მიხეილ ჯავახიშვილს
უთქმელობა სიტყვას ჟანგავს, თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, - მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს, ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, - ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ ხალხმა თითქოს არაფერი იცის. ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს, მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, - იცის თავის გაჩუქება, მაგრამ საქართველომ თავის ფასიც იცის! გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს, ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, - ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის! სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ, თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, - კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ მარაბდელთა ამხედრებაც იცის! გენი მისი არ დაირტყამს მათრახს, და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, - იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის! არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, - იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ სამართალმა სიმართლის გზა იცის! ივერიას გაშლილი აქვს ფრთები, სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი