აღსარებასავით

ქნარებში - კეთილი ტიროდა აშიკი,
ვნებებში - მტარვალი ბრუნავდა გენია,
მაღლიდან გროშივით გადმოყრილ ტაშისთვის,
მე ერთი სტრიქონიც არ წამომცდენია.
დანთქმული დღეების მოწყენას ვბარდები,
დღეებიც დღეების დიდებას სდევნიან,
ქანდარა დამეგმო, გამერთო პარტერი -
მე ერთი ბრწაკედიც არ წამომცდენია.
შმაგი ერთგულებით მზვერავდა დიადი,
ვინ იცის თვალთაგან რა თოვლი მდენია,
რომ გამომეწვია წკვარამი დიაცის,
კიმპალიც რა არი, - არ წამომცდენია.
ზოგზოგებს მსუბუქი სიმღერა ვეგონე,
მსუბუქად შეშლილი ნებიერ თითებთან,
ნაკლებად ესმოდათ ჩემს ბოროტ მეგობრებს,
ხარხარში ჩაკლული ტკივილის დიდება.
მირონი, მუდარით გამთბარი მირონი,
კეთილი გენიით მნათლავდა ყოველდღე
და გაღმერთებული სიცილით ვტიროდი,
სასახლის სვეტებზე გამობმულ პოეტებს.
და ასე მივდივარ... უხვიც და ვერანიც,
ზოგისთვის ვაჟკაცი ზოგისთვის მკვეხარა,
მე ვიყავ მოზარე, ვიდრე მომღერალი,
აკაკის ცრემლებით დამბალო ქვეყანავ.