დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო ..


დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო,
ეს სიტყვები ანბანივით ვისწავლე,
ვაჰ, სოფელო ბოროტო და მუხთალო,
ნაბადივით გადამთელე მიწამდე…

ნუ მიწუნებთ ენასა და რაობას,
მხატვარი ვარ, პოეტობა საიდან?
ხორცო ჩემო, რად აჰყევი ზვაობას,
სულო რამდენ იარასღა აიტან?

დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო,
დამეღალა სული მარხვის გოდებით,
ქრისტე აღსდგა! – ანგელოზი უგალობს,
ქრისტე აღსდგა! – ნუღარ დაელოდებით…

ჩემი ერის პირუცვლელი სარკე ვარ,
მხატვარი ვარ, პოეტობა საიდან?
სულო ჩემო სად გვცალია სალხენად,
ქრისტე აღსდგა ჩვენთვის კი ჭეშმარიტად?

დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო,
ჩემო მზეო, ჩემო წყაროვ სინათლის,
დავრჩი უძმოდ, უპაპოდ და უქალოდ,
ანაბარა სულთამბრძოლი სიმართლის.

ქრისტე აღსდგა! გაზაფხული მოვიდა,
წვიმა სერავს ჩემი გულის დარაბას,
სააღდგომოდ სიკეთის ქმნა მომინდა,
(და ლოცვებში მოვიხსენე ბარაბა.)

დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო,
მინდა შენი სიყვარული მიცავდეს,
მინდა ასე უანგაროდ, უბრალოდ,
ყველა წმინდა და ცოდვილი მიყვარდეს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი