ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 1634

მიტოვებული სახლების სევდა


მიტოვებული სახლების სევდა,
ყველაზე დიდი სევდაა ქვეყნად,
იქ აღარავის მოელიან და
აღარავისთვის ტრიალებს დედა.
გამოკეტილი დარაბის მიღმა
მტვერი ბატონობს წარსულის წლებზე,
არავინ აღებს ფანჯრებს ფართოდ და
არავინ აშრობს თეთრეულს მზეზე.
გარინდებულან ეზოს ვარდები,
კედელზე სურათს ხალიჩა ათბობს,
აღარსაიდან მოდიან მათთან
და ეულ სახლებს დარდები ათოვს.
შემორჩენილან ერთგულ მცველებად
მერცხლის ბუდე და ძველი წიგნები,
დუმილის ჭაობს შთაუნთქავს ახლა
ბევრი თაობის გულის მისნები.
მაგრამ სხვა არის საათის სევდა,
დროს უკვე ითვლის ისე უმიზნოდ,
ის აღარავის უჩვენებს ჟამს და
არავინ არის, წამზომს უსმინოს.
ერთ დღეს ისრებიც გაჩერდებიან,
არვინ დაიწყებს წუთის სწორებას,
როცა გასწირეს სიმარტოვისთვის,
მაშინ დამთავრდა მათი ცხოვრება.
აღარ ამოდის ბუხრიდან კვამლი,
ცასთან არ მიდის მისი ძახილი,
კიბეზე ბალახს ამოუხეთქავს-
ქვასაც გულში აქვს თავის სახმილი.
ხანდახან ჩიტი თუ მოფრინდება,
გალობით ურღვევს სევდას სიმშვიდეს,
დიდხანს ვერც ის ძლებს და ერიდება
გადარაზული კარის ტკივილებს.
ჭერსაც დარდი აქვს განუკურნელი,
გულზე ჰკიდია ცრემლად ობობა,
მოგონებების გრძელი გორგლიდან
ქსოვს მიტოვებულ სახლის ობლობას.
კომენტარები (0)