ჯანსუღ ჩარკვიანი - ფოტო

ჯანსუღ ჩარკვიანი

პოეტი, მწერალი

ბეთანია

"ბეთანია _ სახლი სათნოებისა და სახლი
მორჩილებისა და სახლი დიდებისა".
საბა

შენ არ გინახავს ჩემი ხელები,
ჩემი თვალები და ჩემი მხრები, _
გადარეული თეთრი ცხენებით
და შორეული ზარების ხმებით.
შენ არ გინახავს ჩემი ნისლები,
მთიდან ქორების ფრთით მოტანილი,
თეთრი ქარებით როგორ ივსება
დღეები ლურჯი, ქრისტეს ტანივით.
შენ არ გინახავს ფრესკის სიშორე,
ფერი ფასკუნჯის, ფერი ქედნების,
მირონის სურნელს როგორ იშრობენ
ჩემი სხეულის ძველი კედლები.
შენ არ გინახავს, მოდი და მნახე,
რომ ეს ტაძარი ჩემი ტანია...
სათნოებისა ვარ შენი სახლი,
მორჩილებისა ვარ შენი სახლი,
შენი სხეულის ვარ ბეთანია!..