მტრედი იათაშვილი


მე მტრედი იათაშვილი ვარ.
მ. კოსტავას 46/50-ის ბინა 28-ში
ერთი კვირის წინ ჩავეწერე.
ქუჩის მხარეზე, აივანზე ვცხოვრობ,
ძველი კარადის სულ ზედა თაროზე.
აქ ძირითადად ცარიელი მტვრიანი ქილები
და ბოთლები ალაგია,
თუმცა არის ამჟავებული კომპოტები
და დაძმარებული ღვინოებიც.
საძინებელში ხანდახან
ხატია, ნატა, ანასტასია და დიტო იათაშვილები შემოდიან,
წამოწვებიან, ძინავთ, წიგნებს კითხულობენ,
უფრო ხშირად კი გაფაციცებულები
კომპიუტერს მისჩერებიან,
ამიტომ ვერ მამჩნევენ.
გადავფრინდები. გადმოვფრინდები.
მაგრამ უშედეგოდ.
და გული მწყდება. 
მეც ხომ უკვე აქ ვარ ჩაწერილი,
მათიანი ვარ.
ერთადერთი შოთა იათაშვილი მამჩნევს.
ყოველ დილით,
გაიღვიძებს თუ არა,
გაშტერებული იყურება ფანჯარაში,
თავის ფიქრებშია,
მაგრამ მეც მაკვირდება,
და მეც გავხალისდები ხოლმე,
ვღუღუნებ,
მივქრი-მოვქრივარ,
შევხტები ჩემს ზედა თაროზე,
მერე გამოვფრინდები,
აივნის მოაჯირზე დავხტები,
კოსტავას ქუჩას გადავხედავ,
ვაკონტროლებ.
გაჩერებაზე ხალხი დგას,
სამუშაოდ მიეშურება.
ვიცი, შოთა იათაშვილიც ადგება მალე,
გაუყვება თავის გზას.
ნელ-ნელა დამივიწყებს.
საღამოთი ვერც კი შემამჩნევს.
მხოლოდ დილით,
როცა იღვიძებს,
მაშინ მხედავს და ახსენდება ხოლმე,
რომ მეც აქ ვცხოვრობ,
მტრედი იათაშვილი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი