ფრიდონ ხალვაში - ფოტო

ფრიდონ ხალვაში

პოეტი, პროზაიკოსი

აიშე

იცით, დედაჩემს ერქვა აიშე,
ვხედავ ძველ ფაცხას, მიყვარს ის ჭერი...
ჩემი ფიქრები დგანან ქარებში
და ჩემს გაფრენილ დღეებს იჭერენ.
სკივრში ფაქიზად ედო ჩადრები
და მარხულობდა ყველა რამაზანს,
ეწყინა, როცა ღვინით დავთვერი, _
ცოდვაა შვილო, ნუ იქმ ამასო.
მაგრამ მღეროდა ღვინობისთვეზე
ერთ ძველ სიმღერას მალულ კაეშნით,
ძველი ქვევრები პირებს ივსებდნენ,
მაჭრის სურნელი ქროდა ქარებში.
იცით, დედაჩემს ერქვა აიშე,
მისი ხმა ჩემში მარად იჟღერებს,
ჩემი დარდები დგანან ქარებში
და ჩემს გაფრენილ დღეებს იჭერენ.