დიდებს


„პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსარებითა» - იობის წიგნში წავიკითხე და ბავშვობაში გადამისროლა.ბავშვის ნათქვამიც ზოგჯერ უფრო ჩაგაფიქრებს კაცს; ახალმოსულის ამქვეყნად და ამიტომ პირდაპირ ბავშვის უპირველეს სათქმელზე გადავედი;რომელიც არის დედა. წლების მიხედვით შეჩერდა ბავშვობა და ეს სიტყვაც იტვირთებოდა...გავიდა დრო და დედაენა მომცეს,გადავშალე და - აი იაო ეწერა. მერე პარკში სეირნობისას ყვავილი შევამჩნიე და კითხვითაც კი მივმართე;როგორც ცოცხალს - რა გქვია მეთქი? - აი იაო. დედაბუნების ხმა იყო,ისევ დედაენით. გავვოცდი,უფრო გამაოცეს. მერე თოიძის პლაკატი ვნახე პირველ კლასელმა - დედა სამშობლო გვეძახის (თურმე ღვთისმშობლის) - და მასწავლებელსაც ვკითხე გულწრფელად,რას გვეძახის თქო? ხუმრობით მიპასუხა: „ირაკლი,ირაკლის ვერ გაუგეო?“ ვერ გავიგე,ეტყობა შველას ითხოვდა,სითბოს,თბილ სიოს და დედაქალაქზეც მიმენიშნა - თბილისიო. მერე ვიღაცამ მიხსენა დედაეკლესიაო და მეყვსეულად მოსანათლთა რიგებში აღმოვჩნდი. ნათლობის შემდგომ მეორედ შობილმა,თითქოს ახალად ენა ავიდგი : „მამაო ჩვენო თქო“ დავიწყე,ოღონდ შინაგანად და მივხვდი დედაეკლესიას,გარემოს,წიაღს,სადაც ვიდექი. ბოლოს ქუჩაში ფეხით სიარულისას  ვიგრძენი,როგორ დავმძიმდი და მიწასაც ვამძიმებდი,თითქოს მტვირთულობდა. ხოდა ამ ფიქრებში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი წარმომიდგა და მეუბნება : „რა განაღვლებს მიწას,იქით გვნაღვლობს,დედამ გვშვა და დედამ მიგვიბარაო" - მიწა იგულისხმა - თურმე. მერე მივხვდი,ჩავწვდი - დედააზრს,როგორც იმ პლაკატისას.მაშინ,მასწავლებლის ხუმრობამაც დამაბნია,ჩამაფიქრა : „ირაკლი,ირაკლის ვერ გაუგეო?“ დღემდე მასწავლებელო,საკუთარ თავსაც,გპასუხობთ მომავლიდან - დიდი ბავშვი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი