კი, კი, გრანდჰალლე... პოლკოვნიკმა კი ჯერ გაიარ-გამოიარა და მერე თქვა: - ასე თუ გინდოდა, შე კაი კაცო, მიგეშვი ბარეღამ თავიდანვე მე. ჰა-ჰა... - ჰა - ჰა-ჰა, ჰაჰა, - შესცინოდა ხუმრობით ნასიამოვნები კაპრალი ელიოდორო. - ხედავ, დომენიკო, - კაპრალს გაუღიმა პოლკოვნიკმა სეზარმა, - ხედავ, რა სანუკვარი პატრონი გყავს?! ახლა სადაა. - მოსაცდელში მყავს თვალახვეული... - შემოვიყვანოთ? ჯერ მომისმინე... - სარკეს მიუახლოვდა პოლკოვნიკი, თმას ისწორებდა, ხუმარაობის გუნება-განწყობაზე ჩანდა, - ისე კი, დაბადებისას მაინც ანისეტოს დაემსგავსება. - სახით, გრანდჰალლე? - იკითხა შეშფოთებულმა ელიოდორომ. - ტანსაცმლით, ჰალე, - ისევ იხუმრა პოლკოვნიკმა, - ოღონდ, ალბათ პირი არ ექნება აკრული, იჩხავლებს და იჩხავლებს. - და დიდად სერიოზულად დაამატა, - ბავშვზე კარგი რაა ამქვეყნად, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი. - დღეგრძელი ყოფილიყოს სამფენოვანი კამორას მზე. - და სათამაშოს საყიდლად თუ გახვალ, ჯერ ამას შეხედე და ისე წადი, - დიახაც იხუმრა კვლავ პოლკოვნიკმა, შემობრუნებულმა, დომენიკოსკენ გაიშვირა თითი. თაროზე იჯდა! - ამას რა ვუყოთ, გრანდჰალლე. - ანისეტოსკენ გაიქნია თავი კაპრალმა ელიოდორომ, - ხომ იცით, ქალი მაინც ქალია და მაგისკენ რომ გაექცეს თვალი, ხომ დავიღუპე... - შენ რას გვირჩევდი. - ზურგით რომ დადგეს? - არა. ეგრე არა, ჩემო კაპრალო, ასე უფრო ვაჟკაცურია. - და გვერდულად რომ... - აჰ, არა, არა, ეგ ყველაფერზე უარესია. - გვერდულად რომ დადგეს და ჩვენკენა ფეხი ოდნავ წამოსწიოს, გრეგ რიკიოს ნახატებში უხერხულობის დასაფარავად რომაა, ისე? - არც ეგ ივარგებს, გრეგ რიკიომ კი დიახაც რომ იცოდა რაკურსის ფასი. - ნამდვილად, თქვენ რას მირჩევდით?! - მგონია, რომ აჯობებს, ჩაიცუცქოს... ხომ კი აჯობებს? - დიახ, გრანდჰალლე. - ცუცქ, ანისეტო, - თქვა პოლკოვნიკმა და გასძახა: - ექვსჯერ სამი შვიდიაა! - გისმენთ, გრანდჰალლე, - ზღრუბლზე წამოჭიმულიყო ცქვიტი სერჟანტი. - თვალახვეული ქალი შემოიყვანე, ნორბერტო, - დომენიკოს უთხრა პოლკოვნიკმა, კმაყოფილი ათვალიერებდა, - სულ, სულ ცოტათი, არ გაიქექე? და უცნაურმა მგზავრმა გახევებულ მწყემსებს როგორც კი ჩაუარა, ოდნავ განზე შემართა თავი და გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლЎოსა უნებურად კვალდაკვალ მიჰყვნენ. გამართული მიდიოდა უცხო, ყოველივეს მრისხანედ შესცქეროდა, დაგუბული ბრაზით აკიაფებული მზერა გადაჰქონდა მწყემსიდან მწყემსზე, და ყველა შეკრთა. კამორელებს კი თვალს არიდებდა, კუშტად ჩაუვლიდა და თვალის კუთხით მაინც თუ აღიქვამდა იმათ მოსირმულ, ჭრელაჭრულა, მბზინავ ტანსაცმელს, ისეთი ღონიერი ზიზღით ეწელებოდა ტუჩები, კისერიც კი ეძაბებოდა. თავშიშველი იყო, მხრებზე დაჰფენოდა თმა, გრძელი, განიერი სამოსით შარაგზას ამტვერებდა. ბაზრობაზე ახლად ჩამოსული სერტანელები რიდით შესცქეროდნენ, ფეხები მისკენ ეზიდებოდათ, მაგრამ ადევნებას ვერა ბედავდნენ და მხოლოდ ორნი - გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლЎოსა მისდევდნენ მგზავრს. ბაზრობათა ქალაქში ჩამოსულ კამორელთაგან როგორღაც არც ერთს შეუმჩნევია იგი, მენდეს მასიელმა კი დუქანს შემოუარა, მოფარებულში მიმჯდარ კაცს, უშფოთველად რომ მარცვლავდა კრიალოსანს, თავთ დაადგა და ჰკითხა: - მენდეს მასიელი ხარ? იმას არც აუხედავს, უთხრა: - კი. - აქ რას აკეთებ. - არაფერს. ვიცდი. - რას უცდი. - არაფერს, - თქვა მენდეს მასიელმა. მგზავრი ერთხანს კუშტად დასცქეროდა, მერე უთხრა: - ნათესავთაგანი თუ გყავს ვინმე. - არავინ. არა. - რატომ. - ყველა ამოხოცეს. - ვინ. - არაუჟოებმა, არაუჟოთა გვარმა. - ღირსნი თუ იყვნენ. - ვინა, ჩემები? - შენიანები, ჰო. - არა, რას ამბობთ. მიწას ჩასცქეროდა. - შური იძიე? - აჰ, ვერა, არა... - რატომ? - მკაცრად დაეკითხა კაცი. - მეც კი მომკლავდნენ, - თქვა მენდეს მასიელმა. აქ მგზავრმა გრძელი სახელოები დაიკაპიწა და უთხრა: - კარგად შემომხედე. მეც მენდეს მასიელი ვარ. და კრიალოსანი მტვერში რომ ჩავარდა, უკვე ფეხზე იდგა, სანატრელი მგზავრის პირისპირ. - შენ... სად იყავი... - ჰკითხა. - უდაბნოში. - რას აკეთებდი. - დიდხანს ვფიქრობდი. ტყუპებსა ჰგავდნენ! - ბევრი იფიქრე? - ძალიან ბევრი. - და... მოიფიქრე? - კი. - რა. - კარგად შემხედე. ხელები განზე გაშალა უცხომ, მენდეს მასიელმაც, მონუსხულმა, განზე გაშალა ორივე ხელი. გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლЎოსა უცხოს სახეს ვერა ხედავდნენ, ქალაქელი მენდეს მასიელი კი ისე კუშტად, ისე მრისხანედ მიუახლოვდა მგზავრს, და შუბლზე მიადო შუბლი. და ასე იდგნენ, ხელებგაშლილნი, თავფეხიანა ერთმანეთს მიწებებულნი, მუხლი მუხლზე მიებჯინათ, და ისე ჯიუტად, ისე მრისხანედ ჩასცქეროდნენ ერთმანეთს თვალში. და შორით მოსული უცხო კაატინგას თუ ჰგავდა, რადგან ქალაქელი მენდეს მასიელი დაპატარავდა, დაკნინდა და დაიწრიტა, ოღონდ ბოლომდე მრისხანე ჰქონდა თვალი, და უცნაურმა მგზავრმა მთლიანად რომ შეისრუტა ბაზრობათა ქალაქის მენდეს მასიელი, ძვლებიც არ გამოუყრია მზეზე ისე, გაოგნებულ გრეგორიო პაჩეკოსა და სენობიო ლЎოსას მიუბრუნდა და უთხრა: - დღეის ამას იქით კონსელეირო დამიძახეთ. კონსელეირო მრჩეველსა ნიშნავს. ხოლო როცა დიდად კმაყოფილი კაპრალი ელიოდორო და იმისი ცოლი ზედა კამორას ამოსცდნენ, ქალი შეჩერდა, მიმოიხედა, მერე განზე გადგა ფეხები, ხელი კაბის ქვეშ შეიყო და, თვალდახუჭულმა წვალებით გამოიძრო მომცრო ბალიში. - სახლამდე ვეღარ მოითმენდი? - შეიჭმუხნა კაპრალი ელიოდორო და იმანაც მიმოიხედა. - რა ვქნა, ოდორო, შემომასკდა კაბა, - შესჩივლა ქალმა, მერე სახელოდან ცხვირსახოცი გამოიღო, დანერწყვა და ცხვირპირიდანაც საგულდაგულოდ მოიშორა მოყავისფრო ლაქები. - წესი წესია, - აღნიშნა კაპრალმა ელიოდორომ. - წესი, თორემ შენც... მაინც მშვენივრად მიხვდებოდა. - რას. - რა ფეხმძიმეც ვარ. - მიხვდებოდა და ძალიანაც კარგი. გრანდჰალეს სულაც არ მოსწონს, ხარკს უმიზეზოდ როცა უხდიან ხოლმე. - რამდენი მიეც. - რამდენი - სამი თვის. - თორმეტი დრაჰკანი, არა, ოდორო? - კი, - და იხუმრა, - აჰ, შენი მათემატიკა მომცა?! სერტანული ღამე მოსაღამოებულს, ნაღვლიანად რომ აბღავლდებოდა ვრცელი ნახირი, და ჯერაც სუსტად ფეხადგმული სიბნელით მხოლოდ ვარსკვლავები რომ გამომჟღავნდებოდნენ ცაზე, ზე მორეირას, დიდ მწყემსს, ჩვეული დარდი იპყრობდა. ვინ-ვინ და ზემ კარგად იცოდა, რასაც ნიშნავდა მიწად დავარდნილი პაწია ჩიტის ეს უცნაური გახევება, უღონოდ ჩამოვარდნილი ფრთითა და ხანაც - რომელიმე პირქვეჩამხობილი ვაკეიროს დაკრუნჩხული, უჩვეულო მახედქცეული თითების გაშეშებული ელდა - ზე მორეირამ კარგად იცოდა სიკვდილი, აქ, სერტანაში, კიდევ მეტად თვალშისაცემი, სერტანა ხომ უთანაბრო ცხოველთა მხარე იყო და ისღა უკვირდა, როგორ მიიძურწებოდა მზერადქცეული გველის დაღებული ხახისკენ ბეწვებაჯაგრული თაგვი. ზეს ხშირად უნახავს, როგორ აცხრებოდა დამფრთხალ შველს დიდი კონდორი და თვალებგაფართოებული, უმზერდა, საბოლოოდ როგორ აიქნევდა უკანა ფეხს მსხვერპლი, რაღაცნაირად მადიანად და ამაზრზენად, კი, კი, ზე მორეირამ სიკვდილი მშვენივრად იცოდა და დღისით ამაყს, დღისით გაბედულს, სრულიად სერტანის უპირველეს მწყემსს, მოსაღამოებულს, ჩვეული დარდი იპყრობდა - როგორც ყველა, ისიც, კი, ისიც მოკვდებოდა და ზე მორეირა, უმაყურებლო, ამაყი ჯამბაზი იმასაც გრძნობდა, რომ არაა თავისუფალი. მოსაღამოებულს გაუჯდებოდა ეს მწარე ფიქრი ყველაზე დიდი ნახირის, პოლკოვნიკ სეზარს რომ ეკუთვნოდა, ამ დინჯად ჩაუქ მწყემსს; დღისით სულ არარა აწუხებდა - უცნობი დამქირავებელი, პოლკოვნიკი სეზარ გახსენებისასაც კი მაღალ ფეხებზე ეკიდა და გაუხსენებლად - უფრო, დღით ყოველივე, რაც სერტანაში ბუდობდა, გან-გან გაურბოდა, მოსაღამოებულს თუ აშარიშურდებოდნენ და აყმუვლდებოდნენ და ზე მორეირასაც ძილის წინ, მცირე გარდაცვალებამდე, აუყმუილდებოდა ჩვეული დარდი - რომ თავისუფალი არაა, არა. ასე ეგონა, საფლავებზე გადადიოდა და ფრთხილად დაარონინებდა ცხენს ხმელი, სევდიანი ვაკეირო და, კიდევ კარგი, ასე, თვეში ერთხელ, მხიარული მწყემსი მანუელო კოსტა ლაღად გამოაჭენებდა მისკენ ცხენს, პატივისცემანარევი ღიმილით შეაცქერდებოდა და უხმო კითხვით თვალებში, ჩექმის ჯიბეზე დაიდებდა ხელს, იქ კი დიდ თეთრ ბოთლში ცეცხლივით სითხე ესხა, ბაზრობათა ქალაქის რომელიმე გულაჩუყებული ქალის ნაჩუქარი, და ზეც, ყველაფრის დავიწყებას მონატრებული, ოდნავ დაუქნევდა თავს. არაფერი სხვა... ამპარტავნობით არ მოსდიოდა ეს - უნებურად ამაყი გახლდათ, უცნაური ძმაბიჭობა ჰქონდათ, იშვიათად თუ გასცემდნენ ერთმანეთს ხმას. მანუელოს ფარღალალა ქოხისკენ თავს დაადებდნენ და მხიარული მწყემსის ცხენს პატრონივით ეჩქარებოდა, უკაწკაწებდა სული და ჭენებას ლამობდა, მხედარივით დანაღვლიანებული ზეს უბადლო ფაშატი კი დინჯად, თავჩაღუნული მიდიოდა, გზად ერთი-ორჯერ მარიამის სახე ამოუტივტივდებოდა ზეს, წარმოუდგებოდა მისი ღამეული დამალვა, სადილანდელო ბუზღუნი და დამნაშავესავით, წინასწარ, უილაჯოდ იჭმუხნებოდა. მანუელო კოსტა ყოჩაღად გადმოხტებოდა თავის ეზოსთან, ბოთლზე ხელისგულმიდებული; სევდიანი ზე კი დინჯად ჩამოქვეითდებოდა. „აგერ, აქ ჩამოჯექ“, სამფეხა სკამს მიუჩოჩებდა მანუელო და მომცრო აბგიდან ყვავილმოხატულ ნამცხვრებს იღებდა, გულაჩუყებული, შეყვარებული ქალების სიხარულით აკანკალებული ხელით გამომცხვარს. ზე დიდის უნდობლობით დასცქეროდა რომელიმე დაუჯერებელ ნამცხვარ-ყვავილას და მანუელოც მხიარულად კვერს უკრავდა: „აბა, ქალებს ჭკუა ააქვთ?“ მომცრო ჭიქები გამოჰქონდა მხიარულ მწყემსს, ხის ძირას ჯდებოდნენ. რაღად უნდოდათ სკამი, ზე ღამეული, მცირე ჟრჟოლით აგრილებულ მერქანს ზურგით ეყრდნობოდა, გრძელ ფეხებს გაშლიდა, თავისი აბგიდან ბოსტნეული ამოჰქონდა და ჭრელაჭრულა ნამცხვრების გვერდით ფრთხილად დებდა. მანუელო მომცრო ჭიქას შეავსებდა და ჯერ ზეს გაუწვდიდა, ცუდგუნებაგადაყრილი დიდი მწყემსი აუჩქარებლად გამოცლიდა სასმისს, აუჩქარებლადვე დაუშვებდა ხელს და თუმცა ყელი ძლიერ ეწვოდა, მშვიდად იტყოდა: - ეს ერთი. და მანუელო კოსტაც გადაჰკრავდა: - ერთი, ჰჰუ, ერთი... ოჰო, რა ცხელია?! ზე უგულოდ ღეჭავდა სტაფილოს, მანუელო კოსტა კი მორიდებით დახედავდა ნამცხვრებს და ფრთხილად იკითხავდა: „ამეებს ხომ არ გასინჯავდი, ზე?“ „არა“, - თავს გაიქნევდა დიდი მწყემსი. ერთი სული კი ჰქონდა, ზეს ერთი სული ჰქონდა, ეს საამოდ სუნადენილი, სუნაჟღერებული ნამცხვარი გაესინჯა, მაგრამ ნახევრადმშიერი ცოლ-შვილი ახსენდებოდა და ნუგბარის მირთმევისა რცხვენოდა. მანუელო კოსტასაც რცხვენოდა, ეულად ჩაეტკბარუნებინა პირი და ზე რომ იტყოდა - „ეს ხუთი...“ - მანუელო კოსტა, ნამცხვრის სუნით გაღიზიანებული და გაღიზიანებული იმითაც, რომ ამაყ ზეს ნამცხვრების შინ წაღებას ვერ შესთავაზებდა, უცებ გამხიარულდებოდა და შორიახლოს აკივლებული ტურებისაკენ გატყორცნიდა ქალთა სიყვარულჩატნეულ ნამცხვრებს. ატყდებოდა ერთი წივილ-კივილი, სერტანელ წუწკთა ჩხუბი და აყალმაყალი და შორს, ბაზრობათა ქალაქში, ალბათ უსიამოდ იშმუშნებოდა ძილში რომელიმე აფუებული ქალი. მანუელო კი კომბოსტოს არხეინად შეექცეოდა და მერე, უცებ, გახევდებოდა, იძაბებოდა, თვალებგაფართოებული, ნესტოებდაბერილი, სულ იცვლებოდა კაცი. სერტანული ღამე... მთვარის როყიო, სიფრიფანა და მაინც მსუყე შუქში ფარული სევდით ჟღრიალებდა სერტანა, ეკლიან ალერსად აღწვდილიყვნენ გარინდული კაქტუსები, ნათელი ადგა შორეულ გამოფიტულ კლდეს, გლუვად ელვარებდა ხავსმოდებულ ნაპრალებში მთვარის რბილი შუქი... დიდ ფუღუროში სასის ცოლ-შვილს ეძინა, მცირედ ჩაცურდებოდა ერთი პეშვი სილა, და ფლოქვდადგმული ბალახი იმართებოდა. ციცქნა სიოთი ოდნავ კრთებოდა რომელიმე ფოთოლი და მთვარის შუქი ქვემოთა, მანამდე მოფარებულ ფოთოლზე მდორე სიმსუბუქით ჩაიღვრებოდა, ისევ ატივტივდებოდა მაღლა, გველივით დაძვრებოდა ფოთლებშუა სიო. მსხვერპლს ალალბედზე, ფათურით დაეძებდა ბრმა კაატინგა, ჰაერს ფხაჭნიდა, მაგრამ მანუელო კოსტას ტევად თვალებში ეს ყოველივე ლამაზდებოდა, ლამაზი იყო და გამხმარ ხესაც კი ისე სათუთად ალიცლიცებდა ღამე სერტანული, სერტანული ღამე... და რადგან ყოველივე ღატაკ მანუელოსი გახლდათ, მხიარული მწყემსი ვეღარ უძლებდა ამდენს და ღამღამობით უცხოდ სევდიანობდა, ცხენის გავაზე თავქვე მიბმულ გიტარას ჩამოიღებდა,. ტვინს თავის ჭკუაზე აუწყობდა, ყელზე შემოაჭდობდა თითებს, ზურგით მკერდზე მიიკრავდა, ფერდზე იდაყვს დააბჯენდა და ექვსსიმა ტანჯვას თავის სანდო ხმას შეუერთებდა, მთელს სერტანაში დაუძველებელ, ცნობილ სიმღერას ხმადაბლა ღიღინებდა მანუელო, ამჟამად დანაღვლიანებულ- მხიარული მწყემსი: „მასიელების ურიცხვი, ურიცხვი გვარი...“ გატრუნულიყო ხეს ზურგით მიყრდნობილი ზე, თავისუფალი არ იყო, არა, „ერთი ციცქნა მიწისთვის, მიწისთვის, - მღეროდა თვალდახუჭული მანუელო კოსტა, თვალებდახუჭული, სერტანულ ღამეს რომ არ გადაებირებინა, - ქვედა კამორელებს გააჟლეტინეს, გააჟლეტინეს მასიელები...“ წამოიწეოდა ზე, დაძარღვული სხეული ეძაბებოდა, „სულ ერთი ციცქნა, ერთი ციცქნა მიწისთვის, მიწისთვის“, - მღეროდა მანუელო კოსტა და სადღაც იქვე აბუზღუნდებოდა ჟოაო აბადო, უჟმური, „მთლიანად გაჟლიტეს, გაჟლიტეს, რა უნამუსოდ გაჟლიტეს...“ მაჩეტეს ჩაბღუჯავდა ზე, რა ტარი ჰქონდა მაინც, როგორ უძლებდა, „ღამით შეცვივდნენ მასიელებთან, ღამით შეცვივდნენ, - მღეროდა დამწუხრებული მწყემსი და სინანულით აკანტურებდა თავს ხეს ამოფარებული ცალფეხა ჭინკა, სასი, - „ყველა დახოცეს, კამორული წვრილი დანებით ყველა დახოცეს...“ „არ გააჭირა საქმე?! ტინგიცა...“ - უგულოდ ბუზღუნებდა სადღაც ახლოს ჟოაო აბადო, ძალიან შორს კი, კალაბრიაში, მოხუც სანტოსს მორი ჩაებღუჯა და ერთ-ერთი კამორელის სახელით გულში, ისე გუდავდა, ისე ახრჩობდა... „ერთი გადარჩა მასიელთაგან, ერთი გადარჩა“, - მღეროდა მანუელო და ზე ბოღმიანად ავსებდა ჭიქას - „ეს ცხრა“ - და სვამდა, მშვენივრად იცოდა, რასაც დააყოლებდა მანუელო კოსტა - „ძილში საწოლქვეშ შეგორებული, შემთხვევით შეგორებული გადაურჩათ ბავშვი...“ ყვრიმალებდაბერილი შესცქეროდა შორეულ მთებს ზე, სადღაც იქ, იქით, კამორა იყო. „თორემ მოკლავდნენ, თორემ მენდეს მასიელსაც კი, კი, მოკლავდნენ“, მღეროდა მანუელო კოსტა და თვალებს ახელდა, სინანულით ამთავრებდა ცნობილ სიმღერას, - „მაგრამ მენდესი რომ გაიზარდა, ლაყე აღმოჩნდა, ლაყე აღმოჩნდა...“ მრთელი გული ეტკინებოდა ზეს, ტარზე შეადუნდებოდა თითები, აჰ, არა, არა, თავისუფალი არ იყო, არა, „უნდა ეძია ბოლო მასიელს შური და შური, - მღეროდა დადარდიანებული მხიარული მწყემსი, მანუელო კოსტა, - მაგრამ მენდესი, მაგრამ მენდესი...“ მაგრამ იქ, სერტანასა და კამორას შორის, ბაზრობათა ქალაქში, შავტანსაცმელაფრიალებული მენდეს მასიელი უკვე დიდ კასრზე იდგა და ძალიან ხმამაღლა ასე ამბობდა: - ძმებო! ძმებო, შორსაა ჩვენგან დიდი მიწები - რომი, ბაბილონი, პომპეა და რიო დე ჟანეირო, მაგრამ... 3 ხომ ისევ აქ ხართ, არ მიგვავიწყდეს ყმაწვილი მგზავრი... ერთი შეხედეთ, კარგად შეხედე, როგორ ჩურჩულებს... უმბერტო, ჯუჯა, დომენიკოს დარბაისლურად მიუძღოდა და თანაც ხმადაბლა, გამოზოგილი სიამოვნებით ღიღინებდა: „ვაჟკაცი დააჩეხილი სჯოობს, ქალი რაც უფრო თეთრიაა, - ამაყად დასცქეროდა ეკლით გაკაწრულ ხელზე სიფრიფანა ნაიარევს: - ჰეე!“ - გრანდჰალლეს ბაღში დასეირნობდნენ. ვარდი და ტიტა, იასამანი... ნატიფად თლილი მარმარილოს აუზები, ალისფერი, ზანტად დარხეული თევზებით ფსკერზე და ზედაპირზე კი - ნესვი და მსხალი ტივტივებდა. გაკრეჭილ ბუჩქებში აქა-იქ - მარმარილოს სვეტები, გლუვად აბზინებულნი, სუროაყოლილნი, და მცირე მოლზე უცებ - ბუხარი; ზორბა კაკალი, ტოტებზე ვერცხლის კოხტა შანდლებით. ტბაში ჩაწვდილი ტირიფის ნაზად მორკალული რტოები და ოქროსფრად შეღებილი ტყუილი ნამდვილი გედები ტბაზე... ვიღაც ქედუხრელის პაწია ქანდაკებანი ხეხილის რტოებზე - ჩიტებივით მრავლად და ერთიც დიდი იგივ ქანდაკება ტბის პირას, ფერხთით მიხაკმოყრილი, „დიდი მარშალი, ბეტანკურია“, - მხარუკუღმა უთხრა უმბერტომ. სველდრუნჩა შვლები მარილმოყრილ ბალახს წიწკნიდნენ, ზურგზე კოტრიალობდა ხეზე გრძელი ჯაჭვით მიბმული ბელი... და ერთგან, ხილად, ასკილის ბუჩქი, რტოებზე ფერადბაფთებიანი კვიპაროსებზე ახვეული სქელი ვაზი და ხის კენწეროზე - მძიმე ყურძენი, მუქ-იისფერი, გრანდჰალლეს ბაღი, საზარელი ბაღი. და, კიდევ კარგი, მარმარილოს მაღალი ღობის კუთხეში ჭინჭარს და გვიმრას შესცქეროდა, ზიზღნაჭამს, ნერწყვით ევსებოდა პირი, და, კიდევ კარგი, შემოღობილ კუთხეში ჭინჭარს და გვიმრას შესცქეროდა, ისე ჯიუტად, ისე ნამდვილად ამოსულთ ჩრდილში... და, სითბოდავლილს, ნერწყვი გაუქრა, ყელგამშრალს, შორეული ბედნიერებით გულმა რეჩხი უყო, მაღლა აიხედა და ნაძვის ტოტებზე მბზინავი სათამაშოები რომ დაინახა, ისევ ჭინჭარსა და გვიმრას მიატანა თვალი. - მოდი, აქ დავჯდეთ, - შესთავაზა უმბერტომ და ვარდებთან მოირთხა ფეხი, დომენიკოც ნელინელ დაეშვა უხვად ნიჟარებმოყრილ მიწაზე, ფრთხილად იკითხა: - რაა, ის რაა... - აა, ეგენი? - ამპარტავნად ჩაიცინა უმბერტომ, - ეგ ნაყარნუყარი მცენარეები თვალსაჩინოებისთვისაა, ჰალე. - რისთვის? - თვალსაჩინოებისთვის, ჰალე, - კიდევ უფრო რომ გაბრწყინდეს ბაღი. - ნაყარნუყარი... რატოა... - თქვა დომენიკომ, მაგრამ უმბერტო, ეტყობა, სულ სხვას ფიქრობდა, რადგან ფიქრში წასულს, თვალები გაელამებოდა და ამბობდა: - რა ქალი იყო? მაღალიც იყო და ყველაფერი, ქვემოდან ავცქეროდი. ყველაფერს მიჯერებდა, სულ თვალებში ჩამომყურებდა... - და გაუკვირდა, - რა თეთრი იყოო?! ფეხმორთხმული იჯდა, და თავისსავე მუხლს ეფერებოდა, საღამოვდებოდა ბაღში. - ჩვენთან, სოფელში, - თქვა დომენიკომ, ღობის კუთხისკენ იყურებოდა, - გაზაფხულობით მთელი სოფელი აიყრება, ერთი კაცის გარდა და ბორცვს გადაღმა ერთი ღამით ბანაკდებიან, ავადმყოფებიც გაჰყავთ. და გარიჟრაჟზე ვბრუნდებით ხოლმე, რტოებითა და ნაჯახებით ხელში. - სახეზე უცებ ვერც შეატყობდი, ისეთი თეთრი რომ იყო; მერე, დამჯერი? - ნუღარ იკითხავ. - მუხლს ეფერებოდა უმბერტო, - რომ მეთქვა, აგერ აქ, ოთხზე დადექი და ეს ბალახი მოძოვე-მეთქი, ის აღარ ვიცი, სულ თუ მოძოვდა, მაგრამ ცდას კი არა, აჰ, არა, არ დააკლებდა... რა ქალი იყო?! - მეორე დღეს კი, განთიადისას, სოფლად ვბრუნდებოდით, ხელებაწვდილნი, სახეში მზე გვირტყამდა. ბორცვს ჩავივლიდით და ის ერთი კაცი გვეკითხებოდა - ყველანი აქ ხართ? კი, კი, ყველანი, - ვამბობდით ჩვენ და ის კაცი კი მაინც გვკითხავდა - ვინმე ხომ არ დარჩა? არა, არავინ, - ვამბობდით და ის კი მაინც თვალს შეავლებდა შორეულ ველს და მერე ამბობდა - დამილოცნიხართ... - რა ტანი, რა ფეხი, - შარვალი მუხლამდე აეკარწახებინა და საზარელი, დამჭკნარი ხელისგულით საკუთარ, მოკლე წვივებს ეფერებოდა ჯუჯა, უმბერტო, - ფეხის თითები ყურძნის მარცვლებს მიუგავდა, გრძელი რომაა, აი, იმას, ჰალე, რა ქალი იყოო - ჩასატკბარუნებელი. ვუყვარდი, მა რა - აბა თვეში სამი დრაჰკანი რა სახსენებელია? საღამოვდებოდა, და ღამის კუშტი დარაჯი - გოროზი კაეტანო შუა კამორაში უმ კვერცხებს საქმიანად ყლაპავდა, ოციოდ წუთში ომახიანად რომ დაეძახა სამფენოვანი ქალაქის ყოველი მცხოვრების გასაგონად: - სა-აღამოს რვა საათია და ყველაფერი გენიიალურააადააააა. - ლირაზედ-ც უკრავდა... - აღნიშნა უმბერტომ. - საღამოობით კოცონს ვაჩაღებდით, - გამუქებულ გვიმრას შესცქეროდა დომენიკო, - წრეს ვარტყამდით, და უძრავად ვიდექით, სანამ კარგად არ აალდებოდა. მერე კი, რომ ატკაცუნდებოდა და აგუგუნდებოდა ცეცხლი, რიგრიგობით ვუახლოვდებოდით, ტანსაცმლის კალთიდან მომცრო ნაჭერს ჩამოვიხევდით და კოცონზე ვყრიდით - ასე ამბობდნენ, თითქოს ჩვენ, იმსოფლელები, დიდი ხნის წინათ ციდან ჩამოვედით და წინაპრები კი იქ დარჩნენო და ტანსაცმლის ნაგლეჯს ჩვენი ამბებიც სხეულიდან შეჰყვებაო და სხეულის სითბოგამოყოლილი ნაგლეჯის კვამლიც ხომ მაღლა ადის, და ცადდარჩენილებს ჩვენი ამბავიც კვამლად აუვათო, ასე ამბობდნენ... - ნკვამლად არა, ნფლავი, - გაისმა უცებ, ორივე შეხტა, მუქი ვარდების ორმაგი წყება კი მიწიანად ამოიზნიქა, აიზნიქა, ყალყზე შედგა და მერე ადამიანი გამოჩნდა, ზურგიდან მიწას ხელუკუღმა იფერთხავდა. ვარდები კი საიმედოდ დაემაგრებინა ტანსაცმელში, არხეინად იბერტყავდა და ამბობდა: - აუვათ, არა, ისა... ნკვამლად არა, ნფლავი... ზედამხედველი ნავოლე გახლდათ. - ნდამსხდარხართ აქა ორი ნსანთამაშო და ნსისულენლეებს იძახით, - ზომიერად გაწყრა, - აბა, ნვაჟკაცო, მნიშანი მითხარ. - ცხრაჯერ ოთხი ექვსია - არ დააყოვნა უმბერტომ. - ნსწორიაა, - გააგრძელა ნავოლემ და ალერსიც კი გაირია დაგუდულ ხმაში, - ნწადით ახლა, ნმოფსით და დაიძინეთ. - წესიერად ილაპრაკეთ, თუ შეიძლებოდეს, - მკაცრად მიუგო უმბერტომ და გაიჯგიმა, - პოლკოვნიკს ვუცდით. - ნგრანდჰალლეს თქვენთვის აღარ ნსცალიაა, - კვლავ დაუყვავა ზორბა ნავოლემ, დიდ თვალებს ნაზად აბრიალებდა, - მე დამაბარა, ერთხანს ნთვალყური ადევნე, რამე არ დაიშავონო და ნწადით, ჰა, მალე... ნპოლკოვნიკი, ა, არ მომინდომეს? პოლკოვნიკი კი დიდი მარშალის მისაღებში გაჭიმულიყო და თვალებში შესცქეროდა. პოლკოვნიკი სეზარ მარშალ ბეტანკურის მისაღებ ოთახში გაჭიმული იდგა, დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური კი ერთხანს სახეაქავებული უმზერდა, იშმუშნებოდა, თითქოს ხვლიკი რამ დაუძვრებოდა ტანზე და შემდგომ თითქოს გადაუარა, და, შიშნაჭამ გრანდჰალლეს შეკავებული ალერსით უთხრა: - დაბრძანდით, ჩემო პოლკოვნიკო. - გმადლობთ, გრანდისსიმოჰალლე, - თქვა პოლკოვნიკმა და დასაჯდომად განემზადა. მაგრამ დიდი მარშლის ხმამ შეაჩერა, - მანდ არა, არა, მეორეზე დაჯექ! - გმადლობთ, გრანდისსიმოჰალლე, - სამიოდ ნაბიჯი ფეხისწვერებზე გადადგა პოლკოვნიკმა და სავარძლის კიდეზე ფრთხილად ჩამოჯდა. მარშალმა ედმონდო ბეტანკურმა კი გაიარ-გამოიარა, შედგა, კედლისაკენ იქცია პირი, გვერდზე გადაიხარა, ოდნავ გააჟრჟოლა კიდეც და მერე ქუსლებით ღრმად რომ ჩაეფლო ნოხში, იკითხა: - შუა ქალაქში რა ამბებია. - თქვენის შეწევნით, არა უშავს რა, გრანდისსიმოჰალლე. დიდი მარშალი შემობრუნდა და, ტუჩებგაწელილმა, თვალმოჭუტულმა, ჰკითხა: - რაღაც ყვირილი მომესმა ღამით. - გრეგ რიკიოს ვაშინებდით წუხელ. - ვითომ, უნდოდა? - იმას? აჰ, არა... - იმას კი არა, საქმეს... - ჩაეღიმა მარშალ ბეტანკურს. - რა ვიცი, როგორ მოგახსენოთ... რაც არ უნდა იყოს, მაინც... ყოველშემთხვევისათვის, გრანდისსიმოჰალლე, - რიდით შეაცქერდა პოლკოვნიკი. ედმონდო ბეტანკურმა კი გულზე ღონივრად შემოიჭდო ხელები, დარაბააკრული ფანჯრისკენ ცალთვალმოჭუტულმა გაიხედა, დაინტერესდა: - ის თუ გაასაღეთ. - კი, როგორ არა, გრანდისსიმოჰალლე. და საქმიანად, სხაპასხუპით ალაპარაკდნენ: - სად გადააგდეთ. - საერთოდ დავწვით. - ვის შეაწერეთ. - კაპრალ ელიოდოროს. - როგორი კაცია. - კარგი ბიჭია. - ძალიან კარგი, - თქვა მარშალმა ბეტანკურმა, - ყოჩაღ. შექებით აღფრთოვანებული პოლკოვნიკი სეზარ მადლობის სათქმელად წამოდგომას აპირებდა, მაგრამ მარშალმა წამით აჩვენა ხელისგული, შეაჩერა და ჰკითხა: - კაეტანოს მცირედ რაიმე ხომ არ დაურღვევია - ნორმის ფარგლებში... - ორგზის, გრანდისსიმოჰალლე. - ერთი ალბათ იქ, მეორე, ჩემო? - პეტე-ექიმი მიჰყავდა ფეხმძიმესთან. მშვიდობით მოარჩინა... - ძალიან კარგი. გასამრჯელო თუ გადაიხადა? - იხუმრა კიდეც მარშალმა ბეტანკურმა. - აბა რა, ჰალ... - და ხმა ჩაუწყდა, ფრთხილად გადაყლაპა ნერწყვი, - დიახ, გრანდისსიმოჰალლე... - სწორად მოქცეულა, - აღნიშნა ედმონდო ბეტანკურმა; ერთიანად დაძაბული, თითქოს სხეულით რაღაცას უცდიდა, მერე ისე თვალნათლივ გააჟრჟოლა, პოლკოვნიკიც შეაცბუნა და ძვირფას ხალათში შეიყო ხელი. პოლკოვნიკმა თავი ჩაღუნა, მარშალმა კი მომუჭული თითები ვიწრო ჯიბეში წვალებით ჩაიყო, დაწყნარდა, მაღლა შვებით აიხედა, ჭაღის ორი ერთნაირი ბურთულა აწონ-დაწონა თვალით, ერთ-ერთი მეტად შეაფასა და თქვა: - ძალიან კარგი. ბავშვზე უკეთესი რაა ამქვეყნად. - მეორე ბავშვი. მარშალს გამონათქვამი მოეწონა და ღიმილით დაეკითხა: - დაა, მეორე ბავშვზე უკეთესი? - კიდევ სხვა ბავშვი. აქ კი თამაშის იშტაზე დამდგარ მარშალ ბეტანკურს გამოსაცდელის ჩაჭრა მოუნდა და ჰკითხა: - და ყველა ბავშვზე უკეთესი? მაგრამ პოლკოვნიკმა ყოჩაღად შეაგება: - თქვენი გვრიტები, გრანდისსიმოჰალლე! მარშალ ბეტანკურს ჯერ ოდნავ, სულ ოდნავ გაუკვირდა კიდეც მისი მოხერხებულობა, მაგრამ მაშინვე მიხვდა: - წინასწარ მოიფიქრე, არა? - რა? - გულუბრყვილოდ იკითხა პოლკოვნიკმა. - აეგ პასუხი. მკაცრად უმზერდა. - დიახ, გრანდ... - მაინც კარგია, - რბილად წარმოთქვა მარშალმა ბეტანკურმა და თავისივე ხმა რომ ეუცნაურა, მაშინვე ტახტზე გადაწვა, თავჩაღუნული პოლკოვნიკის უჩუმრად ფეხი გაშალა, ვიწრო ჯიბიდან ხელი ამოაცოცა და მუნდირქვეშ რაღაც შეიძვრინა, მკაცრად თქვა: „პოლკოვნიკო!“ „დიახ გრანდისსიმოჰალლე!“ „ლმობიერი ვარ, - აღნიშნა მარშალმა ბეტანკურმა, - შენც კარგად იცი, ლმობიერი ვარ“. თვალები ავად უბრწყინავდა, გაჟრიალებისგან სასწაულით იკავებდა თავს, სხეულის ნაცვლად თვალები უჟრიალებდა და სანამ პოლკოვნიკს ცივი ოფლი დაასხამდა, დიდმა მარშალმა შემპარავად თქვა: - მოოდი, არუფა! ფარდა შეირხა და საოცრად გრძელბეწვიანი, ფუმფულა კატა ფეხაკრეფით მიუახლოვდა, რბილ თათებში შეემალა გრძელი ჭანგები; მარშალის ფერხთით შეჩერდა, თვალებში შეაცქერდა და მერე მსუბუქად ახტა, კალთაში გაუწვა და ბეტანკურმაც ნაზი სიავით შეუცურა ბეწვში თითები, იმ თავის შეკავებულ ჟრუანტელს კატასაც გადასცემდა თითქოს, მსუბუქად უწიწკნიდა ყელს. აკრუტუნებული კატა ახლა ზურგზე გადაგორდა, და ისე რბილად იკლაკნებოდა, თითქოს მის მუცელზე დაღოღავდა ხვლიკი. მარშალს კრიალოსანი დაუვარდა ნოხზე, პოლკოვნიკი მსწრაფლ წამოიჭრა, დაიხარა და ქვემოდანვე მოხრილმა ააწოდა, შეცბუნებული უმზერდა. ედმონდო ბეტანკურმა თვალით ანიშნა იგივ სავარძელზე და კატას დაფიქრებული უხიცინებდა. მერე იქვე, მაგიდაზე, ძვირფას ნიღაბს ცალი ხელით გადასწვდა, ცალი ხელითვე მიიმაგრა სახეზე. „ლმობიერი ვარ, - ძალუმ კრუტუნში ძლივსღა ისმოდა მარშლის წყნარად შემპარავი ხმა, - დიდად ლმობიერი, განა არ ვიცი, სტელლას ყოველ ნაბიჯზე რომ ღალატობ, მერედა ვისთან... იცოდე ეგრე არავინ მიყვარს დისშვილებში. ჩემი გაზრდილია... მაგრამ გპატიობ - საქმეებით გადაქანცულს, ვიცი, გჭირდება დასვენება და ამიტომ გპატიობ მეუღლისადმი ორგულობას, თანაც, შენისთანა საპასუხისმგებლო სამუშაოიანი კაცისთვის აუცილებელია სხვადასხვანაირი ქალი და ეგ არაფერი, ნაირ-ნაირ დედაკაცებში რომ დაძრწი... ისე, ხომ იცი, ჩემს ხელთ რომა ხარ... - და შეუძახა, - ეგება არა!“ „კი როგორ არა, დიახ, გრანდ...“ მაგრამ მარშალმა გააწყვეტინა - ჯერ ხელისგული აჩვენა, მერე კი ისე, კატის ალერსი არც შეუწყვეტია, მომცრო ბალიში ისროლა პირველ სავარძელზე და მოკლე ტკაცუნით სავარძლის ზურგიდან წვერწამახული ხიშტი გამოვარდა და გაიყინა, სად იყო მაინც ჩამალული, და პოლკოვნიკმა განცვიფრებისგან პირი დააღო. „აი, ხომ ხედავ, ჩემო გრანდჰალლე, - რბილად მიმართა ნიღაბაფარებულმა მარშალმა, - რომ დამჯდარიყავ, რაც მოხდებოდა... მაგრამ მიყვარხარ, როგორც ერთგული“. და რადგან გაოცებული პოლკოვნიკი სავარძელს თვალს ვეღარ აშორებდა, იქვე აუხსნა: „ეგ რაა, არაფერი, ხომ არ გგონია უფრო დიდ მთავარ საიდუმლოებებს, მე რომ მრავლად მაქვს, იმათგან რომელიმეს გავთქვამდი, რაა, ეს რაა, სხვები რომ იცოდე... ჰეეეე?!“ და ისევ კატას ეფერებოდა, სულიც კი შეუბერა, ასე ჩაასუნთქა: - ჰუუ-უ, არუფაა. ქვედა ქალაქში რა ამბებია. - კარგი, მარშალო, ერთმანეთს კლავენ. - ძალიან ხომ არ შეთხელდნენ. - არა, გრანდისსიმოჰალლე... ისე, ზომიერად. რაც არ უნდა ხოცონ ერთმანეთი, სამაგიეროდ, კარგად მრავლდებიან... ვირთხებივით, გრანდისსიმოჰალლე. - აეგ კარგია, - თქვა ბეტანკურმა და გულისპირში შეიცოცა ხელი - და ჩვენი ძალა მაგათშიცაა, იცოდე, სეზარ... - დიახ, მარშალო. - რიგო რასა იქმს, ჩვენი რიგობერტო, ისევ პირველობს? - დიახ, გრანდ... - და ისეთივე ამაზრზენია? - ძალზე საშიში გახლავთ, გრან... - გავასაღებინებდით ვინმეს, მაგრამ სხვა ვინ იპირველებს ქვედა ქალაქში, - ჩაფიქრდა დიდი მარშალი, - სულ აირ-დაირევიან. არა, გრანდჰალეე? - დიახ, მარშალო. - ყური დამიგდე. დილის ქალთაგან ერთ-ერთს დაავალეთ, რიგოს ნაყოფი შეინარჩუნოს. ყველაფერი აქვს მაგ ადამიანს, რაც საჭიროა ჩვენთვის, გარდა ერთისა - ხელაღებულია. თავზეხელაღებული ყველა კია ქვედა ქალაქში, მაგრამ ის შენ წინაშეც კი არ დაიხევს - სულზეხელაღებულიცაა, გრანდჰალლე. და შეიძლება ცოდვაც იტვირთოს - შენზეც ასწიოს ის გამრჯე ხელი და შვილი რომ შეეძინება, უკან დახევასაც შეძლებს - ხომ იცი, შვილი - სიყვარულია, სიყვარული კი - ტვირთი... პატარა შიშიც შეეპარება, სულ, სულ პატარა, ძალიან მცირე, ჩვენ რომ გვაწყობს, აიი, ისეთი... ბავშვი სირბილეს გაუჩენს გულში, თოთო ხელებით, და ნედლი თავით... შეუყვარდება, ჩემო გრანდჰალლე, ბავშვზე უკეთესი რაა ამქვეყნად, მძევლადაც დავიტოვებთ ხოლმე და რიგოსთანა თავსულზეხელაღებულსაც კი შეგვირბილებს ერთი რაღაც ფსლიკიანი, ბავშვზე უკეთესი რაა ამქვეყნად... - ჭეშმარიტება ღაღადებს თქვენი პირით, დიდო მარშალო. - ძალიან კარგი. სათამაშო რომ გაიჩინე, რად არ მითხარი. - ჯერ გაწვრთნა უნდა. - გაუწვრთნელადაც მაინტერესებს. იმ კვირას მომგვრი, მერსედესის დაბადების დღეს. - აუცილებლად, დიდო მარშალო. - მადლობელი ვარ დაპირებისათვის, - დასცინა კიდევ მარშალმა ბეტანკურმა, არუფას პირში ჩაუყო თითი, - და სამწვანეთში რა ამბებია? - კვლავ, ისევ უყვართ იქაურობა. - ძალიან უყვართ? - დიახ, მარშალო. იმდენად უყვართ, დედასამშობლოს ეძახიან. - მაგათ, მე მგონი, ერთმანეთიც არა სძულთ, - დაფიქრდა მარშალი ბეტანკური, - რაღაცნაირად, თბილად არიან ერთმანეთში და ეგ კი ვერაა კარგი ამბავი. უნდა დავქსაქსოთ. არადა, ძალით - უხერხულია. და ულამაზო. ტყე გავუჩეხოთ, ვითომ გვჭირდება, მერე კი ვიღას ენდომება ხრიოკი სამშობლო... ტყე გავუჩეხოთ, პოლკოვნიკო, ტყე გავუჩეხოთ და გადაგვარდებიან... - აგრე იქნება, დიდო მარშალო. - ოღონდ ერთბაშად ნუ მიადგებით - შენ გულფიცხი ხარ. ისე, თანდათან... თანდათანობით... და მიეჩვევიან. გადასულთ კარგი პირობები შეუქმენით, და სერტანაშიაც უბოძეთ ათიოდ ფეხი საქონელი. და სერტანაში როგორ არიან... - კარგად, მწყემსავენ. - ტბიან სოფლებში რა ამბებია... - ეჰ, ისევ ისე - ჭკუით არიან. ცა და ქვეყანა აინტერესებთ. ვარსკვლავებს სჭვრეტენ. ბალახს სწავლობენ, აკვირდებიან... - ეგ არაფერი - ისევ ისე გამხდრები ხომ არ არიან? - დიახ, მარშალო. და ცოტა არ იყოს, გაბედული ხალხიცაა... აქ კი მარშალმა ედმონდო ბეტანკურმა არუფას მუხლები აჰკრა, რბილად დაეცა კატა რბილ ნოხზე, დიდმა მარშალმა კი ძვირფასი ნიღაბიც მოიხსნა, პოლკოვნიკს დაკვირვებით შეაცქერდა, თვალი გაუყარა თვალში: - ერთი იცოდე, ჩემო პოლკოვნიკო, ერთი იცოდე - მაგათი წამალი სიმსუქნეშია. ჩემო გრანდჰალლე, საუკეთესო მზარეულები გაუგზავნე, ღორის ხორცის კარგად შეკმაზვა რომ იცოდნენ, სწორედ ისეთები - და ჩემი საწყობებიდან მჟავეს და ცხარეს ნუ დაინანებ, წყალსაც აწყურებს ეგეთი ხორცი, ღვინოს ხომ - უფრო, და რადგან ყველა რაღაც გარკვეულ სიამოვნებას წიწკნის ამა ცხოვრებას, ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად გადაექცევათ და აეს სიმსუქნე იმითაცაა კარგი, გაბედულებასაც დაუკარგავს - ადამიანს ხორცი ხომ უყვარს, და თავისი - უფრო და, რამე იყოს, მსუქანი ხალხი წინააღმდეგობასაც ნაკლებად გასწევს - ვერ გაბედავენ, ვეღარ გაბედავენ, მაძღარ თვლემაში, გესმის, გრანდჰალლე? - დიახ, გრანდისსიმოჰალლე. და აქ მარშალმა ისე მოულოდნელად უთხრა, პოლკოვნიკს ჯერ ეგონა, მომესმაო. - ახლა კი წადი. - რა... გრანდისსიმოჰალლე? დიდმა მარშალმა კი ღონივრად შემოიჭდო გულზე მოკლე თითები და გაუმეორა: - ნახვამდის, წადი. როგორ უმზერდა! 4 მძინარე ცოლ-შვილს დაბნეული დასცქეროდა დიდი მწყემსი, ზე, იმ სიყვარულით უსუსურად ხელებჩამოყრილი. ეს მარადშემართული დიდი ვაკეირო, ზე, მხოლოდ მძინარე ცოლ-შვილის დანახვაზე მოიკუნტებოდა და, დარბილებულს, რა არ უტრიალებდა გულში, და უმთავრესი, რომ თავისუფალი არაა, არა. რომ მის ლამაზ ცოლს, ახლა მცირედ აფუებულს, ძილში, თავისუფალი ქმარი არა ჰყავს, და რომ - ცოდვაა, რომ აგერ, მის ბიჭს, მამის მაჩეტეთი ხისგან გამოჩორკნილი ცხვრები რომ გაუმწკრივებია თავთით, ნეტა რა ელის - მასაც მწყემსობა ალბათ და მამამისივით, ისიც თავისუფალი, ეჰ, არ იქნება, არა... და მის ლაღ გოგოს ახლა ისე ლამაზად რომ გადაუგდია თავსზემოთ ხელები და სძინავს, სძინავს, აჰ, როგორ სძინავს, სიყვარულისგან მრავალეკალნაძგერები სხეული აებურძგლებოდა ზეს, ოჰო - კაქტუსი, ხოლო ის ჩვეული ტანჯვა, რომ თავისუფალი არაა, არა, გულსა და ყელს უკუმშავდა ზეს, და დიდი არხეინი მანუელო კოსტაც კი გრძნობდა მთვარის ბაცად ჩამომწვდომ შუქზე, რაღაც რომ აკლდა, მიბნედილი ქალების, ჩაუქი ცხენისა და გიტარის გარდა, და ამასვე გრძნობდა ჟოაო აბადო, იგივ ნაღველით გულში და მოხუცი სანტოსიც, ძილშიც, გულზე აიბაგუნებდა ღონიერ მუშტებს... რაღაც სწყუროდათ მომავლ რჩეულთ, და მანამდე კი თავ-თავიანთ დარდს სულ სხვანაირად, სხვადასხვანაირად იკლავდნენ. თვალებამოღამებული მოხუცი სანტოსი მთელ თავის სოფელს ყოვლად უფასოდ შეშას უპობდა, ღონივრად დაიქნევდა იმ ძალუმ მკლავებს და რა კუნძი უნდა ყოფილიყო ქვეყნად ისეთი, შხუილით წამოსული მისი ნაჯახისათვის რომ გაეძლო, „ჰახ!“ - დააყოლებდა კამორელთა ჟლეტის წარმოდგენით ეშხში შესული მოხუცი სანტოსი, ახალ კუნძს შეარჩევდა, ისევ მრისხანედ შემართავდა ხელებს. მერე იმდენად დაჩვეულ ხარს, აწევისას ისევ რომ იცოხნებოდა, დილა-საღამოს მიწას ღონივრად ააცილებდა და მსუბუქადვე მიწაზე აბრუნებდა, და მთელი სოფელი მალულად, მორიდებით ათვალიერებდა ამ კუშტ მოხუცს, მოსაღამოებულზე კი, უცნაურად განაზებული სანტოსი თავის საფლავში ჩადგებოდა, ფრთხილად მიაწყობდა მცირე ბორცვზე პატარა მოსაკითხს და, იმ გრძნობით გულში, დაკნინებულად ტანჯვა რომ ჰქვია, ნაზად ამბობდა -„დღეს... დღეს ისეთი არაფერი, მეზობლის ძროხამ დღეს ხბო მოიგო, მსხალი მოგიტანე, მირცა... მსხლები მოგიტანე, შვილო...“ და ძილში, ძილში, მორს მარწუხივით თითებჩაფრენილი, უუ, კვნესოდა როგორ: „მასსიმო, შენი...“ - თავისუფალი არ იყო, არა. და თავისუფალივე არ იყო ჟოაო აბადო, სრულიად სერტანის პირველი უჟმური, იმ წყეულ შეგრძნების გასაფანტავად დილიდან საღამომდე, თუკი ეცალა, ცოლ-შვილს რომ გაუთავებლად ეჯაჯღანებოდა: „ეს სად დაგიგდიათ, ამას იქ რა უნდა, სადაა თოკი...“ ბუზღუნ-ბუზღუნით მიმოდიოდა თავის ღარიბ ქოხში და, იიჰ, ეგ არაფერი, - თავისუფალი არ იყო, არა! და, გამწარებულს, ესღა ამშვიდებდა - გაუთავებელი „სადაა“, „რისთვის“, „როგორ თუ...“, „რატომ...“ და თუ, მსუბუქი შარის მოდებაში ფრიად გამოცდილს, ფაქიზი ცოლის გულმოდგინეობისა გამო სასაყვედურო მაინც შემოაკლდებოდა, ჰოი, სირცხვილო, - ჟოაო აბადო რაიმე ნივთს სადმე კუნჭულში გადამალავდა და მერე ცხარობდა: „სადაა კოვზი... ის ჩემი კოვზი სადაა მეთქი!“ სრულიად სერტანის უპირველესი მწყემსი კი, დიდი ზე, ხიფათიან ჭიდილში დროებით თუ პოულობდა გამოსავალს - ხანდახან მარცხენა ხელს ზურგს უკან, ქამარში ჩაიყოფდა და ასე, ცალი მკლავით იმორჩილებდა ღონიერ ხარებს. და თუ სერტანაში რომელიმე ცხოველი გაცოფდებოდა, ნახირს შემოღობილში შერეკავდნენ მწყემსები და ზესთან გარბოდნენ. ზე დინჯად წამოიმართებოდა მაღალ ფეხებზე, სხვადასხვანაირი რამ იარაღი მიჰქონდა - თუ ლეოპარდი ან გარეული კატა იყო, შუბით მიალურსმავდა სილაში ან ხეზე, თუ ძაღლი იყო, შუბისთვის შინ არც შეივლიდა, უბრალოდ, კეტს დაავლებდა ხელს და თუ კამეჩი გაცოფდებოდა, ზე მორეირა ძალიან გრძელ, წვერწამახულ სამღარიან მახვილს, ტარისკენ ოდნავ რომ მსხვილდებოდა, მეზობელს გამოართმევდა, ალესვა თუ აკლდა, უმალ ააბზინებდა და მეორე ხელში კი გრძელი ჭოკით, მიწაზე თითქოსდა არხეინად რომ მიაჩოჩიალებდა, სერტანის გაშლილ, ვრცელ ქვიშრობზე გავიდოდა და იქ, მარტოდმარტოს, ჩამოქვეითებულს, მხოლოდ მანუელო კოსტა, ერთადერთი ძმაბიჭი, ამხედრებული მიჰყვებოდა, ორი მძიმე შუბით ხელში, სხვები შორიახლოს დიდ ხეებზე აძვრებოდნენ ხოლმე. „კარგი, არ გინდა, რომ...“ - ეუბნებოდა ზე, და მანუელოც ვერ ამთავრებდა წინადადებას“ „როგორ არ...“ რა ძნელი იყო გაცოფებული კამეჩის მოკვლა - ისედაც ძლიერს, ღონიერს ისეც, ძალა და მრისხანება ემატებოდა. მანუელო კოსტა ხეების ფონზე დგებოდა, ჯერ ის რომ არ შეემჩნია კამეჩს, რადგან ცხენიანა კამეჩთან ვერაფერს გახდებოდა, მერე კი, ფეხოსან ზესკენ რომ გავარდებოდა დაოთხილი, მძიმე დუჟდაკიდებული ცხოველი, მანუელოც მაშინვე დეზებს ჩაასობდა ცხენს და ზეს დასახმარებლად გაჭენდებოდა. დიდი ველი იყო. ზესკენ თავჩაღუნული, რქებდამიზნებული მოჰქროდა უზარმაზარი შავი ძალა და ზე, აწურული, შემართული, დაძაბული, ახლა, ამჟამადაც ყველაზე მოხდენილი მწყემსი, კამეჩს ასიოდ ნაბიჯზე რომ დაიგულებდა, თვითონაც სირბილით გაიჭრებოდა მისკენ; ჭოკი წინ გაეშვირა, და მარჯვენათი ჭოკთან ერთად ის გრძელი მახვილიც ღონივრად ჩაებღუჯა. ეს ბევრად უფრო ძნელი რამ გახლდათ, ვიდრე მასაის შუბით ლომის მოკვლა - მხოლოდღა შუბით ვერაფერს დააკლებდა და გინდაც მარჯვედ ეძგერებინა, მაინც გადაიქელებოდა, უფრო რამ მეტი, სულ სხვა ხრიკი ესაჭიროებოდა დასამარცხებლად ამ სწრაფ შავ ძალას და მხოლოდ ამგვარად - ჭოკითა და მახვილით თუ დაამარცხებდა, და ზე სირბილისას სასურველ მანძილს რომ დაიგულებდა, გაქანებული, ჭოკის გაშვერილ, შორეულ წვერს ათიოდ ნაბიჯით წინ დაასობდა, მთელი თავისი მოსხლეტილი ტანით უბიძგებდა მშობლიური სერტანის მიწას და ჭოკის კენწეროზე მოქცეული, ამაღლებული, ჰაერში სასწაულით ყოვნდებოდა და ჭოკს რომ დაეძგერებოდა ის შავი ძალა, ზე მთელი თავისი სიმძიმით მაღლიდან ეცემოდა და იმ გრძელ მახვილს ქედიდან მუცლამდე ჩააჭედებდა კამეჩს და მოვარდნილი მანუელო კოსტაც - ზეს კამეჩისთვის რომ აეცდინა მომაკვდინებელი დარტყმა, - მანუელო მაშინვე შუბს აძგერებდა და ცხენდაცხენ გამოიტყუებდა კამეჩს, შუბით ეგება ორიოდ წამს მაინც შეეჩერებინა რაღაც იდუმალებით გამოწვეული შავი ცხოველის ეს მრისხანე ამბოხი და - არა, არა, დუჟმორეული, მორჩილად იწვა, დიდთვალებჩაფერფლილი, კი, კი, სერტანელებმა კარგად იცოდნენ, რასაც ნიშნავდა ეს გახევება, რაღაც პირქუშადაც კი ეცოდებოდათ, და მერე ზეს გამბედაობით აღფრთოვანებული რომელიმე მწყემსი პირველ ვაკეიროს თუკი ეტყოდა: „შენ გაიხარე... რა გინდა ჩვენგან“, ზე ყოველთვის ერთსა და იმავეს უპასუხებდა: - მარიამს არ უთხრათ (რადგან დაიწყებდა ის: ეს რა გიქნია, რამე რომ მოგსვლოდა, ზე, მე კარგი, ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ შვილებს ვის, ვის უტოვებდი, როგორ გაბედე, სხვას გაებედა, ეს რა გიქნია...). და თუკი ვინმე გაიოცებდა: „ვერ გამიგია, რატომ უმალავ, სხვა შენს ადგილზე იტრაბახებდა“, ზე ერთს კი შეხედავდა ამის მთქმელს თვალში, და მარიამმა, რაღა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. ვაკეიროთა ცოლებიც არასოდეს ჭორაობდნენ - საქმე ისედაც თავსაყრელად ჰქონდათ და... ზე ჩუმად მადლობელი იყო მანუელო კოსტასი, მასავით თავდადებული მწყემსის, ის კი, ახლა ოდნავ, სულ ოდნავ მხიარულად გაამაყებული, ლაღად იცინოდა... მარიამს კი, ეეჰ, მარიამს ასეთი ძმაბიჭობისა რა გაეგებოდა, მისთვის მთავარი ის იყო, ზე და მანუელო ხანდახან ერთად რომ სვამდნენ და მხიარული მწყემსის დანახვაზე, მისი მოსხლეტილი სახელის გაგონებისთანავე სასტიკად იწყევლებოდა. ყველანი ფარული კრძალვით, ჩუმი აღტაცებით შესცქეროდნენ ზეს, და ერთადერთი: „სულაც არ იყო ის კამეჩი გაცოფებული, ტყუილად რატომ მოაკვლევინეთ“, - ბუზღუნებდა ჟოაო. აი, ასე და ამისთანებში იკლავდა უმთავრეს ჯავრს დიდი ვაკეირო - რომ თავისუფალი არაა, არა... მანუელო კოსტა კი, მხიარული მწყემსი, ლაღად დააჭენებდა სერტანაში ცხენს, ლაღადვე მიემგზავრებოდა ბაზრობათა ქალაქში, ნატვრად დავარდნილ ქალთა გული საამოდ რომ აეჩქროლებინა, ჰოჰოო, მანუელო კოსტას გამოჩენისთანავე რაღაარანაირ მიმოქარგულ საყელოებს იბნევდნენ ყელზე, მანუელოს კი ტანსაცმლისა დარდი რამ, როგორც ასეთი, ოდნავადაც კი არა ქონდა. პირიქით, სრულ ზედმეტობადაც მიაჩნდა და, მეორე დილით ღიღინ-ღიღინით ბრუნდებოდა ძროხასა და ცხვარში. უცნაური რამ ბედნიერება სჭირდა მანუელო კოსტას - ისეთი ცქერა შეეძლო, ყოველივეს ალამაზებდა და მთელი ფერადი ქვეყანა ღატაკ მანუელოსი გახლდათ - უცნაური, სუყოველივეს ამთვისებელი თვალი ჰქონდა. ან როგორ ბინდდებოდა, ან როგორ თენდებოდა მძიმედ ჭრელ სერტანაში, როგორ ლღვებოდა ზამთრობით ღამე, მზეც რო აშრობდა ნაწვიმარ ჭალას და მანუელოს თამამი სულიც, დანაწვიმარი, მაღლა, ცისაკენ ორთქლდებოდა და - ყველაზე კარგი მპყრობელი გახლდათ. ყოვლად უმსგავსი რომელიმე ქვა მანუელოსთვის - შვება იყო და, ხელში თბებოდა, იდუმალი ხაზებით ნაცრისფრად დაჭირხლული, და თუ იმასაც წარმოვიდგენთ, რომ, ხანდახან, ცაზე, კიდით-კიდემდე თავად ცისარტყელა გადაიჭიმებოდა, ან ჩამავალი მზით როგორ შუქდებოდა აწეწილ-დაწეწილი მოთბო ღრუბელი, რა ლურჯი იყო სერტანული ცა, თავისკენ როგორ ავი ვედრებით უქნევდა გამოწვდილ ბრჭყალს შიმშილით ზმორებაატეხილი კაატინგა - მოდი, აქ მოდი - ეცინებოდა, რა მიიყვანდა, კაატინგაც კი ღიმილსა ჰგვრიდა; ფერთა ჩუმი წვა შემოდგომობით, ეს გაცრეცამდე ნატიფი ალი, და მოვარდნილი გაზაფხულობით ადიდებული მჭახე მდინარე თავისუფლების სიმღერას ჰგავდა და მანუელო კოსტა, უეცრად მოწყენილი და დადარდიანებული, უნაგირზევე მოდუნდებოდა - თავისუფალი არ იყო, არა. თავისუფლება ხომ - სულს ერჩია, უბირი ქოხი და ნახირის ნამატის მეოთხედი რაღა ჯანდაბად უნდოდა, მთელი ქვეყანა იმისი იყო, მაგრამ თავისუფალი ვერ გახლდათ, არა... ქალებში ხანდახან კი ავიწყდებოდა ეს, მაგრამ... ჩემს მტერს, სულ ქალი, გაღიზიანებული ფიქრობდა და მთვარის ბაც შუქზე, გახევებული, მოწყენილი მანუელო ღამესთან იჯდა, თავი ჩაექინდრა და დადარდიანებულ მხიარულ მწყემსს გაკვირვებული შესცქეროდა ხეს ამოფარებული ცალფეხა ჭინკა, სასი, ცოლშვილიანი, ამ შუაღამით სერტანაში მცირე საშოვარზე გამოსული... ეჰ, მანუელოც კი, ქვეყნის პატრონი, ცისა და მიწის მქონებელი, თავისუფალი არ იყო, არა, როგორც სანტოსი, როგორც ჟოაო და დიდი მწყემსი, ზე მორეირა, მაგრამ ბაზრობათა ქალაქში დიდ კასრზე უკვე შემდგარიყო შავტანსაცმელაფრიალებული მენდეს მასიელი, რომელსაც უკვე ორი მიმდევარი - გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლЎოსა ჰყავდა, და გაოცებულ ბრბოს ასე უხმობდა: - ძმებო! ძმებო, შორსაა ჩვენგან დიდი მიწები - რომი, ბაბილონი, პომპეა და რიო დე ჟანეირო... *** - ყური დამიგდე, ჩემო დომენიკო, - წამოიწყო პოლკოვნიკმა, აფორიაქებული ჩანდა. და რადგან მხოლოდ ორნი იყვნენ, კედელზე აკრულ ვიღაც ამაყის პორტრეტს შესცქეროდა, - ერთადერთი ხარ, ვისაც გენდობი, მხოლოდ შენ, ბითურს, შემიძლია ბოლომდე გენდო, ყური დამიგდე, - ჭაღზე გადაიტანა მზერა, - შენ ხომ არ გრცხვენია ჩემი? - არა. - ჰოდა, მაშინ მე რატომ უნდა მრცხვენოდეს შენი და არც მე არა მრცხვენია და, დომენიკო, კარგი ბიჭი, ჩემს ძვირფას ბაღში პაემანი მაქვს, ოღონდ - ფარული. სადაც გიბრძანებ, იქ უნდა დადგე და ჩემი სათაყვანებელი მეუღლე თუ გამოჩნდება, ვარდს დაგაკავებინებ ხელში და მაშინვე ცხვირთან მიიტანე, გესმის? ხომ გესმის? - თქვენს ცოლს არ ვიცნობ. - ცოლი კი არა, ჯერ ეს ეგ ერთი, მეუღლეა და იმის გამოცნობას არაფერი უნდა - მოახლეთაგან ჩაცმულობით გამოარჩევ, ხრონწ ნათესავთაგან - ახალგაზრდობით. ისე კი, მაინც რომ იცოდე, ახლა, საღამოს, თმა მხრებზე ექნება ჩამოშლილი, მაგრამ, არ ვიცი, ამ საღამოთი რაფრად შეიღებავდა და საერთოდ კი, თხელი ქალია, ძალიან თხელი, მაგრამ დიდი, ძროხასავით მკერდი აქვს, ვენაცვალე. - არც ისე დიდი ჰქონია. - ძალიან დიდი, აი აქამდე... აკი გითხარი, ძროხასავით-მეთქი. - მკერდი ხარს მეტი აქვს. - აჰ, გადატანითი მნიშვნელობით გითხარ, აბა, იმ სიტყვებს ხომ არ გეტყოდი, როგორ ვერ მიხვდი, - გაიღიმა პოლკოვნიკმა, ახლა ისევ ამაყ პორტრეტს შესცქეროდა, - ხართან და კამეჩთან შედარება როგორ შეიძლება, თუმცა კამეჩი შეიძლება მდედრობითიც იყოს, აჰ, მაწონი აქვს კარგი, დანით იჭრება, მოკლედ, ჯანდაბას - აშკარად ღელავდა გრანდჰალლე, - და სტელლამ რომ ჩამავლოს, აჰ, მტრისას, მტრისას, საკუთარ ბაღში? აჰ, მტრისას, მტრისას... სწორიც იქნება, რადგან გარე-გარე ყველაფრის უფლება ბოძებული მაქვს. არაოფიციალურად, ჰალე. ამას იმიტომ გიხსნი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა რომ იგრძნო და, რომ იცოდე, შენ გარდა მსგავს შემთხვევაში ვერავის ვენდობი, ყველა შებერტყილია, და შეიძლება გრანდისსიმოსთან დამაბეზღონ, ოჯახი გაიბზარაო, დიდი მარშლისა კი მკვიდრი დისშვილი გახლავს ჩემი სანუკვარი მეუღლე სტელლა, ის ძაღლისშვილი, და მოკლედ, შენ ერთი მყავხარ სანდო, ბითური, ჩემო ჰალეკო, ჰალე, და თუ ისე არ მოიქცევი როგორც საჭიროა, საკუთარ ხელით გამოგჭრი ყელს. ხომ დამიჯერებ! - კი. - მიჩინიოსთან შეგაგდებ ოთახში, ჰხალე! ისე დაზრინაა... - წამოდი, წამო. ხელი ჩაკიდა; უსუსურსა და დაბნეულს, საითღაც მიუძღოდა. და დომენიკოს რაღაც უკვირდა - ჰო, შიშს არ გრძნობდა... გზაში რატომღაც შიშს ვერა გრძნობდა, გზა მაინც სხვა, იყო, გზა ყოველთვის რომ სულ სხვა რამეა, ჰეჰ! მაგრამ პოლკოვნიკმა კართან შეაჩერა და გვერდითა კედელთან სახით დააყენა, და უცებ დომენიკოს თვალწინ, საკვირველებავ, კედლის ნაწილი მძიმედ შეიღო, და პოლკოვნიკმაც ზურგში უბიძგა: - წადი, ჰა, წადი... - და გადაასწრო. გაოგნებული მიჰყვებოდა - ის კედელი კარი ყოფილა და ნამდვილ კარს რომ ჰგავდა, ის ალბათ - კედელი... თუმცა, ვინ იცის, ეგება ისიც კარი იყო და... რას გაიგებდა. - აქ დამიცადე. ახლავე მოვალ. პოლკოვნიკმა სეზარმა მომცრო კიბე მსუბუქად ჩაირბინა, ოღონდ მარმარილოს ბოლო საფეხურს გადაახტა, ორჯერ შემოჰკრა ტაში, მერე ბნელ, ძვირფას ბაღში თამამად შეაბიჯა და ერთ-ერთ ვარდთან მიწას ღონივრად დაჰკრა ფეხი. ვარდების წყება მაშინვე ყალყზე შედგა და ზედამხედველი ნავოლეც აღმოცენდა - ნგისმენთ, ნგრანდჰალლე... - ორი საათით სააღლუმოს იატაკქვეშ დაწვები. ანისეტო და ელიოდორო ისაუბრებენ. ყველაფერს თუ ვერ დაიმახსოვრებ, ვაი შენი ბრალი, იცოდე. იცოდე, ქაღალდზე დაწერილი საუბარი ექნებათ, ჩემს მიერ შედგენილი, შევამოწმებ, და... მაგრამ ნავოლე მაინცდამაინც არ შეწუხებულა - ალბათ იმასაც ჰქონდა ქაღალდი. - ჩემ გარდა ვერვინ გამოგიძახებს, ნიშანი ასეთი იქნება - ხუთჯერ ექვსი ერთია. მე კი მანამდე - დომენიკოსკენ გაიშვირა თითი, - სათამაშოს გავასეირნებ ბაღში, ჰაერზე. გაიმეორე. - ნსანთამა... - ბრიყვო! ნიშანი... - ნხუნთჯერ ენქვსი ერნთიაა, - თქვა ზედამხედველმა ნავოლემ, წიხლით ნატკენ გვერდს ნაზად იფხანდა. - წადი, ჰა, წადი, ნუღარ აყოვნებ... ჩემო ლეიტენანტო. ხომ არავინ შეგინიშნავს ბაღში. - არა, რას ამნბონბთ. - კარგი, ჰო, წადი. და თვალი რომ გააყოლა, ჩაილაპარაკა: - ჩემი ხელით ხარ ყელგამოსაჭრელი, მაგრამ რას ვიზამ - ასე მაწყობს და... თუმცა მევე მოგატყუე და, რას შენიშნავდი, - და დომენიკო სისინით მიიხმო, - სულ ბოლო საფეხურს ნუ დააბიჯებ... - კიბეს ჩაუყვა მგზავრი, ხელთ ვარდი შეაჩეჩეს: - აი, აქ დადექ და თუ მეუღლე გამოვა, მაშინვე ცხვირში იტკიცე, გესმის? „მეუღლე, ქალი... ცოლი, მეუღლე... აანა... მარი...“ - რას გამოშტერდი... - რისხვით შეუსისინა პოლკოვნიკმა. - დიახ, გრანდჰალლე. - ეს რა წამოსცდა, აკრძალული სიტყვა, და გაახსენდა - ალექსანდროს ძმა! - მიმოიხედა, ვაითუ აქაც იყო, გააზრიალა - ბაღის კედელთან ვიღაცა იდგა... ალექსანდროს ძმა? - დიდი, განიერი ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა, მოსასხამში შეფუთნილიყო, და დაშნის ტარიც მოუჩანდა და სწორედ მისკენ ფეხისწვერებზე გაემართა პოლკოვნიკი სეზარ. ძალიან ფრთხილად კი უახლოვდებოდა, მაგრამ, ეტყობა, მიწაზე დაგდებული მოსასხამი ვერ შეამჩნია მღელვარებისგან და წაიბორძიკა, გახევდა, შიშით მოიხედა უკან. მერე ისევ იდუმალი გზა განაგრძო და იმ ვიღაცას მოუახლოვდა, უთხრა: - სად დაგიყრია... - ხელები შემოხვია და, იმანაც მკლავები შემოაჭდო და, აქ კიი, დაიბნა დომენიკო - ისე ჰკოცნიდნენ ერთმანეთს ორნი... - ვინ მოგიყვანა... - ელიოდორომ... ქალის ხმა იყო! - სუზანნა, ჩემო ყველავ... - უმამაცესო... მაგრამ პოლკოვნიკს სუსხი დაეტყო ხმაში: - რამ მოგიყვანა! - მე აღარ შემიძლია, ფედერიკო, აღარ შემიძლია, გესმის? - ჩიოდა ქალი, კაცურად ეცვა, - მე აღარ შემიძლია ასე. - როგორ თუ ასე... - როგორ და... მშვენივრად იცი, რაც მინდა. - რა გინდა, სუზზი... - მე სახიფათო სიყვარული მწამს... - სახიფათო არაა, შენთან ღამღამობით რომ დავიპარები? ამ წოდების კაცი... - არაა სახიფათო - შენ ყველაფერი მუდამ გაანგარიშებული გაქვს, ფედერიკო... - მერე, ცუდია? - ცუდია, დიახ... აეს ვინაა... - ჩვენი ბიჭია... რატომაა ცუდი, სუზანნა... - ნაზად დაეკითხა პოლკოვნიკი და ისევ მაგრად ჩაიკრა გულში. - მე სახიფათო სიყვარული მწამს. სწორედ ასეთი... და კიდევ უფრო... მერე ძალიან აიხლართნენ ერთმანეთში, ვეღარაფერს არჩევდა დომენიკო. - სუზანნა, სუზი... - ფე... ფფედერიკო... - სუზზი, მსხმოიარევ... - მანდ ნუ მაკოცებ, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი... - გრეგ რიკიო ხომ არ უარყოფს და... და გალიაშემოვლებულმა კაეტანომაც სადღაც შუა ქალაქში სჭექა: - ღა-ამის პირველი საათია და ყველაფერი გეენიალურააადააააა! მერე კი, როცა პოლკოვნიკმა სეზარმა ხის მოსასხამსა და ნიღაბში საიმედოდ შეფუთნა დაჭმუჭნილი ქალი, პირველ საფეხურზე შედგა და მაშინვე იქვე გაჩენილ ელიოდოროს უთხრა: - გააცილე, - და დომენიკოს მრგვალი თავის დაჯერებული მოძრაობით ანიშნა კიბეზე ასვლა, სათამაშომ თქვა: - ერთი თხოვნა მაქვს. - თხოვნა? თქვი, გისმენ... უჰ, კარგი იყო. - თუ შეიძლება, მე... თუ ნებას დამრთავთ... - თქვი, ჰო... მიდი, ჰა... - და ხვალ რომ გათენდება, დღისით, - როგორ ღელავდა, - თქვენი ბაღის ერთ კუთხეში შემიშვით, რა... გთხოვთ. - რომელ კუთხეში, უჰ, კარგი იყო... - თვალსაჩინოებისათვის რომაა... - ჭინჭარ-გვიმრაში? - დიახ, გრანდჰალლე. ტუჩზე იკბინა, მიმოიხედა - არავინ იყო... - კი ბატონო კი, - თქვა პოლკოვნიკმა, - მაგრამ რად გინდა... - რა ვიცი... მინდა. - მითხარი-მეთქი! - მიყვარს მე... გვიმრა. აქ პოლკოვნიკმა წამით სახეზეც კი მოუცურა მზერა: - ხუმრობ თუ... ჰალე? ხოლო ოთახში, როცა მომლოდინე დომენიკო - დამდაბლებული პირველად სული - დიდ მადლობასა და ქებას უცდიდა, პოლკოვნიკმა თქვა: - არავის უთხრა, შე ნაბიჭვარო. - მე ნაბიჭვარი არა ვარ. - მა რა ხარ - არავინა გყავს. - მამა მყავს. - სადა გყავს, აბა, - უმბერტოს თვალები მოუჭუტა პოლკოვნიკმა. - მაღლა მყავს, სოფლად. მაღალ სოფელში... - სოფლად არა, ის... არავისი ხარ, მამა არა გყავს. - მყავს. - სადა გყავს, აბა, სადაა მამა?! - და რატომღაც ღონივრად გამწარებული პოლკოვნიკი ტახტის გადასაფარებელს დასწვდა, მოისროლა, დაიხარა, და ტახტქვეშ შეიხედა მერე განჯინა გამოაღო, თაროებზე ააფათურა ხელი, საწოლი აანგრია, სავარძელს ფეხი ჰკრა და ააყირავა, უმბერტოს ჯიბე ამოუტრიალა, გამჭვირვალე ტოლჩაშიაც კი ჩაიხედა და გამწარებული დაცინვით ასე იძახდა, - სადაა, აბა? სადაა მამა! მამა არა, ის... სადაა, აბა? მამაშენი არ არსებობს, არა, ჰო, არა, გესმის? მაგრამ დომენიკო თავგადაწეული იდგა და ჭერს შესცქეროდა. *** ხომ არ დაგღალეთ ასე წანწალით, ხან - კამორაში, და ხან აქეთ, იქით. სერტანა მიყვარს, მატყობთ ალბათ, ხომ? სერტანელებიც... კარგი, ვაჟკაცი, ბრიყვი ხალხია - სხვას მსახურებენ. მაგრამ მენდესი გახსოოვთ? იქა დგას... თუ დომენიკოს ხანდახან ვკარგავ, არა უშავს რა - ისაა მაინც ჩვენთვის მთავარი, გიკვირთ არა, ხომ? სულ ბოლოს ვნახავთ, როგორც იქნება... და უჰ, ეს რა ვთქვი, უნახავს კია ვინმეს ამბავი, რომ ჰქონებოდეს ოდესმე ბოლო? აჰ, არა, ვერა... გამოსავალი მაინც არსებობს, როგორი? - ვნახავთ; კი, ვნახავთ, ვნახავთ, ჯერ ვიწანწალოთ... რა ცბიერი ვარ ხანდახან, არა? თქვენც - არანაკლებ, და ვიწანწალოთ... ვეღარ ავუბი ამ თეთრ ლექსს თავი - თქვენ, ჩემო ბატონო, რა, გიჭირთ, რა, შეგიძლიათ დამხუროთ, მაგრამ მე ჩემით რომ დავიხურო, დავიღუპები - წერასა ვარ ატანილი და მე, ეგრეთ წოდებულ სალახანას, ამდენი ხალხი ვინ ჩამაბარა... ჩვენ მხოლოდ თვალთვალი და ჩუმად ჭვრეტა გვსურს და ჭორაობით გულს ვერ მოვიფხანთ - ჭორაობისას, ვითომ გულდაწყვეტილნი, თანამგრძნობი, გახარებით რომ აისავსავებენ ნერწყვმომდგარ ტუჩებს, დაკვირვებიხართ? - სადღაცას, განზე იხედებიან - ახლის სურვილით... ჩვენ კი, ბატონო, სულ ერთმანეთის პირისპირა ვართ, მე ფერად ამბებს თქვენთა ფერხთა ქვეშ ნოხივით გავშლი - გადაიარეთ, თქვენ კი, დამყოლი, ჯიუტი როგორ, სულში ჩამყურებთ... და რაგინდარა უნდა მოხდეს რომ, თვალი აგარიდოთ... ვერა, ვერ შევძლებ, თქვენი ვარ, შენი... ხანდახან ისეც კი მომინდება, მხარზე მოგხვიოთ დაღლილი ხელი, მაგრამ აჰ, არა - მთელ ამ ამბებში მხოლოდ თქვენ ვერ გცნობთ და, სამაგიეროდ, როგორ ჩამყურებთ - პირდაპირ სულში, და უნებურად ცბიერი გავხდი... უცნაურია, ყველას მონა ვარ, მაგრამ - ნებაზე მიშვებული და ერთიღა მმართავს - ის უცნაური, უსახური ჭერისა ლაქა... ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ-ჩვენი ლაქა, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე... და ცაც რა ღრმაა, მოღრუბლულშიც კი, გონების თვალით... ახლა გაგიმხელთ - იციით, სამნი ვართ... მე მუდამ მადევს მხარზე ვიღაც ვეება უსინათლოს ხელი, არავინ იცის, მე დამყავს იგი თუ ის დამატარებს, ისე მძიმეა მისი თითები, და ისე ნაზი მისი დაკოჟრილი ხელისგულების უსიტყვო გლოვა. ხელს მხარზე მადებს, და გაქვავებულ ქალაქებში ადამიანთა გასაცოცხლებლად დავიარებით, ცოტა - ძნელია და თქვენც მადგახართ ხანდახან თავზე და ამდენი ხნის ნაცნობობას ხომ არ შეეძლო, უქმად ჩაევლო - მოდით, ჩამჭიდეთ ეგ უნდო ხელი და სერტანეთი, ჩვენი სერტანა მიმოვიაროთ - დღესასწაული იცოდნენ ერთი, მთვარიან ღამეს... დიდ, განიერ ქუდს დაიხურავდა ზე, სკუპ ერთი! - და იჯდა, ფაშატის ფერდებზე წვივებმიკრული; მერე გადმოიხრებოდა, მარიამს წელზე შეავლებდა მარწუხა თითებს და იმასაც ცხენზე შემოისვამდა, მომცრო ფეხისგულებს ტყუპად აბჯენდა მარიამი ცალ, განთავისუფლებულ უზანგს, დიდ მწყემსს კისერზე შემოაჭდობდა ორივე ხელს, ზე კი ცდილობდა, ამ უჩვეულო, ხალხისათვის თვალშისაცემი ახლობლობით გამოწვეული მღელვარება დაეფარა და, შუბლშეჭმუხვნილი, თავზე ქუდჩამოფხატული, ამაყად იჯდა. ჩუმი ეკლოვანი, მჩხვლეტავი ვედრებით ცისკენ აღწვდილ კაქტუსებს შორის მიდიოდა დამძიმებული ფაშატი, და შორიდანვე მოჩანდა საღღესასწაულოდ აგიზგიზებული, ზეზეურად ჩამომხმარი ხე. ყოველი მხრიდან დინჯად მოარონინებდნენ ცხენებს სერტანელები, აალებული ხის ირგვლივ იყრიდნენ თავს და ცოლებს მიწაზე რომ ჩამოსვამდნენ, თავად ამხედრებულნი რჩებოდნენ, თუმცა, რაღა ამხედრება ერქვა - ცხენებზე გაზრდილთ, სულ არარაობად მიაჩნდათ ეს და უცნაურად მოფლაშულები, დაუდევრად ისხდნენ. და გრეგორიო პაჩეკო, დოლის ჯადოქარი, მუხლებშუა მოიმწყვდევდა ერთის შეხედვით მარტივ, ტლუ საკრავს და, თვალდახუჭული, ჯერ გაბმულად ააჩურჩულებდა - ფრთხილად უსვამდა ხელისგულს მშრალ ზედაპირზე, მაგრამ... კოჟრები ჰქონდა, და უხეშად ნაზ ხახუნში იკრიბებოდნენ სერტანელები, და ამ უცხო შარიშურს აყოლილი, შორიდან ფრთხილად იცქირებოდა კოცონისაკენ კისერწაწვდილი გველი, და ჯამისაკენ გველივით გადაეხარა შორს, კამორაში, თავი კადიმას, ცხელ წვნიანს ჭამდა. პურის ფინჩხებს ააგორგოლავებდა, აწვალებდა, სრესდა, მერე ორთქლადენილ ჯამში აგდებდა - ძალიან ცხელი წვნიანი უყვარდა კადიმას, პირი მოკალული თუ ჰქონდა, ის სიმხურვალე ღონეს მატებდა და, კბილა ნიორს გვერდულად, ღრმად იდებდა პირში. და ენას მაინც უთუთქავდა იმდენი ნიორი, კადიმა გრძელ, ვიწრო ენას გამოაგდებდა და ჰაერში აასავსავებდა, მერე კი გაცრეცილ ტუჩებს მოამრგვალებდა და იქვე აწელილ სანთელს სულს უბერავდა, იკლაკნებოდა ალი, და წამომართული კადიმაც საძულველ სინათლეს მთელი ტანით გამოაჯავრებდა, - ისიც ირხეოდა, ირწეოდა, იკლაკნებოდა, და თუ ნიორი ებევრებოდა, იქვე მდგარ ქილაში მოქნილ, უძვლო თითებს ჩაჰყოფდა და კომშის მურაბას მუჭით იდებდა პირში, ნიკაპზე თუ ჩამოეღვრებოდა, ეგ არაფერი, ან გრძელი ენით ჩაილოკავდა, ან - ხელის ზურგით შეიწმენდდა და გაწებილ თითებს სიამოვნებისაგან თვალმილულული უგლასუნებდა ერთმანეთს, მკრთალად აბჟუტებულ ოთახში მადიანად იზმორებოდა - ფეხზე იდგა და, თხემით ტერფამდე, იკლაკნებოდა, და მთელ სხეულზე, დაბლიდან მაღლა, ნელი, დაგუდული ტალღა ამოსდევდა, ძვლები არ ჰქონდა ტანში კადიმას და მოძულებულ სანთელს ალის საწამებლად ისევ რომ შეუბერავდა სულს, უფრო დიდი და ტეხილი რხევით იმეორებდა მის ყოველ მოძრაობას საზარელი აჩრდილი. გაწებილ თითებს მომუშტავდა, და მუშტებს ზედ ბეჭებამდე აიგორებდა, უცნაური რამ ეპოლეტები ედო მხარზე - დახვეული მკლავები - ძვლები არ ჰქონდა, და პირგაწეწილს, ღიმილისას ყვითლად მოუჩანდა ორად-ორი ფართო კბილი, მერე უეცრად გახევდებოდა, და ამაზრზენი დაჟინებით მიაშტერდებოდა იატაკთან, ხვრელს დანაყრებული კადიმა, ხვრელიდან თვალებით რაღაცას ისრუტავდა, და ნოტიო რამ წერტილი თუ გამოჩნდებოდა, უფრო ეყინებოდა მზერა, და იმ ყინულეთში რაღაც ავი ცეცხლიც ბჟუტავდა, და ამ ყინულოვან ბრძანებად გადაქცეული თვალებისაკენ რომ გამოეშურებოდა ბალანაჯაგრული თაგვი, კადიმა იქვე, ტახტზე მდგარი გალიისაკენ გააცოცებდა ხელს და დიდჭანგებიან კატას უშვებდა. და ისე უხმაუროდ, თბილი თათების ორიოდ დაკვრით მივარდებოდა კატა ხვრელით გამოყვანილ მსხვერპლს, ზურგში კლანჭებს ასობდა და კლანჭებსვე გრძნობდა ზურგში, იქით, ათიოდ სახლს მიღმა კედელს აკრული კაცი, ვინმე დემეტრიო, სახეზე გაოფლილი ხელისგულები აეფარებინა, „სხვა გზა არ არის, დემეტრიო, უნდა გაიქცე... - ტიროდა ქალი, - უნდა გაიქცე!“ „ეგებ არ გამცეს...“ „ვინა, ჩიჩიომ? აბა რას იზამს...“ „დღესვე, ამ ღამით გავიქცევი... კაეტანოს მოვისყიდი, რიგრიგობით გაგვაპარებს, ნათესავადაც ცოტა გვერგება“. „როგორ გენდობა იმ საიდუმლო გზის ჩვენებას...“ „თვალებს ამიხვევს ალბათ, და ისე...“ უფრთხიალებდა, საცოდავს, გული, და შოორს, შორეულ სერტანაში, დოლის ჯადოქარი გრეგორიო პაჩეკოც მსუბუქად აკაკუნებდა თავის საკრავზე დაკოჟრილ თითებს, თვალები უციმციმებდათ ცეკვის ეშხით ჟრჟოლამოგვრილ მწყემსებს, და დოლის მსუბუქად აცელქებულ ხმას უცებ ფლოქვების თქარათქური ფარავდა, ეს - მხიარული მწყემსი, მანუელო კოსტა მოჭენაობდა ბაზრობათა ქალაქიდან, ყოვლად უმაქნისი ნამცხვრებიანი აბგით ზურგზე და, აალებულ ხესთან ცხენს რომ გააქვავებდა, დიდ ორკუთხა ქუდს ლამაზად მოიხდიდა, მდაბლად მიესალმებოდა ყველას, და მარიამი საოცარი ხაზგასმით მიაბრუნებდა თავს. მანუელო კი თვალს ჩაუკრავდა ზეს, ძმაბიჭს, და უილაჯოდ იღიმებოდა. ვრცელი სერტანის ერთიან გულად გადაიქცეოდა გრეგორიო პაჩეკოს დაკოჟრილი ხელისგულების წყალობით დოლი, სერტანასავით ხან იდუმალად აჩურჩულდებოდა, ხან კი, სერტანასავით ხიფათიანი და მოულოდნელი, მძლავრ გულისცემად გამჟღავნდებოდა, ღონივრდებოდა, და ავისმომასწავებლად ახმიანდებოდა მერე - ეს ხომ აფთარი ეპარებოდა ქურდულად მსხვერპლს და, განაბული, ისკუპებდა მერე, მაგრამ სერტანაში - ხმელი, გულადი, პირდაპირი მამაკაცები ცხოვრობდნენ და მათ სადიდებელს აგუგუნებდა გრეგორიო პაჩეკო და სერტანელებს, აგიზგიზებულ ხესთან ამ საყოველთაო გულისცემით გაერთიანებულთ, უთქმელთ და უმძრახთ, ერთიმეორისათვს ხელების ჩაჭიდება და ფერხულად დატრიალება სურდათ - ახლობლობასა გრძნობდნენ... და დაოკებულ წრიალა სურვილს, იმდენად ძლიერს და საგრძნობს ისე, ზმორებამდეც კი მიჰყავდა მთელი სხეული და დოლის ეშხით აძიგძიგებული გრეგორიო პაჩეკო ქვედა ტუჩს კბილებშუა გამოიმწყვდევდა და, თავგადაგდებული, თვალებდახუჭული, გამეტებით რომ ააგუგუნებდა ღონიერ საკრავს, მანუელო კოსტა დეზებს ჩაასობდა ცხენს და აალებული ხის ირგვლივ შემოაჭენებდა; ორიოდ წრეს რომ შემოიფრენდა, უნაგირის წინა ქიმს ჩაეჭიდებოდა ათივე თითით, გადმოხტებოდა, წამით დაჰკრავდა მიწაზე ფეხებს და მაშინვე ისევ ამხედრდებოდა. შეაჩერებდა ცხენს, და რიგრიგობით ყველა სერტანელი იგივ ადვილ ილეთს ძალადაუტანებლად იმეორებდა. და მხოლოდ სამი ვაკეირო არ აჰყვებოდა ხოლმე შეჯიბრს - გრეგორიო პაჩეკო, ჟოაო აბადო და ზე. პირველს - რა ექნა, სერტანელთა დიდ, მრგვალ, ერთიან გულს წარმართავდა, მეორე - დიდი უჟმური გახლდათ და მესამეს კი, დიდი მწყემსის კვალობაზე, არ ეკადრებოდა ეს. და ისევ ჭენებით შემოურბენდა იმ უზარმაზარ სანთლად დანთებულ ხეს მანუელო კოსტას სულსწრაფი ცხენი, მისი ჩაუქი პატრონი კი ამ ფრენია ჭენებისას გადაიხრებოდა, გადაიხრებოდა, ცალი ხელით უზანგს ჩაბღაუჭებული, ცხენს მუცელქვეშ მოექცეოდა, თავქვედაკიდებული, ღონიერ თითებს მეორე უზანგს ჩასჭიდებდა, მერე - უნაგირს, ამოტივტივდებოდა და ისევ გამართული იჯდა თავის ცხენის ირგვლივ ჩალიჩა წრეშემორტყმული მხიარული მწყემსი, „ფიიჰ, ტინგიცა“, აბუზღუნდებოდა ჟოაო აბადო. და იგივ ილეთს სუყველა მწყემსი იმეორებდა, ისევ იმ სამი ვაკეიროს გარდა, და გამეტებით დასცხებდა დოლს სრბოლის იშტაზე მოსული გრეგორიო პაჩეკო, და სხაპასხუპით ნათქვამ სიყვარულს ჰგავდა ყრუ, დაგუდული ეს გულისცემა, სერტანა ჩვენი, ერთფეროვანი... და ტკაცუნებდა ლამაზად განწირული აგიზგიზებული ხე, მაგრამ გრეგორიო პაჩეკოს გრძნეული დოლი ყოველივე სხვა ხმას ჰფარავდა, და მანუელოც, უცნაური ხრიკების იშტაზე დამდგარი, მიჭენაობდა და მერე, უცებ, უნაგირზე თავდაყირა იდგა! „ფიჰ, ქარაფშუტა,“ - შეიჭმუხნებოდა ჟოაო, მაგრამ სერტანელთა უმრავლესობა იგივ რთულ ილეთს იმეორებდა და მოუსვენრად ცმუკავდა ცხენზე თავის ახალ ჯერს მომლოდინე მხიარული მწყემსი. დოლის გუგუნი მძლავრად ისმოდა მთელ სერტანაში, თვალებს აფახულებდნენ შეშფოთებული ტურები, გამალებული წყევლიდა უპატრონოდ მიტოვებულ ძროხებს ცალფეხა ჭინკა, სასი, სერტანელები კი გრძლად ჩამწკრივდებოდნენ, ერთიმეორისაგან სამიოდ ნაბიჯზე იდგნენ, ხელთ - აალებული მაშხალები ეპყრათ, და ურთულესი ხრიკის შესასრულებლად ემზადებოდა მანუელო, ჩამოქვეითდებოდა. მღელვარებით აღვსილი, ცხენის სადავეს რომელიმე სერტანელს ჩააბარებდა და ლიცლიცა მწკრივის შუაგულისკენ გამართული მიაბიჯებდა. შედგებოდა და იღიმებოდა, და მერე - როგორ; სხვაგვარად როგორ! ხელს ასწევდა და მისკენ გამოჭენდებოდა სულსწრაფი ცხენი, ხელმაშხლიანთა გასწვრივ მიჰქროდა, და მანუელოს რომ მიუახლოვდებოდა, მხარუკუღმა გამოხედავდა მხიარული მწყემსი, სირბილით გავარდებოდა წინ და ცხენი გადასწრებას რომ დაუწყებდა, ხელებს ღონივრად დაიქნევდა, სკუპ ერთი! - და იჯდა, - ქარივით ულაყს ზედ უნაგირზე დაახტებოდა და, საკვირველებავ, სიხარულისაგან ერთ-ორს ქალივით შეჰკივლებდა კიდეც. მერე სიცილითვე ბრუნდებოდა გიზგიზა ხესთან. ჟოაოს გარდა, გაღიმებულნი შესცქეროდნენ, ასე განსაჯეთ, მარიამიც კი უჭვრიტინებდა - ან რა სიცილი იცოდა მაინც, როგორი თეთრი კბილები ჰქონდა! და მოლოდინით ივსებოდა, მთვარეს ნატრობდა, უკეთ რომ დაენახა სუყველაფერი - ბოლოს და ბოლოს, ზეს გული ვერ უთმენდა და, განრისხებულ დოლს აყოლილი, ისიც კი, ისიც, დიდი მწყემსი, ურთულესი ილეთის შესასრულებლად ემზადებოდა - სულწასული, დინჯად, ღირსეულად ჩამოქვეითდებოდა. ცხენს მანუელოს ჩააბარებდა და გასუსულ ხელმაშხლიანთა მწკრივში მიაბიჯებდა, მერე გამართული, ამაყი, მომლოდინე, იდგა. ცხენის გამოჭენებას უცდიდა ერთიანად აკრეფილი დიდი მწყემსი, და მანუელოც ზეს ხელის აწევისთანავე კაი მაგარ სილას უბოროტოდ მიაწებებდა გავაზე ფაშატს, და გაჭენდებოდა ცხენი. თავდავიწყებული გრეგორიო პაჩეკოც კი შეწყვეტდა ხოლმე დოლის ბაგაბუგს და იმ სიჩუმეში მხოლოდ ფლოქვების ყრუ სხაპასხუპი და აალებული ხის ტკაცანი ისმოდა, ზე კი მოსხლეტილად აედევნებოდა ცხენს, გვერდიგვერდ გარბოდნენ, ზეს ხელებიც კი ზურგსუკან, ქამარში მაჯებამდე ჩაეყო, აჰ, ირთულებდა ამ ილეთს უფრო, გარბოდა როგორ, მაინც რამსიმაღლე ფეხები ჰქონდა, მერე კი, უცებ სკუპ ერთი! - და ფაშატის გავაზე იდგა დიდი მწყემსი, ისევ ქამარში თითებჩაყოფილი, ვაკეიროთგან უპირველესი, ზე მორეირა, და მოხიბლული უმზერდა ცოლი, ღაწვებს სიწითლე დაუბუჟებდა და არხეინად იდგა გაფრენილ ფაშატზე დიდი მწყემსი, ზე, კოხტად კი იდგა, მაგრამ ისევ ის, ძველი, ჩვეული დარდი მრთელ გულს უღრღნიდა - თავისუფალი არ იყო, არა... ლაგამს დასწვდებოდა, ოდნავ მოიზიდავდა და გახევდებოდა ცხენი, უნებური სიამაყით ჩამოქვეითდებოდა ზე, თვალებში ღონივრად უკიაფებდა აალებული, გაავებულად სულთმობრძავი ხის ახტუნავებული ცეცხლი, და იქით, ძალიან შორს, კამორაში, ცეცხლივე უკიაფებდა უეცრად სახვევჩამოგლეჯილ, კაეტანოს ვიწრო გალიაში მდგარ ვინმე დემეტრიოს - დაბნეული და გაკვირვებული, თორმეტ ხელმაშხლიანს შესცქეროდა, მდუმარე წრედ რომ შემორტყმოდნენ გალიას ირგვლივ, და ერთ-ერთი კი ღამის გოროზი დარაჯი, კაეტანო გახლდათ, ცბიერად იღიმებოდა. გრანდჰალლეს ბაღში, ძვირფას, საზარელ, კი, ბაღში იდგა ვინმე დემეტრიო, გაყიდული, და იდუმალ მეგზურს მიუბრუნდა - იქამომდე კაეტანო ეგონა... იმან კი, მეგზურმა, ჯერ ხელთათმანები დაყარა, მერე - ხის მოსასხამი და ბოლოს ნიღაბიც რომ მოიცილა,შიშით გამწვანდა დემეტრიო - ვიწრო გალიაში კადიმა იდგა, თვით ბეტანკურის უშუალო აღმსრულებელი, დიდი ჯალათი... შიში იყო თუ ბრმა გამწარება, სწრაფად მოუქნია დანიანი ხელი, მაგრამ ავად გაღიმებული კადიმა გრძელი, უძვლო თითებით მაჯაში სწვდა და ვიწრო დანა მაშინვე, წამში გააგდებინა, მერე კისერზე ორჯერ შემოაგრაგნა ცივი, მოქნილი, დაქერცლილი მკლავები და მეორე ხელის კლაკნილი თითები ხორხში ჩაავლო და მოუჭირა. თვალები ამოებურცა განწირულს, სქელი მურაბით გაწებილი, საზარელი თითებით ჩაფრენოდა ყელში, და სიამოვნება რომ გამოეზოგა, კადიმა მსხვერპლს წვალების გასაგრძელებლად კრუნჩხვად დაღებულ პირში ნივრით აყროლებულ სულს უბერავდა და, მერე კი ვეღარ მოითმინა, იმ ორად-ორი ყვითელი კბილით, ტუჩზე უკბინა! ერთი კი ასავსავდა და მაშინვე მოდუნდა მსხვერპლი, ხელებჩამოყრილს, კადიმამ ერთხელაც გამოზოგილი სიამოვნებით ჩაასუნთქა, მერე კლაკვნადქცეული თითები შეუშვა, ორმაგად შემოსალტული ხელიც მოაცილა და იქვე, პირქვე ჩაემხო დიდი მარშალის მაგინებელი. ნაცრისფერი თვალები უელავდა მიჩინიოს, ჯუჯა უმბერტომ კადიმას რძით გაპიპინებული დიდი ჯამი მიურბენინა, პოლკოვნიკმა მთელი ამ დროის განმავლობაში გულზე ამაყად გადაჭდობილი ხელები ჩამოუშვა, დომენიკოსკენ გადაიხარა, „ხომ კარგად ხედავ, რასაც უშვრება, - ჯერ ასე ჩასჩურჩულებდა დომენიკოს, ისე, რომ გადანასკვულ წყვილს თვალს არ აშორებდა, - სად არის, აბა, სადაა მამა...“ დომენიკოს კი გულს აზიდებდა, ნერწყვმოძალებულს, მაგრად მოეკუმა პირი და, შიგანამომჯდარი, სიმწრის ცრემლებად იღვრებოდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, - „მამა რომ იყოს... - გახარებული ჩასჩურჩულებდა პოლკოვნიკი, - ამას დაუშვებდა?! ამას იზამდა?! სადაა, აბა, სად არის მამა... მამა არა, ის...“ კადიმამ მაღლა ასწია რკინის ბადე, გამოალაჯა, ჯამისაკენ წაიგრძელა ხელები, ვარდებში ჩარჩა დემეტრიო და იმისი დანა. და, გულისრევა რომ შეეკავებინა, ბაღის შორეული კუთხისაკენ გავარდა მგზავრი, ჭინჭარ-გვიმრაში სახით ჩაემხო, მსუსხავ, ცეცხლოვან ფოთლებს გააფთრებული გლეჯდა და მაგრად იხახუნებდა სახეზე, ცხვირ-პირს ჭინჭრის ფოთლებით დაუზოგავად იხურვებდა და იმ სიბნელეში რაღაც ეგრილა... ეს - გვიმრა იყო, გაოგნებული დასცქეროდა უბადრუკ მცენარეს, თანამგრძნობი, გვიმრა... რაღაცნაირად, მჭახედ მშვიდი სუნი ჰქონდა, გამალებული ყნოსავდა ათვალწუნებულ მცენარეს, და გულმა სიყვარულის რეჩხი რომ უყო, ნაზად მოისვა დათუთქულ სახეზე, ყურადღებას ვეღარ აქცევდა თავთით წამოჭიმული პოლკოვნიკის ხარხარს - „ეს ვინა ყოფილა, ეს რა ყოფილა, პირს ჭინჭრით იბანს, არ გამაცინა ამხელა კაცი?“ - როგორ ლაღობდა პოლკოვნიკი სეზარ, იცინოდა როგორ, - უჰ, მოვკვდი, მოვკვდი, ვაი, მუცელი, საპონიც ხომ არ გინდა, აგურის საპონი? ზე წინ მიუძღოდა ცხენს, დაღლილ ფაშატზე მარიამი იჯდა. სადღაც ზურგსუკან ხრჩოლავდა აკვამლებული, ჩანახშირებული ხე, და გაკვირვებით უმზერდა დიდ, სევდიან ვაკეიროს რძით გაჭყეპილი ცალფეხა ჭინკა, სასი, - თავისუფალი არ იყო ვაკეიროთგან უპირველესი, თავისუფალი არ იყო, არა... და ჟოაო აბადო ცოლს უმძრახად რომ მიიყვანდა შინ და თავს დაიმარტოხელებდა, შორს, სერტანის სიღრმეში გაჰყავდა ცხენი, და მანუელო კოსტას ხრიკებს გულაჩქროლებული, და მაინც წარბშეყრილი იმეორებდა - დიდი უჟმურიც ჭეშმარიტი ვაკეირო გახლდათ... და, მოწყენილი, შინ ბრუნდებოდა, სევდიანად გასცქეროდა ღამეულ სერტანას უბირი ქოხის წინ ჩამომჯდარი მანუელო კოსტა, მხიარული მწყემსი, მთად დასწოლოდა ეს ბნელი ღამე, უძრავად იჯდა. კალაბრიაში იწვა სანტოსი, და რკინის გლეხი ძილში ბორგავდა - არა, არ იყვნენ თავისუფლები, თავისუფლები არ იყვნენ. მაგრამ შავტანსაცმელაფრიალებული მენდეს მასიელი მალე დიდ კასრზე შედგებოდა და ჭრელაჭრულა ბრბოს დიდის ხმით ასე შეუძახებდა: - ძმებო! ძმებო, შორსაა ჩვენგან დიდი მიწები - რომი, ბაბილონი, პომპეა და რიო დე ჟანეირო, მაგრამ... კამორაში კი მძლავრად ისმოდა: - ღა-ამის ოთხი საათიაა და ყველაფერი გეენიიალურაადააააა! *** - დღეს ისეთივე ლამაზი ხარ, როგორც ყოველთვის, და კიდევ უფრო, სულო, - ხელზე ემთხვია ნაშუადღევს გაღვიძებულ მეუღლეს, სტელლას, პოლკოვნიკი სეზარ, - როგორ გეძინა ძვირფასო, ღამით, თეთრი ღრუბლების ქულაში იწექ თუ გაწუხებდა ავი სიზმრები? - რომელი საათი იქნება... - იკითხა სტელლამ, და გაიკვირვა, - რა დრო გასულა? - ძალიანაც კარგი, დიდხანს რომ გეძინა - საღამოს ხომ შენი მაღალი ბიცოლაშენის დაბადების დღეობაა და მშვენივრად უნდა გამოიყურებოდე, სულო, რატომ გიყვარვარ? - რა უნდა ვაჩუქოთ? - რაღაც-რაღაცა მაქვს შენახული: ბრილიანტის ბეჭდები და პლატინის ერთიც სიმბოლური დანა. მაინცდამაინც დალაგებულად ვერ საუბრობდა ყოჩაღი პოლკოვნიკი, ღელავდა ალბათ. - ხომ კარგებია... - დუნედ იკითხა სტელლამ და ღილაკს თითი რომ დააჭირა, ნაზი შრიალით ატივტივდა ძვირფასი ფარდა. - ას-ასიანი. რატომ გიყვარვარ? - წვიმს. - ფუჰ... - რატომ - ფუჰ... - დაინტერესდა სტელლა. - რადგან წვიმს, სულო. „წინამძღოლი, ეჰ“ - თაროზე სახედალაქული დომენიკო იჯდა. - როდის წავიდეთ. - შვიდისთვის, ასე... - გვირაბით გავალთ? - რა ვიცი... შენ როგორც ინებებ, სულო, გენატრებოდი? - ეს როდის... - ღამით. - აეს ვინაა? - სათამაშოა, ძვირფასო, სტელლა, გაგიჟდები, ისეთი კარგი რაღაცაა - დილდილაობით პირს ჭინჭრით იბანს და მერე გვიმრით იმშრალებს ხოლმე, ნახე, რასა ჰგავს, ასე დალაქავებული როგორ წამოვიძღვანიო დაბადების დღეზე, თუმც, საღამომდე ალბათ გადაუვლის და მუსიკაო, თუ ეტყვი, ტირის. ჰო, მართლა, სტელლა, იქ ხომ დაუკრავ? - თუკი ბიცოლა მერსედესი მთხოვს... - მოგთხოვს, აბა რა, და არ უნდა წაივარჯიშო? - მართლა, ხო იცი... - ჩაფიქრდა სტელლა. - მასწავლებელი არ გინდა მერე? - კი, როგორ არა. - ახლავე მოგგვრი, - მტკიცედ აღუთქვა პოლკოვნიკმა და კოხტა ზარი გააწკარუნა. კაპრალი ელიოდორო ზღრუბლზე რომ გაიჭიმა, პოლკოვნიკმა დომენიკოს შეხედა და თქვა: - სულ ათ წუთს გაძლევ - სრულიად კამორას რომელიმე უპირველესი მასწავლებელი უნდა მომგვარო, მუსიკის დარგში. ათ წუთში-მეთქი - ან ცოცხალი, ან მკვდარი. - მკვდარი რათ მინდა... - გაიკვირვა სტელლამ. - ჰო, არა, არა, აუცილებლად ცოცხალი იყოს, ეს რა ვთქვი?! - გამოასწორა პოლკოვნიკმა, და მორჩილ კაპრალს წამით სახეზე მოუცურა მზერა, - ოცდაშვიდი ოთხია. - მესმის, გრანდჰალლე, - თავი ჩაღუნა ელიოდორომ, - წავიდე? - წადი. გაშპა. - ყური დამიგდე, ძვირფასო, სტელლა, - წამოიწყო პოლკოვნიკმა, აღელვებული ჩანდა, - ეგღა მაკლია, ძვირფასო სულო, ვიღაც მასწავლებელს პირდაპირ დახვდე. წადი, ჩაიცვი... არა, ეე, სხვა ტანსაცმელი გადაიცვი, როგორ გიხდება, აჰ - ვარდისფერი, წაისაუზმე და კარგად იცოდე, შენ, სწორუპოვრად დიდი მარშალის მკვიდრ დისშვილსა და მისი მარჯვენა ხელის ქმრის ცოლს, არა, პირდაპირ ცოლს, არ გეკადრება, ვიღაც ვიგინდარას სამეცადინოდ აი ეგრევე, გამზადებული დახვდე, გრეგ რიკიოც ხომ არ უარყოფს ამას. სამი. - რააო? - ეეე, არა... ჰო, ის გითხარი, ჯერ ერთი, შენ არ გეკადრება-მეთქი, მეორეც-მე არ მეკადრება და მესამეც - გრეგ რიკიო არ უარყოფს-მეთქი - სამი-მეთქი. გამიგე? - არა. - სტელლა, სტელლიტა, ჭუკ-ჭუკ, - დაუყვავა პოლკოვნიკმა, - ყური დამიგდე, შენ, ჩემმა ცოლმა ჩვეულებრივ მოქალაქეს ოციოდ წუთი მაინც უნდა აცდევინო. ახლა გამიგე? - ახლა ჰო. და ქალი როგორც კი გავიდა, ფიქრს გაყოლილმა პოლკოვნიკმა ასე იკითხა: - ხომ დიდი მკერდი აქვს? - დიახ. - ვენაცვალე. დიდი სარკის წინ ბოლთასა სცემდა. თმაზე ფაქიზად გადაისვა ხელი. - ოცდაშვიდი ოთხია? - თავი შემოჰყო კაპრალმა ელიოდორომ. - შემოიყვანე, შემოიყვანე, - აფორიაქდა პოლკოვნიკი სეზარ და ხავერდის ნიღბიან-მოსასხამიანი ქალი ისე მიზანსწრაფულად გამოემართა მისკენ, წამით თვალებაციმციმებულ პოლკოვნიკს ფერი ეცვალა და კაპრალს მიუგდო: „გად-დაიკარგე, ჩემო კაპრალო“, სამნიღა დარჩნენ, ქალმა გზადაგზა ნიღაბი მოიცილა, „ჩამოდი, ბიჭი, - თქვა პოლკოვნიკმა, სუზანნას ხელისგულით ანიშნა შეჩერება, აღფრთოვანებული შესცქეროდა - აიმ კართან დადექ, ბიჭი, და კარგი სტელლა როგორც გამოჩნდება, ჩვენკენ მობრუნდი და წამოიტირე - მშიაა, მშიაააა... გამიგე?“ - დიახ. და დომენიკო ჯერ კართანაც არ იყო მისული, პოლკოვნიკი სუზანნას რომ შემოეხვია, მაგრად მიიკრა მამაცურ მკერდზე, ყურზე ჰკოცნიდა. „აჰ, ფედერიკო, - ძლიერ ღონივრად ჩურჩულებდა თავგადაგდებული ქალი, - მე სახიფათო სიყვარული მწამს...“ „სუზზი, მსხმოიარევ...“ „როგორ მიყვარხარ... შენ თუ გიყვარვარ?“ „აბა ეგ განა საკითხავია? - გაიმართა პოლკოვნიკი და თვალებში დამანამუსებლად ჩახედა, - აბა, რას ამბობ, ჰა, სუზზი?“ „რატომ გიყვარვარ?“ - აცელქდა ქალი, „კარგი რა, სუზზი, - გუნება წაუხდა პოლკოვნიკს - აბა, როგორ შეიძლება მაგისი ახსნა? მიყვარხარ და მორჩა, ეს შეიხსენი...“ „რომ შემოვიდეს?“ „ნუ გეშინია, ეს აბღავლდება.“ „მე მეშინია? - ღირსეულად გაიოცა ქალმა და პაწია ღილზე წაივლო ხელი, - მე ხომ სახიფათო სიყვარული მწამს...“ „რატომ, ჭუკი-ჭუკ?!“ „აბა, რა ვიცი, მწამს, მწამს და მორჩა, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი...“ აქ პოლკოვნიკმა წარბი აზიდა: - ერთი მოსასხამი მაჩვენე შენი... - რად გინდა, ფედერიკო? - ვაჰ, რას გადავრჩით?! - მსუბუქად გაიკვირვა პოლკოვნიკმა, - შუა კამორადან ამოგიყვანეს ვითომ და - წვეთიც არ დაგცემია? - რატომ უნდა დამცემოდა. - გაიხედე... წვიმს. - აბა, მე რა ვიცი, ფედერიკო, ისეთ ოთახში დამამწყვდიეთ და გამათევინეთ ღამე, არც ფანჯარა ჰქონდა, არც კარი და რანაირად უნდა გამეგო... და კიდევ კარგი, ის მაინც რომ დამიდგით. - ჭერზე მაინც არ აკაკუნდა? - აბა, რა ვიცი, გული მიცემდა. თანაც, სახვევი ყურებზედაც მქონდა შემოვლებული... და ეგებ ლანდოთი მოვედი თქვენთან? - და ძვირფას ბაღში, ვარდებზეც ლანდოს გადაატარებდნენ, არა? - ჰო, არ გამოდის, - დათანხმდა სუზზი, - იმან რაიმე ხომ არ იყიდა? - არა, მთელი ღამე ვამორიგევე და საღამომდეც ვარდებში იწვება. აბა, გაშალე... და პოლკოვნიკმა ნოხზე გაფენილ მოსასხამს მრავლად აპკურა წყალი, სკამზე თვალშისაცემად გადაფინა მერე. „მოდი აქ, სუზზი...“ „რა-ატომ?“ - ისევ გაცელქდა ქალი, „იიი-მიტოომ“, - ცელქადვე უპასუხა ყოჩაღმა პოლკოვნიკმა, მაგრამ აქ დომენიკომ ფრთხილად წამოიტირა: „მშია, მშიაა...?“ - პოლკოვნიკი მომცრო მაგიდას გადაახტა და პირდაპირ რბილ სავარძელში გაადინა მსუბუქი ბრაგვანი, აწეწილ თმაზე გადაისვა ხელი, სუზზიმ კი სასწრაფოდ შეიბნია ღილი, კდემამოსილად აისვეტა ძვირფას საკრავთან და თავი ჩაქინდრა. - სად ხარ აქამდე, ძვირფასო, სტელლა, - ზეწამოიჭრა პოლკოვნიკი, მეუღლეს ხელზე აკოცა და ქვეშ-ქვეშ მომზირალმა სუზანნამ კი მსუბუქად მოიკვნიტა ტუჩი, - თუმცა ჰო... დიახ... ერთი თხოვნა მაქვს - გიყურო-მინდა. - მიყურე რა... - მე ისე მიყვარს, როცა შენ უკრავ... ფიანდაზ ხმაზედ... კარგად ამეცადინეთ, ქალო, თორემ ჩემთან გექნებათ საქმე. - ცდას არ დაგაკლებთ, გრანდჰალლე, - მიუგო სუზზიმ, კაბაზე წაივლო თითები, ოდნავ გაშალა და წამით ჩაიმუხლა. - შენ კიდევ, ბიჭი, თუ გშია, აგერ, ნამცხვრები და მიირთვი, მარგებელია სიტკბო. - ამან სიარულიც იცის?! - დუნედ დაინტერესდა სტელლა. - კი, როგორ არა... კი. თავისუფლად... რა მშვენიერი სათამაშოა, ხომ?! - დაქოქვაც არ უნდა და არაფერი. - ხომ არ დაგვეწყო? - იკითხა სტელლამ. და, დატრიალდა: ლაპლაპა საკრავს მიუსხდნენ ორნი, პოლკოვნიკი რბილ სავარძელში გადაეფლო, დომენიკო - თაროზე აძვრა „ერთიორისამიოთხი, ერთიორი... - ხმამაღლა ითვლიდა სუზანნა, სტელლა კი თუმცა უგულოდ, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად ათამაშებდა თითებს საკრავზე, - სამოთხ... ეს ბგერა - პამ - მესამე თითით უნდა აგეღოთ, მოხერხებულია უფრო, მაღალო ქალბატონო“ - ურჩია სუზზიმ, სტელლამაც სცადა, და მოეწონა, - „აჰ, რა კარგია? როგორ ვერ მივხვდი...“ დიდად მხიარული რამ მარში გახლდათ, მაგრამ გულცივად უკრავდა სტელლა, მოშვებულადაც იჯდა... თაროზე შესკუპული, ყელში გორგალგაჩრილი დომენიკო კი ამ სულელურ მუსიკაზეც ძლივს იკავებდა მსხვილ, მძიმე ცრემლებს - საბრალო მგზავრი... ფედერიკო სეზარ კი ძალიან გრძელ და ჩახლართულ ფიქრებს მისცემოდა - რატომღაც ეგონა, რომ ეს ყველაფერი, ყოველივე ეს - როდესღაც უკვე იყო. და დაკვირვებით ათვალიერებდა იატაკს, სკამებს. კი, კი, კი, იყო, ნამდვილად იყო, ვერ იხსენებდა თუმცა და რაღაც ჩასაბღაუჭებელი იზიდავდა, მიუწვდომელი და უხილავი, ისეთი უცხო, ისე სლიპინა, აჰ, შორეული ისეთი რაღაც, და მაინც მისი, თავისეული, სულის სიღრმიდან ამომდინარი, ნაცნობი ისე, - შეშინდა კიდეც და უფრო ადვილ, მსუბუქ ფიქრებზე გადავიდა. „უცნაურია, - ასე მსჯელობდა პოლკოვნიკი სეზარ, - სად ჩაისახა ეს ორი ქალი, ვინ რანაირად გავიცანი, როგორ აღმოვჩნდით აქ ახლა, ერთად, ანდა ეს როგორ გამომყვა ცოლად, ლამაზი კი ვარ, მაგრამ არც არასოდეს არ ვყვარებივარ, როგორ გამომყვა, ან ამას რატომ შევუყვარდი, თან სახიფათოდ. მე რომ საერთოდ არ დავბადებულიყავ, რაღას იზამდნენ მაშინ, თუმცა, რაიმეს მაშინაც ალბათ იზამდნენ, ქალების დედა, სად იქნებოდნენ უჩემოდ ახლა, უცნაურია, ჩვენ სამნი ახლა აქ რომ ვართ“, - დომენიკოს არა თვლიდა, აი, სწორედ მას, ვის გულისთვისაც მთელი ეს აწეწილი ამბები ხდებოდა, მართლაც რომ უცნაურია, არა? ხომ ისევ აქ ხართ... „ანდა, ვინ იცის ნეტა, რამდენი წინაპარი გვყავდა, - განაგრძობდა რთულად ახლართულ მარტივ ფიქრებს პოლკოვნიკი სეზარ, - და იმ წინაპართაგან რომელიმეს ნაადრევად რაიმე რომ მოსვლოდა, - აჰ, რა შემთხვევით იბადება თუნდ ერთი კაციც, ჰეიი, ჰეჰეე - საიდან მოდის, და აუარება წინაპრებში ვინმეს რაიმე რომ მოსვლოდა, სიკვდილის მეტი რაა, აქ აღარც ერთი არ ვიქნებოდით, ჩემთვის უცნობი რომელიმე წინაპრისაკენ ნასროლი შუბი უცნაურია, ათას კაცს აგვცდა, რა არის მაინც, რა იღბალია, ახლა, ამ წუთას ჩვენ სამივენი აქ რომ ვყოფილიყავით, რამდენ რაღაცას გადავრჩით ალბათ, სრულებითაც რომ არ ვიცოდით, ისე, დაბადებამდე რამდენად ადრე, ხიფათი გვდევდა, და გაგვიმართლა, გაგვიმართლდა როგორ, აუარება რამ ხიფათს რომ ავცდენოდით, ახლა აქ, ახლა, სამივენი რომ ვყოფილიყავით ერთად და სამნი რადგან ვართ, სამჯერ აუარება გამართლება გამოდის და, თუმცა, ეს ყველაფერი ხომ უკვე იყო! ეს თანაც... აჰ, - და აქ კი ასეთი რთული, უცხო სიღრმეებში მობოდიალე ფიქრი ისე მარტივად გააწყვეტინეს - სუზანნამ უკან გააჩოჩა ფეხი, მაღალი ქალბატონის შეუმჩნევლად ფრთხილად აიცურა კაბა და პოლკოვნიკს თითქმის მუხლამდე დაანახა წვივი. და ბედისწერა-გენეალოგიაძიებადავიწყებულმა პოლკოვნიკმა უნებურად თვალგაქცეულსა და მერე მზერაგაშტერებულ დომენიკოს მუქარით დაუქნია თითი, და ახლა ჭერში იყურებოდა კამორაში გაჩხერილი მგზავრი... პოლკოვნიკს კი მთელი სხეული, ორად გაეყო - ცალ მხარეს მხოლოდ საქმეგაჩენილი თვალები გახლდათ, მეორე მხრივ კი - მზერაწართმეული სხვა დანარჩენი, თვალების შურით დაბრმავებული სხვა ნაწილები, თითებს, ლოყებს, ნეკნებს და ტუჩებს, აჰ, ლამაზ მსხვილ ტუჩებს მხვრეპავი თვალებისა შურდათ, იმათაც მოუნდათ საქმე, თან - გემრიელი, სახიფათო და ცალი წვივით აღელვებულ პოლკოვნიკს იქვე მოუნდა უფრო რამ მეტი, და მოიფიქრა: - სტელლა, სტელლიტა, ჭუკი-ჭუკ... ახლა კი მშვენივრად უკრავ, მაგრამ აქ სხვაა, სხვა გარემოებაა. მშვიდად ხარ რადგან, იქ კი, სტუმრებში, დაკვრისას უფრო დაიძაბები, იღელვებ ალბათ, სულ ასე თავჩარგულიც ხომ ვერ დაუკრავ, და ხანდახან ვინმე რომ გაგიღიმებს, ღიმილიც უნდა ხომ დაუბრუნო და მე თუ მკითხავ თვალდახუჭულსაც უნდა შეგეძლოს დაკვრა... ყოველი შემთხვევისათვის, სტელლიტა... - კი შემიძლიან, - გათამამდა სტელლა. და სანამ სტელლა თვალებდახუჭული უკრავდა, სუზანნამ ფარულ სიყვარულს ორი სახიფათო ჰაეროვანი კოცნა შეუთვალა. - აკი დავუკარ? - იკითხა სტელლამ. - შენ ალბათ ბოლომდე არა გქონდა ეგ ყოვლად ლამაზი თვალები დახუჭული, სულო, - შეეთამაშა ყოჩაღი პოლკოვნიკი, - ალბათ ჩუმ-ჩუმად იჭყიტებოდი. - არა, რას ამბობ... კი, როგორ არა... - აბა ეგრე როგორ დაუკრავდი, სულო. - თუ არა გჯერა, მაშინ... - აი, მე მხოლოდ ასე დავიჯერებ, - შავი თავსაფარი შემოახვია სტელლას პოლკოვნიკმა, მაგრად განასკვა და გაიხუმრა, - თუკი დაუკრავ, რაღა თქმა უნდა. სტელლა მშვენივრად შეუდგა დაკვრას, პოლკოვნიკმა კი სუზის ყელზე აკოცა, და მბზინავ თმაში შეუცურა ხელი. - ხომ ვუკრავ, ვუკრავ? - იკითხა თვალებდალუქულმა სტელლამ. - კი, როგორ არა, - თქვა პოლკოვნიკმა, სუზანნა ცხვირზე ეფერებოდა, - განაგრძე, მიდი... დომენიკო მაღალი თაროდან პირდაფჩენილი იყურებოდა. - ჩემ მიერ შემოთავაზებულ რიტმში თუ შეძლებთ, მაღალო ქალბატონო, დაკვრას? - მოწიწებით დაეკითხა სუზზი და თანაც პოლკოვნიკს საყელოში ღრმად ჩაუყო ხელი. - შეძლებ, სტელლიტა, მჰჰჰუ? - იკითხა პოლკოვნიკმა, ეღიტინებოდა. - შევძლებ, აბა რა, - გაყოყოჩდა სტელლა. - ააბა, მიდით, მაღალო ქალბატონო, აბა ჰე! - შეაგულიანა სუზზიმ, თანაბარ ტაშისცემას მოჰყვა, თანაც პოლკოვნიკს მსუბუქად უკბინა ყურზე და დომენიკოს ისევ ზიზღიანი ნერწყვით აევსო პირი. დიდ მწყემსს, ზე მორეირას, ცოლთან ერთად ცხენზე შეჯდომისა რცხვენო და. ტაშ-ტაშ, „ძალიან კარგი“, - ჩაურთო სუზზიმ, ვისაც სახიფათო სიყვარული ძლიერა სწამდა, ტაშ-ტაშ, - და წამოდგა, პოლკოვნიკს სწრაფად შეუცურა იღლიებქვეშ ხელები, მკერდზე მიეხუტა, პოლკოვნიკის ზურგს უკან კი ჟრჟოლადავლილი ხელისგულებით თანაბარ ტაშსა სცემდა და ყოჩაღად უკრავდა თვალებახვეული სტელლა. მერე სუზზიმ ძლივას მოსწყვიტა პოლკოვნიკის მსხვილ ტუჩებს ბაგე და ნაზად წარმოთქვა - „ახლა არათანაბარ რიტმში თუ ამყვებით, მთლად საუცხოო იქნება, მაღალო ქალბატონო“, - პოლკოვნიკი დომენიკოსკენ გაახედა, ანიშნა რაღაც და პოლკოვნიკმაც დომენიკოს მყისვე მიუთითა - „შენ დაუკარი... ტაში...“ „მე?“ - გულზე თითი მიიდო დომენიკომ, ვერაფერს მიხვდა. პოლკოვნიკი კი მიწებებულ სუზანნაიანად ფეხისწვერებზე მიუახლოვდა, სკამზეც ერთად შედგნენ, და თავდახრილ დომენიკოს ჩასჩურჩულა - „ტაში დაუკარ, თორემ მიჩინიოსთან შეგაგდებ, ლეკვო...“ აჰ, მუსიკალური საათები, რა დიდებული კვარტეტი იყო - პოლკოვნიკი და სუზზი პირველ-მეორე ხმასა ჰგალობდნენ, თაროზე შემჯდარი, დიდი ბითური არათანაბარ ტაშ-პიჩიკატოს ალტზე ასრულებდა და მეოთხე, სტელლა, ეს ნაზი ქალი, თავისი ჭკუით უმთავრესი ხმა, უმოწყალოდ აშლილ კონტრაბასზე თუ უკრავდა მხოლოდ, მაგრამ პოლკოვნიკს მაინც ჩაშხამდა - ეს ყველაფერი კი, იყო, იყო... საიდან გაჩნდნენ, როგორ მოვიდნენ და განმეორდნენ, და აუარება წინაპრებში რომ... რომელიმეს რაიმე რომ მოსვლოდა, იქნებოდნენ კი? უცნაურია, სად ჩაისახნენ, - ფიქრობდა სეზარ, - ან ამას ნეტავ რად შევუყვარდი, ან იმას რატომ არ ვენაღვლები, სად გავიცანი, როგორ აღმოვჩნდით აქ, ამ ოთახში სამივე ერთად, ანდა ვინ იყო პაპათა პაპა, შებერტყილი თუ დიდი ბითური, რას იფიქრებდა, როგორ გადარჩა... ჩვენც აგვიკიდა... და ვინმე უტვინო, გაბანჯგვლული პირველყოფილის ფერხთა მტვერიც რომ გამოვდივართ სამთავე, ფუჰუჰ... შორი გზიდან მოდიოდნენ სუზანნა და სტელლა. ალექსანდროს ძმა! - და დომენიკო თავის მდიდრულ საკანში რომ დაბრუნდა, ვერცხლის ვიწროყელიან სურაში ჩაჩხერილი ბარათი დახვდა: „პოლკოვნიკის, მიჩინიოს, კადიმასი და მისთანანის ნუ გეშინია - დიდი-დიდი, მოგკლან, მარშალ ბეტანკურს მოერიდე - შეიძლება წარგწყმიდოს“. ალექსანდროს ძმა... აქვე მთავრდება თავი მეორე - „დროსტარებანი“. თავი მესამე

დაბადების დღეები

იმ სამ მხლებელთაგან, მარშალ ბეტანკურს ყველაზე ძვირფას, მოსარკულ დარბაზში სტუმრებთან რომ უნდა შეჰყოლოდა, პირველი - ჯუჯა უმბერტო იყო. მომცრო სენაკში იდგა, იცდიდა. უხმაუროდ, მცირედ გაიღებოდა კარი და ვიწრო ღრიჭოდან საჩვენებელი თითით იხმობდნენ. მარშლისა გახლდათ - მსგავსი ალმასი სხვას ვის ეკეთა... და პატივისცემითა და აღმაფრენით გაპიპინებული ჯუჯა მსწრაფლ მიირბენდა კართან, გამოაღებდა, მოსასხამის კალთაზე ემთხვეოდა ვრცელ ნავთსაყუდარს. მარშალიც მიეფერებოდა - ჯერ ხელთათმანში გაჭიმავდა თითებს, მერე ხელისგულს თავზე ადებდა, ვიწრო დერეფანს გაუყვებოდნენ, აქ - დროებითი საკნები იყო, გამორჩეულთა ღირსი, და ერთ-ერთ საკანში მორჩილად იცდიდა თვით გრეგ რიკიო, კამორელთა პირქუში კერპი. ჯუჯა უმბერტოს - ხელისგულის მკაცრი ჩვენებით დერეფანში გაახევებდა დიდი მარშალი, თავად - ფრთხილად დააკაკუნებდა კარზე, თავაზიანად იკითხავდა: „ხომ არ შეგაწუხებთ, რომ შემოვიდე, ჩემო გრეგ?“ „რახან მობრძანდით... რა გაეწყობა“ - პასუხი იყო, ზრდილობითა და კადნიერებით თანაბრად სავსე, მდიდრულ სენაკში შედიოდა დიდი მარშალი და სანამ კარი მიიხურებოდა, ღირსეულად გამოიყურებოდა ფერთა დიდოსტატი, კარის მიხურვისთანავე კი, მისი გაუგონარი სიგოროზის ერთადერთი მოწმე, ჯუჯა უმბერტო მიღმა რომ დარჩებოდა, ორსავ მუხლზე დავარდებოდა. ნოხში ჩარგავდა ვიწრო, მაღალ შუბლს, - აჰ, ჩემო განუყრელო მუზზავ, და ოლიმპო, გრანდიოზულო დიად-მარშალო, სამფენ...“ მაგრამ მარშალი აწყვეტინებდა: „ჯერ ტაში შემოჰკარ, მერე შეხტი და ხელებგაშლილმა დაიძახე: „ჰოპ!“ და გრეგ რიკიოც ჯერ მონდომებულ ტაშს შემოჰკრავდა, მერე ღონივრად შეხტებოდა და ხელებგაშლილი დაიძახებდა: „ჰოპ“! „უფრო მძლავრი ჰოპ!“ - შეიჭმუხნებოდა დიდი მარშალი და სავარძელში ჩაეფლობოდა. „ჰჰოპპ“! - მთელის არსებით შეჰღრიალებდა ფერად მუზათა ნავთსაყუდარი და მოლოდინად გადაიქცეოდა, მარშალი კი ვერცხლის მცირე ჩაქუჩით თხილს გატეხავდა, ნაჭუჭს შემოაცლიდა და, კვლავ ორსავ მუხლზე დავარდნილს, ხელთათმანიანი თითებით პირში უდებდა. წინა კბილებით იღეჭებოდა მუზათ მეგობარი გრეგ, მადლიერებისგან ცრემლმომდგარი თვალებით აჰყურებდა, დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური კი ზედ კინკრიხოზე მსუბუქად უკაკუნებდა ძვირფას ტყავში გამოხვეულ თითებს, ხმამაღლა ფიქრობდა: „შენ ხალხის თვალში გოროზი და ქედმაღალი უნდა იყო, რიკიო, გესმის? ამ დაშინებულ ხალხს შენ, მუზათა ეგრეთწოდებული მეგობარი, ჰმ, ჰეჰ... - ჰაერივით სჭირდები და სწორედ შენში იმ სითამამესა და შეუპოვრობას უნდა ხედავდნენ, რაზედაც ღამღამობით იშვიათად, შეუგნებლად ოცნებობენ და შენს იმ ქედმაღლობაში, ჩემი წაქეზებით რომ გამომდინარეობს, იმ ოცნებათა დაკმაყოფილებას ხედავენ, და რადგან ყველას უნდა თავისი მოჩვენებითი ნამცხვარი, რიკიო-ჩემო, ჰეჰ, ვარდისფერი კრემით გაჟღენთილი და დალბილებული, პირველ თოვლივით მსუბუქი და შემოდგომასავით ნოყიერი, შეზავებული ნიგვზითა და მარწყვით, ნაღებითა და კვერცხით, ვანილნაპკურები, ჩემო, და მოხატული ათასგვარი სულელური ცხიმოვანი ხაზითა და ფერით, რადგან სჭირდებათ ესე ნამცხვარი, შენ, გრეგ რიკიოს, მე, დიდმა მარშალმა მოგეც პალიტრა, ფუნჯი და ტილო, მოგეც ქონება, აჰ, მარმარილოს რა ჭიშკარი შემოარტყი შენს მდიდრულ ბინას, ეზოში ავი ძაღლებიც გივის, და ქონებასთან ერთად მოგეც პატივისცემა, და შენს სიტყვებსაც მეტი ფასი რომ მისცემოდა, შენი გულისთვის სულ სხვა ქალაქში ექსპერიმენტულად ავალაპარაკე ფსევდოკეთილმოუბარი დუილიო, რათა მის ბაგეთაგან გადმომდინარი მთხლედან შემერჩია იშვიათად გამორეული ნაღები და ყოველივე ეს შენ მოგეც, რათა ხატო და ხატო, რიკიო, გესმის?“ „როგორ არ მესმის, დიდო მარშალო, სამფენ...“ „ჩემთან არ გინდა ტკბილმოუბრობა, - აწყვეტინებდა დიდი მარშალი, - ჩვენ ერთმანეთი მშვენივრად ვიცით. და ქედმაღლობას თუ დაივიწყებ, - ახლა კი არა - ხალხისა თვალში, თვით მიჩინიოს, ანდა კადიმას ცალი თვალით ვანიშნებ შენზე...“ „რა დამავიწყებს, დიდო მარშალო, სამფენ...“ „ძალიან კარგი, - ამბობდა ედმონდო ბეტანკური და ხელთათმანიან-თხილიან თითებს პირში უდებდა, - რადგან მონურად ერთიანად მორჩილ და მაინც ჩემს განსხვავებულ, სამფენოვან ხალხს შენდამი რწმენა დაეკარგება, და ვაითუ რომ, საკუთარი რწმენის ძებნას შეუდგნენ, შენში ხედავენ თავიანთ სიამაყეს, და შენი ქედმაღლობის ხარჯზე უნდა მოდუნდნენ... დიდი ფუნქცია გაძევს კისერზე, დიდი ფუნქცია, გრეგ, აბა, წამოდექ, და გაიბღინძე“. ჰოჰო, რა თვალებს აკვარკვარებდა? „ახლა გაწექი“. მორჩილად იწვა. „აბა, ეს თხილი გამომართვი და მოისროლე...“ ხელუკუღმა ისროდა ნუგბარს მუზათმპყრობელი. „ახლა მოძებნე და ჩაიტკბარუნე პირი“. და დიდი ტახტის ქვეშ შეგორებული თხილის მოსაძებნად რომ წაიკუზებოდა ქედმოხრილი გრეგ, თხილი თავისით გამოგორდებოდა. აჰ, იმ ტახტის ქვეშ ალბათ ვიღაცა იწვა! და სანამ აკანკალებული, იღეჭებოდა, დიდი მარშალი დაუყვავებდა: „ახლა კი წადი, რიკიო ჩემო, სტუმრებში გაერიე და, მშვენივრად იცი იმ ბრიყვთა აღფრთოვანებული, მოწიწებული მზერა სულ რომ გაგიქარვებს ამ პაწია შიშს, თავს კაცად იგრძნობ. ჩემს გამოჩენას ამაყად შეხვდი“, „მესმის, მარშალო“. „იქიდან გადი. დერეფნის ბოლოს შვიდი მსახური იდგება მარცხნივ, მეორეს უთხარ, რომ ოცდაშვიდი ზუსტად ექვსია“... „მესმის, მარშალო“, - და გასწორუპოვრებული გრეგ რიკიო, ვინაც მშვენივრად იცოდა რაკურსის ფასი, სულ სხვა კარიდან გადიოდა და მერე მარშალი, მცირე ხნის შემდეგ, მაგიდაზე მიგდებულ ხის მრგვალ, ვიწრო საკრავს აიღებდა და თვალთმაქცურად ჩაჰბერავდა სულს. და სიფრიფანა, გამჭვირვალე ხმაზე ტახტის ქვემოდან მოხოხავდა კადიმა, ერთიანად გამოძვრებოდა, მთელი ტანით აიმართებოდა მერე და გაყინულ მზერას სადღაც მარშალის გვერდით ავი ნაღველით გაახევებდა. მარშალი კი ფეხისწვერით ფრთხილად მიუჩოჩებდა რძით სავსე ჯამს, დაკვრას არ სწყვეტდა, და მადააშლილი კადიმა თავს ჯერ გვერდზე შეაბრუნებდა და ერთხანს ზემოდან ასე დასცქეროდა მონატრებულ სითხეს, მერე ერთბაშად წაიხრებოდა და, მორკალული, რძიან ჯამში სახეჩამხობილი, იმ გრძელი ენით სვრეპდა და სვრეპდა. იზმორებოდა თან... დერეფანში ჯერ ბეტანკური გამოდიოდა, რწევით მოსდევდა უძვლო კადიმა და მის დანახვაზე საბრალო ჯუჯას ბალანი აეშლებოდა, ორიოდ კარს უმძრახად ჩაუვლიდნენ და დერეფანში ტოვებდა მხლებლებს დიდი მარშალი, თავად, - მდიდრულ ოთახში იდგა. დაბალ მაგიდას ოთხი გენერალი უჯდა, ქაღალდს თამაშობდნენ. მარშალის გამოჩენისთანავე ალყაშემორტყმულ მაგიდაზე მიაგდებდნენ კარტს და ისე სწრაფად ზეწამოიჭრებოდნენ, რომელიმე უნებურად შუშხუნასაც კი წააქცევდა და, გაჭიმულები, სამხედრო ყაიდაზე იდგნენ, მარშალი კი შუშხუნას მცირე, ათასგან ახამხამებულ გუბეს დააცქერდებოდა, იტყოდა მერე: „დაბრძანებას გთხოვთ, ბატონო გენერლებო... „აჰ, არა, არა, ასე ვიდგებით, გრანდისს...“ მაგრამ მარშალი იმეორებდა: „დაბრძანდით-მეთქი“. გაჭიმულები ისხდნენ, დიდი მარშალი ბოლთასა სცემდა, ეჭვიანობდა: „ჰმ, ფეხზე დგომაც რომ მოინდომეს... ფეხზე რომ დადგნენ, ჩემს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ხომ ვერ წამოხტებიან და...“ ბოლთასა უცემდა, „სხვა, როგორ მიდის ცხოვრება, ჩემო?“ - ლამაზ გენერალს ეკითხებოდა. „გმადლობთ, მარშალო, - წამოიჭრებოდა გენერალი, - მოგეხსენებათ, სამხედროთა ცხოვრების... მკაცრი, საკეთილდღეო წესი...“ „დაჯექი, დაჯექ, დონნა გუმერსინდა როგორ ბრძანდება?“ „გმადლობთ, გრანდ... - ისევ წამოიჭრებოდა ლამაზი გენერალი, - ისსიმოჰალლე...“ „შენ რაღასა იქმ, კეთილო რამოს?“ „გმადლობთ, გრანდ...“ - პასუხობდა დამსჯელი რაზმის გენერალი რამოს. „დაჯექ, კეთილო და ქალბატონი არტიდორა, გენერალო ხორხე?“ „კარგად, მარშალო, დიეტაზე გვყავს...“ „ძალიან კარგი, დაჯექ. ცელქი მარგიჩა?“ „აჰ, ისევ ცელქობს...“ „დაჯექი, დაჯექ... რჩეულ ლაშქარში რა ამბებია?“ „კარგი, მარშალო, - წამოფრინდებოდა ლამაზი გენერალი, - თქვენის შეწევნით, კარგად არიან... კრიალ-კრიალი გაუდით ტანზე“ „ძალიან კარგი, დაჯექ, რადგან რჩეული - გამორჩეული უნდა იყოს და დისციპლინას თუ მოადუნებ, ჩემო გენერალო, კბილებში გადაგჭრი, როგორ ბრძანდება მომხიბვლელი დონა გუმერსინდა?“ „გმადლობთ, გრანდისს... - წამოხტებოდა გენერალი,-იმოჰჰალლე...“ „ძალიან კარგი, დაჯექ, დაა, ქალბატონი არტიდორა, გენერალო ხორხე?“ „დიდი მადლობა, სწორუპოვარო, - ზეწამოიჭრებოდა გენერალი, - დიეტაზედ გვყავს“. „ძალიან კარგი, დაჯექი, ხორხე. და როგორაა ცელქი მარგიჩა?“ „კვლავ, ისევ ცელქობს, - კვლავ ახტებოდა გენერალი ხორხე, - ვერცხლისწყალივითაა, გრანდ...“ „ძალიან კარგი, სხვა, როგორა ხართ?“ „გმადლობთ, მარშალო, - ოთხთავე ფეხზე იდგა, - თქვენის შეწევნით...“ „დაბრძანდით, ჩემო გენერლებო, ახლა კი წადით, დარბაზში დამხვდით“. მხედრულ ყაიდაზე სტოვებდნენ ოთახს, დიდი მარშალი შუშხუნას ბოთლს შეაჯანჯღარებდა, მფეთქავ ბუშტუკებს აკვირდებოდა, „ჯარი, კი, ჯარი... ლაშქარი, ჯარი... ბევრ რამეს ნიშნავს...“ ზედაპირისკენ გასასკდომად მიტივტივებდა აუარება წვრილი ბუშტი, ქრებოდნენ მერე, და ისევ ისე აჯანჯღარებდა ბოთლს, ისევ ჩნდებოდა ურიცხვი ნაწილაკი, შუშხუნას ბოთლით მცირედ დაღლილ თავს ირთობდა ედმონდო ბეტანკური... დინჯად გამოდიოდა, დერეფანში კადიმა და კადიმას შიშით გადამწვანებული უმბერტო უცდიდნენ, მსუბუქად აკაკუნებდა ძალიან სქელ კარზე და ტიტლიკანა ანისეტოც უზარმაზარი ცარიელი ტომრით მაშინვე გამოდიოდა, და ოდნავ სახეცვლილი გამოიყურებოდა - დიდი მარშლისა პატივისცემისა გამო ლეღვის ფოთოლი მიეკრა ორგან. და ღირსეულად, ამაყად უახლოვდებოდნენ უზარმაზარ კარს, წელსზემოთ შიშველი, დაკუნთული გოლიათი უმძიმეს უროს შემართავდა, ოქროსფერ თოკზე ჩამოკიდებულ რკინის უზარმაზარ თეფშს დაარტყამდა და ძალუმ ჟღრიალზე განიხვნებოდა მოსარკული დარბაზის ვეება კარი. - ძმებო! ძმებო, შორსაა ჩვენგან დიდი მიწები - რომი, ბაბილონი, პომპეა და რიო დე ჟანეირო, - ბრბოს მოუხმობდა ბაზრობათა ქალაქში დიდ კასრზე მდგარი შავტანსაცმელაფრიალებული კონსელეირო - მენდეს მასიელი - მაგრამ სიმყრალემ აქამომდისაც კი მოაღწია! ლაჩრებო, ბრიყვნო, ნუთუ ვერა გრძნობთ, ღრმად შეისუნთქეთ, სუნთქვა ხომ მაინც არ დაუშლიათ, ჯერჯერობით და, ბოლოს მაგასაც მოესწრებოდით... მაგრამ მოვედი! მუსიკა შეწყდა, და მთელი დარბაზი გასუსული მიაჩერდა მარშალ ბეტანკურს. ის ზღრუბლზე იდგა, თვალმოჭუტული, მცირე ღიმილით, გაშეშებულ სტუმრებს ბეჯითად ათვალიერებდა. სამად-სამი მხლებელი ამოსდგომოდა: ორი ზურგს უკან - დრაჰკანთამკრეფი შიშველი ანისეტო და პირადი ჯალათი, გრილსისხლიანი კადიმა, და ერთიც, ჯუჯა უმბერტო - გვერდიგვერდ - არა, თეძოგვერდ ედგა - თვალსაჩინოებისათვის, ჰალე... ცეკვაშეწყვეტილ, გაქვავებულ სტუმრებს უმზერდა დიდი მარშალი, - ბრწყინვალე მამაკაცებს ხელი შერჩენოდათ მომხიბვლელი ქალების წელზე, და მოცეკვავეთაგან გაქვავებისას ვინც ზურგით აღმოჩნდა ვერცხლით მოჭედილ კარისადმი, თავი ღონივრად შემოებრუნებინა და მხარუკუღმა მოწიწებით შესცქეროდა დიდ მარშალს. ვრცელი მარშალი, ედმონდო ბეტანკური კი სტუმრებს ათვალიერებდა - აგერ, მარჯვენა ხელი პოლკოვნიკი სეზარ და მისი მეუღლე, თავად მარშალის დისწული სტელლა, ლამაზი გენერალი და მისი მშვენიერი მეუღლე გუმერსინდა; მსხვილფეხა პირუტყვის მეფე, წესრიგთდამცველთა თავკაცი დონ რიგო, ძალიან დიდი ნახირი ჰყავდა; დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი რამოს, ხნიერთა დასის უხუცესი პორფირიო და მისი ქალიშვილი, დონა ჩაჲო და იმისი ქმარი - ულამაზესი ჭაბუკი რამირეს კისპე, ქვედა კამორადან სწორედ გარეგნობისა გამო ამომზეურებული, ახლო წარსულში ბრჭყალიანი კატით ნოხებზე ნადირობის დიდოსტატი და გამჟღავნების შედეგად მკლავმოკვეთამისჯილი, მაგრამ შეუხედავი დონა ჩაჲოს უსაშველო ხვეწნა-მუდარის წყალობით გამართლებული და ქმრადდასმული, ღირსეული - აწ; მისი განუყოფელი ძმაკაცი, ისიც მშვენიერი გარეგნობისა ჭაბუკი მასიმო, მასიმო, სანტოსი გახსოოვთ?.. გენერალი ხორხე და მისი მეუღლე, მოდიეტე არტიდორა და იმათი ქალიშვილი - მარგიჩა-ცელქი, სავარძლებიდან წამომხტარი და გალურსული კამორელები, ლამაზ-ქალაქელი სერვილიო, გრაგნილით ხელში, ლოყებჩამოკიდებული დიდვაჭარი არტემიო ვასკეს; ქვედაკამორელ ავაზაკთა შორის პირველი - ხილად მოწვეული - თავსულზეხელაღებული რიგობერტო, გადაცმულ ოფიცერთა შეუმჩნეველ რკალში; გასაიდუმლოებული დიდი გამომგონებელი რემიხიო დასა ვაჭრის ტანსაცმლითა და ნაღვლიანად უტყვი თვალებით, პირგამშრალი, როგორც ყოველთვის ახლაც წვალებით იყლაპებოდა ნერწყვს; ანისეტოს, მასიმოს, და მისთანანის - აუარება ამკრეფ მოხელეთა მთავარ შემმოწმებლად აღზევებული ყოფილი ჯიბის ქურდი პედრო კარდენასი, რატომღაც საოცრად მოკლეთითება და ნაზი; დიდგვაროვანი არისტოკრატი გერმოგენ კარრასკო და თავისი საქმის უბადლო ოსტატი, მარშალის გასაიდუმლოებული მექისე ალფრედო ევია; წვრილ-კოკლოზინაყელიანი კარის ლირიული ტენორი ეზეკიელ ლუნა; მთავარი პროკურორი, პირშიმთქმელი ნოელ; ცოცხალი სათამაშო, ფერკმრთალი მგზავრი დომენიკო და მიჩინიო, ჭრილით-ჭრილამდე ნაცრისფერთვალება, მბჟუტავი ნაღვერდალით ამაყ გამოხედვაში, საზარელი მიჩინიო, ვისაც თავად კადიმაც კი ჰყავდა ერთხელ დაჭრილი. მაგრამ აპატიეს - საჭირო კამორელი იყო; მთელ სამფენოვან ქალაქში სიკეთითა და უშუალობით ცნობილი ოთო-ექიმი, მაგრამ არავინ ღიზიანდებოდა - ექიმი გახლდათ, მთელი კამორა უჩვეულო ალერსით ოთო-ბიძიას ეძახდა, ხანდაზმულნიც კი. წყლიან თვალებში იმედიანად შესცქეროდა მგზავრი, ეს რა იხილა, კეთილი სახე - ალექსანდროს ძმა? თავმდაბლობის დასადასტურებლად მოწვეული წვრილმანი გამომვლენი - ჩიჩიო და ჭეშმარიტი გამომვლენი, ბავშვობიდანვე ყრუ-მუნჯად შერაცხილი აბსოლუტურსმენიანი ესტებან პეპე; ნამოწმ-ერთგული მსახურები და ზემოთ, ქანდარაში ბარტყივით ჩამჯდარი სასულე ინსტრუმენტთა ყოჩაღი ორკესტრი და მარშალისაკენ შემობრუნებული, ხელებშემართული, გასუსულ მუსიკოსთა მცირე განმგებელი; და მხოლოდ ერთი - პირქუში კაცი, სავარძელში ისევ არხეინად მჯდარი, ჰოიი, თავხედი - ქედმოუხრელი გრეგ რიკიო და დიდმა მარშალმა ქანდარისაკენ ოდნავ აიქნია თითი - მაესტრინო, გთხოვთ... - და კვლავ გაისმა შეწყვეტილი მუსიკა, მდიდრულ დარბაზში დატრიალდნენ წყვილები და ჭრელ კაბათა მცირედმა სიომ აუარება ფერადი სანთლის მოქნილი ალი აატორტმანა, და ხან სად, ხან სად, და ხანაც აჰ, სად გაიჟრიალებდა ეპოლეტებზე, ალმასისა თუ თვალ-მარგალიტის ბეჭედ-საყურეებზე ციმციმა სხივი. და ყოველივე ხომ უთვალავჯერ მეორდებოდა - კედლებიან-იატაკით-ჭერამდე სარკეებიანი დარბაზი გახლდათ. - ბრიყვებო, ძმებო! - ბრბოს მოუხმობდა თმაწვერაბურდული მენდეს მასიელი, კასრიდან კასრზე გადადიოდა, და მიწა-მიწად მიჰყვებოდა ჯერ ორი მწყემსი - გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლჲოსა, სხვები უძრავად, თავშემართულნი იდგნენ, - დიდი ხნის წინათ, უგუნურებო, ასურეთის ფხვიერ მიწაზე კერპი მოლოქე ამოიზარდა, ყური დამიგდეთ! - ჯერ კაცი იყო, სპილენძად იქცა... ღვინო იყო თუ დამდგარი წყალი, პური იყო თუ გამომშრალი ძნა, სუყველაფრიდან თავის წილს ითხოვდა! კაცი იყო, და სპილენძად იქცა... ჯერ ხნულში იდგა, კაცი რომ იყო, მერე შეძულდა მოლოქეს მიწა და აღმართ-აღმართ იარა თითქოს, კლდეზე ავიდა, მართლა ავიდა მოლოქე კლდეზე, სინამდვილეში კი დაღმართს ჩაუყვა, ჯოჯოხეთისკენ ჩაცურდა ნელა - კლდის თავზე დადგა! და თქვენისთანა უგუნურები წყალს უზიდავდნენ მხრებით, ურმებით... აჰ, რა წყვილები დატრიალებდნენ, თვალმოჭუტული შესცქეროდა სამფენოვანი მრევლის ნაღებს დიდი მარშალი. და, ბზრიალისას დიდ სწორუპოვარს წამით ვედრებით თუ გაუსწორებდნენ თვალს, დიდი მარშალი რომელიმე აღფრთოვანებულს თითით იხმობდა: „აქ მო...“ მღელვარებისგან მხრების ზედმეტი რხევით, რატომღაც დარდიმანდულად უახლოვდებოდა ერთთავად მომჩვარული დიდვაჭარი არტემიო ვასკეს, „რასა იქმ, ჩემო?“ - ეკითხებოდა დიდი მარშალი. „თქვენის შეწევნით, გმადლობთ, გრანდისსიმოჰალლე... ჭალაში გახლდით, სწორუპოვარო, თქვენს მაღალ თანამეცხედრეს ბეჭედი რომ დაუკარგავს, ის ადგილები მიმოვიარე, გრანდისსიმოჰალლე, და ვინც ეძიებს, მოგეხსენებათ, ჰპოვებს კიდეც და... ეს ხომ არ არის?“ „სწორედ ესაა, არტემიო-ჩემო, მაშინვე ვიცან მისი ალმასი...“ „ანისეტოს, ხომ?“ „ანისეტოს, კი... წადი, იცეკვე“ „რაღა დროს ჩემი... - მორცხვად გაიღიმა არტემიო ვასკესმა და შეეშინდა, - ვისთან მიბრძანებთ, დიდო მარშალო? ოღონდ მიმითითეთ და...“ „არავისთან, ჰალე... წადი, დაჯექი“. და ახლა ლამაზ გენერალს იხმობდა თითით - „სხვა, როგორა ხარ, ჩემო?“ „მოგეხსენებათ, გრანდისსიმოჰალლე, სამხედროთა ცხოვრების მკაცრი, პირუთვნელი წესი... შესვენებისას ჭალაში გახლდით, ჰაერზე გავიარ-გამოვიარე... დავიხედე და, რას ვხედავ, იცით? - თქვენი მაღალი თანამეცხედრის დიდი ბეჭედი ბალახში გდია... ხომ კი ესაა, დიდო მარშალო?“ „ეგ გახლავს, ჩემო, - უთხრა მარშალმა, - სწორედ ის წმინდა მარგალიტია“. „ანისეტოს, ხომ?“ „ანისეტოს, კი, ახლა წადი და დროს ნუ დაკარგავ, ქალბატონი გუმერსინდა მომიკითხე და გენერალი ხორხე გამოაგზავნე ჩემთან“. „როგორ ბრძანდებით, გრანდ...“ „კარგად, კი, ჩემო გენერალო, სხვა, როგორა ხარ, სულ წვრთნა-წვრთნაში თუ...“ თვალში შეხედა. „საღამო იდგა, და ძილისწინა მიყუჩებისას, დაღლილობის ჟამს, ჭალაში გავიარ-გამოვიარე. ყვავილნარს კარგად დავაცქერდი და...“ „ეგებ სხვისია?“ „არა, მარშალო, ამგვარ ბრილიანტს ვინ დაკარგავდა, დედოფლის მეტი...“ „სწორედ ისაა“. „ანისეტოს, ხომ?“ „ანისეტოს კი, მარგიჩა-ცელქი მომიკითხე და, აბა ერთი პორფირიო მიხმე...“ - ჯერ ხნულში იდგა მოლოქე იგი, ისიც სხვასავით ჯერ გლეხი გახლდათ, იმის მეზობელს კი იანე ერქვა - ერთი თქვენსავით ჩვეულებრივი კაცი იყო... მაგრამ მოლოქემ ერთ დაწყევლილ დღეს თვალში შეხედა. საღამო იდგა და ძილისწინა მიყუჩებისას, დაღლილ იანეს სოხანეზე დაგებულ ცხვრის ტყავებისკენ რომ ეზიდებოდა ნამუშევარი, დგომით დაღლილი წვრილი ფეხები, თითქოს ახლახან გამოღვიძებულ მოლოქეს თვალებს წააწყდა, და შეეშინდა! და რადგან ჯერაც არ გაჩენილა ამქვეყნად ისეთი ბზარი, სადმე სხვაგან რაიმე რომ არ გაემაგრებინოს, იმ ყურებისას მოლოქე იგი - გოროზდებოდა, ღონეს იკრეფდა, უმაგრდებოდა წყეული გული, ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და საცოდავი იანე კიდევ - პატარავდებოდა მთლად... ფუჰ, ლაწირაკი, და, უგუნურნო, თქვენ ყველას გგავდათ! „თქვენი მაღალი თანამეცხედრის საუკეთესო ბეჭდის დაკარგვის ხმა რომ დაირხა, სამწუხარო ხმა, გრანდისსიმოჰალლე, სხვა საქმეები რა მოსახსენებელია და, ხნიერთა დასიდან პირდაპირ ჭალაში წაველ, - თქვა პორფირიომ, თავდადრეკილი აჰღიმოდა. - ჩავიჩოქე და ის ყვავილნარი სულ გადავვარცხნე ჩემივ თითებით და უცებ, ნეკზე არ წამომეგო? გრანდისსიმოჰალლე?“ „ძალიან კარგი“. „მსგავსი ფირუზი ჯერ არც მენახა, ანისეტოს, ხომ?“ „ანისეტოს, კი“. „აჰ, რა მძიმე იყო, რა მძიმე, - და პორფირიომ ხუმრობაც სცადა, - კინაღამ ანისეტოს ტომარაც ჩახია...“ „ანისეტოს ტომარას ვერაფერი ჩახევს - მკაცრად თქვა მარშალმა და თვალი გაუყარა თვალში, - თუ არა გჯერა, შენი ბეჭედიც მოიძრე და ჩააყოლე...“ „როგორ არ მჯერა, დიდო მარშალო, და მაგრამ, მაინც, კი ჩავაყოლებ...“ „ძალიან კარგი. აკი ხომ გითხარ, ვერ ჩახევს-მეთქი. რაღაცის თხოვნა გინდოდა წეღან... პორფირიო.“ „რა და, მარშალო, სიძე მყავს ერთი. მოგეხსენებათ, შვილივითაა ისიც და... თუ არ მიწყენთ და...“ „თქვი, ამოშაქრე.“ „ლიცენზიას გთხოვთ, დიდი მარშალო“. „რომელ ნაწილში“. „რაღა თქმა უნდა, შუა ქალაქში, გრანდისსიმოჰალლე: თქვენს უბანს ვინ უგუნური კადრებს აუგს, ქვედა ქალაქში - ვინ გიჟი ავა. არკი მიწყინოთ - ძალიან მთხოვა. მოგეხსენებათ, ახლა იმას არც ჩაცმა-დახურვა აკლია, და არც სასმელ-საჭმელი, მაგრამ ნოხებზე კატით ნადირობა მოენატრა და... როგორც მოგახსენეთ, ვერც გამომითქვამს, მოენატრა და... ნოსტალგიასავითაა ესეც, გრანდისსიმოჰალლე“. „კარგი. სანადირონოხიან მოქალაქეთა სიას მხოლოდ პოლკოვნიკი სეზარ მოგცემს“. „დიდი მადლობა ლიცენზიისთვის, გრანდ...“ „პროკურორს მიხმე“. - საღამოვდებოდა, ძმებო, და ქანცგაწყვეტილ იანეს თავის ქოხამდე რომ მიეღწია, ვახშამი დაწნულ კალათში ედო, მისავათებული, გზადაგზა უნდა შექცეოდა, მაგრამ ახლა, დაშინებულს, მცირე კალათი აღარ ახსოვდა, ისე ეჭირა, იდგა და იჩუტებოდა საბრალო, ბრიყვი, მოლოქემ კი ისე, რომ იანეს თვალთაგან დაჟინებული მზერა არც მოუცილებია, კალათში ჩაუძვრინა ხელი, მაჯამდე ჩაყო და, მოაფათურა, ცივად მოხარშულ რაღაც პირუტყვის გულ-ღვიძლს წააწყდა, ამოიღო, და, ერთხელაც არ დაუხამხამებია - უმზერდა ისევ - იანეს ვახშამს ასე შეექცა, დიდი და ფართო კბილები ჰქონდა... ეს გულ-ღვიძლი კი უცნაური ხორცია, ძმებო - მუქად მომწვანო, სიშავემდეც კი დაბურული მწვანე, და თანაც ხაომოკიდებული - შედედებული სისხლი... იღეჭებოდა მძლავრად მოლოქე, შემცბარ იანეს - მკერდქვეშ, მუცელში რაღაც სტკიოდა. „პირდაპირ გეტყვით, - ეუბნებოდა მარშალ ბეტანკურს მთავარი პროკურორი - პირში მთქმელი ნოელ, - მაღალია თანამეცხედრე თქვენი და მისი ბეჭდის დაკარგვის სიგნალი რომ შემოვიდა, მაშინვე ჭალას გავეშურე და თითებს ყვავილნარი გავაჩხრეკინე საგულდაგულოდ, და თუმცა ძალიან ბევრი ძიება ჩავატარე, მაინც ვიპოვე, გრანდისსიმოჰალლე, ხომ კი ესაა?“ „ეგაა, ნოელ. აბა მაჩვენე...“ „ხომ მშვენიერი ლალია, გრანდისსიმოჰალლე?“ „მართლა კარგია, ყოჩაღ შენ, ნოელ... ანისეტოს, კი... იმ ყმაწვილს მიხმე“. და მორიდებულად, ფეხისწვერებზე მომავალმა კარის ტენორმა უცებ ზურგს უკან სიმძიმე იგრძნო, გახევდა, გაშრა, მარშალიც შენიღბული დაკვირვებით, ცალთვალმოჭუტული იმზირებოდა მის მიღმა - ხუთივე გადაცმული ოფიცერი კეფას იფხანდა, ასე უფრო უპრიანი იყო - რადგან ქვედა კამორის პირველმა თავზეხელაღებულმა, რიგობერტომ, ჯიბეში ჩაიცურა დაძარღვული ხელი და რაიმე რომ დაეპირებინა, ოფიცრებს ხელის აქნევა აღარ დასჭირდებოდათ, ქვედა კამორელისკენ ეგრევე გააფრენდნენ სახელოში შემალულ დანას. თავ-თავიანთი ქალბატონები ცეკვა-ცეკვით და კეფის ფხანით განზე გაიყვანეს, დიდი მარშალი და რიგობერტო ერთ სწორ ხაზზე ნამდვილად რომ არ აღმოჩენილიყვნენ, ცალმხარაზიდულმა რიგობერტომ კი ჯიბიდან მხოლოდ აბრეშუმის ცხვირსახოცი ამოაძვრინა, ენძელებმოხატული, ნაზი, წარბზე მოისვა, ჯიბეში ჩააბრუნა, ისევ ამოიღო ცარიელა ხელი და გადაცმულმა ოფიცრებმაც ორივე ხელი შემოხვიეს თავიანთ ქალბატონებს წელზე, დიდ მარშალს მოჭუტული თვალი მშვიდად გაუფართოვდა და ადგილზე გაქვავებულ კარის ტენორსაც გულზე მოეშვა დიდი მარშლისკენ ფრთხილად, ფეხისწვერებზე შემდგარი გაეშურა, თანაც ფაქიზად ჩაახველა, ოდნავ ჩაიწმინდა ბროლისა ყელი. - და გაძღა, გაძღა, ზედმეტად გაძღა მოლოქე იგი, მკლავებში ძალა ჩაებუდა, პირში - სიმყრალე, და მეორე დღეს ვეღარ იკმარა იანეს ხორცი. და ახლა სხვისას წაეპოტინა, ღონიერისას უფრო, რადგან მოლოქეს ახლა სხვა ძალაც ეგულებოდა - ბეჩავ იანეს თვალებიდან რომ ამოუწოვა, ის... ქვეყნად არარა არ იკარგება, ოღონდ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე და, ძმებო, იანეს დონეც შემოიმატა ბინძურ სხეულში მოლოქემ, მომავალმა კერპმა, და სხვაც დაჩაგრა. ისინი, ბრიყვნო, ცალ-ცალკე იყვნენ, თავის ოჯახში, თავიანთ შემოღობილში, თავ-თავიანთ სოროში, სწორედ თქვენსავით - და რარიგ კოხტად ცხენს აჭენებდეთ, მაინც სოროში დაბობღავთ, ძმებო!.. მერე შეძულდა მოლოქეს მიწა, მიწაზე დგომა, და მიწის სუნი, ამყრალებული კლდისაკენ წავიდა, მაღლა დადგომა მოუნდა, ოხერს, თავისი ჭკუით კლდეს აუყვა, და, და ვინ ბრიყვმა დასძინა ნეტავ პირველად რომ ქვეყნად სწორედ იმდენი დაღმართია, რამდენიც აღმართი - არა, აღმართი ცოტაა, ძმებო! დაღმართი - ბევრი... „ყვა-ავილეების ქვეყანაა, ჩოოქ-ვით შეემოვიააარეეე, - ალერსიანად უმღერდა მარშალს წვრილკოკლოზინაყელიანი კარის ლირიული ტენორი ეზეკიელ ლუნა, - იის ბეჭედი ვიიპოვე დაა, ხოომ არ დაავიგვიაანეე...“ „არა, ჩემო ეზეკიელ, არ დაგიგვიანია, არა, - მცირე ალერსი გაირია მარშალმა ხმაში, - აბა მაჩვენე ერთი, - როგორი...“ - და უცებ აღფრთოვანებისგან გაშრა, გახევდა, სარკეებიანი დარბაზის შორეულ კუთხეს მიაპყრო თვალი - ყველა სტუმარი მოწიწებით, სასოებისგან თავჩაქინდრული იდგა, გოროზად ამპარტავანი გრეგ რიკიოც კი - აჰ, რა ლამაზად, რა დიდებულად მოაბიჯებდა თავად მარშალის თანამეცხედრე, მაღალი ქალბატონი მერსედეს ბოსტონი! - კლდის თავზე შედგა მოლოქე იგი, მრისხანებით დაჰყურებდა მობუზულ სოფელს. უზომოდ გამძღარს, და სიამაყით გამომტყვრალს, ოხერს, დიდი თვალები გადმოეკარკლა, და ღონივრად სუნთქავდა, ნიავს მიჰქონდა მძიმე სიმყრალე, ძმებო და სოფლად ჰფენდა - არა, არარა არ იკარგება! და თქვენისთანა იანეები წილს უზიდავდნენ მხრებით, ურმებით, ვისაც რა ჰქონდა - ღრუბლებში იდგა მოლოქე იგი, თვალებში ცეცხლი უელავდა და, რადგან არარა არ იკარგება, და ნიავის გზას ვინ გამოიცნობს, დიდრონ-დიდრონი ქალაქებიც გაშენდა ქვეყნად - რომი, ბაბილონი... მაღალი ქალბატონი, მერსედეს ბოსტონი, სარკეებიან დარბაზში მოაბიჯებდა. შორეულ კედელს წამით ბურღავდა ელვარე სხივი, უუძვირფასეს საყურე-ქამარ-დიადემა-ყელსაბამ-სამაჯურ-ბეჭდებიდან ირიბად გამოსხლეტილი, ოჰ, რა ბრწყინვალედ - აჰ, რა გოროზად აბრწყინებული მოდიოდა სტუმრებიან დარბაზში დიადი მარშლის თანამეცხედრე, კაშკაშა სხივებით ერთიანად აჟივჟივებული, უშველებელი ქალი კი იყო, მაგრამ საოცრად სწორად ასხმული, როგორი მკვრივი, დიდი და მძიმე, მაინც მსუბუქად, შემპარავად მოაბიჯებდა, მუშტისოდენა ყავისფერ თვალებს ავად, კეკლუცად აელვარებდა, მაინც რა იყო, რაღანაირად არ ეცვლებოდა სახე, ყველას შეავლო ელამი მზერა, და რაღაცებს თუ ფიქრობდა გულში - სახე ხან ავად ეჭმუხნებოდა, ცბიერად ჩაეღიმებოდა მერე, კოპებს შეჰყრიდა. იბუტებოდა თითქოს, გაეხსნებოდა შუბლი, თვალმოჭუტული, რაღაც მზაკვრულს ჩაიფიქრებდა, მერე მრისხანედ ააბრიალებდა ფართოდ დახელილ, ბრჭყვიალა თვალებს. ყველას რაღაცას ჰპირდებოდა, სიხარულსა თუ ძაძას, და უხილავ სამკაულად მისდევდა უცხო სუნამოთა გამჭვირვალე მოსქო ღრუბელი, მოდიოდა და აღფრთოვანებულ სტელლას არც კი შეხედა, მაგრამ ჩავლისას ფაფუკ ლოყაზე ნაზად მოუთათუნა ფირუზისფერი გრილი ტორი და ორად გაპობილ სამფენოვანი ქალაქის ნაღებს ისე გამოსცდა, წამითაც არ შეჩერებულა, ის ერთადერთი მოძრაობდა იმოდენა გაშეშებულ ხალხში და, რა იყო მაინც, რამოდენა იყო - პირდაფჩენილი შესცქეროდა გამჭვირვალე კაბაში ღონივრად გამოკვართულ უზარმაზარ, ჩამოქნილ ბარძაყებს ყრუმუნჯად შერაცხილი გამომვლენი ესტებან პეპე და სამაგიეროდ იგივ ბარძაყებს გასაიდუმლოებული დიდი გამომგონებელი რემიხიო დასა - პირმოკუმული მისჩერებოდა და დროდადრო წვალებით ყლაპავდა მოძალებულ ნერწყვს; ამობურცულ, ჩაკირულ თეძოებს უმზერდა ქვედაკამორელი პირველი თავზეხელაღებული რიგობერტო და ქვედა ტუჩი კბილებშუა გამოემწყვდია, ღრმად ამოეჭრა ძალიან კაბა და ამოთქვირული მკერდი მოუჩანდა, ისეთი თეთრი, შეგცივდებოდა კიდეც და ბუსუსებდაყრილი უმზერდა დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი რამოს, შიშველ, ღონიერ, ვერცხლისფერ მკლავებს ოდნავ არხევდა, ორ-ორ მოწიფულ ვაჟკაცს ამოიდებდა იღლიაში, რამე ყოფილიყო... დიდი ზურმუხტი შუბლზე ეკიდა, რატომღაც წითლად შეეღება ყელი და ყვითელი თმა ზვინად აეხოხოლავებინა თავზე, მთლად აიწურა ტანში კადიმა, მარშალს ეახლა თანამეცხედრე, ტუჩები მწვანედ მოეხატა, პირში უცქერდა დიდი მარშალი, იმან კი ოდნავ გაუღიმა, კბილთა სითეთრემ გამოუპო ბაგე, დაიხარა, მარშალს ზედ ყურთან მიუტანა პირი და ეზეკიელ ლუნა საჩქაროდ რომ გაღოღდა განზე, ხმადაბლა ჰკითხა: „ვინმეს რაიმე არ უთხოვია?“ „მერსედეს კი, - უთხრა მარშალმა, აწრიალებული ჩანდა, - პორფირიომ ერთადერთი სიძისთვის ნოხზე ნადირობის ნებართვა მთხოვა“. „მერე, მიეცი?“ - ისევე ჩააორთქლა დიდ მარშალს ყურში. „მერსედეს, კი“. აქ მერსედეს ბოსტონი ამაყად გაიმართა, მარშალ ედმონდო ბეტანკურს სახეზე დამცინავად მოუცურა ელამი მზერა და უთხრა: „კიდევ კარგი რომ, ქალად არ გაჩნდი, უარს ვერავის ეტყოდი, დავსხდეთ“. - დიდრონ-დიდრონი ქალაქები გაშენდა ქვეყნად - რომი, ბაბილონი, პომპეა და რიო დე ჟანეირო, და ქალაქებში ისე ცხოვრობდა ახალი ხალხი, უკეთ ცხოვრებას რომ ეძახიან რატომღაც, ძმებო, ხოლო ქალაქში, კოხტად მოკირწყლულ ქუჩაბანდებში ჯეჯილი რომ ვერ ათავთავდება, - მოგეხსენებათ; და პურის გარდა, სხვა რამ, კოპწია ნივთებიც სურდათ, მეზობლისაზე უკეთესი, და ქალაქების გაშენებამდე მტაცებლებმა და გაუმაძღრებმა, მოლოქეს სუნით მოწამლულებმა, კლდეზე იპოვეს მიხრწნილი კერპი. კლდეზე აფოფხდნენ, და რომ ყოველთვის მცველად ჰყოლოდათ, მიხრწნილი ლეში წამოაყენეს, სპილენძით კარგად მოჭედეს, საგულდაგულოდ აპრიალებდნენ, და აბრჭყვიალდა მოლოქე მზეზე, და ხელოვნური, ბროლის თვალებით სადღაცას კუშტად იმზირებოდა, კაცი იყო და - სპილენძად იქცა, მისი ხალხი კი დაბლობისაკენ ჩამობობღდა, მრავალ იანეს - ქალაქები აშენებინეს, მოტყუებით და მუქარით, ძმებო, ენაც - დაიტკბეს და ოთხი ბრიყვი იანეთი მეხუთეს - ჭკვიანს, სიკვდილით სჯიდნენ, და თქვენგნით ძალა ემატებოდათ, და მოლოქესგან აყოლილი ბინძური სუნი რომ მიეჩქმალათ, სუნამოებს ისხამდნენ თავზე, კოხტა ეტლებით დასეირნობდნენ, გაივსეს სახლი, და ამის ღირსნი რომ ყოფილიყვნენ - იანეების დაბინდულ თვალში - სუყველამ თავ-თავისი ზღაპარი შეთხზა, და მოუკირწყლავ, ვრცელ მიწაზე დარჩენილებს შორიდან კოხტად ანუგეშებდნენ, სწორედ თქვენსავით უგუნურთ, ძმებო, და კერპი პრიალისგან რომ გაცვდა, მერე ბრინჯაოდ ჩამოასხეს - უფრო დამძიმდა... ერთ მოლოქეთა იანეები მეორეების იანეებს ებრძოდნენ ხანდახან, ძმებო, და ქალაქებში მძლავრად იქნევდნენ მჭედლები უროს, იანეთათვის ნამგლებსა და ხმლებს სჭედდნენ, ისინიც კარგა გვარიანად იღლებოდნენ და საღამოობით - ზღაპრებს ისმენდნენ და თქვენც, ბრიყვებო, დიდი ხნის უკან დღევანდელივით წელში წყდებოდით, ხანდახან ცხენსაც აჭენებდით, ხომ? - ნამდვილად დიდი შეღავათია... მოლოქეები გითხზავდნენ ზღაპრებს, და მხარ-თეძოზე წამოწოლილებს, ანდა - გაჯგიმულებს საბრძოლო ეტლში, ახალ-ახალი მუზა იპყრობდათ - წინა მუზაზე უფრო მოქნილი, და შეფერილი ჰაერთან გველი; ძვირფას-ძვირფასი ლარნაკებითა და თასებით გაივსეს სახლი, ვერცხლით მოჭედეს ბედაურები, და მოლოქესაც ვერცხლის სამოსი გადააცვეს, როგორ ბზინავდა... თქვენ, წელში გამწყდართ, რაღაც-რაღაცის უფლება მაინც მოგენიჭათ, მხოლოდ იმისათვის, უგუნური თავი რომ გაგეტანათ, და რამდენიმე შვებაც, ბრიყვებო, ზეიმად მოგცეს: მცირე ქორწილი და ქორწინება, რომ არ გადაშენებულიყავით და ვრცელ ღამეებში ჩახუტებულებს, თქვენ სიყვარული გეგონათ. ძმებო, მცირეოდენი თამაშობანი - იმ სიმკვირცხლისთვის, მუშაობა რომ შეგეძლოთ, და თქვენ, ბეჩავნი, სილაღედ თვლიდით, ბედნიერადაც რომ ჩაგეთვალათ უტვინო თავი, ცეკვა-სიმღერაც არ აუკრძალავთ და თქვენი ყოფის სამადლობელი ყალბი სიმღერის შეთხზვისათვის - ო, გარეწარნო - თქვენთვის თავზეც კი გადაუსვამთ ვარდისა წყალში განბანილი ბინძური ხელი, აჰ, როგორ თრთოდით, იანეს სული გიკაწკაწებდათ, და მოლოქესკენ ნაბიჯი წარსდგით, შინ კი, თაროზე, შემოგემატათ ერთი ქოთანი... და, უგუნურნო, ბუნიობისას მთვარის მოქცევას, ანდა ახალ წელს როცა ზეიმობთ, არავინ იცით, თქვენთვის მუდამ რომ ძველი წელია და უფრო მეტიც - ის დაწყევლილი იანეს ბინდი, იგივ საღამო... მაგრამ, გამხნევდით, ძმებო - ვინც გამომყვება, ნამდვილ, დიდებულ, დიდ ქალაქს ნახავს... შენ რაღა გქვია? - მე... - რა გქვია! - როხას. - თავს რითი ირჩენ? - მწყემსი ვარ, ვაკეირო. - დიდი ფარა გყავს? - საშუალოდ, ისე. - ვისა მსახურობ? აქ კი როხასმა თავი ჩაღუნა, ხმადაბლა უთხრა: - კამორელ სერჟანტს. - გარეწარი ხარ, შენ რაღა გქვია. „ნუ გამიწყრები, რაა, მერსედეს, - ეუბნებოდა ვრცელი მარშალი, დიდ მუხლზე ნაზად ეფერებოდა, - სამაგიეროდ, შვიდი ბეჭედი მოვაცემინე“, „ბეჭედი, თორემ... არ გამაკვირვო, დაუკარ სტელლა, კარგები თუა, აჰ, რიგობერტოც მოგიყვანია? შენი არ იყოს, მასაც ვუყვარვარ, გერმოგენ, გმადლობ... შენც ჭალაში, ხომ? ძალიან კარგი, ანისეტოს, კი“. დიდი მარშალი, აფორიაქებული ედმონდო ბეტანკური მერსედესისთვის შემონახულ მახინჯებს თითით იხმობდა - თვალსაჩინოებისათვის, ჰალე - „მოგვიახლოვდი, პედრო კარდენას... სწორედ ისაა, კი... ანისეტოს, ჰო, ერთი დონ რიგოს ჩემკენ ანიშნე...“ ჯუჯა უმბერტო წინ დაიყენა, მეორედ იხმო სტუმართაგან ყველაზე მეტად შეუხედავი - დიდ-ვაჭარი არტემიო ვასკეს, მაგრამ მობეზრდა მერსედეს ბოსტონს მაიმახები, დარბაზს მოავლო ელამი მზერა, ავი ღიმილით შეათვალიერა ლამაზი გენერალი, მასიმო, რამირეს კისპე, და უცებ ელამი თვალები გაუსწორდა, დაკვირვებით მიაჩერდა ვიღაცას: „აის, ვინაა?..“ „რომელი, სულო...“ - ნაზად დაეკითხა დიდი მარშალი. „აის, ფერმკრთალი, ხელტომრიანი...“ „აჰ, ეგ სეზარის სათამაშოა“. „ერთი აქ მიხმე“. - მე... აველინო. - ვისა ჰმსახურებ? - პედრო კარდენასს. - სადაურია? - კამორელია. - ნაძირალა ხარ. მერე, რას იღებ? - დადგენილ ჯილდოს - ნამატის მეოთხედი ჩემია, კონსელეირო. - ჯილდოს ეძახის... - ტუჩზე იკბინა მენდეს მასიელმა, და დაეკითხა: - რამე სახადმა რომ იმსხვერპლოს ძროხა? - ეგ არ ითვლება. - შარი რომ მოგდოს - მოიპარეო? - ეგ არ მომხდარა-ვაკეიროთა პატიოსნება ეჭვმიუტანელია, კონსელეირო. - გესმით, ბრიყვებო! - იქუხა უცებ მენდეს მასიელმა, ბარძაყზე ღონივრად დაირტყა გაძვალტყავებული, დაგრეხილი, ღონიერი ხელი, - ახალი ჯურის არამზადებიც მომრავლდით ქვეყნად, იანეობამ რა გიყოთ, ხედავთ? - პატიოსანი არამზადებიც მომრავლდით ქვეყნად! - კონსელეირო... - ხმა ჩაიწყვიტე! იცოდეთ, ბრიყვნო, იცოდეთ, ძმებო, მოლოქეცა და მხდალი იანეც - ორთავე ერთად დამნაშავეა, და თუმც მოლოქე - უფრო, ეგ ვერაფერი შეღავათია, რადგან სიმხდალე და უტვინობა - თქვენ გემატებათ. შენ რაღა... - და უცებ შეცბა მენდეს მასიელი, ორ მეტისმეტად მოხდენილ ვაკეიროს შეაშტერდა, და, ვეღარ მოსწყვიტა მრისხანე მზერა, მერე რისხვაში რაღაც გაებზარა და, მაინც ფარული აღტაცებით ათვალიერებდა ორ მოხდენილ მწყემსს, გვერდიგვერდ რომ იდგნენ, ერთი - უფრო მაღალი, დაბერილყვრიმალებიანი, აჰ, შემართული, მოსხლეტილი ისე, უფრო მოსწონდა, ხმადაბლა უთხრა: - შენ რომელი ხარ. - ზე მორეირა. „ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი... - ჰკითხა მერსედეს ბოსტონმა და პირში შეაცქერდა, - რა გქვია, ბიჭი...“ „მე... დომენიკო“. კაარგი ბიჭია, ძაალიან კარგი, - თქვა მერსედეს ბოსტონმა, ახლა ხელებში მისჩერებოდა, - მძიმე ტომარა ხომ არაა, პატარავ, ბიჭი?“ „არა, არც ისე“, „სრული პასუხი“. „მაღალო ქალბატონო...“ - ასჩურჩულა ჯუჯა უმბერტომ. „არა, არც ისე, მაღალო ქალბატონო...“ „ძაალიან კარგი, ერთი ჩემი ტომარა მომეც ანისეტო, მთაში ირემი აყვირდა, ბღავილი უფრო იყო, შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა დომენიკო, საიდან მოსულხარ, ბიჭი?“ „მაღალ სოფლიდან...“ „მაღალო ქალბატონო!“ - ბრაზიანად შეუსისინა ჯუჯამ და დომენიკომაც გამოასწორა, - „ზემო სოფლიდან, მაღალო ქალბატონო“. „შენისთანები გვინახია, - თვალები ისევ გაუელამდა მერსედეს ბოსტონს, მუხლებზე დადებულ თავის ტომარაში ხელს ჩაჰყოფდა, თავგადაწეული, თითებს მოაფათურებდა შიგ, რომელიმე ბეჭედს თვალდახუჭული, მხოლოდ შეხებით ამოარჩევდა, მწვანედ მოხატულ პირთან მიჰქონდა, ძვირფას თვალს კბილებს მსუბუქად დააჭერდა და ამოაგდებდა, აკნატუნებდა, სწორად გამომზირალი თვალებით შესცქეროდა მგზავრს, დომენიკოს, ნაფშხვენს მსუბუქად ყლაპავდა მერე, უუძვირფასთვლო ბეჭედს არხეინად ისევ ტომარაში აგდებდა და, თვალებგაელამებული, ახალ ძვირფას თვალს ეძებდა ისევ, - შენს ტომარაში რაღაა, ბიჭი?“ „დრაჰკანებია, მაღალო ქალბატონო“. - დიდი ჯოგი გყავს, ზე? - კი. - ვისა მსახურობ. - პოლკოვნიკ სეზარს. და მენდეს მასიელმა ისევ მოითოკა აღტაცება, ათვალწუნებით შეაცქერდა, ხმადაბლა უთხრა: - შენ ლაჩარი ხარ, ზე. დიდ მწყემსს, ზეს უთხრა. ყოველ სერტანელს სილა გააწნეს და დიდ ვაკეიროს - ზეს, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მეტად აეწვა ორთავე ლოყა. თითები რისხვით მოემუშტა და თითქოს გადადგა მცირე ნაბიჯი, მაგრამ მის მხარდამხარ მდგარი მწყემსი თამამად გამოვიდა წინ და თვალებანთებულ მენდეს მასიელს თამამადვე უთხრა: - ზე ლაჩარი არ გახლავს, კონსელეირო. - შენ რაღა გქვია? - მანუელო კოსტა. იმასაც რისხვით შენიღბული მოწონებით უმზერდა, ვის თვალს არ გაახარებდა მხიარული მწყემსი. - საიდან იცი! - ზე მორეირას, კონსელეირო, გაავებული ხარის დამორჩილება ცალი ხელით ძალუძს და თუკი სერტანაში კამეჩი გაცოფდება, სხვა ვინ შებედავს, პირველ ვაკეიროდ აღიარებულის გარდა. გულის სიღრმეში ნასიამოვნებმა მენდეს მასიელმა მაინც აგდებით შეანათა დიდ მწყემსს თვალები, და დაიგრგვინა: - ხედავთ? ხომ ხედავთ! - უმამაცესი ლაჩრებიც კი მომრავლდით ქვეყნად, იანეობამ რა გიყოთ, ხედავთ? კონსელეიროსკენ მრისხანედ მიაბიჯებდა თავშემართული, ბრაზით აცახცახებული ზე, მაჩეტე მაგრად ჩაებღუჯა, რა ტარი ჰქონდა მაინც, როგორ უძლებდა, და კონსელეიროს ძალიან რომ მიუახლოვდა, მაღლა, კასრზე მდგარს, მძიმედ ახედა და ნახტომისათვის მოემზადა, მაგრამ მენდეს მასიელი ოდნავადაც არ შემკრთალა, პირიქით, მისკენ დაიხარა, თვალში ჯიუტად ჩააცქერდა და ვაკეიროთა წინ მდგარ ზე მორეირას რაღაცნაირად ზურგზეც შეეტყო, სახე რომ გაებზარა, კონსელეირომ კი ძაან ხმადაბლა, მოწყენით ჰკითხა: - შენ თავისუფალი ხარ, ზე? - არა. „დრაჰკანებიო, პატარა ბიჭი?“ - დაეკითხა მერსედეს ბოსტონი, მკლავში ჩაავლო რკინის თითები, მიიზიდა და მუხლზე დაისვა, რატომღაც განზე იქცია პირი, ძვირფას თვლებს ისევ აკნატუნებდა, „რა, ფული გქონდა?“ „დიახ, მაღალო ქალბატონო“, - ძლივას მიუგო დამორცხვებულმა დომენიკომ, უცხო სუნამოთა გამაბრუებელი ეშხი ძალუმად სცემდა. „რამდენი, ბიჭი?“ „ექვსი ათასი დრაჰკანი, მაღალო ქალბატონო“. აქ მერსედეს ბოსტონმა თავი მოაბრუნა, გაელამებული მზერით აათვალიერა მუხლზე დასკუპებული მგზავრი, წვრილი, მოქნილი, ენისწვერით აიღო ქვედა ტუჩიდან მანამდე შეუმჩნეველი, შეღებილ სიმწვანესთან შეხამებული დიდი ზურმუხტი, ძალიან მსხვილი ბაგეები გემრიელად მომუწა, თვალი მილულა და დაფშხვნილი ზურმუხტის სუსტი ხრაშუნი მოესმა დომენიკოს, გააზრიალა, მერსედეს ბოსტონმა კი ისევ გაახილა თვალი, კეფაზე შემოაჭდო მოქნილი მარწუხები, ძალიან ახლოს მიიზიდა ფერმკრთალი სახე და შიგ ტუჩებში საზარელი ალერსით უთხრა: „ჩემი ძუძუ გიწოვია“. სიმყრალე ეცა მგზავრს, დომენიკოს, მიხრწნილი სუნი და, კიდევ კარგი, მაღალ ქალბატონს ერთი ხელის მკვეთრი მტევანი მის კეფაზე რომ შემოეჭდო, მეორე ხელის ავი თითები კი იდაყვში ჩაფრენოდა; თორემ მუხლიდან გადმოვარდებოდა, იატაკზე დაეცემოდა საბრალო მგზავრი, თუმც, დაცემაც კი ამაღლებას დაემსგავსებოდა, ოღონდ ის სუნი, ის საზარელი უცხო სიმყრალე რომ აღარ ეგრძნო, „მაშ, სოფლელი ხარ, პატარავ, ბიჭი? - თითქოსდა ნაზად დაეკითხა მაღალი ქალბატონი, მერსედეს ბოსტონი, ოღონდაც თითებს ისე უჭერდა, - ნუ გერიდება, აქ ვისაც ხედავ, ყველა სოფლელია და, მეც სოფლელი ვარ, პატარავ, ბიჭი, ძალიან ადრე - ხოსეფა მერქვა“, სუსტად, უმწეოდ ფართქალებდა რკინის მკლავებში მოქცეული საბრალო მგზავრი. ოღონდ ის სუნი, ის სუნი ნუ, ნუ, და მერე, უცებ, შეძრწუნებული მიაჩერდა და ერთბაშად მიხვდა: ნამდვილი არ იყო!!. და სუზზის მიერ ნასწავლ ამაყ მარშს მხნედ და ლამაზად უკრავდა სადღაც დარბაზის სიღრმეში სტელლა. აქ მენდეს მასიელმა თავზე ხელი დაადო დიდ მწყემსს და უთხრა: - ნუ გეწყინება, ზე... ოღონდ იცოდე - ჭეშმარიტად გულადი კაცი რომ გახდე, რაღაცა უფრო ღირებულისთვის უნდა იბრძოდე, ვიდრე ეს გაავებული ხარი თუ გაცოფებული კამეჩია... თავაპყრობილი, დამდუღრული შესცქეროდა პირველი მწყემსი, დიდი ვაკეირო, და როგორც იქნა, ბოლოს გაბედა... „თავისუფლება?“ - მხოლოდ თვალებით იკითხა, მხოლოდ, უტყვად იკითხა ზე მორეირამ, „თავისუფლება?“ - ასე იკითხა თვალებით მხოლოდ, და ენის წვერით ხარბად აილოკა ზედა ტუჩი და შეაცქერდა. - ხო. გახევებულნი იდგნენ მწყემსები, ფრთხილად სუნთქავდნენ. თითქოს მოესმათ ზეს უტყვი კითხვა, ტევადი სულის მორჩილ კუნჭულში იანეები ეხოცებოდათ... ხო... არ იცოდნენ კი, ჯერ ისევ ფრთხილად, მოკლედ სუნთქავდნენ. - აის, ბრეზენტი მომიტანეთ. და ვრცელი ბაზრის ოთხ მაღალ ბოძზე ოთხი ყოჩაღი ვაკეირო ყოჩაღად აძვრა, ყულფები შეხსნეს, ერთდროულად შეუშვეს ხელი და უშველებელი ბრეზენტი სანამ მიწაზე გატყლაშუნდებოდა, თავად ჩამოხტნენ, ეჩქარებოდათ რაღაც... - შემჭიდროვდით და ისე დასხედით. სუყველა დაჯდა, ვიწროდ იყვნენ და ზე მორეირამ ძლივს მოკაკვა გრძელი ფეხები. მენდეს მასიელი კი კასრიდან ჩამოვიდა, ბრეზენტის ბოლო დაითრია, უკან-უკან იხევდა, მიწაზე დამჯდარ, მომლოდინე ვაკეიროებში ასე ჩაიარა და ფართო ბრეზენტი გადააფარა ყველას. მერე თავადაც სიბნელეში შეაბიჯა, შუაში დადგა; ვაკეიროთა თავზე გარდამავალი მცირე, უძრავი ტალღები ამობურცოდა ბრეზენტს. სიჩუმესა და წყვდიადში ისხდნენ და აზიდული ერთადერთი ტალღა - თავდახრილი მენდეს მასიელი, ფსკერისკენ ჩურჩულით ალაპარაკდა: - ყური დამიგდეთ, ჩემებო, ძმებო... „ბიჭი ეძახე, - ნელა წარმოთქვა მარშალმა ბეტანკურმა, დომენიკოს მიაბჯინა მზერა, - და ყველაფერზე ძვირფასი საჩუქარი ამან მოგვართვა“. დრაჰკანებიანი ტომარა! ხელიდან საბოლოოდ ეცლებოდა... „მე მაინც მგონი, სრულად მოგვართვა, კარგი ბიჭი ჩანს“... და გაოგნებული დომენიკოს შემყურემ, მხარუკუღმა გადააგდო: „შენ როგორ ფიქრობ, აა, კადიმა, სრულად მოგვართვა?“ იმას კი ჟრიალი აუყვა ქვედატანიდან ჩაყვითლებულ კბილებამდე, გაიკლაკნა და მერე, შემართული, გაყინული, წინგადახრილი, მგზავრს თვალში ჩააცქერდა, „სრულად, კი, სრულად, - წამოიძახა დომენიკომ, კანკალებდა, და სარკეებში როგორ ციოდა... „ძალიან კარგი, ყოჩაღ, - გაამხნევა ოდნავ ტუჩგაწელილმა, დიდმა მარშალმა, სანაცვლოდ უწყალობა მცირე ღიმილი, ოღონდაც, სხვაგან იყურებოდა - დარბაზის სიღრმეში დაბადებიდან ყრუ-მუნჯად შერაცხილ, აბსოლუტურსმენიან გამომვლენს, ესტებან პეპეს შესცქეროდა, - სულ აღარ დაგრჩა?“ „არა“. „იმ სოფლიდან ხარ?“ „კი“. „რომ არ არსებობს?!“ ესტებან პეპეს ყრუ-მუნჯის გამოთიშული, მიძინებული ნაღველი ამოეტივტივებინა სახეზე, მარჯვნივ ექცია თავი და, მხარმარცხნივ მოკალათებული ლამაზი გენერლის საუბარს ისმენდა, „სუფთად მუშაობს, - გაიფიქრა მარშალმა ბეტანკურმა, - ყოჩაღ...“ და მერე შიშველ ანისეტოს ოდნავ მიუბრუნდა, გააწყვეტინა ასეთი ფიქრი - „წელიწადის ყველაზე კარგი დროა ზაფხული, ზამთარში ცივა“, - და დაეკითხა: „ამას რამდენი ვუწყალობოთ, ჩემო?“ „მე მგონია, რომ, - თქვა აწრიალებულმა ანისეტომ, შეცდომისა დიდად ეშინოდა, - ორმოცდათხუთმეტი დრაჰკანი სავსებით საკმარისი იქნებოდა“. „აბა, რას ამბობ, ანისეტო, - უგულოდ გაიკვირვა დიდმა მარშალმა, - ძალზედ ცოტაა, - და უწყალობა, - სამოცი დრაჰკანი გადაუთვალე“. საბრალო მგზავრი, როგორ გაუხარდა... „მაგრამ ამ თანხით ზედა ქალაქში ვერ გავაჩერებთ, უხერხულია, შუა ქალაქში გავუშვათ უნდა. იქ ვინმეს იცნობ?“ „კი, სკარპიოზოს“. „გრანდისსიმოჰალლე!“ - იუკადრისა ჯუჯა უმბერტომ. „სკარპიოზოს, გრანდისს იმოჰალე“. „ერთი ლ და ერთი ს მაინც დაგაკლოთ, დიდო მარშალო“, - აღშფოთდა ისევ უმბერტო, მაგრამ დიდ მარშალს არაფერი შეუმჩნევია, - „იმასთან - გინდა?“ „არა, გრანდისსიმოჰალლე“. აქ მარშალმა ბეტანკურმა ანისეტოს შეხედა და ისიც მაშინვე ალაპარაკდა: „აბა, სად წახვალ? ამ ქალაქიდან ვეღარ გაგიშვებთ - საკმარისზე მეტი რამ იცი. ვერც გაგასაღებთ - ეგება კიდევ გაგიჩნდეს ფული...“ „ჩემს სტუმართაგან თუ მოგწონს ვინმე? - იკითხა მარშალმა ბეტანკურმა, მუხლებზე თითებს ითამაშებდა, - იმას მიგამაგრებთ“. „დიახ, გრანდისსიმოჰალლე“. „მართლა? რომელი...“ - გაუკვირდა მარშალ ბეტანკურს, წარბი აზიდა. „აი, ის კაცი, სულ მარტო რომ დგას...“ „მართლა? ძალიან კარგი, ძალიან კარგი... მაინც იძახდა თურმე, დამხმარე მესაჭიროებაო. ანისეტო, ოთო-ექიმს გამოელაპარაკე შენებურად ერთი...“ და გაიფიქრა: „კარგია, ყოჩაღ...“ - თქვენი თვალები, ესტებან პეპე, თქვენი თვალები - გაყურსული მიმინო... მაგრამ ლამაზი გენერალი არაფერს ისეთს ჯერ არ იძახდა: „რამდენი ხანია მამიდაჩემი აღარ გვინახავს, ხვალვე ვეწვიოთ, რა, გუმერსინდა...“ თქვენი თვალები, ესტებან პეპე, გაყინული და შიგნი-შიგან კი ფარულად აფრთხიალებული, ნისკარტს ილესდა ავი მიმინო, მაგრამ არ ჩანდა არსაით მსხვერპლი - „აის, ნამცხვარი მივუტანოთ, ნუშის ნაღებით, ძალიან უყვარს...“ „მამიდაშენის ძალიან... - გულჯავრიანად ფიქრობდა პეპე, - თქვი, რაღა რამე...“ მაგრამ გენერალს აქ დეიდაც გაახსენდა და ესტებან პეპე წამოხტა, ცელქ მარგიჩას მოსარკულ იატაკზე დავარდნილი ძვირფასი ცხვირსახოცი მიაწოდა, მუნჯურ თვალებში ცრემლმოწოლილმა, სიხარულისაგან აღტაცებულმა, მადლიერად შეისრუტა მისი ალერსიანი თავის დაკვრა და, გენერალ ხორხეს მიუჯდა გვერდით, ბუნებრივად გადაადგილებული, ახლა სხვა გენერლის გამოვლენას შეუდგა - განზე უგულოდ იქცია პირი; თქვენი თვალები, ესტებან პეპე, მზაკვრულად როგორ შენიღბული, თქვენი თვალები, გრილ ფიტულად გახევებული ცოცხალი, ავი, და მაინც ბრიყვი, ბრიყვი მიმინო. - ჩემებო, ძმებო... - აჩურჩულდა ბრეზენტგადაფარებულ, მოკუნტულ სერტანელებში მდგარი მენდეს მასიელი, როგორ ბნელოდა, - გამომყევით და დიდ ქალაქს ნახავთ... ჯერ არ არსებობს და ჩვენი ხელით უნდა აშენდეს, სხვა ვინ გვიბოძებს სანუკვარ ქალაქს, ჩემებო, ძმებო, შორსაა ჩვენგან დიდი მიწები - რომი, ბაბილონი, პომპეა და რიო დე ჟანეირო, მაგრამ სიმყრალემ აქამომდისაც კი მოაღწია, და გავიჟღინთეთ, თავი დავიხსნათ, ჩემებო, ძმებო, უნდა დავიხსნათ ბეჩავი თავი, იანეებო, მე გამომყევით... და თუმცა ბრძოლას არვის ავუტეხთ, და წესით თითქოს ამის ნებაც გვაქვს - განრიდებისა, - მაინც იცოდეთ, თავდასასხმელად აგვიხირდებიან, და შარს მოგვდებენ რაღაცას, რასმე, - ბრძოლა მოგველის... ისიც იცოდეთ, რომ დავმარცხდებით, მაგრამ სილაღეს იგემებთ, ძმებო - თავისუფლებას გაჩვენებთ, რაა. ოღონდ, დროებით, იცოდეთ ესეც, და ნუ შეკრთებით, რადგან ისედაც დროებითა ვართ, აქ, ამ მიწაზე... და სიკვდილისაც ნუ გეშინიათ, ნურც - არყოფნისა, ნუ გგონიათ, რომ უცხო ხილია - დაბადებამდეც, ხომ არ ვიყავით... რა არ მომხდარა ჩვენს გაჩენამდე, დიდრონ ქალაქებს იღებდნენ ერთნი და მეორენი - თაყვანსა სცემდნენ... ბნელში ტიროდა პატარა ბიჭი... ზღვის პირას გრძელ ნავს უცდიდა ქალი... ვიღაცეები - ვიღაცეებს კლავდნენ... ხომ არ გტკენიათ? და მერეც, მერე, სიკვდილის შემდეგ, თქვენს მოქნილ სხეულს აღარაფერი არ ეტკინება, და გაჩენამდეც გაყუჩებულებს - მინდვრად, ბალახსა თუ გრილ ნაყოფში, მერედაც ასე დაგებედებათ - და განწირული თქვენი სხეული, სიკვდილის შემდეგ - კვლავ სიგრილეში იყუჩებს მშვიდად, და, ოთხ ფიცარში გახევება-მისჯილებს, ძმებო, აქ, სიცოცხლეში, თვალახელილებს, გულაძგერებულთ, ნუთუ სიცოცხლე, ანუ ტკივილი, არ გენატრებათ, ნუთუ არ გსურთ თავისუფლება - სილამაზეში დაბადებულებს... უგნურნო, ბრიყვნო, სულ ერთადერთხელ გაჩნდეს ქვეყნად ადამიანი და ისიც - სხვისთვის? - გამოეთრიეთ ყველანი გარეთ! - და ისევ ჩუმი, შემპარავი ჩურჩულითა თქვა: - ჩემებო, ძმებო, მიმოიხედეთ... კონსელეირო უკვე მზის გულზე ამაყად იდგა, ბრეზენტიდან მოხოხავდნენ სერტანელები, წყვდიადს შეჩვეული თვალები ღონიერ შუქზე ეხუჭებოდათ, და, წამომდგარნი, დაბნეულნი, აფორიაქებულნი, პირველაღმომჩენის სიგოროზეგარეული გაკვირვებით შესცქეროდნენ მთებსა და ღრუბლებს... რა - რა ყოფილა და - რა ეგონათ... „ეს ყველაფერი, კონსელეირო, ნუთუ ჩვენია...“ - რიდით იკითხა გრეგორიო პაჩეკომ და ძლივს მოსწყვიტა მაღალ მთას თვალი. „შენია, თქვენი, - უთხრა მენდეს მასიელმა, შავ სამოსს ქარი უფრიალებდა, სხვაგან არ ჰქროდა მცირედი სიოც, - თუ მოინდომებთ...“ „კი, როგორ არა... - წამოიძახა შეშფოთებულმა სენობიო ლჲოსამ, - მაგრამ ამისთვის საჭირო რაა...“ - მე გამომყევით. - მე თუ წამიყვანთ... - მაშინვე მორცხვად თქვა თავჩაღუნულმა ვაკეირომ, მიწას ჯიუტად ჩასცქეროდა. ის, ერთადერთი, არ შეჰყურებდა ზეცასა და ღრუბლებს. - შენ რომელი ხარ... - ჟოაო აბადო. - ყველას წაგიყვანთ, ვინც მოისურვებთ. პირქუშ ვაკეიროს შესცქეროდა მენდეს მასიელი, აუჩქარებლად შემოუარა. - გინდა თანაშემწე იყო ჩემი, ჟოაო? - ძალიან ძლიერ, კონსელეირო, - უთხრა იმან და მერე განზე გაიხედა, ჯიუტად მოინაცვლა ფეხი, - უჟმური რომ ვარ? - ეგ არაფერი. ძალიანაც კარგი. „- ვინ რას გახდება ქვეყნად,-წამოიწყო შიშველმა ანისეტომ, ორგან მიეკრა დიდი ფოთოლი, - თუ არ ექნება ბედი, კვატი გასცურავს ხელად, ჩაიძირება გედი, აეს ყმაწვილი შენ უნდა ჩაიბარო, ოთო-ექიმო“. და კეთილ სახეს აქ, ამ მოწამლულ დარბაზში პირველად შეეჩეხა მგზავრი, ერთმანეთს ნდობით შეჰყურებდნენ და ჭროღა თვალებით უღიმოდა მსუქანი კაცი, ისეთი ლაღი სიხარულით, თვალში სისოვლე მოეძალა, და სიყვარულის გამხელისა თითქოს რცხვენოდა, ვითომც თამამად და საქმიანად და მხნედ იკითხა: „რა გქვია, ბიჭი!“ „მე... დომენიკო“, უთხრა და მიხვდა, აქ, კამორაში, წყეულ ქალაქში პირველად რომ გაიღიმა და ამან გააღიმა უფრო, და მათ მზერაში ვედრებაც იყო - არ შეცვლილიყვნენ, ერთმანეთს სთხოვდნენ... „სადაური ხარ...“ „უპატრონოა, - მჭახედ გაისმა ანისეტოს ხმა, ბზარი გაუჩნდა მათ ნაზ, ლბილ ბგერებს, - ხომ ჩაიბარებ“. და ისევ გალღვა ირგვლივ ყინული - „კი, კი, აბა რა... ფერმკრთალი რად ხარ“. „რა ვიცი, ისე“. „ეგ არაფერი, ჩემსას წავიდეთ, და კარგი პური ვჭამოთ, - თქვა და ხელები მოიფშვნიტა, - ხომ გინდა...“ „დიახ“. „ჯერ პოლკოვნიკთან უნდა მივიდეს, - გაღიზიანდა კვლავ ანისეტო, უცხო ბურუსში აღმოჩნდა რადგან, - გარეთ დაიცდი, ოთო-ექიმო“. - ცოლ-შვილი მყავს და... - თავი ჩაღუნა, - კონსელეირო, ახლავე ალბათ ვერ წამოგყვებით. - მერე მომაგნებ. გამეხარდება იცოდე, ზე. - კუშტი ღიმილით თავს დასცქეროდა. - როგორ მოგაგნოთ... - ყველამ მისმინეთ! ვისაც წამოსვლა ახლა არ ძალგიძთ, და გაბრუნებულთ, იქ, სერტანაში მოგენატრებათ თავისუფლება, ამ გზას მისდიეთ. კაატინგასკენ გაფარჩხა ხელი. - ჯერ იქ გაივლით, და იქ რომ გახვალთ, მიმოიხედეთ, და კაატინგას სხვა ბუჩქნარს რომ შენიშნავთ მერე, - იქით წამოდით. კაატინგაში იარეთ, ძმებო. - კი მაგრამ, როგორ... - პირი დააღო აველინომ და კონსელეირომ ჯერ მას შეხედა, მერე სუყველას მოავლო თვალი. - გამოგატარებთ კაატინგა. გადაიშლება. გაოცებულნი იდგნენ მწყემსები. - ზე, - ხმადაბლა თქვა ჟოაო აბადომ, განზე იბრუნა პირი - უჟმურს, გამოლაპარაკებისა რცხვენოდა, - როცა წამოხვალ, ჩემი ცოლ-შვილი წამოიყვანე, ორი ხბოცა მყავს და ჩემი ცხენიც ჩააბარე, ძალიანა გთხოვთ, პატრონს. - კარგი... და მე რომ... ვთქვათ და... - მე წამოვიყვან, ჟოაო ბიძია, - გაუღიმა მანუელო კოსტამ, - მე რა, ახლავეც წამოვიდოდი, ზეს რომ არ ვახლდე, ამხანაგია ჩემი. - ვინაა შენი ბიძია, - მაშინვე ცხვირი აიბზუა ჟოაომ, - კი, როგორ არა, შენ ჩაგაბარებ ცოლ-შვილს, კი, როგორ არა, ძალიან, დიახ... ანდე ცხვარს ბატი... არა, მგელს კრავი თუ, როგორაა... ფიჰ! - და ხმას დაუდაბლა, - შენ თუ ვერ შეძლებ, ზე მორეირა, დავბრუნდები და მე წამოვიყვან... - აბა, წავედი, - მძიმედ შებრუნდა კონსელეირო - მენდეს მასიელი, ხმელი გოლიათი; შორეულ სივრცეს პირქუში რწმენით გაჰყურებდა, და ზურგს უკან მყოფთ ესღა მიუგდო: - ვისაც სურს, მომყვეს. გადადგა ფეხი. „აბა, მიდიხარ? - თითქოს უგულოდ იკითხა ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, მაგრამ რაღაცა მაინც აწუხებდა, სევდიანად შესცქეროდა დიდად ამაყი წინაპრის არანაკლებ სევდიან პორტრეტს, - უცნაურია... რაშია საქმე...“ „ჩემს ბედზე თუ წუხს... - მადლიერებით გაიფიქრა დომენიკომ, ოთო-ექიმის თვალების შემდეგ რწმენა აღუდგა თითქოსდა, თითქოს... - დიახ, გრანდჰალლე“. „უცნაურია“, - გაიმეორა პოლკოვნიკმა, თითს მაგიდაზე ჩაფიქრებული აკაკუნებდა, და დომენიკოს გულს მოეფონა - შემეჩვია თუ... რაშია საქმე... რომ ვტოვებ, ალბათ იმიტომ დარდობს... „მმმ, მმ... - სევდიანად ღიღინებდა პოლკოვნიკი, - მიდიხარ, აბა? ვინ უნდა იყოს... უცნაურია... ვინ უნდა იყოს“. „ვინ და მშვენიერი კაცია, ნუ დაიდარდებთ - ოთო-ექიმს მივყვები, გრანდჰალლე“. „ვის?“ - გამოფხიზლდა პოლკოვნიკი და წამით სახეზეც კი შეავლო მზერა. „ზედა ქალაქში აღარ გაგეჩერებაო და... ოთო-ექიმს გადამაბარეს“. „ვიცი, ეგ ვიცი, - ხელი ჩაიქნია პოლკოვნიკმა, - შენ ის თქვი, თორემ...“ „რა ვთქვა, გრანდჰალლე...“ „რა და, დომენიკო, ბიჭო, - უცებ სალაპარაკოდ აიღერღა პოლკოვნიკი და სხაპასხუპით მიაყარა, - ეს ქალი გამაგიჟებს პირდაპირ, სუზზი. ვერ გამიგია მაგისი საქმე, ქმრის შემდეგ შენს გარდა არავისთან ვყოფილვარო, მიმტკიცებს, მეფიცება, და არც ქმრამდეო არავისთანო, თქვენ ორის გარდა არავინ ვიციო და ძალიანაც კარგი, ასე თუა, ძალიან კარგი, მაგრამ ეს როგორ დავუჯერო, რადგან იმ დროს, აი... აი, იმ მომენტში... - აქ ოდნავ შეფერხდა, - აი, ლოგინში, საწოლში რაღა, ეშხში რომ შევა, სულ კვნესა-კვნესით გაიძახის - ოჰოჰოოო, ვასკო... როგორ დავუჯერო, ა, დომენიკო, მითხარი აბა - მე, კარგად იცი, ფედერიკო მქვია, იმის ქმარს - ნავოლე და სხვა თუ არავინ არ განუცდია, რაღას იძახის: ვასკოო, ვასკო...“ აი, პოლკოვნიკს რა აწუხებდა. თურმე. თვალმოჭუტულნი გასცქეროდნენ სერტანელები ქვიშა-ქვიშად მიმავალთ. მენდეს მასიელი კუშტად მიუძღოდა, ჟოაო აბადო ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მერე - გრეგორიო პაჩეკო, აველინო, როხასი... თორმეტნი იყვნენ, სილაში მძიმედ ეფლობოდათ ფეხი... ძლივსღა მოჩანდნენ მერე, რუხი კაატინგა გადაეღობათ და, შეფერილები, აღარა ჩანდნენ. სუნთქვაშეკრულნი, დაძაბულნი შესცქეროდნენ შორეულ ბუჩქნარს, და ერთგან რაღაც გაიბზარა და, ძლივას გამოსხლტა დუნე სიყვითლე, ეს - კაატინგა გადაშლილიყო, და შორეული მოჩანდა სილა. მუშტებშეკრულნი გასცქეროდნენ სერტანელები, მოღრუბლულიყო, და ძნელად ჩანდა, და მერე, მერე, ცოტა ხნის მერე, შინ ბრუნდებოდნენ, ამხედრებულნი, მხრებჩამოყრილნი, ძლიერ აწვიმდათ... „შენ თავისუფალი ხარ, ზე? - ესღა ესმოდა. ძალიან წვიმდა, - მე, არა, არა... აჰ, არა, არა, - გაუთავებლად იმეორებდა ზე, დამბალი იჯდა, წვიმა ჩამოსდიოდა მჭმუნვარე სახეზე, ტიროდა თითქოს, - აჰ, ვერა, ვერა...“ „და გინდა, იყო?“ „ძალიან ძლიერ, კი, კი, ჰო, დიახ...“ ზე მორეირა, ცოლ-შვილი გყავდათ, გიყვარდათ როგორ, აჰ, ისე ძლიერ... ერიდებოდით იმათთვის ხიფათს... და მაინც სული, თავისუფალი, თავისუფალი გერჩიათ სული... ხომ კი, ჰო გსურდათ? „ძალიან ძლიერ...“ - იქ რომ გავიდნენ, თორმეტნი იყვნენ. „უნდა დამითმოთ, მე უნდა დამითმოთ, ჩემო პოლკოვნიკო, - ეხვეწებოდა საზარელი მიჩინიო, თვალები ისევ ჭრილით-ჭრილამდე ნაცრისფრად, ავად უელავდა, - აკი შემპირდით, თუკი მომბეზრდა შენ დაგითმობო...“ კუთხეში თრთოდა საბრალო მგზავრი. „არ მომბეზრებია, მარცხენა ხელო, იმდენი მაცინაა... - დაფიქრებული ამბობდა ბრჭყვიალა პოლკოვნიკი, - ვინაა ნეტავ?..“ „როგორ თუ ვინაა... - გაიკვირვა მიჩინიომ, უბრალოდ ეცვა, - ვისა ჰგულისხმობთ...“ „შენ ხომ არ იცი, მარცხენა ხელო, - უეცრად გამოფხიზლდა პოლკოვნიკი სეზარ - აქ, ამ ქალაქში, სახელი ვასკო ვინმეს ხომ არა ჰქვიაა?“ „არავის, არა. დამითმეთ, რაა, - შემზარავად იხვეწებოდა მიჩინიო, რაღაცნაირად ერთიანად მოეღრიცა სახე, - სულაც, მომყიდეთ, თუ გნებავთ, ჰალე, ეს მოსაკლავად ყველას აჯობებს, ჩემს ცხოვრებაში არ მომიკლავს დიდი ბითური... რაღაც სხვა ეშხი ექნება მაგას...“ „დაა, მოფერებით ხომ არ ეძახიან ვისმე...“ „რას, პოლკოვნიკო?“ „რასა და - ვასკოს...“ „არა, არავის... მომყიდით, ჰალე?“ „ვერა, აჰ ვერა, მარცხენა ხელო. დიდი მარშალის გადაწყვეტილებაა... პატარა ხანს დააცლიან ალბათ და ფულს თუ ვერსად შეიძენს, დაუდარაჯდი და წააჭერი თავი სადმე“. „პატარა ხანში შეიძლება გამოიქექოს, თვალანთებული მოკვდება მერე. ახლა კი, ჰალე, სულ ერთიანად მიიბნიდება... - ახლა აქვს ფასი“. „და სულაც შეიძლება, რომ მოგონილი სახელი იყოს, არა?“ „რომელი, ჰალე!“ - „რომელი - ვასკო...“ „კი, როგორ არა... ეგებ მე ვთხოვო თავადვე მარშალს“. „რა უნდა სთხოვო...“ „ამისი ყელი“. „არ გირჩევ, ჰალე. ჯერ ერთი, გადაწყვეტილებას შენი სიამოვნებისათვის არ შეცვლის და ამას მერე ვინმემ შემთხვევით რომ გამოჭრას ყელი, მაშინვე შენზე იფიქრებენ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები, ჰალე...“ „მაშინ, გრანდჰალლე, ორ სიტყვას ვეტყვი, - თქვა მიჩინიომ, დომენიკოსკენ გამოემართა. განზე თავდახრილს, არიდებულ თვალებში ჩასცქეროდა, - სული წაგისწრებს, იცოდე, ლეკვო - ან სადმე, ქალთან შერჩები ალბათ, ან სულაც, სმაში ჩაიკლავ სევდას; უბრალოდ, გავლაც მოგენატრება მთვარიან ღამით და... ასწიე თავი!“ თავაპყრობილი, მორჩილად იდგა - „ემაგ კისერში ჩაგასობ დანას!“ თავაპყრობილი, იმედით იდგა - ისევ ის ლაქა... და იმავე ღამით გუშაგებმა ზედა კამორას ალაყაფის კარი განახვნეს - ოცდაათი ცხენოსანი, გრძელი სერჟანტის მეთაურობით, თავად მარშალის უშუალო მითითებითა და დავალებით, ვიღაც თორმეტი კაცის მოსაძებნად გაეშურა... ბაზრობათა ქალაქში მცირედ შეისვენეს, სისხლში ამოსავლები ხელებით პური გატეხეს და, ისევ ჩაასეს დეზები ცხენს... თავის ფარღალალა ქოხში პირაღმა იწვა ზე მორეირა, დიდი მწყემსი, და, ჭერს მიჩერებული, მარიამს ეჩურჩულებოდა: „წავიდეთ, ქალო...“ „რომ დავიღუპოთ... ხომ კარგად იცი, არ დაგვინდობენ...“ „არც მე დავინდობ“. „ბევრნი არიან კამორელები“. „დიდი ამბავი - იყვნენ რა, მერე...“ „ვერ წამოგყვები... ბავშვებიანად, ვერ წამოგყვები... ამათ კი, იცი, არ მივატოვებ. - გამწარდა ქალი, - მარტოკა წადი, ასე თუ გინდა“. „ვინ გარჩენთ მერე...“ ოთო-ექიმმა კარი გააღო, შინ შეიყვანა, მერე, კიბეზე, თითქოს მობოდიშებით უთხრა: „სახლს არ ვკეტავდი ადრე, დომენიკო, მაგრამ მეც მნახეს რაღა, მზეთუნახავი ქალბატონი - წამდაუწუმ მიტაცებდნენ“. „თქვენ გიტაცებდნენ? - გაიოცა დომენიკომ, - რატომ...“ „იმიტომ რომ, ვინმე ძალიან ავად თუ გახდებოდა, დიდ ფულს ახდევინებდნენ, მე რომ გამოვეშვით.“ ჰეე, კამორა... „აქ დამიცადე, ახლავე მოვალ...“ - უთხრა ექიმმა, და გული ჩაწყდა მაშინვე დომენიკოს, - „ესეც ისაა, - აქაურია - რაღაცას მალავს“... მაგრამ ოთო-ექიმი სწრაფად გამობრუნდა ოთახიდან და აუხსნა: „ახლა, მიბრძანდით... არეულობა იყო ცოტათი... და მივალაგე... მოგეხსენება მარტოხელა კაცის ამბავი.“ და, როგორც იქნა, თორმეტ სერტანელს წამოეწია გრძელი სერჟანტი, გულმხიარული სტვენა-სტვენით და შეძახილებით წამოეწივნენ... პირაღმა იწვა სადღაც, სილაზე, ზე მორეირა, აწ მომჩვარული დიდი ვაკეირო, სხვის ცას, სხვის ღრუბლებს აჰყურებდა, კარგად იცოდა, მეზობლობაში ზოგიერთები უკვე რომ აპირებდნენ კაატინგასკენ წასვლას - მცირე სარჩო-საბადებელს აგროვებდნენ და, პაწია ტომრებით სტაფილოსა და კომბოსტოს თესლი მიჰქონდათ... თვალს არიდებდა ზეს მანუელო, დარცხვენილი და გაბრუებული დააბოტებდა ისიც - კაატინგასკენ გული უწევდა. თავისი ქოხისკენ გამოემართა ზე, შემოაბიჯა, მარიამის წინ - საკვირველებავ! - ცალ მუხლზე დადგა - „წავიდეთ, წამო... ძალიანა გთხოვ...“ და მერამდენედ, კვლავ განმეორდა: „რომ ამოგვხოცონ... ხომ კარგად იცი, არ დაგვინდობენ“. „არც მე დავინდობ. - გულზე ხელი მიიდო ზემ, - არც მე დავინდობ არავის, ქალო“. „ბევრნი არიან კამორელები“. „მარიაამ, იყვნენ...“ „ბავშვებიანად, ვერ წამოგყვები, - თქვა მარიამმა, და, გულჩამწვარი, მუხლმოყრილ მწყემსს თვალს არიდებდა, - ამათ კი, იცი, არ მივატოვებ... მარტოკა წადი, ასე თუ გინდა“. „ვინ გარჩენთ მერე... - ხმადაბლა თქვა უსუსურმა ზემ, მხრებზე სიმძიმეჩამოწოლილი, სოხანეზე უილაჯოდ მუხლმოყრილი იდგა. - ბავშვებიანადაც ხომ მიდიან და... სხვას რა - არ უყვარს თავისი შვილი?“ და, როგორც იქნა, შორს, კამორაში, მგზავრმა გაბედა - „თქვენ... ალექსანდროს უფროსი ძმა ხართ?“ ისეთი ნდობით შესცქეროდა, ვედრებით ისე, რომ ოთო-ექიმი ძაან დაიბნა: „ვისი, დომენიკო?“ „ალექსანდროსი... ალექსანდროს ძმა!“ „არა, გეთაყვა...“ „კი, როგორ არა, - შეევედრა დომენიკო, - თქვენ ალექსანდროს უფროსი ძმა ხართ“. „ერთი და მყავდა, სულ, დომენიკო...“ „ძმა - არც ერთი?“ „არა... არა-მეთქი, კაცო, - თითქოს ოდნავ განაწყენდა კიდეც ოთო-ექიმი, რადგან უნდობლად შესცქეროდა მგზავრი, - რატომ არ გჯერა?“ „იმიტომ, რომ - უთხრა დომენიკომ, - მაინც ვერ მიხვდებიო, ასე მითხრა“. „ვინ გითხრა, კაცო“. - მართლა დაიბნა ოთო-ექიმი. „თქვენმა ძმამ - ალექსანდრომ“. „ჰეე - ხელი შეაგდო მაღლა ექიმმა, - აი, შენ ახლა ცოოოტათი აურიე...“ „და სიტყვებს სწორედ ასე, აი ასე, თქვენსავით აგრძელებდა!“ „ვინ აგრძელებდა, შე კაი-კაცო?“ „თქვენი ძმა...“ მაგრამ აქ ოთო-ექიმმა ისე უბრალოდ ურჩია: „აი ეს ფხვნილი დალიე, ბიჭი“, რომ დომენიკო მაშინვე მიხვდა - ნაღდად სხვა იყო ალექსანდროს ძმა... დიდი მარშალი, ედმონდო ბეტანკური კი გამომცდელად შეყურებდა უცნაურ სერჟანტს - ისეთი გაჭიმული შემოვიდა, და ისე მოკლე-მოკლედ ადგამდა ნაბიჯს, ცოტა არ იყოს, გაოცდა კიდეც: რამ გააამაყა ასე - თორმეტ უჯიშო მაწანწალაზე ოცდაათკაციანი რაზმით გამარჯვებამ? მაგრამ გრძელ სერჟანტს თავ-პირი ძლიერ ჩამოსტიროდა, და დიდი მარშალი, მრავლის მომსწრე ედმონდო ბეტანკურიც კი განცვიფრდა - ბევრი ენახა დამარცხებული, მაგრამ ისინი მომჩვარულნი და მოხრილნი იყვნენ, ხმელ სერჟანტს კი მანამდე მარად ჩავარდნილი, უხილავი მუცელი გამოეზნიქა ახლა, და მხრებიც უკან გადაეჭიმა: ხმელი და მუცელგამოზნექილი, წინმორკალული, მშვილდს ძლიერ ჰგავდა, და ბეტანკური ერთბაშად მიხვდა: ალბათ, გამომშვიდობებისას კაი მაგარი პანღური ამოარტყეს... და ეგრევე დარჩა. და სერტანაში, ნახირისაკენ იპარებოდა მარიამი, თავმკვდარი ქმარი თვალწინ ედგა და, გულდამდუღრული, ნახირისაკენ მიიპარებოდა, გარინდებული იდგა ფაშატი, და ხესთან მიმჯდარ დიდ ვაკეიროს თვალს არიდებდა, მარიამი კი, მსუბუქი, ფეხშიშველი, ქმარს ზურგს უკნიდან თავს დასდგომოდა და, მერე, მერე, ვერ მოითმინა, გაებზარა გული და, თავჩაქინდრულ, მოკუნტულ ზეს ამა სიტყვებით გამოეცხადა: „ადე, წავიდეთ...“ პანღურმიბეჭდილი სერჟანტი კი ასე ჰყვებოდა: „კაიხანს ვერ წამოვეწიეთ, გრანდისსიმოჰალლე, რადგან კაატინგას გვერდს ვუვლიდით და ისინი არ ვიცი, როგორ გადიოდნენ...“ „საიდუმლო ხვრელი ხომ არ შეგინიშნავს სადმე“. „არა, გრანდ...“ „მერე!“ „და რომ წამოვეწიეთ, მხნედ მივვარდით და ისე უცნაურად გაჩერდნენ, გრან...“ „ეგ გრანდისსიმოჰალლე აღარ გამაგონო! - მუქარით შეხედა დიდმა მარშალმა, - საქმე! საქმეზე ილაპარაკე...“ „და ისე უცნაურად გაჩერდნენ ცოტა ხანს კიდეც დავიბენით: ხელჩამოშვებულნი იდგნენ და შემოგვცქეროდნენ. მერე მე ერთ-ერთს დანიანი ხელი მოვუქნიე, მაგრამ არც შერხეულა. მერე მე გავბრაზდი და კისერში რომ ჩავეცი დანა, მერე კარგად აღარ მახსოვს, გრ... და მერე გონს როცა მოვედი, ყელზე მარყუჟი მქონდა და ყველა სილაზე ეყარნენ, ესე იგი, ჩემი რაზმელები, ყველანი - გულში მაჩეტეჩაცემულები და ისინი კი ისევ თერთმეტნი იყვნენ“. „ნთუ ნთორმენტნიო? - ჩაერია საუბარში ლეიტენანტი ნავოლე და მაშინვე ენაზე იკბინა. „არა ლეიტენანტო, ჰალე, ერთი ხომ უკვე მე გავასაღე“ „და, ესე იგი, თავიდან ერთ-ერთის მოკვლას უცდიდნენ?“ - თვალები მოჭუტა მარშალმა ბეტანკურმა. „ასე გამოდის, თითქოს. გრ...“ „და ცხენები და თოფ-იარაღიც აგართვეს, არა?“ „დიახ... პატივცემულო“. „და ეგ პანღური ვინ მოგაჭედა?“ „ჩემს ჯოგს მწყემსავდა ადრე, გრ... - დაიმორცხვა სერჟანტმა, - როხასიო თუ რაღაც ჯანდაბა ერქვა“. „კაარგია, კარგი... - თქვა მარშალმა ბეტანკურმა, - თორმეტმა ჩამოძენძილმა მაწანწალამ ოცდაათი ცხენოსანი დაგამარცხათ, კაარგია, კარგი... და ისიც გამოიანგარიშეს, ყველას გაეგო, ჯერ თქვენ რომ გაასაღეთ იმათი კაცი... ყველას ერთბაშად რად არ ესროლეთ!“ „ვერ მოვითმინე. პატივცემულო. და თანაც, დანით, საინტერესოა უფრო...“„კაარგია, კარგი... პოლკოვნიკო სეზარ.“ „დიახ, გრანდისსიმოჰალლე!“ „ორასკაციანი ბრიგადა გაგზავნე. ახლავ, სასწრაფოდ“. „ვინ დავუნიშნო მეთაურად“. „ვინც გინდა... აგერ, ნავოლე გაგზავნე“. „ნგმანდლობ ნდობისთვის, ნგრ...“ „თუ ჰყავს ამას ვინმე, თავდებში დატოვების ღირსი“ „ცოლი ჰყავს, მგონი, - თქვა პოლკოვნიკმა, - მგონი, გყავს, არა?“ „ნდიახ, ნგრანდჰალლე... ნსუზანნა ქვია...“ „ძალიან კარგი, - თქვა ბეტანკურმა და პოლკოვნიკ სეზარს თვალში შეხედა - იცოდა ყოველივე, - თავდებად გყავდეს, - მერე ნავოლეს მიუბრუნდა: „ყველა გაჟლიტეთ... ორიოდ კაცი მოიყვანე მხოლოდ. მაინტერესებს, რისი იმედი ჰქონდათ. საიდუმლო ხვრელს ეგებ წააწყდეთ, ჩემო ლეიტენანტო, სადმე, ისე, ხომ იცი, კაატინგაში ვერ გავიდოდნენ“. და მერე ისევ პოლკოვნიკი ფედერიკო სეზარ მოიხმო, მორჩილი თავი დაახრევინა, და ყურში უთხრა: „აეს, სერჟანტი გაასაღეთ... გაჯგიმული ეგ კი არა, გრეგ რიკიოც კი მეზარება ხანდახან“. „ორივე გავასაღოთ გრანდისსიმოჰალლე?“ „ერთი, გრანდჰალლე. ეს“. მცირე სახლ-კარში დააბიჯებდა ზე მორეირა და წვრილმან-წვრილმან ნივთებსა ჰკრებდა. მერე ჟოაო აბადოსას შეიარა, და მისიანებს - ცოლსა და ოთხ ქალიშვილს დაეხმარა მცირეოდენი ბარგის შეკვრაში და გაღიმებული დასდევდა ყველგან მხიარული მწყემსი. დიდ ვაკეიროს მაშინვე დაემგზავრა ათიოდ კაცი - ცხენი, ნახირი სრულად დატოვეს, მხოლოდ საკუთარ, ორიოდე სულ საქონელს ჩააბეს თოკი: და ერთიც, უცხო, ვიღაც ყრუ-მუნჯი შემოუერთდათ - ხან მომღიმარი, მომლოდინედ შესცქეროდა დაბნეულ მწყემსებს, უტყვი, კეთილი, ყველას დახმარებას მოუხეშავად ცდილობდა, კამორასაკენ გაიშვერდა ხელებს მერე და მუშტებს იქნევდა. ჯერ ეგონათ რომ, კამორელებმა ამოგლიჯეს ენა, მაგრამ იმ უცხომ ენა გამოჰყო, კამორელების მისამართით ღმუილ-ღმუილით იმუქრებოდა რაღაცას; სადაურობა გამოჰკითხეს, ისე, უბრალოდ, ზრდილობისათვის, და ვერაფერი გააგებინეს, რადგანაც პასუხად ის უცხო მხოლოდ და მხოლოდ გულზე ღონივრად იბაგუნებდა ხელს და, მერე, გრეგორიო პაჩეკოსთან წასაღებ დიდ დოლს კარგა მაგრად რომ შემოჰკრა მრგვალთავა ჯოხი მანუელო კოსტამ, ქვაზე ჩამომჯდარ, ზურგშექცეულ უცხოს თვალიც არ დაუხამხამებია - ყრუც კი ყოფილა... ღამით დაადგნენ აღთქმული ქალაქისაკენ გზას. მზიანი დღით კი შუა კამორაში არხეინად მიმავალ ექიმს მგზავრი, დომენიკო მიჰყვებოდა, წამლებიანი ჩანთით ხელში და, გაოცებული ისმენდა, რეებს უბედავდა ავთვალებიან კამორელებს ოთო-ექიმი: - „ოო, მთავარ ყურუმსაღს ვახლავართ, როგორ გიკითხოთ - აივანზე გადმოყუდებულ ვიღაც ამაზრზენ, წელსზევით შიშველ კაცს უყვიროდა, - რა ქენი გუშინღამ, მოინადირე რამე?“ „რომელი მონადირე მე მნახე, ოთო-ძია,- გულიანად უღიმოდა ისიც, გაბანჯგვლული კაცი, - არ ჩამივა ფეხი“. „კი, კი, საწყალი... ფეხი არ ჩაუვა, - რაღაცნაირად უბოროტოდ გამოაჯავრებდა ოთო-ექიმი და მერე დომენიკოს ხმადაბლა უხსნიდა, - ცნობილი კატით მონადირეა, - და უცებ ნაღვლიანად შეხედა მგზავრს, დომენიკოს. როგორც შეეძლო ამხნევებდა, - ნუ გეშინია, მიჩინიოც კი ვერას დაგაკლებს. დღისით და მზისით აკრძალულია დანის ხმარება, ღამით კი არსად გაგიშვებ, ბიჭი, ნუღარაფრისა გეშინია, გასაღები მაჩუქა ავადმყოფმა ერთმა ისეთიი, აჰ... შენ, მთავარია, საღამოთი არ გამოთვრე, ბიჭი... სმა ხომ არ გიყვარს? ძალიან კარგი, აი ეს კაცი, დომენიკო, კედელთან რომ დგას, ძალიანა მძულს, მძულს და ჰა, რა ვქნა... წუწკია, ძუნწი - ნუღარ იკითხავ... დრაჰკანები აქვს ძალიან ბევრი და, რომელიმე ნათესავ-ნაცნობი არ დამესესხოსო და, გაქურდვის შიშიც ხომ აკანკალებს და, წუწუნშია სულ - მიჭირს, მიჭირსო... მაგრამ ამბავი დაემართა ამას წინ? მტრისას... სამასდრაჰკანიანი ლანდო იყიდა და ერთ გაჭირვებულ მოქალაქეს, რომელსაც, პირიქით, მდიდრად მოჰქონდა თავი, გაურიგდა, რომ: ორივეს გვაწყობს ესე ამბავი - ვითომ ეს ფული შენ მასესხე და მე ვისესხეო და მოდი, მთელ ქალაქს ასე ვუთხრათო და ყოვლად უადგილოდ, დომენიკო, ამას ჰყვებოდნენ, ის გაჭირვებული - ტრაბახობდა, ფული ვასესხეო, ეს წუწურაქი - თავს იზღვევდა, მერე, უცებ, დომენიკო, უცებ ის კაცი არ გადაბრუნდა და არ მოკვდა? აბა... ჰოდა, მიადგა ამას იმ კაცის ქვრივი - ჩვენი სამასი დრაჰკანი მომეო... ამასაც, ამ წუწკს, რაღა ეთქმოდა, რაღას იზამდა - მთელი კამორა დაადგებოდა პირზე... სულ გმინვა-გმინვით ჩაუთვალა; მგონი, დათვლისას მოატყუა ორი დრაჰკანი... ისე, დომენიკო, იმასაც იძახდნენ - აქ, ამ ქალაქში ნურაფერი გაგიკვირდება - იმ ქალმა ვითომ თავისი ქმარი ამ ფულის ასაღებად მოწამლაო და რა ვიცი აბა, ამათ გაუგებს ვინმე რაიმეს? - და ახლა სევდა მოეძალა წყლიან თვალებში. რაღაცნაირად გასაცოდავებული ჩაფიქრდა. მიმოიხედა, და გაუბრწყინდა მაშინვე სახე, - ოო, ქალაქის მთავარ გროსყალთაბანდმაისტერს ვახლავარ, ჰალე!.. მე არა მიშავს, როგორ იქნება კაცი თქვენს ხელში...“ კაატინგასთან შეჩერდა მწკრივი, სუყველაზე წინ მანუელო კოსტა იდგა, რიდით უმზერდა ბუჩქნარს... შემზარავად გახევებულიყო კაატინგა, და ყოველ ჭანგზე ემჩნეოდა, რომ არა თვლემდა - დაძაბული და გადახლართული, უტყვ მოლოდინად გადაქცეულიყო ისიც. მანუელო კოსტამ მწკრივის კუდში მდგარ ზეს გამოხედა. - აქ ვერ იპირველებდა დიდი ვაკეირო, რადგან ბავშვები აეყვანა - გოგო და ბიჭი... ზეს ამობურცულ ბეჭისთავებზე ლოყა მიედოთ, მშვიდად ეძინათ და ბავშვები რომ არ გაეღვიძებინა, პირველმა მწყემსმა მანუელო კოსტას ოდნავ დაუქნია თავი, კაატინგასკენ დაიძრა მანუელო, ზედ მიადგა და შეჩერდა მერე, კაატინგამ კი ერთი მოქნილი, ძალიან გრძელი ბრჭყალი ამოჰყო, სახესთან ნელა მიუტანა მწყემსს, თვალთან გაუსწორა, შემართულები იდგნენ - კაატინგას აუარება მარწუხებიდან - ერთი, და გაშეშებული მხიარული მწყემსი; და მერე ალესილი ბრჭყალი სხეულის გასწვრივ აუჩქარებლად, კუშტად ჩამოუყვა მანუელოს და, გადაიშალა ბუჩქი. აუჩქარებლად გაიარა მანუელო კოსტამ, ორიოდ საშიში ნაბიჯი დაძაბულმა გადადგა... მოიხედა მერე - უკვე სხვა მწყემსი შემოდიოდა გადაშლილ ბუჩქში. და განზე კი გადაწეულიყო კაატინგა, მაგრამ აშკარად ცახცახებდა, მაინც მორჩილად გართხმულიყო განზე ბრაზით ათრთოლებული ბუჩქი... მერე ქალებიც გამოვიდნენ - ჟოაოს ცოლ-შვილი, მარიამი, გრეგორიო პაჩეკოს ცოლი და სიდედრი, აველინოს საცოლე... ბრაზი, ცახცახი ემატებოდა კაატინგას, ბრჭყალებს აშკარად აჟრიალებდა, რვა ვაკეირო გავიდა კიდევ და ზეს წინ მდგარი ყრუ-მუნჯის ჯერიც რომ დადგა, დიდ ვაკეიროს დაბნეული, მორცხვი ღიმილით გამოხედა და ფეხი რომ შედგა, მყისვე წამოიმართა გართხმული კაატინგა, დიდი, ღვარჭნილი მარწუხები ყელში ჩაასო. მაგრად დაქაჩა, ჯერ დიდი მწყემსისკენ შეატრიალა საცოდავი მუნჯი, მერე ქვიშისკენ მიიზიდა და, დასცა, გახევებულიყო ზე მორეირა, საკვირველებავ, მუნჯი აყვირდა: „მეტს აღარ ვიზაამ, მიშველე, ზეე, მიშველეთ, ხალხოო...“ კაატინგას იქითა მხრიდან საშველად მოიჭრა მაჩეტეამოღებული მანუელო, მაგრამ კუშტმა ბუჩქნარმა გასაფრთხილებლად მხოლოდ ერთი შედარებით უწყინარი მარწუხი გამოისროლა მისკენ. და ბარძაყიდან ააგლიჯა მცირედი ხორცი, და მანუელო გამოაფხიზლა, აყვირებულ მსხვერპლს კი კანი გადმოაფხოჭნა თავზე, ლოყებში ჩაესო, ყელს უკორტნიდა, „მიშველეთ თქვენი... - ძლივსღა იძახდა მუნჯი, თვალგაშტერებულნი დასცქეროდნენ გაღვიძებული, შეშინებული ბავშვები, - არა, არ ვიზამ, მეტს აღარ ვიზამ...“ გამწარებულმა, ამღვრეული თვალები დახუჭა, მაგრამ ქუთუთოებში ჩააფრინდა დაუნდობელი ბუჩქის ბრჭყალები, ქუთუთოები ჩამოაგლიჯა, და უნებურად თვალღია მუნჯი, აგიზგიზებული ტკივილისაგან გონებაწართმეული, ბრჭყალებში გამომჭვირვალ ცას შესცქეროდა, კაატინგა კი გფლეთდათ და გფლეთდათ, იკლაკნებოდით, ესტებან პეპე -კრუნჩხვით დამთავრდა თქვენი სიცოცხლე... თქვენი თვალები, ესტეპან პეპე, თქვენი თვალები - ავი მიმინო, აწ - უძრავი და გაქვავებული... ესტებან პეპე, გაყურსული მიმინოს ნაცვლად, ახლა, ამჟამად, ყვითლად უძრავი გაყინული შარდისფერი თვალები გქონდათ... მერე კი დინჯად, საქმიანად ამოაგლიჯა ყოფილ ესტებან პეპეს კაატინგამ ბასრი ბრჭყალები, განზე განერთხო, და მშვიდად დაელოდა ზეს, რომელმაც გრძელი ფეხებით გადაალაჯა ასე უმოწყალოდ გამოვლენილ დიდ გამომვლენს და თავისიანებისაკენ გავიდა... შორს, ძალიან შორს, სხვა კაატინგას კიდით კიდემდე გადაჭიმული ბუჩქნარი ჩანდა. და ახლა იქით წავიდა მწკრივი, მამისთვის კისერზე მაგრად შემოეხვიათ ხელი დაშინებულ ბავშვებს... და თუმცა ესტებან პეპესგან - ვისაც საიდუმლოდ დავალებული ჰქონდა, აუცილებლად გაეგო სად იწყებოდა კაატინგას ქვეშ საიდუმლოდ გამავალი ხვრელი - არავითარი ცნობა მოსულა, და ორასკაციანი ლეიტენანტი ნავოლეც ჯერჯერობით ამაოდ დაძრწოდა აღმა-დაღმა, შორს, კამორაში, ბაზრობათა ქალაქის გავლით, მაინც დაირხა დიდად საეჭვო, უცნაური ხმები, რომ: თურმე სადღაც, ძალიან შორს, სერტანის სიღრმეში, აყრილ ვაკეიროებს ქალაქი გაუშენებიათ; რომ ის ქალაქი რომელიღაც მდინარის ნაპირთან ძევს; რომ იქ სახლები თეთრი თიხისგანაა აგებული; რომ იქ ადამიანები ძმებივით არიან და თანაბრად იყოფენ ყველაფერს; და რომ იმ ქალაქს - „კანუდოსი“ ჰქვია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი