ნოემბერია


ნოემბერია და ჩვეული სუსხით მაშინებს
სულ სხვანაირი სუნი უდის არდაბრუნებას .
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვშორდებით და კედელს ვაშენებთ ,
რომ აღარასდროს არ მოგვინდეს კვლავ დაბრუნება .

ნოემბერია , ვერ შევძელი , რომ არ მტკენოდა .
ნერვიულ ხველას ვერ ვიჩერებ ლექსით , ქარაგმით.
ნეტავი შენში ჩემი თავი არ დამრჩენოდა ,
ახალ ცხოვრებას გვირილებით მოვიქარგავდი .

ნოემბერია , არ ვუჩქარებ ნაბიჯს არაფრით .
არ ვეძებ სხვა გზას , არც გაქცევის არ მაქვს სურვილი .
როგორ მეგონა , რომ შენს გრძნობებს მოვიპარავდი ,
როგორ მეგონა , რომ უშრეტი გქონდა წყურვილი

ჩემი
და
რადგან ოქროსფერი სხივით ვთბებოდი ,
მჯეროდა ყველა ამოსუნთქვის ერთიანობის
და რადგან ბილიკს შენსას მუდამ უხმოდ მოვდევდი
გადაიღალე და მხოლოდ მე გჩემიანობდი ...

სულის აკორდებს ფერფლისფერი ფრაზებით ვართობ
და რა ხანია გარიჟრაჟსაც ვასწრებ თენებას ,
მე ალბათ ჩემი მიწიერი თვალებით გაკრთობ
და ყოველ დილას რომ ვირთვები ლექსისფერებად .

ნოემბერია , აღარა გწერ უკვე ბარათებს ,
დავტოვე აწმყო , მომავლისკენ ვიწყებ დინებას .
აღარ აქვს აზრი ნოემბერში დარდს და კამათებს ,
ცვალების გარდა ნოემბერმა არა ინება ...

სულ ცოტა მინდა მოთმინება გადარჩენამდე .
(უარყოფილი გრძნობებისთვის და ხელის გაშვება ) .
შენელებული პულსითა და სუნთქვით შენამდე
მე აღარ მოვალ .
აღარა ღირს ციდან დაშვება ...

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი