ბავშობის მონატრება


…და ახლა ისე მენატრება ბავშვობა როგორც,
ნაწვიმარ ზეცას ენატრება სხივები – თბილი,
-თმა რომ მოვქაჩო, გავაბრაზო მეზობლის გოგო,
მერე მოვპარო მის ბებიას ეზოდან თხილი.
გავიქცე, ჩუმად ძმა ბიჭებთან – გავუყო სარჩო,
ვიცინოთ ერთად, ვიხალისოთ, ვიმღეროთ, ვხატოთ,
მერე მოვაძროთ ძველ ფანჯარას ბებერი ჩარჩო ,
და დედამიწის ამ ჩარჩოში ჩატევა ვცადოთ.
ბავშვური გულით, მიამიტი თვალებით გვწამდეს,
პაპის ზღაპრები, კარგიცა და ყველაზე მდარეც,
დავდევდეთ პეპლებს, მივყვებოდეთ ფეხ და ფეხ ცამდე ,
მოვხატოთ ზეცა – ჩავაბნელოთ მზეცა და მთვარეც.
ვეძახდეთ დედებს: “ცოტა ხანიც დამტოვე გარეთ,
არ მშია არა, არც მწყურია, არც მტკივა რამე.”
ვცელქობდეთ მუდამ და ბავშვობის ვითვლიდეთ წამებს,
გვიშრობდნენ კოცნით უფროსები ცრემლიან თვალებს.
გვიყვარდეს ყველა – წმინდანიც და მკვლელიც და მრუშიც,
სირცხვილის გრძნობა გვიწითლებდეს ღაჟ-ღაჟა ლოყებს,
იესო ქრისტეს სიყვარული მეფობდეს გულში,
ვარსკვლავთან ერთად მივყვებოდეთ – ბაგისკენ მოგვებს.
მე ახლა ისე მენატრება ბავშვობა როგორც,
წუთისოფელმა შეიყვარა ძვალი და ხორცი,
-თმას რომ ვქაჩავდე, ვაბრაზებდე მეზობლის გოგოს,
და მერე ბოდიშს, რომ ვუხდიდე ლოყაზე კოცნით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი