წიფლის ქერეჭის მჭადი


ოქტომბრის მიწურულს, ბაბაი უკვე ცოტა მოჯანიანებული, კვლავ საჟამთროდ ჯირეკების ზიდვას შეუდგა. ზურგიც იმ კატარ-მუხის ჯირეკივით ოდნავ მოეკუზა და ზედ ნენეს ნახმარი ხავსისფერი ძველი, ღაზლის იჩლოღო რომ ეხურა, მთლად ჩვენებური მუხის დაძიტრკვულ, ხოშორ ჯირკვს დამგვანებოდა, მე კი კოლექტივის ყანებში მახრიგინებდნენ და ისედაც ფიჩხივით დაწვრილებული კისერ-მკლავები მთლად დამეღრიკა, გამიშავდა. ღაწვებზე ნაზად წამოსული, მორჩვის ბალახივით ჩვილი ბალანი, უცებ ბარდის ეკალივით დაიწვერა, გახშირდა, დახოშრდა, გაავდა, მაგრამ ყველაზე აუტანელი და უსაშველო გახდა შიმშილი.
მშიოდა, _ დილაზე, შუადღეზე, საღამოს, ღამითვ და ისევ, _ დილაზე, ნენე ხშირად უბეში ჩამალულ-შენახულ მჭადის პაწა ნატეხს ამოაპარებდა და ხელში მორიდებით ჩამიდებდა.
ბოლოს, ყოველგარ ნატეხ-ნაფუნჩხი მიილია, გამოწყდა. მაგრამ, ერთ დღეს, ბრიგადირმა კარტოფილის საგლეჯში დაგვიძახა და სიხარულით ცას ვეწიე, _ საღამოს ცოტას მოვიპარავ და ზეგნის ყანიდან შინ ჩამოვიტან-მეთქი, მხარზე გოდორი წამოვიგდე, ტარმოტეხილი თოხი იღლიაში ამოვიჩარე და აღმართს ჩლარტაჩლურტით შევუყევი.
~ყარტოფაი~ ღამით შარაგზაზე ჩაგვაზიდინეს. მარხილ-ციგებით, გოდრებით, ტომრებით ზიდავდნენ. ზიდავდნენ კაცები, ქალები, ბაღნები, თანაც ჩამოვლისას თითო ხელისმოკიდება კარტოფილს ყოველი ჩვენგანი, თავისი სახლის გასაქციელზე, ბანჯარაებში მალავდა, რომ ბოლოს, შინ დაბრუნებულს, თან წაეღო, მეც ვმალე, ზოგჯხერ კარგ ხაოიან კარტოფილს უბეშიც ჩავიძვრენდი, მაგრამ ბრიგადირმა შემნიშნა. შარვლის ხვანჯარრში ჩატანებული ხალათის კალთა უხერხულად ამომიფუშა და წვალებით ნარჩევ-ნალოლიავები კარტოფილები კოლექტივის საერთო ხვავზე მიმაყრევინა.
მეორე დღეს, ბანჯარას ბუჩქებიდან, ღამით მიტანილი კარტოფილები ნენემ სადილად მოხარშა. იქვე კარდლით ხაპერა ხაპიც მოხარშა, ხაპერადან კოვზით ამოფხიკა და კანშემომძვრალ კარტოფილებს შეურია, მერე, წიფლის მოხალული ქერეჭები ჭალიქვით დაფშვნა-დანაყა და ესეც ხაპერას ნაფხეკს მიაპნია. მერე, ყველაფერი ეს, სამი რამე, მჭადის საზელ გობში ჩანაყა, ცოტა შემთბარი თუნგის წყალი დააშეშხა, დაიმკლავა და, რომენლიღაც ლოცვისთავების ჩურჩულით, ზელვა დაუწყო. ცომი მხურვალე კეცში ჩაასვენა და მიჩვეული ხელის ყუა, ჯვარის დასაჯდობად, ორჯერ დაადო.
წიფლის ქერეჭის მჭადი მართალ მჭადივით ვჭამეთ.
საღამო იყო. სავახშმო ჭადი ნენემ ვეღარ გამოაცხო. გულადუღებული, სულშეწუხებული კვნესით და ვაი-ვიშით აქეთ-იქით აწყდებოდა. არ იცოდა, რა ეჭმევინა ჩვენთვის, მურთაზა ღორჯომში გავამგზარეთ გუშინ. არდაჰანული ორი ხალიჩა და სპილენძის ერთი `ყაფაღლი~ (თავსახურიანი თუნგი) წაიღო `ყართოლფაში~ გადასაცვლელად. იქნება სადმე ერთი ტომარა სიმინდიც ეშოვნა. ზეგნელებს, კიდევ სხვა, რამ ჯამ-ჭურჭელს დაპირებოდა. ყველაფერს გაიმეტებდა ნენეი, ოღონდ მჭადი ჰქონოდა.
გარედან დაიძახეს. ხმაზე ვიცანი. საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი დუბის კოლექტივის თავი, ჯემალი იყო.
_ შამოი შინ. _ გასძახა მამაჩემმა.
_ არა, ალიავ, ერთი გამოი აქ, რაცხანა უნდა გითხრა. დუუძახე შენ ბიჭსაც, შუქრას დუუძახე. _ თან ქვეშ-ქვე უცნაურად ეღიმებოდა.
_ შამოი და აქ ვთქვათ. _ არ ეშვებოდა ბაბაი.
_ მეჩქარება, ალიავ. ახლა საბჭოდან მოვდივარ. ჰა, ასე კოჟორებზე ვირბინე და... _ მამას მეც ფეხაკრეფით და გულისფანცქალით გავყევი. რას გვეტყვის ნეტა მთავრობის კაცი? რაც სოფლიდან საბჭოში ჩაიყვანეს, გასხვაფერდა ჯემალი, გამოიცვალა, მრისხანე, მიუკარები შეიქნა თითქოს. ორი ვაჟიშვილიდან ერთი, უფროსი შერიფი, ჯარში იყო, უფრო სწორად, _ ფრონტზე იყო, ვიცოდით, ბოლო თვეებში შერიფისაგან წერილი აღარ გამოჩნდა. შფოთავდა ჯემალი, მიაგრამ საბჭოს თავრის სანიმუშო კომუნისტობას შიში არ შეეფერებოდა, ამიტომ არც კი იმჩნევდა. ხალხი მაგალითს მისგან, ხელმძღვანელობისგან იღებდა. იგი გამძლე და იმედის კაცი გახლდათ. მუდამ შემართული, ფხიზელი, ყოველი ჩაპუწკულ-ჩაშლილი საქმიდან გამოსავლის მპოვნელი, უღუნავი, უბზარავი, უტეხელი, დაუხეველი, აუღებელი, ძველი, კოლექტივის ყანებში ნარჩენი, მუხლებ და საჯდომგაცვეთილი გალიფე ეცვა. შემოქლექილ მუხლებზე ტყავის საკერებლები კოხტად მიეკერებინა. ისეთივე ტყავის საკერებელი, ჩამავალ მთვარესავით ფერდაცლილი და მრგვალი, საჯდომზეც გამოეკერებინა.
-ალიავ, ა ეს შე ბიჭი, შექრაი, საბჭოს მდივნადნა წევყვანო. ზეიმურად განაცხადა ჯემალმა და ძლივსშესამჩნევღიმილიანი პირისახე ჩემკენ მოაბრუნა. ცეცხლის ალები მომეკიდა ვითდომ. გულმა ბაგაბუგი დამიწყო. რაო? საბჭოს მდივნად? ხო, ხო, რამხელა კაცი ვიქნები! სიხარულმა, სიამაყემ, თავისთავის მდივნად წარმოდგენის წინწკლებმა ტანში დამრბინა და დამჭინჭრა. ჯამაგირი იქნება, თვეში ცხრა კილო პურის ფქვილიც იქნება. მდივანი, _ საბჭოს მდივანი! გავივლი, მომმართავენ, პატივცემულო მდივანო, შეიძლება? აჰ, ზოგჯერ ალბათ ვერც გამიბედავენ. არა, არ მინდა ამფერი ვიყო, ვერ გამიბედონ. ვეტყვი: კი, ძიავ, გისმენ, მოდი საბჭოში მითხარი, ყოლისფერი გაკეთდება. აბა, დაგიწერ ცნობას, რომ თუთუნი შენ საკარმიდამოშია მოწეული. კი, კი, თავმჯდომარეს ბეჭედს დავარტყმევინებ, მე გავაკეთებინებ, ნუ ჩივი შენ... ჰოდა, წავა მერე ის კაცი და იტყვის, _ ააშენა ღმერთმა ალიას ბაღვი, შუქრი, რა ბიჭი ყოფილა, რა კაცი მოსულა საბჭოში. მაგრამ მლდივნობას შევძლებ ვითომ? იმდენი წერა. წერა ოქმებისა, იმდენი ცნობების, ნებართვების კეთება, კეთება. თვით ჯემალ ბიძასთან გაჭირდება მუშაობა... ამ ხნის კაცია, ძნელი კაცია, ჯავრიანი და მრისხანეა. მეორენაირად თავს ვიმშვიდებდი, მერე რაი, მდივანი გახდება, ბაღნობიდან გამოხვალ.
ბაბას საბჭოდან ექიმს ამოვუყვან. გავასინჯინებ, წამლებს გამოვართმევ, მოვარჩენ. ნენეს თვის თავზე, ხიდის საბჭოს დუქნიდან ცხრა კილო პურის ფქვილს ამოვუტან. ჰა, ნენი, ვეტყვი, წიფლის ქერეჭის მაგიერ. ახლა მოხარშულ ხაპს და კარტოფილს, აი, აგერ ეს პურის ფქვილი შეურიე და ნამდვილივით ჭადი გამოაცხვე. ღმერთოერთო, შენი სახელის ჭირიმე, ჩენო მადლიანო, მადლობა შენ, ამფერი ბიჭი რომ მომასტარიო, _ დაილოცება დედაჩემი. მარტო ეს მეყოფა სიკეთენდ. წერა-კითხვა? ომი გათავდება და მდივნობიდან... ჭკვა გიდნა, ჭვა, თვარა რა სწავლა აქვს ჯემალს. ნახე, მთელი საბჭო ხელში უკავია,. მერე როგორ! აი, ყველანი, ჩამოსული ექიმიც, მასწავლებელიც მის გამოჩენაზე ფეხზე დგანან და გაჭიმულები უსმენენ. ყველას აშინებს. ყველას აჯერებს.
_ ხომ გეიგევი, ალიავ, რა გითხრა, მიხდი ხომ? _ მიუბათქუნა მამას მარჯვენა ხელი გულზე. მამაჩემმა ჩაიცინა უხმოდ, თვალენბი აუწითლდა შიშით და სიხარულით. თავი ისე დაუძანძურა, მოკოჭილი ყაბალახი თავზე შემოძვრა და ჩამოეშალ-ჩამოენგრა.
-გეიგევი, რა გითხარი, ალიავ? _ ისევ გაუმეორა საბჭოს თავრემ. მამაჩემი ოდნავ მოიღუნა, მგონი იწყინა, ვინ ვგონივარ ამასო, თლათ ბლაყვი ხომ არ ვგონივარო, მაგრამ საქმე ისე მიდიოდა, აღარაფერი უთქვამს. უფროს კაცს შესაყვედურება აღარ შეკადრა, დაუთმო, დაუდინგლა, _ კიო, მივხვდი, აბა რაო და კიდეც ხელმეორედ გაუღიმა.
-ხვალ, დილაზე ჩამოხვალ ხიდზე, საბჭოში და... _ ახლა უკვე ჩემს გასაგონად ბრძანა. წასვლა დააპირა, მაგრამ შედგა, კვლავ შემომხედა. _ წერა ხომ შეგეძლება კარქათ? საწერი ბევრია, ეს იცოდენა. მე მითხრეს, კაი წერა შეუძლიაო, ჰა!
_ ვწერ, რა ვიცი.
_ ჰო, ასე! წერო უნდა, წერაა მთავაპრი, საწერი ბევრია, ესნა იცოდე... გეიგევი, რა გითხარი?! _ უქანა თავი ბაბამ ჩემ მაგიერ.
თავმჯდომაე წასასვლელად დაიძრა, თუმცა უმალვე, წამომყე შენო, საქმა აგერ პაწაიო, ნამდვილ მდივანს რომ ეტყვიან, ისე მომმართა.
_ ეგ რაა, ჭო! _ ფეხებზე დამხედა. _ მაგითნა იარო საბჭოში? მიხვალ დილაზე სოღმაღში, ეტყვი ჩემზე, იმან გამომგზავნაო და მოგცემენ კონდრებს. სალდათურია, მაგარი, ებრახუნე და იყავი აღმა-დაღმა. ალიავ! _ მოუბრუნდა ისევ ბაბას. _ წყვილი ქალამანიც დაჭირდება, რაიონში ჩასვლამდე ჩაიცვამს, ფეხზე ემსუბუქება, კონდრებს ხელით წეიღებს და, როცა ცენტრს მიუახლოვდება, მაშინ გამოიცლის. რა გითხარი, გეიტევი? _ ისევ შეაწუხა მამაჩემი.
მამაჩემმა ყაბალახში საჩვენებელი თითი შეიყო და თავი შეიფხანა.
ცოტაზე რომ დაშორავდა, ჯემალი კვლავ შემობრუნდა.
_ ხომ გეიგევი, რა გითხარი? წამომყე ახლა, შუქრი, საქმეა პაწაი.
მუხის ფესვების კიბეზე ააბიჯა. კოსტოხასკენ სალდათების ჩექმებით გაჯეკნილ-გათეთრებულ გაზაბაწარს შეუდგა.
_ ახალი ჯარისკაცები ამოვდენ... ხომ გეიგევი, რა გითხარი. ვნახოთ ერთი. _ თქვა წინ მიმავალმა. _ ისინი, წინანდელები, გამთენიას წაიყვანეს ფრონტზე, _ რატომღაც ხმა ჩაეჩოქა, აუკანკალდა. თვალები დამიმალა. მკერდის ცალ ჯიბეზე ხელი მიიდო.
იქ, მგელძაღლა იგივე იყო. ჯაჭვი იგივე ჟღარუნობდა. კოსტოხას მოთელილ მინდორზე კი, იმ დახაზულებში, ჯარისკაცი იდგა.
_ სალდათი გოგვები მოვდენ. გეიგევი ხომ, რა ვთქვი?
_ ვერა! _ წამომცდა და ჩემს მდივნობაზე მეტად `სალდათი გოგვები~ გამიხარდა.
ძაღლმა დაყეფა. ჯარისგოგო ჩვენკენ მოტრიალდა. ხაშარივით გრძელი თოფი ზეასწია და შეჩერდითო, ჭახედ დაიწივლა. ხაშრისხელა თოფს ისე მსუბუქად ატრიალებდა ხელში, გამიკვირდა, რა ძალა აქვს ამნაირი ჯარიგოგოს-მეთქი. ხმაურზე ახალი ეფრეიტორი გამოვიდა. ჭაღაროსანი, ბრტყელი, ხანოვანი კაცი იყო. გახუნებული ბლუზა-შარვალი და, ვხედავდი, დაძველებული, დაკემსილი პილოტკა ედო თავზე.
ეტყობოდა, ეფრეიტორი ამ დღეებში მობილიზებული ბერიკაცი იყო. თავმჯდომარე ვარო, მაძახა ჯემალმა. ძაღლი გააჩუმეს და მიწურში შევედით. იქ სხვანაირი სუნი იდგა უკვე. ეს ქალთა სურნელი, ილუზიების მფრქვეველი იმათი სურნელი იყო.
მიწურში შესვლისას შევნიშნე, ვახტზე მდომ ჯარის გოგოს ხის მუნჯი თოფი ეჭირა ხელში. ეფრეიტორმა გვითხრა, წინანდელი აქ მყოფი სალდათები თავისივე თოფებით წავიდნენ ფრონტზე. იქ ჩვენებს საკმარისი თოფები არა აქვთო.
ძალიან გვიჭირს, შიშველი ხელებით ვებრძვით კბილებამდე აღჭურვილ გერმანელებსო. მე ფრონტიდან ჩამოვედი, მეორე დღენსვე დავიჭერიო. ნაჭრილობევი გვაჩვენა მუხლთან. მერე მარცხენა გაშლილი ხელი დადო მაგიდაზე. ორი თითი _ ცერი და საჩვენებელი აკლდა. ასე მალე რაფერ მოასწრო ამდენი საქმე? _ გავიფიქრე.
თავმჯდომარემ სერჟანტს (მეგონა _ ეფრეიტორი) დახმარებები აღუთქვა და წასასვლელად წამოიწია. ღრიჭოში თვალი მოვკარი, _ დერეფანში ის, ვახტზე მდგარი ჯარის გოგო შემობრაგუნდა, ეტყობოდა, შეცვალეს. იქ, კოსტიხაზე, უკვე მეორე იდგა. _ პილოტკიდან ქერათმებჩამოყრილი რუსის ჯარის გოგო. აქეთ-იქით სიარულისას ბატინკებს აბრახუნებდა. დერეფანში შემოსულმა კი შინელი გაიხადა. დაიხარა, ბატინკებიც გაიხადა. კარი შემოაღო, მოგვესალმე რუსულად.
_ ხატუნა, ნუ ჩტო, დავაი გოსტიამ ჩაი! _ ულაზათოდ თქვა სერჟანტმა.
_ ესტ, ტოვარიშ სერჟანტ! _ უპასუხა სმენაზე გაჭიმულმა ნავახტარმა ჯარის გოგომ,. დავინახე, ხაკის ბლუზა-ხალათის ორივე ჯიბე რა გასასკდომივით გამოუბერა ქადლიშვილური მკერდის სიმწიფემ.
ხათუნა ქართუველი იყო, მაგრამ სერჟანტი თავის ენნაზენ არ ალაპარაკებდა, ჯარში მხოლოდ რუსულია სამსახურის ენაო. ისე, ხათუნაც რუსს გავდა. მოცისფრო, დიდრონი თვალები ჰქონდა. წვრილი იყო. სწორი, მომაღლო, ცხვირაწკეპილი და კანონის მონა.
სიტყვაც ვერ დავაცდინეთ ქართულად. არადა, ეტყობოდა, რუსულს ნაძალადევად, ძლივს ღრიკავდა. რაღაც შორეული, უხილავი მოლოდინის თბილი ჟრუანტელი მივლიდა, ხათუნას რომ ვუცქეროდი, თითქოს ნატვრის ახდენას ვხედავდი.
მეორე დღეს, ხიდის სოფსაბჭოს სამყოფ ფაცხაში, მდივნის მაგიდასთან მჯდარი,. დასაწერ-გადასაწერი ოქმების მთელი ბულულების გვერდით, ტიალ ქაღალდზე, უნებურად, კალამს გამოყავდა ერთი და იგივე მარცვლები. ხა-თუ-ნა, შენისთანა სხვა თუა? ოთახში თავმჯდომარე, მდივანი და ფინაგენტი ერთად ვიჯექით. ხათუნა როცა მიტრიალებდა თავში, ჯემალი წასული იყო მაშინ. როგორც დაბრუნდა, თავზე დამადგა. წინ ქაღალდს დახედა, ფურცელი წამართვა, უყურა, უყურა და ჯავრით ხელი აუკანკალდა. შევშინდი, ფეხზე ავიხოლხე და თავმჯდომარეს კი არა, დასასჯელ მოწაფესავით, ძირს, იატაკს დავაშტერდი. იქ, ძელებზე ადამიხნის გამხარი ტალახი მრავალფენოვან ლაქებად მიმოგლესილიყო. მე ვიცანი ჩემი სოფლის ტალახი. ვიცანი სხვა სოფლის ტალახებიც, კოლექტივის თავმჯდომარეებს და გადასახდელებით მოსულ გლეხებს რომ მოეზიდათ.
-ესაა ოქმი?! _ მიყვირა თავმჯდომარემ. _ შენ აქ საშაიროთ მოგიყვაი?! გეიგევი, რა გითხარი, თუ არა?! _ ბრაზით შემომიტია ჯემალმა და მისი ტუჩიდან სახეზე ფურთხის რამდენიმე შხეფი მომხვდა. მეორე დღეს ქოხსამკითხველოში გადამიყვანა. შენ აქ უფრო ივარგებო, მითხრა, ცხრა კილო პურის ფქვილი აქაც გექნებაო, დაუმატა. მივიხედ-მოვიხედე. დამფორილ-დაობილ კარადებიდან დასაწყლებულ-დაბინდული წიგნები იცქირებოდნენ არა, კი არ იცქირებოდნენ, _ იდგნენ, ისხდნენ, ეყარნენ უპატრონოდ, უმოძრაოდ.
საბჭოს მდივნად, თავმჯდომარემ, მესამე დღეს, მახოელი გრძელთითებიანი ბიჭი მოიყვანა, ჩემსავით `საშუალოდამთავრებული~, მაგრამ ოქმის ბოლომდე დამწერელი, თავმოპარსული, მუხლებამდე ამოცმული, ღაზლის წინდებით, თითქოს მორცხვი, თუმცა, როგორც კი საბჭოს მდივნის ფეხმოღრეკილ სკამზე დაჯდა, ირგვლივმყოფთ გასხვაფერებული თვალები ზევიდან გადაავლო.
ჩემი ქოხ-სამკითხველო კი მაკლე შემიყვარდა. ყველა და ყველაფერი უცებ მიყვარდებოდა მაშინ.
ერთ დილას, ღარის წყალზე პირის დასაბანად ჯარის გოგოები ჩამოგრიალდნენ. ეზოში უმალვე რეზინისძირიანი ბატინკების სუნი აქროლდა, კისკის-ხორხოცით შეითქრიალეს წყალი პირზე და აღმართი აირბინეს. ხათუნა მეტხანს დარჩა ღართან. ვაცალე, განზე გავდექი, როგორც კი პირი მოისველა და სახოცი მოისვა, მასთან გავჩნდი, რა თქმა უნდა, თავიდანვე გრძნობდა, რომ ნალიის ბოძზე აკრული ველოდებოდი.
_ ეს ჩემი ფაცხაა, ხათუნა, შამოი ჩემთან.
_ ნე პალოჟენო! _ მიპასუხა ჯარის ენაზე.
_ პალოჟენო, პალოჟენო, რა უჭირს... _ ერთგვარი გაბედულებით შევეპასუხე;
_ ნუ, ია პაშლა. _ მითხრა კისკისით და გაიქცა. მეც ავედევნე.
_ ხათუნა ჩვენებურად არ ლაპარაკობ?
_ ნე პალოჟენო! _ გადმომიგორა მხარსუკან და ნაბიჯს უმატა. მამაკაცურ პერანგში და წენგოსფერ, სალდათურ ქვედატანში ხათუნას აფეთქებული სხეული ვერ ეტეოდა. იგი სხვა სივრცეებს, სხვა სიმსუბუქეებს სხვა ფერთა შეხამებებს მოითხოვდა.
მაგრამ ჩვენებურ ენაზე რომ ნამცეცა სიტყვაც არ მაღირსა, მეწყინა. იმ დილას იმფერ ჭკუაზე გახლდით, ალბათ, რამეს საიმნაიროს, _ სიყვარულისას კი ვეტყოდი, მაგრამ არ მაღირსა ამის საშუალება.
სიყვარულის თარგმნა არ შეიძლება. სიყვარული მხოლოდ მშობლიურ ენაზე ახსნილი თუა, იხარებს.
იმ ზამთარმა ხმელად ჩაიარა. გეგონებოდა, სექტემბერში გათოვებამ ზამთარს თავისი მარაგი ნაადრევად გადაახარჯვინა და იანვარ-თებერვალში თოვლი მოგვანატრა: რუსეთში კი ყინვები ჰიტლერის ჯარის მოწოლაზე უარესად აწვებოდა ქვეყანას. გაზაფხულზე გერმანიის თვითმფრინავების გუგუნი ჩვენც გავიგონეთ. ყირიმ აზოვი, კავკასიონის ჩრდილო კოსტოხგრეხილები და ბევრი, ძალიან ბევრი რამე, თითქმის მთელი ნოყიერი საბჭოთა მიწა-წყალი ფაშისტს უკვე აღებული ჰქონდა.
მოსაკმსახურე ბიჭები გამანადგურებელ ბატალიონებში გაგვამწესეს. თითო თოფი ხელში დაგვაკავებინეს და ღამღამობით ხიდთან, ან საბჭოსთან, ან ტყეში, მორიგეებად დაგვაყენეს. იქ, საზღვრისგაყოლა ტყეებში, ბევრი საყარაულოები გამართეს. ბებერი, უშიშროების ნაოფიცრალი კაცები ჩაუყენეს სათავეში იმ საყარაულოებს. გახშირდა საზღვრიტს დარღვევა-გადმოლახვები, გერმანიის მაშინელი ძმაკაცის _ თურქეთის მხრიდან. სწორედ ივნისში, გორებზე რომ მთლად აშრა თოვლები და სიტიალე-სიტიტველე სიმწვანით შეიბურა, გადმოსვლა-გადასვლის მშვენიერი პირობები შეიქმნა და კიდეც გახშირდა დარღვევები.
დანდალოს თავში, წიფლნარში, გამთენიაზე, დჟიდი წიფლის ძ ირას მიძინებულები, უფროსმა სიმონ ხარაულმა გაგვაღვიძა. მოხევე სიმონ ხარაული, ბებერი კი არა, მოწიფული ვაჟკაცი იყო. ყურყუმელა შავი ულდვაში და ნაბადქვეშიდან ამონთებული წითელი `პეტლიცები~ ვაჟკაცურ შემართებულობიისა და ერთგული, ფხიზელი თანამდგომელი რომანტიულ იერს ანიჭებდა. ბედნიერი კაცი ჩანდა. არხეინი, ლაღი, ამაღლებული ლაპარაკი უყვარდა, ყველაფრის ცოდნას ამჟღავნებდა, ჩემი საკუთარი სოფელი დუბე და დუბელებიც კი მან, სიმონ ხარაულმა, თითქოს ჩემზე უკეთესად იცოდა.
-ბიჭო, შუქრია, რავაა ის თქვენი ყურუმსაღი, პირდაფლატული მოლა-ყედირაი, ა?! _ ჩვენებურად უქცევდა. ამიტომ უფრო შინაურდებოდა. _ ის როგორაა ის წიაპა ზაალაი!
მეც ჩემებურად ჩამოვუთვლიდი თანასოფლელებს, _ იმათ საქმეებს და ახალივით ვუყვებოდი დაძველებულ, _ ხანგასულ ამბებს. სიმონი, გლეხური, ალალი ღიმილით მომაყურადებდა, ვატყობდი, სიამოვნებდა ჩემი მოყოლილი თუმცა არც კი აინტერესებდა.
ღამღამობით მორიგეობაში ერთმანეთს ვენაცვლებოდით, ვახტმოხდილები, დასაძინებლად ხიდის ფოსტაში ან ქოხ-სამკითხველოში ჩამოვდიოლდით. იქ თუნუქბის ღუმელები იდგა, შეშა იქვე მიწყობილი გველოდებოდა.
თვითეულს საკუთარი საგზალი მიგვქონდა ტყეში. იქ ერთად შევექცეოდით, ვისაც რა გააჩნდა, ფოთლებზე გაფენდა, ჩუმად შევჭამდით, რა იყო ვითომ შესაჭმელი. მართალია, ხიდის დუქნიდან ატანილმა ცხრა კილო პურის ფქვილმა დედაჩემის გაჭირვებულ ხელშობაში მთავარი და გადამწყვეტი ადგილი დაიმკვიდრა, მაგრა პეშვ პურის ფქვილში შერეული მოხარშული კარტოფილის ცომი, რაც მოხარშულ ხაპერადან გამოფხეკილ ფაფაში შეიზილებოდა. ჯოლო გასაბერვებლად წიფლის დაფქული ქერეჭიც რომ მიემატებოდა, მაინც არ იყო ნამდვილი მჭადი, მაგრამ ზოგს ალბათ ამისთანაც ენატრებოდა.
-აბა, ბიჭებო, მალე, მალე, აიკრიფენით აქედან! საზღვარია დარღვეული! გამზადდით, საბრძოლო გასვლა გვექნება!
მოვიჭირეთ შეჩონჩვილებული ხვანჯრები, მოვისწორეთ ქამრები, ვტაცეთ ხელი თოფებს და უფროსის წინ გავიჭიმენით. ამასობაში გაღმა ხევიდან ადამიანების ხმები მოგვეყურა. ცოტაზე ავმაღლდით, გადავიხედეთ და დავინახეთ ფერდობზე როგორ ამოდიოდა მწკრივად ამომავალი ექვს-შვიდკაციანი ჯგუფი, მესაზღვრე ჯარისკაცებთან ერთადჟ.
სიმონი თავმოყვარე და ცოტაც თავის ავტორიტეტის უპირატესობაზე მზრუნველი კაცი იყო. არ ჩაეგებოთო,. გვიბრძანა, ალბათ იმათში თავისთავზე უფრო მაღალჩინიანი ვერავინ შენიშნა.
ამოვიდნენ.
-დააჯინეთ ცოტახანს! _ ბრძანა ვიღაცამ.
საზღვრისდამღრვევი, ტყავის წითელ მოკლე პალტოში გამოხვეული, წითელწვერებიანი შუახნის აცი, ფესვზე ჩამოჯდა. მაუზერის ცარიელი ხის კაბური წელზე უკონწიალებდა. ფეხზეც მაღალყელიანი ჩექმები ეცვა, თავზე _ ტყავისავე კეპკა. ისე გამოწყობილიყო, გეგონებოდა, რაიკომის მდივანიაო.
-სიმონ, თქვენგან ორი კაცი იქნება. მე და შენც... ვიკმარებთ მე მგონია. ჩავიყვანოთ საბჭოში, იქ დაგვხვდებიან და ჩავაბაროთ. _ თვალებით მიუთითა წითელპალტოიანზე. თურქეთიდან გადმოპარული აგენტი გაჩუმებული იყო, ხმას არ იღებდა. ალბათ, რას ლაპარაკობდნენ, არც ესმოდა.
-რუზე დასძინებოდა, თავზე წავადექით... _ თქვა იმათმა უფროსმა.
-ეს უბრალო ვინმე არ იქნება. _ დაასკვნა სიმონმა.
-სარაჯოღლუს პირადი შოფერი ყოფილა.
-რა ჯანაბაზე მეეთრევა აქეთ?
-მაგას იქ დაამღერებს, საცა...
-ემშივნება... ადამიანობა ვაჩვენოთ მაინც.
-გაქვენ რამე მჭადისა? _ იკითხა მოსულთა უფროსმა.
-აბა, ბიჭებო!.. _ მოგვმართა სიმონმა.
ყველანი შევწუხდით, მივაბრუნ-მოვაბრუნეთ თავები და ერთმანეთს შევაშტერდით. შარვლის ჯიბყეში კი მედო წიფლის ქერეჭშერეული მჭადის გაზეთში შეხვეული პატარა ნატეხი, მაგრამ მაგის ამოღება-გამოჩენა არ მინდოდა.
-ჰო, შუქრი, ნუ გრცხვენია. თუ შეგრჩა რამე, დადევი აგერ. _ მაინცდამაინცტ მე მომიბრუნდა სიმონი.
-პაწაი ნატეხი კი მაქ, უფროსო, მარა, წიფლის ქერეჭიანია... თლათ იმფერი ვერაა, რა ვიცი, რა ვქნა? _ შევწუხდი.
თვალი გავაპარე სარაჯოღლუს შოფერისკენ. თითქოს ის ჩემზე უფრო შეწუხდა. რატომღაც მე დამასო თვალები და უცებ,. _ გადავირიე, _ ჩვენებურად მითხრა.
-არ მშია. ნუ ზაჰმეთობთ (ნუ წუხდებით).
_ უყურე შენ! _ შეიძახა ვიღაცამ.
მართლაც უცნაურობა ხდებოდა. ვინაა ეს ჩვენებური კაცი? თუ ჩვენებურია, თურქეთიდან რაფრათაა? _ ალბათ თითოეული თავს ამნაირ რაღაცეებს ეკითხებოდა., მაგრამ პასუხის გამცემი არავინ იყო. ეგ, უნამუსო გამცემი, _ ჯერ აქედან იქით ღალატით გადასულა, მერე იქიდან, ეტყობა, საღალატოთ, აქეთ გადმოიპარა, მაგი?! _ მაგი გასაჭეჭყია, _ გამომქონდა სასტიკაზე სასტიკი განაჩენები იმ მწითური შოფრისათვის, იმას კი, სულაც არ ენაღვლებოდა, თანაგრძნობით, საუაროდ იქნევდა თავს, მჭადი არ მინდაო და ჩემ საცოდავ წიფლის ქერეჭის ნატეხს გაკვირვებით უთვალთვალებდა.
სოფსაბჭოში ხიდზე, ბათუმიდან ამოსულები დაგვხვდნენ. ბევრი ლაპარაკი აღარ ყოფილა. დაჭერილები სამხედროების მანქანაში ძგეფეს (შეადგეს) და კარიც მიიტკლიცეს. უკან მეორე `გურძაო~ იდგა. თოფიან ოთხ ბატალიონელს ზედ მიგვითითეს, დაჯექითო, სიმონს შევხედე, თავი დამიქნია, მალე თითიც დამიქნია, გვერდზე გამიყვანა, ჯიბეში ხუთმანეთიანი ჩამიბუშტა და მიჩურჩულა:
-ამაღამ ქალაქში დარჩები მაინც. მიდი ქუთაისის ქუჩაზე. ნომერი აგერაა. იქ მეუღლე მყავს, ანჟელა ჰქვია. გადაეცი, კვირას ჩამოვა-თქო. დარჩი იქა, გაათიე ღამე და ხვალ დილას ფოსტას წამოყევი. ჰო, _ მოიცა, _ ჰა, ესეც დაუტოვე, _ მივხვდი, ფული იყო. მისამართი ფანქრით გაზეთის მოფრეწილ ყურზე დაეწერა. ჩემი უფროსი, _ სიმონი, შეწუხებული ცქმუტავდა, რაღაცა კიდევ უნდოდა დაებარებინა, მაგრამ ვგრძნობდი, ყველაფერს ვერ მიმხელდა. თითქოს შემეცოდა სიმონი. უცნაურმა წინათგრძნობამ და გაურკვეველმა სევდამ შემიპყრო. ხომ არ ინანა, ცოლის მისამართი რომ მანდო?
შპიონიან მანქანას ვეღარ დავეწიეთ, გადააქაცეს. ბათუმი დუმდა, თოფი მილიციის მორიგესთან მივაყუდე კუთხეში და ახალშებინდულ ქალაქში გავიარე, მალე სულაც ჩამობნელდა. მთელ ბათუმში სინათლის ერთი წინწკალიც არსად კიაფობდა. ქუჩაში პაპიროსზე მოკიდებაც არ შეიძლებოდა. სევასტოპოლი უკვე ალყაში იყო და სვასტიკიანი ჰაეროპლანები თითქმის ყოველდღე დაფრინავდნენ დიდ სიმაღლეზე.
ბნელ მთებში ღამე სიარული ისე არ მაშინებდა, როგორც ჩაბნელებულ ქალაქში. საერთოდ, ბაბაი ამბობდა ხოლმე. კაცი მგელზე უფრო საშიშიაო. მაგრამ მე ვის რად ვუნდივარ? _ ვფიქრობდი ჩემთვის. წასართმევი არაფერი გამაჩნია და გასახდელი.
დავუყევი ტელმანის ქუჩას. ქუთაისზე გავუხვიე, ამოვიღე გაზეთის ნაჯღურკი, დავხედე, მოვნახე სიმონის დაწერილი ნომერი, ავჩლარტუნდი მეორე სართულზე. გარეთ უკვე ციოდა. სახლის კედლებში მომცრეული პაწა სითბო, ძალიან ეამა ჩემს დაბეჟილ სხეულს. ავედი, ხელისცეცებით გავყევი ვიწრო დერეფანს, ბნელი გვირაბის ბოლოდან ხმა მოისმოდა, შუშიან კარს მივადექი და მაშინვე კარი გამოაღეს. ალბათ, ფეხის ხმა გაიგონეს წინასწარ.
შიგნით, ფარდებჩამოშვებულ პაწია სამზარეულოში, მაგიდისქვეშიდან, წითელაბრეშუმიანი აბაჟური ანათებდა.
კარში დედაბერი იდგა. შევხედე, შემომხედა, არ ვესიამოვნე, არც მე მესიამოვნა. გამიღიმა უგემურად, მე ღიმილი ვერ მოვაფერე. ნამდვილი არ გამომივიდა, ყალბათ არ შემეძლო. ჩემმა მისვლამ ერთგვარად შეაკრთო თითქოს.
არ ვიყავი ჯერ გამოცდილი, მაგრამ რაღაცეებს მაინც კარგად ვხვდებოდი, ჯავრიან თვალებში ჩანდა, _ რამ მოათრია მაინცდამაინც ახლა, ეს ზეგნელიო, _ ამბობდა.
-ვინ გნებავთ, ბატონო? _ ზიზღნარევი შიშით მკითხა. `ბატონო~! პირველად მიწოდეს, გრძელ-გრძელი, ცქერეტა, ყირმიზი ფრჩხილები შევნიშნე,. ცალი ხელი ისე გამოიშვირა. მეგონა, დამკაწრ-დამფხაჭნიდა. ანჟელას ვეძებ, სიმონის ქალს-მეთქი, _ ავუხსენი. დაგაბარა რამეო? _ ჰო-მეთქი, _ ვუპასუხე.
შიგ შემიშვა და თითების მტვრევა დაიწყო. საიდანღაც ხმადაბალი მუსიკა მოჟონავდა, რასაც ფეხების მსუბუქი ტლაშუნი მოაცილებდა.
დედაბერი კარგად ჩაცმული იყო, სამაჯურებში, ყელსაკიდებში, ვეება საყურეები და, ვინ მოთვლის რა ჯურის მოსართავებში, გამოჯავშნულიყო.
კედელზე ფარდა გადააჩოჩა, კარს მიაკაკუნა და იქით ხმა ჩაქრა, ოდნავ შეაღო კარი, რაღაცა ვიღაცას უთხრა და მანიშნა, შედიო. იქ უკვე, სხვა ქალი, ლამაზი ქალი, მომადგა, არაბუნებრივად შავი, მბზინავი თმა მხრებზე ჩანჩქერივით ჩამოეყარა.
ის, მეორე ოთახი, სამოთხედ მომეჩვენა. თბილოდა, ოქროსფერი შუქი ეფინა ყველაფერს. მაგიდაზე პურ მარილი ეყარა. შუაში, დიდ ლანგარზე ზომაზე დაჭრილი ბამბასავით თეთრი პურის ნაჭრები ელაგა. ამდენი თეთრი პური, ისიც ასე ძალიან თეთრი, ჩემ სიცოცხლეში არსად მენახა. იქით მელოტი კაცი იჯდა.
_ მობრძანდი, ბიჭი, დაბრძანდი,. ჩემი სიმონი ხომ კარგადაა? წერილი ხომ არ გამოუტანებია? ეს სიმონის მეგობარია. _ მიმითითა ამ კაცზე. კაცი წამოდგა, ხელი გამომიშვირა. მაგიდაზე, მოხარშულ ქათამთან, ორი რევოლვერი იდო.
კაცი მელოტი იყო, მაგრამ ღაწვებზე გაუპარსავი, ხორდილო წვერი მოწოლოდა. დუბელების ხუმრობა მომაგონდა: კაცს თავზე რომ გაცვივდება თმა, წვერი თუ აქვს, შეიძლება თავი გადმოუტრიალო, ღაწვი ზემოთ მოუქციო და ქოჩორი ისევ თავის ალაგას ექნებაო.
ძალიან მომეფერენ. სუფრასთან დამსვეს. მარტო თეთრ პურსაც ყაბულს ვიქნებოდი, მაგრამ მოხარშულ ქათამს ცალი ბარკალი აახლიჩეს და წინ დამიდეს.
კი მივხვდი, არასასიამოვნო სტუმარი ვიყავი. თუმცა, აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, _ ჩემთვის იმას ვანგარიშობდი, ღამე სად გამეთია. ჩუმად ვშიშობლი, _ ეს კაცი ხომ არ გამაქრობდა საერთოდ, რათა სიმონამდე არ მიეღწია მისი აქ ყოფნის ამბავს? ეს რევოლვერები რატომ დააწყვეს სუფრაზე? ჩემ დასანახად?
ჭიქაში ღვინოს ჩამისხეს. ავიღე და ვყლურწე ისიც, ჩვენებური ადესას გამო ჩამრჩა პირში და შიშმა გადამიარა. ოდნავ თავიც მომეწონა, რომ ამნაირ ხლაფორთში ვარ და ახლა ჩემგან ჭკვა, ჭვრეტა, სიმამაცე და სხვა ამნაირი რაღაცეებია აუცილებელი.
გავძეხი და წამოვდექი. ანჟელამ, კუთხეში, პატარა რაღაცა დაწერა და კონვერტით გამომიწოდა სიმონისთვაის გადასაცემად. კაცი წამოიმართა, ერთი რევოლვერი პიჯაკის გარეთა ჯიბეში ჩაიგდო, შლაპა დაიხურა და თქვა:
_ მარტო არ გაიშვება ბიჭი. წავედი მეც.
_ ქუჩებში სევასტოპოლის ფრონტიდან ჩამოსული მატროსები დაძრწიან, საშიშია, გააცილეთ, _ დაუმოწმა ქალმა.
_ მერე სამსახურში თათბირი მაქვს. _ სასტიკი სერიოზულობით აღნიშნა კაცმა. _ სახკომსაბჭოში ჩემს მეტი არავინაა.
_ ეს კაცი თავმჯდომარის მოადგილეა, სახკომსაბჭოში _ დააყოლა ჩემ დასაჯერებლად ანჟელამ.
ქუჩაში რომ გავედით, ხელი ჩამავლო მკლავში, საითო, მკითხა, გლეხთა სახლში-მეთქი, ვთქვი. მალე თვალი ბნელს შეეჩვია და კაცს უკვე კარგად ვხედავდი. აბა, მესვრის, აბა, მესვრის, მეგონა. არაფერიც, _ ალერსიანი საუბრით მიმაცილა გლეხთა სახლამდე. დავიფიცე, სიმონს არ გავუმხელ ანჟელასთან იმ კაცის ყოფნას-მეთქი. არადა, მარტო რომ დავრჩი, სიმონი შემეცოდა.
ბნელში ჩაძირული ქალაქი ღამის ზვინებიან ყანას ჰგავს: ხალხი არის, ხალხი მუშაობს, ხმები გაისმის, ვითომ საფლავებიდან აღმოსულან სულები და ქუჩებში ხელისცეცებით, ჩურჩულით, კვლავ ახალი, ხელმეორე სიკვდილის შიშით, დააბოტებენ. სიტყვები, თითქოს ერთიმეორესთან შეხებისას უბადრუკ, ცივ წინწკლებს ჰყრიან, რათა კანკალით მოგიხაზონ შენობათა, საგანთა და სხეულთა დაბლაგვებული კონტურები.
უცებ, აკრეფილი, მწყობრი, მოტკლეცილი ნაბიჯებით მომიახლოვდა რუსულად მოსაუბრეთა ჯგუფი. გლეხთა სახლის შესასვლელი იქვე იყო. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ დამძლია და არ შევედი შიგ.
იმათ მოახლოებას დაველოდე, შევატყვე, ღამისფრად შემოსილი ფართოშარვლებიანი შეზარხოშებული მატროსები იყვნენ და, ვითარცა ციკანი ციდან ჩამოდაბლებულ მტაცებელ ფრინველის ფრთებქვეშ გაინაბება, მეც ისე მივეყუდე კედელს და გავისუსე. მოვიდნენ, ბრახაბრუხით ჩაიარეს. უცებ ნაბიჯი გაჩერდა. ერთი მათგანი უკან მობრუნდა, მომიახლოვდა, ცივი ნაგანი ლოყაზე მომაჭირა და პირიდან საშინელი სუნი შემომაფრქვია.
-ტი შტო ნი ვაიუეშ, ა?! ხოჩეშ ჩტობი რუსსკიე ტოლკო გიბლი, და?!.. _ და ყურთან რაღაცამ იჭექა. ცეცხლმა გამითხრიშა ყურის ფარფლი და ლოყაც მომიწვა. ტყვია წივილით გაშლიგინდა ეზოში. იქ მგონი, ჭიშკარს მოხვდა. მე კი მეგონა, მომკლეს და გულმოკვეთილი ჩავიჩოქე, მომკვდარებულ-მიბნედილი თვალით მაინც შევნიშნე,. როგორ მძაფრად, კმაყოფილი ნაბიჯით, წავიდა მეზღვაური. იგი მომლოდინე ჯგუფს დაეწია და ხარხარით ბნელს შეერივნენ.
მაშინ, თავზე რომ მადგა, უნდა მეპასუხნა რაღაცა. ბევრნაირად ვპრუნჭე ტუჩები, მაგრამ ღერი სიტყვაც ვერო გამოვაძვრინე იმ ჩემი შეკოჭილ-გაშეშებული პირიდან. მაგალითად, უნდა მეპასუხნა, რომ არც მაგრეა საქმე-მეთქი, რომ თავმჯდომარე ჯემალის შერიფაი ფრონტზეა;. რომ იმდენი ჩვენებური მოკლეს, რომ მე იქ გამანადგურებელ ბატალიონში ვარ, მეც ვომობ და საბჭოეთს ვუდგევარ საიმედო დამცველა-მეთქი, არ იქნა, ვერ ვუთხარი და ასე ბლაყურად მოვაკვლევინე თავი. არა, _ გადავრჩი, მაგრამ იმის ხელიდან ხომ მკვდარი ვიყავი მაინც?
მეორე დღეს, ხიდის საბჭოსთან, მოვძებნე სიმონი, იგი დიდი მზვერავის დაჭერის შემდეგ, საბჭოს ცენტრში ისვენებდა, _ დუბელების სასაუზმეში იჯდა. როგორც მივუახლოვ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი