გაცვლილი როლები


ნამდვილად არ ვიცი ვის წაუკითხავს და ვის გაუგონია, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ,,ცხოვრება თეატრია”-ო შექსპირმა თქვა და როგორც კი ეს ფრაზა აღვიქვით, მაშინვე გაჩნდა ოცნება სასურველ როლზე. ზოგს ბედნიერი მოხუცის როლი სურს, ზოგს ლაღი ბავშვისა ან ყურებამდე შეყვარებული ჭაბუკის, ნაწილს მეოცნებე ქალის, ნაწილს უსახლკაროსი, ვიღაცა მუშტებზე იყურება და მიიჩნევს, რომ ,,ღონიერი ყმაწვილის” როლს კარგად ითამაშებდა, რამდენიმეს სუსტების ჩაგვრა უყვარს, უმეტესწილად ხშირი ბილწსიტყვაობით, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ასე უფრო სარწმუნოა მათი ,,ჭეშმარიტი” საუბარი. ზოგს ადამინების ხოცვა-ჟლეტა ანიჭბს სიამოვნებას, მოკლედ, რომ ვთქვა, რადგანაც ჩვენს თეატრს არ აქვს “სცენა” და აქ არ არის საზღვრები დადგენილი, ის ყველა მსახიობს იტევს, ყველას ეძლევა დებიუტის შესაძლებლობა.

ასე და ამგვარად ჩვენი ცხოვრება კი არ გადაიქცა თეატრად, არამედ არტისტების სახელოსნო გაიგივდა ცხოვრებასთან, თუ შექსპირის ეპოქაში თეატრი არარსებულ სინამდვილესთან ასოცირდებოდა, სადაც თითოეულმა მაყურებელმა იცოდა, რომ რაც ხდებოდა ყველაფერი თამაში იყო, დღეს უკვე თეატრმა და ცხოვრებამ როლები გაცვალეს.

ცხოვრება გახდა ყველაზე დიდი თეატრი, ხოლო თეატრი გადაიქცა ყველაზე ნათელ სინამდვილედ, ანუ შექსპირის მიერ შენიშნული რამდენიმე საუკუნის წინანდელი დიაგნოზი, შესამჩნევად გამართლდა.

ჩვენ უთენია ვიწყებთ ნიღბებისა და კოსტიუმების მორგებას. დღეს წვიმიანი ამინდია, ამიტომაც ნახევრად ბედნიერი სახით გავალ სახლიდან, ფერუმალილიც ამინდს შევუხამე, ამინდი – ხასიათს. ჩვენი ცხოვრება უსცენო თეატრს ჰგავს, სადაც ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს, ამიტომაც ,,ბის”-ს ისევ ჩვენ ვყვირით სპექტაკლის ბოლოს, ტაშს ისევ მსახიობები ვუკრავთ ერთმანეთს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი