ოდა სანთებელებს


სანთებელები ცეცხლის ანთებით იღლებიან
და მალე კვდებიან.
ადრე სხვანაირად იყო -
ძალაგამოცლილი სანთებელები
პატარა, გაქუცულ ჯიხურებში მიჰქონდათ
და მათ თავიდან ტენიდნენ
მინიმალური ქართული ვალუტის გადახდის ფასად,
და სანთებელები კვლავ ცოცხლდებოდნენ,
და ჩვენც შეგვეძლო
სხეულში თავიდან ცეცხლჩამდგარი ამ სანთებელებით
ისევ მოგვეკიდა ჩვენი ცხოვრების მაშინდელი მწარე თუთუნისთვის
და არც კი გვეფიქრა,
თუ რა კარგია, როცა დაღლილ სანთებელებს
ნაგვის ყუთში კი არ ყრიან,
არამედ მკვდრეთით აღადგენენ
და ისინიც აგრძელებენ პრომეთეს მისიას…
 
როცა ძალიან დათვრები,
მეორე დილით ჯიბეში
სავარაუდოდ აღმოაჩენ
ხუთიდან ათამდე სანთებელას,
ისინი შარვლის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებიდან,
ქურთუკის შიდა და გარე ჯიბეებიდან ამოდიან,
ინთებიან, ინთებიან
და ცდილობენ რაღაც მნიშვნელოვანი გითხრან,
მაგრამ სათქმელს პასუხი არა აქვს,
რადგან ვერცერთ ჯიბეში ვერ პოულობ
ვერცერთ ღერ სიგარეტს…
და ეს სანთებელები,
როგორც ოლიმპიადის უხეირო ჩირაღდნები,
ინთებიან და ქვრებიან და წვალობენ,
შენ კი უცებ დაგიძახებს მოხუცი დედა,
რომელიც დილაადრიან, სიცივეში ადგა და უნდა,
ჩაი აადუღოს და დალიოს,
მაგრამ ასანთს ვერ პოულობს ვერანაირად.
ის გეკითხება: შვილო, ცეცხლი ხომ არა გაქვს?
და აი, ამ დროს ცოცხლდებიან
შენი მთვრალი სანთებელები,
პრომეთეს იდეა ცოცხლდება მათში.
შენ მიდიხარ, მიბანცალებ გაზქურასთან,
და ყველაფერი უკვე წესრიგშია:
სამყარო ლაგდება,
ცეცხლი თავისას აკეთებს,
შენ შენსას აკეთებ,
ჩაი დუღს და
მწარე ცხოვრებაც მიედინება…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი