ჯერ იყო სიტყვა


ჯერ იყო სიტყვა, რადგან სიტყვა დედაა ღმერთის.

სიტყვა ინახავს გონჯს და ლამაზს, ბოროტს და კეთილს.

სიტყვაში ბუდობს, რაც კი ვიცით, ანდა არ ვიცით,

რაც კი აქამდე განგვიცდია, ანდა განვიცდით.

სიტყვის ძუძუს წოვს სასოც, რწმენაც, ზარიც, ოცნებაც….

და სიტყვას, მხოლოდ სიტყვას ძალუძს მკვდრის გაცოცხლება,

ოღონდ თუ სხვებმაც დაინახეს, დროზე თუ ითქვა,

სჯობს, თქვა და მოკვდე, ვიდრე გულში ჩაიკლა სიტყვა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი