ფრიდონ ხალვაში - ფოტო

ფრიდონ ხალვაში

პოეტი, პროზაიკოსი

აჭარელ დედას

მადლობა, ნენევ, რომ მამულს
გმირი უზარდე ამდენი,
ჭოროხი შენი ცრემლია,
თვალთაგან გადმონადენი.
ჩადრებში გამოგახვიეს,
როგორც ქისაში ალთუნი,
არ დაიჟანგე _ იხსენი
თავიც და სიტყვაც ქართული.
როგორც ნაცარში ღადარი,
ინახე ენა მშობლური,
გადაგვირჩინე სიმღერა,
თვალი მოვისხით ორბული.
გვიცავდა შენი ღიმილი,
გვივლიდა შენი ალერსი,
გულში თუ გედო ტკივილი,
იმედი გენთო თვალებში.
ვლოცოთ მიწა და ჰაერი,
ვლოცოთ პური და მარილი,
ჩვენი სახლ-კარი და ერი,
და ქვეყნის ცა საყვარელი.
ვლოცოთ შეხვედრა მეგობრის, _
ამბორი მონატრებული, _
ყელმოტეხილი დოქები
სოფლის წყაროზე შედგმული.
ვლოცოთ ქართული სიმღერა, _
განდაგანა და მხარული,
ათას წელს რომ არ იღლება
სურვილი, წვა, სიხარული.