აურა


მტვერი დაედო ემოციას ფიჭვის თაროზე ,
ძმად გამეფიცა სიმარტოვე და ჩვენც ვმარტოობთ . 
კოკით ავავსეთ სურვილები ბებოს წყაროზე , 
დრო არ იცვლება , მაგრამ ვბატყობ , - უნდა ვადროო .

ფერი გაუცვდა , აღარაა ათასფერადი , 
ცას ცისარტყელა დღეს რატომღაც ეუცნაურა . 
სიყვარულია მარტივი ან მრავალჯერადი 
მე კი , რატომღაც აღარ მომწონს ქვეყნის აურა .

სულ მუქ ფერებში რატომ ვხედავ ? 
აბა რა ვიცი ... 
უცნაურია ჩემი ყველა ფიქრის დაწყება . 
აღარც ლექსები მეწერება , აღარც განვიცდი , 
რომ ყველაფერში დასასრული უდრის დაწყებას .

ჯაჭვი იგება , თითო რგოლი არის იმედი . 
დღეს გამარჯვებას ისწრაფვიან მკვდრები , მძორები . 
ფიქრის გორაზე ისევ მარტო , ისევ მოვედი 
რათა მეხილა დაცემა და არ დავყოლოდი
იმ ბრმებს , 
რომლებიც საკუთარი სისხლით ღებავენ 
ყველა სტრიქონს და მიწიერი შერჩათ თვალები . 
იმათ , რომლებიც ყველა სიტყვას ასჯერ ზომავენ , 
მაგრამ რატომღაც , სულ ეშლებათ დრო და ადგილი ...

აზრი ვიცვალე , 
(რაც აქამდე მძულდა ჭირივით ).
ტანსმოტმასნილი აგედევნე , როგორც გადია . 
ლექსი დავწერე , ან დამწერა , ანდა პირიქით - 
ყველა ტაეპი ცინიზმი და მასკარადია !

მტვერი დაედო ემოციას ფიჭვის თაროზე , 
ვცდილობ ეპოქას გავუგო და მხარი ავუბა . 
დრო არ იცვლება , მაგრამ ვატყობ , - უნდა ვადროო . 
დიდიხანია აღარ მომწონს ქვეყნის აურა ...

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი