გადმოწერა: PDF

ოთარ ჭილაძე - ფოტო

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის ..

ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას,
რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.
საქმე ისაა, როგორ მიაბამ,
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,
რომ არ შეფასდეს მერე იაფად
შენივე ხელით შეკრული კვანძი.
როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე
და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ.
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ,
თავისით გაქრა ბევრი სურვილი,
ბევრჯერ შევასკდი გულსა და კედლებს,
უმისამართოდ ნასროლ ჭურვივით.
სამაგიეროდ, მეც განმიცდია,
რასაც განიცდის ყველა მოკვდავი,
როცა შემოდს სულში მინდია -
ყველაფრის ცოდნე და საცოდავი.
და ვიცი, რატომ უნდა მიყვარდეს
ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,
რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,
სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.
მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
და მოვუნახე სულს სასთუმალი -
მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი
და არა - წუთისოფლის სტუმარი.