ისევ ავარდა დოლარის კურსი..

ისევ ავარდა დოლარის კურსი,
ისევ დაეცა მორალის კურსი!
ისევ გულდაგულ ითვლება ფული!
ისევ ზერელედ ითვლება პულსი
რა ხდება, ნეტავ, ქართველის გულში,
რა ხდება, ნეტავ, ქართველის სულში!
გოდებს აკაკის ღვთიური ქნარი
და ფიროსმანის გამშრალი ფუნჯი!

სამშობლო ჩემი ვერ ხედავს თვალში,
სამშობლოს ჩემსას არ ესმის ყურში,
ეს მზე, ეს მზე თუ უშველის, ანდა
ეს ცა, ეს ზეცა - სუფთა და ლურჯი! -
ფერი, რომელიც არ არის არსად,
ფერი რომელიც არ არის ლუვრში...

რამდენი ბრიყვი შეცურდა ფულში!
რამდენ გენიოსს გაუშრა ფუნჯი!
გამაგებინა, ვიცოდე მაინც -
საწყალ სამშობლოს რა უდევს გულში!
...................................................
ისევ ავარდა დოლარის კურსი!
ისევ ავარდა პოეტის პულსი...

წყარო: litklubi.ge