მღერიან თუშის ბიჭები


მიტანტალებენ ბილიკზე
თუშის პატარა ბიჭები,
ფეხში ესობათ ეკლები,
ფეხში ესობათ ხიჭვები.
მიდიან, მიიმღერიან,
მთები უწყობენ ხმასაო:
"თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ,
კიდევ ვჯობივარ სხვასაო...
არ მივატოვებ არასდროს
მთაში გარეკილ ცხვარსაო,
არ გავაცივებთ ღადარსა,
არ გამოვკეტავთ კარსაო,
ომალოს, დიკლოს, შენაქოს
არ დავუტოვებთ სხვასაო".
ნიამორები გადმოდგნენ
გადმოეფინენ მთებსაო.
მდინარეები გადმოსკდნენ,
კლდემ კლდეზე დაიკვნესაო.
ირემმა ირემს გასძახა:
ბალღებმა ეს რა თქვესაო!
ნეტაი, ჩვენსა მამულსა!
ნეტაი, დედათქვენსაო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი