Midnight Coffee


როცა მენატრები, მე ვწერ შენზე,
ვწერ ისე, როგორც დაწერდა ნებისმიერი ქალი,
ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო,
ჩემსავით რომ გამართლებოდა,
ჩემსავით რომ აღმოეჩინე,
მე ვწერ შენზე, რადგან მჯერა _
არ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები,
უბრალოდ, ჩვენვე შეგვიძლია სხვა ადამიანების
განსაკუთრებულებად გადაქცევა,
მე ვწერ შენზე და ვიცი _
შენი განსაკუთრებულობა ჩემი ლექსებია.
როცა მენატრები, მე ვიხსენებ ოთხჯერ შეხვედრას შენთან:
გვიან შემოდგომაზე,
მოყინულ ზამთარში,
ადრიან გაზაფხულზე
და ჩახჩახა ზაფხულში,
ვიხსენებ, როგორ შემიყვარდი ამდენივეჯერ _
პირველად, როცა დაგინახე და ვთქვი,
რომ არ არსებობს უფრო დიდი სასწაული ცასა და მიწას შორის,
ვიდრე ჩემი და შენი ერთად ყოფნაა,
მეორედ, როცა ჩემი კანი პირველად შეეხო შენსას
და მივხვდი, რომ მხოლოდ შენ გაქვს ის სურნელი,
ყოველ ღამით გიჟივით რომ გამომაღვიძებს,
მესამედ, როცა შენ ადექი და ისე უბრალოდ წახვედი,
თითქოს უკან მოსახედად ერთი მიზეზიც არ მომიცია,
მეოთხედ, ამ რამდენიმე დღის წინ,
როცა სულ ორი წინადადებით
ყველაფერი მომიყევი შენს უფულო სტუდენტობაზე
და მე საკუთარ თავს გამოვუტყდი,
რომ ქვეყნის დასალიერიც კი ახლოა, როცა ერთად ვართ.
სიყვარულს ხომ ასეთი თვისებაც აქვს _
მას შეუძლია, ბევრჯერ დაიწყოს
და არასოდეს დამთავრდეს.
როცა მენატრები, მე ვფხიზლობ
და ვიცი, შენ გძინავს,
მე მიყვარს შენი ტკბილი ძილი,
შენი დაბნეული სიზმრები,
და ვხვდები, სინამდვილეში,
ისინი ჩემთვის მოსაყოლი ზღაპრებია წიგნიდან,
რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად დაწერ.
როცა მენატრები, მე შენი თვალებით ვუყურებ სამყაროს,
რომელიც ლურჯია და მშვიდი,
რადგან ახლა სამყარო სხვა არაფერია,
თუ არა მანძილი ჩემი თვალებიდან შენს თვალებამდე,
ჩემი სუნთქვიდან შენს სუნთქვამდე,
ჩემი საფეთქლებიდან შენს მხრებამდე.
როცა მენატრები, შენ ჩემთან მოდიხარ,
მე თვალის უპეებზე გალაგებ თითებს,
შენი ტუჩების კონტურებს ვხაზავ,
შენს დუმილს სხეულის ყველა უჯრედით ვუსმენ
და ვხედავ,
წლების შემდეგ როგორ ვდგავართ საერთო კართან,
მე ჰალსტუხს გისწორებ
და ისევე მითრთის ხელები,
როგორც გუშინ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი