სალომე ბენიძე - ფოტო

სალომე ბენიძე

მწერალი, პოეტი

ათასმეხუთე უძილო ღამის სიმღერა მეგობრისათვის

ბოლო დროს ხშირი სიტყვაა სუიციდი _
მესმის და არაფერს განვიცდი.
ბოლო დროს ახლო სიტყვაა სუიციდი _
ვამბობ და ენა არ მეწვის,
ვამბობ და არაფერი მტკივა,
ვამბობ და მიკვირს _ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ წონასწორობას.
მოყევი,
როგორ წვიმს ჩვენი დაცხრილული თვალებიდან,
მოყევი,
როგორ ფრიალებს ქარში ჩვენი დაფლეთილი ნერვები,
მითხარი,
სად მთავრდება ცხადი და სად იწყება ჩემი ერთადერთი სიზმარი,
რომელსაც უკვე მერამდენე ღამეა,
ვხედავ თვალღია,
აკვარიუმში მწოლიარე.
ჰო, აკვარიუმია ჩემი თვალები,
რომლებშიც დაცურავენ თევზები _ ჩემი მდუმარე ოცნებები.
შენ ალბათ გახსოვს,
მიყვარდა ჯდომა კედელთან მიდგმულ სკამზე,
რომ უკეთესად დამენახა,
ვინ შემოვიდა ჩვენს სივრცეში, ანდა კარი ვინ გაიხურა,
ახლა კი ვზივარ ზურგით მთელი სამყაროსკენ
და გლუვ კედელს მივჩერებივარ.
ჩემს უკან კი გრძელდება მიმოსვლა,
გრძელდება ბრუნვა,
ვიცი, ვერაფერს მომიყვები მათ შესახებ,
ვინც ახლახანს შემოვიდა,
ვინც ახლახანს შეგვიყვარა _ აქ მათთვის ადგილი აღარ არის,
ვერც მათზე, ვინც კარი გაიხურა,
ვისაც ჩვენთან აღარ უნდოდა _ ჩვენ მათ მალე დავივიწყებთ.
შენ ვერაფერს მომიყვები,
რადგან ჩემსავით შენც უყურებ კედელს _
იქნებ თვალები აგიჭრელდეს,
იქნებ ფეხზე მდგომს ჩამოგეძინოს,
ან იქნებ მიხვდე _ ყველაფერი სიზმარია
და არასოდეს გვქონია ცხადი.
 
შენ კარგად იცი _ არავინაა ჩემზე ეგოისტი.
ბოლო დროს სუიციდი ჩემი სიტყვაა,
არასოდეს გაგინაწილებ.