ოშკი

რახან შენ დგახარ. თან ხარ, თან არ ხარ.
ქვა ხარ და ქვაში ხმა ხარ და გავხარ
აღმავალ ლოცვას, რომელსაც ამხელ
და რომლის დროსაც ტანიდან გახვალ
შენ იმხელა ხარ. და რახან დგახარ
სახვა ხარ, სახავ სახეთა სხვაგვარ
შინაარს ზენას, სიღრმეთა წიაღ
რომ მარხავ, დიაღ! აღდგომად მარხავ.
აღდგომა ახლავს შენს ყველა ზრახვას
სულისას, რომლის გვამ ხარ და გვახარ
მის ახელს ახალს, რახან შენ დგახარ.