მანანას წერილი


ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,
გეფიცები თოჯინას,
მომენატრე ძალიან.
მომენატრა სოფელი,
ბაბუა და ბებია,
ალბათ, ახლა სხედან და
ისევ მზეზე თბებიან.
მენატრება ძალიან
დედაშენის ნამცხვარი
და ოტია ბაბუას
მოყოლილი ზღაპარი.
ეთერი და თამაზი
სკოლაში თუ დადიან?
ჩვენს უკუდო მურიას
კუდი ხომ არ გაზრდია?
ჩვენი ფისო რას შვრება,
მუდამ რძე რომ უდგია,
ბებომ წკეპლა რა უყო,
ხომ არ გადაუგდია?
ნანას ჩემი წიგნები
ხომ არ დაუხევია?
ჩემი თუთა უჩემოდ
ხომ არ დაურხევიათ?
შენს თოჯინას ისევ ის
ჭრელი კაბა აცვია?
ქორს ყვითელი წიწილა
ხომ არ გაუტაცნია?
ჩემი კაბა ბოჩოლას
ხომ არ დაუღეჭია?
ბებოს ჩემი ბეკეკა
ხომ არ გაუკრეჭია?
ისევ თქვენთან სოფელში,
ნეტავ როდის ვიქნები!
ალბათ, ვეღარ მიცნობენ
გოჭები და თიკნები.
მე წელს ვეღარ ჩამოვალ,
საყვარელო მედიკო,
გამოგიშვას თბილისში,
შეეხვეწე დედიკოს.
ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო ტკბილო დაია,
რა იქნება, ჩამოდი,
მომენატრე ძალიან.
აქ ისეთი ბაღი გვაქვს!..
დიდი, ცამდე აწვდილი,
რა საბავშვო ბაღია,
სასახლეა ნამდვილი,
დაბლა, პირველ სართულზე,
ჩვენი დიდი კლასია,
სათამაშო ოთახი
თოჯინებით სავსეა.
ყველგან სისუფთავეა,
ყველგან თადარიგია,
აივანზე, ფანჯრებთან,
საწოლები გვიდგია.
ძილი გიყვარს? ვინ გიშლის,
დაწექი და იძინე!
თამაში გსურს? ეზო გვაქვს,
დადექი და ირბინე!
ბაღში კიდევ ბაღია,
ყურძნებით და ვაშლებით,
გეფიცები დედიკოს,
თვითონ ჩვენ ვკრეფთ, ბავშვები.
ბოსტანიც გვაქვს ლამაზი
და ყოველთვის, ჭამის დროს,
ვჭამთ ჩვენსავე ბოსტანში
მოსულ კიტრს და პამიდორს.
ეზო, ბაღი, ბოსტანი,
ყველაფერი ჩვენია,
ბაღს მურია დარაჯობს,
სულ არ არის კბენია.
რაც არ უნდა აბრაზო,
გინდა ცემე, გალახე,
ცოტას გაგიჯავრდება,
წინა კბილებს განახვებს.

*

რა საბავშვო ბაღია!
რა ლამაზად ნაგები!
კარგი მასწავლებლები,
კარგი ამხანაგები:
გელა, გია, თემური,
ხათუნა და რამაზი,
დოდო, დალი, ქეთინო,
ჯემალი და თამაზი...
გელა კარგი ბიჭია,
მაგრამ ცოტა ტრაბახა.
სულ მაშინებს: - მანანა,
ცალი ხელით გაგლახავ!
ხან ნაწნავებს მომქაჩავს
`აჩუ, აჩუს~ ძახილით,
ხან თამაშიც არ უნდა,
იღრინება ძაღლივით.
როცა ყვავილს დავხატავ,
მოვა, ფანქრით გადაშლის,
გუშინ ჩემი დათუნა
ამოსვარა ტალახში.
მისი შიშით თოჯინას
ვერ ვაძინებ აკვანში,
შემაძულა ბიჭებთან
სახლობანას თამაში.
გოგოების საქმეში
ნეტავ რისთვის ერევა?
აბა, ბიჭი რომ ვიყო,
მაშინ თუ მომერევა!

*

შენ არ იცნობ ნათიას,
თხუპნიას და ალქაჯას?
ნუნუ მასწავლებელმა
ო, რამდენჯერ დასაჯა...
როცა გვძინავს სუყველას,
მაშინ ხტის და ღიღინებს,
როცა ვმღერით, ნათია
სწორედ მაშინ იძინებს.
ხან სულ ტირის - არ მშია...
ხან სულ ტირის - მშიაო.
ვაშლზე ამბობს - მსხალია,
მსხალზე ამბობს - ბიაო.
ხან სკამზე დგას ფეხებით,
ხან მაგიდას აწვალებს,
და თუ რამე გაუტყდა,
სულ გოგოებს გვაბრალებს.
როცა სჯიან, ზლუქუნებს,
უსივდება თვალები:
- ნუნუ მასწავლებელო,
თქვენ კი გენაცვალებით,
აი, მაშინ დამსაჯეთ,
თუ ვიცელქო მეორედ,
გეფიცებით თოჯინას,
აღარ გავიმეორებ.
და მიცემულ პირობას
უცებ გადაივიწყებს.
ეჰ, იმ საწყალ თოჯინას
სულ ტყუილზე იფიცებს.

*

ჩვენს ჯგუფელებს, მედიკო,
ყველას უყვარს თემური,
გეფიცებით, მეც მიყვარს,
მაგრამ მაინც ვემდური.
დიდი მოყვარულია
ვაშლის, ატმის, ალუბლის,
მაგრამ არც ბაღს, არც ბოსტანს
არასოდეს არ უვლის.
მოუვლელმა ბოსტანმა
როგორ მოგვცეს ნაყოფი?
ერთხელ მაინც მორწყავდეს
სტაფილოს ან კარტოფილს.
ჰოდა, ჩემო მედიკო,
გამამტყუნე ამაში,
გაგონილა მთელი დღე
ომობანას თამაში?
თოფს მიმიზნებს, მიყვირის:
- ფეხზე რატომ დადიხარ?
ბახ, ბუხ, ბახ, ბუხ, მოგარტყი,
წაიქეცი, მკვდარი ხარ,
აბა, შემომეცალეთ,
გმირი ვარ და მამაცი...
მაგრამ გმირი კი არა,
არის დიდი ზარმაცი.

*

დოდოს იცნობ, პრანჭიას?
არ იკარებს არავის,
თანაც მატყუარაა,
რა მაქვს დასაფარავი!
ვინმე თუ გაეხუმრა,
ანდა რამე შებედა,
წამსვე წაცუნცულდება
ნუნუ მასწავლებელთან:
- ნუნუ მასწავლებელო,
ლიამ წყალი დაღვარა;
გიამ თხილის ნაჭუჭი
პირსაბანში ჩაყარა.
ნუნუ მასწავლებელო,
იცით, რა ქნა ნათიამ?
სათამაშო ბაჭია
ცალი ფეხით ათრია.
ნუნუ მასწავლებელო,
ენას მიყოფს მანანა!
გიგიმ, მასწავლებელო,
დაამტვრია მანქანა!
ალბათ, უნდა მთელი დღე
ვისხდეთ განაბულები,
მაგის შიშით, მედიკო,
ვერ ვეშმაკობთ სრულებით.

*

ჩემზე, აბა, რა გითხრა,
შენც კი იცი, დაიკო,
`ოქროს გოგოს~ მეძახის
დედიკოც და მამიკოც.
- მუსიკა და სიმღერა
ეხერხება თავიდან,
ნიჭიერი ბავშვია, -
ასე ამბობს მამიდა.
ოღონდ რამე ვინატრო,
მამა ხელად გააჩენს,
მარტო ბებო ბაბალე
უჯავრდება მამაჩემს:
- ხვეწნად ნუ გადიქეცით,
ჭამოს ბავშვმა თავისით,
ღმერთო, ამას რას ვხედავ,
ბარემ თავზე დაისვით.
ალბათ მიტომ ბრაზდება
ჩემზე ბებო ბაბალე,
მურაბას რომ ვიპარავ,
მუდამ მაგას ვაბრალებ.
ისე სულაც არა ვარ
უზრდელი და უხეში,
მერე რა, თუ ხანდახან
ჩემით ვდგები კუთხეში!

* * *

პირველად რომ მივედით
ბაღში მე და დედიკო,
ვაი, როგორ ვიტირე,
რომ იცოდე, მედიკო.
ნუნუ მასწავლებელმა
ჯერ ჩამისვა კალთაში,
მერე დამალობანას
წამოვიწყეთ თამაში:
- ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და...
ნუნუ მასწავლებელი
გა-ვი-და...
ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და...
საყვარელი დედიკოც
გა-ვი-და...
მე თვალები დავხუჭე,
ეს იყო და ეს იყო,
როცა თვალი გავაღე,
აღარ იყო დედიკო...
ჯერ ვიტირე, ვიტირე,
მერე ბევრი ვიცინე,
როცა გული ვიჯერე,
დავწექი და ვიძინე.
დედას აღარ მივტირი
უკვე დიდი ხანია,
ნუნუ მასწავლებელთან
ისე მიმიხარია!..
რამდენ თამაშს გვასწავლის,
ლექსებსა და სიმღერებს,
ხან კუთხეში გვაყენებს,
ხანაც წკეპლებს გვიღერებს.
ხან თაფლივით ტკბილია,
მაგრამ, შენ გენაცვალე,
ხან ისეთი ავია,
ბებოსავით მაწვალებს.
- ძაღლთან ახლოს ნუ მიხვალ!
ხელით რატომ ეხები?
- აბა, თითი პირიდან!
- გააჩერე ფეხები!
- სხვის პირსახოცს ნუ ხმარობ!
- ნახე შენი ალაგი!
- ხორცი რატომ დატოვე!
- გაათავე კარაქი!
- არ იჩხუბოთ, ბავშვებო!
ზის და თვალს არ გვაცილებს.
როცა არ გვეძინება,
სწორედ მაშინ გვაძინებს.
რა ძნელია ამდენის
მოთმენა და ატანა,
გაგონილა ყოველდღე
საპნით პირის დაბანა?
მაგრამ მაგას არ ვამბობ,
ჯავრიც არ მაქვს მაგისი,
შეიძლება ყოველდღე
კბილის ხეხვა ჯაგრისით?
ნინო გამგე, ექიმი,
ნუნუ მასწავლებელი,
მზარეული, მებაღე,
კლასის დამლაგებელი;
- გაიხეხეთ, ბავშვებო!
ერთად გვეჩხუბებიან...
რა კარგია, კბილები
რომ არა აქვს ბებიას.
ხომ ასეთი ქალია,
მაინც გვიყვარს ძალიან,
გაჯავრება რომ იცის,
ალბათ, ჩვენი ბრალია.
კინო, ცირკი, თეატრი
ალბათ, გაგიგონია,
იქაც ხშირად ვბრძანდებით,
სულ ბაღში ვართ, გგონია?
დაგვაწყობენ წყვილ-წყვილად,
საბავშვო ბაღს გავცდებით
და მივდივართ ქუჩაში,
როგორც ჯარისკაცები.
ყველა გადასასვლელზე
მწვანე შუქი ენთება,
ჩვენ რომ გავალთ ქალაქში,
მოძრაობა ჩერდება.
ძია მილიციელი
ჯოხს აუწევს მანქანებს,
ამის შემდეგ მანქანებს
ვერავინ გააქანებს.
მერე, განა ცოტანი,
თითქმის ოცდაათი ვართ,
ჩვენ ტრამვაით ყოველთვის
უბილეთოდ დავდივართ.
ასე ხშირად ვსეირნობთ,
პატარები ქალაქში
და თეატრში ვერთობით
თოჯინების თამაშით.
იმ დღეს კიდევ კინოში
იცი, რა გამიკვირდა?
თაგუნია ფისოსთან
სახლში სტუმრად მივიდა.

* * *

ერთხელ კინო გვაჩვენეს,
გავიგუდე სიცილით,
ერთ ოთახში ცხოვრობდნენ
მელია და წიწილი.
ზღარბმა სნეულ ბაჭიას
გაუკეთა ნემსები,
ჩხიკვმა ციყვს და კოდალას,
წაუკითხა ლექსები.
მერე ერთმა დათუნამ
მხარზე შეშა გაიწყო
და ნამდვილი კაცივით
ლაპარაკი დაიწყო.
ასე ლაპარაკობდნენ
ძაღლიც, ტურაც, მგელიცა,
მერე... მერე არ მახსოვს...
გვიან გამომეღვიძა.

* * *

`მუშტაიდი~ გინახავს?
არა? - შენზე ახია,
არც კი იცი, რა კარგი,
რა ლამაზი ბაღია.
ჩვენი მატარებელი
ნუთუ არ გაგიგია?
ბილეთებზე ყოველთვის
ისე დიდი რიგია...
წითელქუდა მორიგე
დადის, წესრიგს ამყარებს,
ხან ცელქ მგზავრებს უწყრება,
ხან მეისრეს აბარებს:
- შეამოწმე ხაზები!
- წესრიგშია ბაქანი?
- თქვენ ვინ გნებავთ?
უფროსი?
წამობრძანდით, აქ არის.
უფროსთან რომ ყველანი
მოწიწებით მიდიან,
შენ გგონია ძიაა?
ჩვენზე ცოტა დიდია.
არაფერი სჯობია,
ვფიცავ, ამის ყურებას,
მთელ გზას პიონერების
რაზმი ემსახურება.
ჰა, გავედით ბაქანზე
და ვაგონთან მივედით,
ერთმა ციცქნა გოგონამ
გამისინჯა ბილეთი.
ორთქლმავალი მზად არის,
ყვირის, ქშინავს, ცახცახებს,
და სადგურის რადიო
რიხიანად აცხადებს:
- ჩვენი მატარებელი...
პლატფორმაზე გავიდა,
დაიძვრება ერთ წუთში
პირველ ლიანდაგიდან.
ჩქარობს ხალხი, მიათრევს
სკივრებსა და ლოგინებს.
- ამხანაგო მგზავრებო,
გაუფრთხილდით თოჯინებს!
დაუსტვინა მორიგემ...
ხვევნა, კოცნა, ალერსი!..
აირია ბაქანი,
არაფერი არ გვესმის.
- დამიკოცნე ჩვენები...
- გადაეცი ბარათი...
- მოიწერე...
- მშვიდობით...
- მოგვიგონე...
- ნახვამდის...
მიჰქრის მატარებელი,
მიგვაქროლებს პატარებს;
ჩვენო მატარებელო,
გვატარე და გვატარე!
ჩუქ, ჩუქ, ჩუქ, ჩუქ,
მივფრინავთ,
გუგუნებენ ბორბლები:
- მოემზადეთ, მგზავრებო!
- ჩამობრძანდით!
- მოვედით!
ზოოპარკშიც დავდივართ,
ტყის ცხოველებს ვეცნობით.
მაიმუნებს ვაბრაზებთ,
ვიცინით და ვერთობით.
მაიმუნი პრანჭია,
სახე დაუმანჭია,
დარბის, დარბის, ქაქანებს,
საქანელას აქანებს;
რასაც მისცემ, აფუჭებს,
გვესვრის თხილის ნაჭუჭებს;
რა სუფთაა, რა სუფთა?!
თავზე იყრის ნასუფრალს.
ქცევა აუტანელი,
ხელპირდაუბანელი,
ბაძია და წუნია,
მართლაც მაიმუნია.
რომ არ ვამბობ არაფერს,
შენ გგონია, არა მწყინს?
დედიკო რომ ხანდახან
მაიმუნოს მეძახის!
სოფელში რომ ბევრია,
აქაცა ჰყავთ მელია,
შენ კი იცი, მელია
რარიგ საძაგელია.
ო, რამდენი დედლის და
მამლის სისხლი დალია!..
აქ ამ ქათმის ქურდებით
სავსე არის გალია.
გახსოვს, ჩიტი ჩიორას
ტირილი და გოდება?
სულ ცრემლები მახრჩობენ,
როცა მომაგონდება.
აქ თავს იკატუნებენ,
არ არიან მადაზე,
ზოოპარკის გალია
ახი არის მაგათზე.

*

სპილო ხომ გაგიგია?
მთაზე უფრო დიდია,
ცხვირის ნაცვლად, მედიკო,
წინ ხორთუმი ჰკიდია.
ვაშლი, პური, შაქარი
იმით მიაქვს ხახაში,
უყვარს ჩვენი ყურება,
სიცილი და თამაში.
ერთხელ სულაც არ შერცხვა,
არც კი მოიბოდიშა
და ხორთუმით სუყველას
თავზე წყალი მოგვიშვა.
დაგვასველა, გაგვწუწა,
წაგვამწარა სტუმრობა,
გეფიცები, ხანდახან,
სულ არ იცის ხუმრობა.
ისე მუდამ წყნარია,
დინჯია და მშვიდია,
მიყიდიდა მამიკო,
მაგრამ ძლიერ დიდია.

*

კუზიანი აქლემი
არასოდეს გინახავს?
ამბობენ, რომ კუზებში
წყალს და საჭმელს ინახავს.
კუზში საჭმელს რა უნდა?
ჩემო კარგო, არადა...
საწყალს, ალბათ, არა აქვს
განჯინა და კარადა.
კენჭები თუ ესროლე,
ცოტა თუ შეაწუხე,
ვითომ არაფერია,
ისე შემოგაფურთხებს.
მერე რა, რომ მთასავით
გაზრდილა და გრძელია,
მე თუ მკითხავ, ნამდვილად
დიდი გაუზრდელია.

*

იქით მთელი მხეცების
მეფე - ლომი ღრიალებს,
თუკი ახლოს მიხვედი,
თვალებს დაგიბრიალებს.
კბილებს გააკრაჭუნებს,
ტორებს დაჰკრავს გალიას,
ჩვენ კი არა, დიდებსაც
ეშინიათ ძალიან.
ახლოს არვის იკარებს,
არავის სცნობს სრულიად,
ამიტომაც თამაში
ლომთან აკრძალულია.

*

ლომის გვერდით ვეფხვია,
ისიც მტაცებელია,
სულ კატას ჰგავს, მედიკო,
კატასავით ჭრელია.
ვეფხვსაც, ლომის არ იყოს,
სულ არ უყვარს ბავშვები,
არც ვეფხვია, თუ მკითხავ,
სახლში შემოსაშვები.

*

შველის არ მეშინია,
წინ ბალახი უყრია;
იქვე რომ დაკუნტრუშობს,
პაწაწინა ნუკრია.
შენ გგონია, ვეფხვივით,
მისვლის ნებას არ მომცემს?
ერთხელ მოვეფერე და
შიგ ტუჩებში ვაკოცე.
ვერ დატკბები ვერასდროს
შვლის და ნუკრის ყურებით,
როგორა აქვთ, თუ იცი,
დაცქვეტილი ყურები!
ასე ნაზი ცხოველი
ზოოპარკში არც კია,
ჩვენს ბეკეკას ჩამოჰგავს,
მაგრამ უფრო კარგია.

*

დათუნია ყველას სჯობს,
ბანჯგვლიანი დათუნა,
მუდამ გვებურტყუნება
მე, დოდოს და ხათუნას.
ცეკვაც იცის, თუკი სთხოვ,
თუმცა თხოვნა რად უნდა,
- ტაში, ჩემო დათუნა!
- დაუარე, დათუნა!
ისე მიყვარს, მედიკო,
სულ მის ცქერას ვუნდები,
რამეს რომ არ მატკენდეს,
ულში ჩავეხუტები.

*

როცა დავიქანცებით
სირბილით და თამაშით,
მოვუსხდებით მაგიდებს,
ლამაზ წიგნებს გადავშლით...
რას იცინი, არ გჯერა?
თუ არ გჯერა, იკითხე,
იცი, გუშინ რა დიდი
წიგნი გადავიკითხე?
ეჰ, რას ნიშნავს, მედიკო,
ჩვენს ბაღში რომ არა ხარ,
ნეტავ ჩემი კითხვა და
ანგარიში განახა!
იქნებ ესეც არ გჯერა?
აბა, ჰკითხე ნათიას,
ორჯერ ორი ოთხია,
ორჯერ ხუთი ათია.
ცხრა და ორი... დამაცა...
წიგნში როგორ წერია?
ახლავ გამახსენდება
ცხრა და ორი ბევრია...
მიმატება, გაყოფა,
გამრავლების წესები,
ეს ხომ ვიცი, თუ გინდა,
ახლა მკითხე ლექსები.
`შემოდგომა~, `ზამთარი~,
`სკოლის ზარი გვეძახის~,
`ყვავო, ყვავო, ყვანჩალა~,
`თხამ შეჭამა ვენახი~...
სულ გამოთქმით ვისწავლე,
არა გჯერა, არა, ხომ?
გინდა გითხრა ზეპირად?
უჰ, თავიდან არ მახსოვს...
არ იფიქრო მინდოდეს,
შენთან თავის შექება.
სკოლაში რომ ვისწავლი,
სულ ხუთები მექნება.
ჩვენი ბაღის ამბები
რაც გითხარი, ეს იყო,
ნუთუ ამის შემდეგაც
არ ჩამოხვალ, მედიკო?
პასუხს ველი, მომწერე,
რას აკეთებ, სადა ხარ,
გახსოვს, იქ რომ დამპირდი:
`წერილს მოგწერ ხანდახან~.
თუკი წერა არ იცი,
მისთვის არ მწერ წერილებს,
აიღე და ჩემსავით,
დედას დააწერინე.
მაგრამ შენგან, დაიკო,
არაფერიც არ მომდის,
მომიკითხე ბოჩოლა,
უეჭველად ჩამოდი.
არ მოგაკლებ არაფერს...
ცირკს, კინოში წაყვანას,
ათასჯერ და მრავალჯერ
გკოცნი,
შენი მანანა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი