ფეხზე მდგომი უნდა მოკვდე, ხესავით..


მე ზაფხულის ადამიანი ვარ,
სიცხეს საბანივით შემოვიკეცავ
და უძილობის თონეში ჩავეკიდები.
იქიდან რომ პურს ამოვიღებ,
შვილებს ვერ გამიზრდის,
მხოლოდ მორბენალ მზესუმზირებს,
ჩემს სიცოცხლეებს!
მათ მიმართ მანქანების მოძრაობა
ნერვიულია, უთანაბრო —
მზეს ხომ არ გასრესენ?
თმებით ვგრძნობ ამას,
ისევე, როგორც სიმაღლეს,
როცა თეთნულდს და უშბას
ფანჯარასთან მოვიტან,
განსხვავებულებს —
მაწვნის დედა და ლითონის მამა!
მთების ხასიათს
სკოლაში არ ასწავლიან.
თვითონ თუ გაუგე,
ცა დაბალი ხდება, შინაური,
როგორც ჭერი ან ქოლგა...
ზამთრის მეშინია, როცა
უცხო ქვეყნის ნარინჯებიც
ვერ ტეხენ სიცივეს...
ზაფხულში დამტოვეთ!
ცოტა ნირშეცვლილი კი დაგხვდებით —
ხერხემალზე გამობმული
ჭრელი ქოლგა, რომელიც,
შეიძლება,
აყვავებულ ხესაც კი მიამგვანო,
თუ დაუმტკიცდა
მზის ნათესაობა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი