მგელი,ბატკანი და მურია


ერთხელ ბატკანმა მურიას
შეჰკადრა საყვედურია:
- რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით
ვერ გვიჭამია პურია?!

გაბრაზებულმა მურიამ
ხელად იძია შურია,
მგლის ლეკვს, ფარეხში შეპარულს,
ძირში მოჭამა ყურია.

მგლის ლეკვმა დედას შესჩივლა
დაკბენილმა და უყურომ:
- მურიას მამაძაღლობას
როდემდე უნდა უყურო?!

შეშინებულმა ძუ მგელმა
ატეხა ვაი-ვიშიო,
შვილს უთხრა: - ხომ გაგაფრთხილე,
გქონდეს ძაღლების შიშიო,

ცხვრის გადამკიდე, მაგ ოხრებს,
არ უყვართ ჩვენი ჯიშიო.
სხვა გზა არ არის, შვილებო,
მგლის ჯიშმა დღეის იქეთო,

უნდა გვარი და სახელი
ძაღლებად გადავიკეთოთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი