თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

წყალს მიაქვს სველი ყვავილები ბალტიის ზღვისკენ..

წყალს მიაქვს სველი ყვავილები ბალტიის ზღვისკენ,
ზღვამ ჩაისუნთქა შენი ნაღველი
და ზღვა ყოველთვის გაგახსენებთ:
როგორ მიყვარდი!
ეგ ყვავილები ვერასოდეს მიღწევენ
შენი მკერდის ჩაღრმავებამდე.
ვერასოდეს დაჭკნებიან ჩინურ ლარნაკში,
რომელიც თითქოს ამაყად იტანს
მდიდრულ მტვერსა და გულგრილობას.

ნუ მომწერ წერილს ძველი სიტყვებით!
მე ავადა ვარ... ზღვის ნისლოვან ბაგეებიდან
მითვალთვალებს იუპიტერი.

წყალს მიაქვს სველი ყვავილები ბალტიის ზღვისკენ,
იქ ალბათ ცივი ქარები ქრიან
და გაყინულ სანაპიროზე
მკვდარი თოლიების ჩრდილი
თანდათან მოკლდება.
ნუ მომწერ წერილს ძველი სიტყვებით:
,,ამ წელიწადში ეს მერამდენე
ზამთარი მოდის, ღმერთო!“