ბალადა მონადირეზე

მოვიდა თოვლი
და ამარიდა აგვისტოს ხიფათს _
ჟინიან სისხლით გატიკნილ ხარის
სადაფის მარხილს მიმალურსმა ორივე თვალით,
შეაბა ცხენი, დედალ-მამალი,
ისიც სადაფის, საგზალიც მომცა,
არა ვაშლი, შეღებილი წითლად და ყვითლად,
არამედ ჩემი წონა შაქარი...
გადააფარა თეთრი ბისტი ჩემს საღ გონებას
და ნადირივით დამანდო გუმანს,
ქარს გავატანე მთელი ქონება:
დასაკლავი ცხვრის მზისფერი დუმა,
ციკნები მჭლე და დანები მჭრელი,
შეგრძნება ცეცხლის და ჭრელა-ჭრულა,
წითელი მამლის ყულაბებში ჩაყრილი ვერცხლი..
ახლა ვდგავარ და სინათლეს ვასხივებ
და ეჩვენებათ
ელვარებისგან გაოგნებულ სადაფის ცხენებს,
რომ უმაღლესი მე ვარ არსება
და სადაფის ხარისხში აჰყავთ
ხორცი ცოდვილი და უდღეური.
მე კი მაწვალებს იდეა კურდღლის,
რომლის მოკვლა აკრძალულია,
და ალისფერ ჭრელა-ჭრულაში
აფუტკნილ სურვილს ვფუთნი და ვმალავ,
რადგან თეთრ მარხილს
მიმალურსმეს ორივე თვალით
და ტკივილიდან ნათელს ვასხივებ...
მე ეს ნათელი ამაცდენს ხიფათს,
ხოლო ბუნება მკრთალი სიზმრების
უფლებას მაძლევს, არანამდვილი
ვერცხლის ტყვია ვესროლო ნადირს,
მოვკლა ჩუმად და უმტკივნეულოდ
და მის სხეულზე
ერთადერთი წვეთი სისხლისგან
ხე გაიზრდება, შეღებილი წითლად და ყვითლად
და ყოველი ნაყოფი დედაა...
მაგრამ, როდესაც გაილევა სადაფის სევდა
და დავბრუნდები აგვისტოს ცხადში
გადარჩენილი მშვენიერ ხიფათს,
გამასამართლებს
ვერცხლის ტყვიებით დაცხრილული
სასტიკი ბავშვი,
რომელსაც ხელში უჭირავს ვაშლი
შეღებილი წითლად და ყვითლად...