ამინდები

გაუხარელი დღეები არი,
გაუხარელი ამინდები სდგას.
ბავშვი – ობოლი, თოთო, საწყალი,
გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას.

ქუჩებში ჭოჭი, ფანჯრებზე ჟინჟღლი,
ზევით ღრუბელი, ძირს ნოემბერი,
ხევის სიყვითლე, შარა დაღლილი,
მონასტრის ზღურბლთან შეშლილი ბერი.

გაუხარელი ამინდებია.
წვიმები ბუხარს ისევ აქრობენ.
წისქვილთან ბევრი საფქვავებია
და სოფლად ჩუმად ლაპარაკობენ.