თბილისი, მსროლელთა ქ. № 13 წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)


ძმავ და მეგობარო, მამავ და მასწავლებელო, ჩემო ძვირფასო ნიკალაშა! 8-ში მივიღე წერილი. მეტყველება ისეც

 არ მივარგოდა და შენი წერილის მიღების შემდეგ სულ ჩამივარდა ენა სიხარულით.

რაც შენ წახვედი, მას შემდეგ სულ მარტო ვარ, არც ქალაქში გავსულვარ ერთხელ მეტად. “გრანდ-ოტელისაკენ”

 არ გამიხედავს. დღეს ვიშოვნე სამი მანეთი და ჩვენს საყვარელ მაგიდასთან მინდა დავჯდე – საშაქარლამოში,

 მინდა ვიფიქრო შენზე… სხვებზე… ყველაზე… ქვეყანაზე, ცოტა ჩემზედაც.ჩემი  საქმე კარგად მიდის. ლევან 

გაბრიაძემ მითხრა, თხუთმეტისათვის ინსტიტუტში დაგაჯენო, დასკვნა გაკეთებული მაქვს და მდივანთან 

უნდა შევათანხმოო. ალბათ, მეშველება რამე, მოგწერ აუცილებლად.

ეჰ… ნიკალაშა, როგორ მარტოდ დამტოვე, კაცი არა მყავს, სიტყვა ვუთხრა… ვინ ყოფილხარ, რა ყოფილხარ!… 

გულზე მომხვდა შენი მონაწერი…

დამიჯერე, არ შეგარცხვენ, ნიკალაი!…

გადაეცი ჩემი სალამი და მადლობა ალიო მაშაშვილს ყურადღებისათვის. იმედი მექნება დანაპირების 

ასრულების.

გიგზავნი “ორ ბალადას” ილიაზე – “ეძახის”, მეორე – “საგურამო” მანდ გაქვს და, თუ გიყვარდე, დაბეჭდე ასე: 

“ორი ლექსი ილიაზე” („საგურამო”, “ეძახის”). “საგურამოში” შეასწორე პირველი ტაეპის მეორე სტრიქონი ასე: 

“ხე რხეული და რტოებხნიერი”, და მე-14 ტაეპის მეორე სტრიქონი ასე: “მიაგავს იგი გაშლილ ჩაბალახს”.

ასევე ერთად დამიბეჭდე “ორი ბალადა”.

პოემიდან ვერ გიგზავნი ვერაფერს, სულ მალე მთლიანად პოემას გამოგიგზავნი.

ქუთაისში თოვს… გუშინ ძაღლების ჩხუბს ვუყურე და ჩვენი ბებერი ძაღლი გამახსენდა… ნახვამდის. წერილი 

მალე მომწერე… თუ რამე დაგჭირდეს, შემომითვალე…

გეხვევა მარად შენი ლადო ასათიანი.

10. 3. 1938.
ქუთაისი.

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი