ოქტავით დაბლა


ვერ ვცნობ მარაბდელს და მარტყოფელს,

ცეცხლი ჩაქრობია ოტარიდს, -

ბევრნი გაგვილაჩრდნენ, ვატყობ მე,

ცოტანი მამაცობენ, ცოტანი.


ცოტნე დადიანი იგვიანებს,

სულს ვღაფავთ დაბალი ოქტავით,

იდეა გამოშიგნეს იდეალებს,

ცოტანი ჯიუტობენ, ცოტანი.


ურცხვნი ურცხვთა შორის ურცხვობენ,

„პორტფელში“ უსივდებათ „პორტმანი“, -

ურცხვად მორჩილებენ უცხო თესლს,

ცოტანი ქართველობენ, ცოტანი.


„ღმერთი აღარ არი?“ - ვჩივი მე,

ისრებს მოითხოვენ მშვილდები,

მწუხრში გამოჩეკილ ყვინჩილებს

ყივილს ვასწავლი და ვმშვიდდები.


აღარ მეგობრობენ ხარ-ირმებს,

სანაცვლოდ ბაღია და ბოსტანი...

ჭკუა უსწავლიათ, ვაიმე,

ცოტანი გიჟდებიან, ცოტანი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი