სოფელი


ინდაურები ამოფრინდნენ თივის ზვინიდან,
სოფლის ჭალაში დაიბერა მწიფე ალუჩა,
ამოუყვიათ თავი ლეკვებს ჭრელ ხურჯინიდან,
ბაღიც ველურმა ქლიავებმა გადაალურჯა.
მარნის კარებზე ორშიმოსთან ჩირი გამოხმა,
კალთას იბერტყავს წიწილებით ნაზად ბებია
ხორბლის ტომარა პაწაწინა თაგვმა გამოხრა
და ვენახებშიც ქურდბაცაცა თეთრი თხებია.
მწვანე მინდვრები მოუთმენლად წვიმას ელიან,
ვირმა გომურში ნაღვლიანი თვალი დახუჭა,
დაუჭერიათ მთაში მწყემსებს ცოცხლად მელია,
სოფლის ბავშვებმა რომ აიგდეს წრეში აბუჩად.
ვაზის ფოთლები დაწინწკლულა შაბიამანით,
დგება საღამო უბრუნდება სოფელს ნახირი,
დაწნულ ღობეში გაიშალა იასამანი,
როგორც მაისის მშვენიერი გამოძახილი....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი