სალომე ბენიძე - ფოტო

სალომე ბენიძე

მწერალი, პოეტი

ამბავი შეუძლებელ მომავალზე

რა მოხდებოდა,
სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი _
დავბადებულიყავი მთაში,
იქ, სადაც ჩემი წინაპრები
ჭედდნენ ოქროს და ფუტკრის სკას უვლიდნენ,
მქონოდა სამი ჩითის კაბა,
ორი _ საშინაო, ერთიც _ საგარეო,
თითებზე _ მთის ბალახის გაუნელებელი სუნი
და ყოველ დილით, როცა ხბოებს მინდვრისკენ გადავრეკდი,
დავმდგარიყავი ყველაზე მაღალ ფერდობზე
და მესმინა ჩემი სოფლის მდინარის სიმღერა,
მაცოცხლებელი სიმღერა _
სხვა მელოდია არც მცოდნოდა.
რა მოხდებოდა,
დაბადებულიყავი ზღვის პირას,
მეზღვაურობაზე ოცნებით გაზრდილიყავი
და როცა თორმეტის გახდებოდი,
მხოლოდ მაშინ მიმხვდარიყავი,
რომ ჩვენს ქვეყანას ფლოტი არა ჰყავს,
რომ ჩვენმა ხალხმა არაფერი იცის გაშლილ ზღვაში ცურვის შესახებ
და უბრალოდ,
თევზის საჭერად გაგეშალა ბადე,
მერე კი, ყოველთვის,
როცა წყალში ნავს შეაცურებდი,
შორეულ ქვეყნებზე ოცნებით ყოფილიყო სავსე
შენი უცნაური თვალები.
ერთმანეთს შევხვედროდით ვინმეს ქორწილში,
ან, უარესი _ ვინმეს დაკრძალვაზე,
მაშინ ხომ არ იარსებებდა ტელევიზორი,
არც კომპიუტერი,
არც მოკლე ტექსტური შეტყობინება.
შენ დამინახავდი და იტყოდი,
რომ ჩემი თმა მთის ჩალას ჰგავს
და მასში ძილი არასოდეს მოგბეზრდება,
მე დაგინახავდი და ვიტყოდი,
რომ აქამდე მხოლოდ მესიზმრებოდა ზღვა
და მე ის პირველად შენს თვალებში ვნახე.
მერე კი ჩვენს ცხოვრებას ექნებოდა
თევზისა და ზღვის მარილის გემო,
როცა მე,
მთვარის ბილიკიდან დაბრუნებულს,
ბადისგან დასერილ ხელებს დაგიკოცნიდი
და შენ იტყოდი,
რომ არცერთ ადამიანს დედამიწაზე
არ გამოუცდია მსგავსი ბედნიერება.
წლიდან წლამდე ფერს დაკარგავდნენ ჩითის კაბები,
მაგრამ საყვედური არასდროს დამცდებოდა _
მეთევზის ცოლს ხომ შეუძლია,
სადღესასწაულოდ ბადე ჩაიცვას,
თევზის ფარფლისგან შეკრას გვირგვინი
და სამყაროს გაუღიმოს.
ახლა კი,
როცა ჩვენს ცხოვრებას
ყავისა და სიგარეტის გემო აქვს
და „შანელის“ სუნი,
როცა მანქანის კარს მორიდებით გვიღებენ
და ყოველდღე გვეკითხებიან ჭკუას
გაყვანილ ჯარზე,
გაურითმავ ლექსებზე,
ჯანსაღ ცხოვრებაზე,
სხვების შეცდომებზე,
საზოგადოებრივ ურთიერთობებზე,
საერთაშორისო ურთიერთობებზე,
ლიტერატურული პერსონაჟების ურთიერთობებზე,
ჩვენ, ვისაც ვერაფრით დაგვირქმევია სახელი
საკუთარი ურთიერთობისთვის,
ჩვენ, წარმატებისთვის განწირული,
მომღიმარი გოგო და ბიჭი,
შეუჩერებლად ვთამაშობთ საკუთარ როლებს,
შეუჩერებლად ვთამაშობთ საკუთარი ცხოვრებით.
და დღეს, ამ თამაშის შუაგულში,
ვდგავარ და გიყურებ,
ვდგავარ და ბავშვივით ვიგრძელებ ქურთუკის სახელოებს _
ხელებს ვიმალავ.
მე ამ თითებით დიდხანს მეჭირა ჩვენი შეუძლებელი სიყვარული,
რომელიც გამისხლტა
და ახლა სიკვდილივით მეშინია,
ჩემი ცარიელი ხელები არ დაინახო.