კარლო კაჭარავა - ფოტო

კარლო კაჭარავა

პოეტი, მხატვარი

თქვენ თამაშობდით ..

თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს -
ბოთლებს - დაკეტილი კარების ფონზე გაღიმებული, ოდნავ მოჭუტული თვალებით.
ერთი.
"ვგავარ ვარსკვლავურ გომბეშოს" - თქვა კაცმა.
"როგორი გემო აქვს რვა წლის წინ შეჭმულ ყველს?"
"შენ დაგეძინა დახატულ ბაგირზე ცოცვისას".
"სახლები, ქვაფენილები, სიზმრები".
მშვიდობით შიმშილო, მშვიდობით გაუთვალისწინებელო დამცირებავ,
მშვიდობით მარტოობავ, მშვიდობით ჯანმრთელობის გაუარესებავ,
მშვიდობით მართლა უმიზნოდ ხეტიალო, მშვიდობით იძულებითო სიფრთხილევ,
მშვიდობით შიშო, მშვიდობით შეურაცხყოფავ,
მშვიდობით მსხვერპლადქცევავ.
პოეტურია მშიერთა სიხარბე?
რატომ არ ჰგავს მარტომყოფი მსხვერპლი სხვებს?
ანდროგინი კენტავრი.
კონცეპტუალური ვახშამი, როგორც ყოველთვის არშემდგარი ვახშამია.
ადამიანი, რომელიც დიდხანს ფიქრობს, - მხოლოდ ფიქრობს.
გააშკარავდა ღამე ქარხნის სიფხიზლით.
მინის კოვზებით მთელი ღამე ვახშმობდნენ ბავშვები, რომლებთაც
ყვითელი თმები და ნაცრისფერი თვალები ჰქონდათ.
ქარხნის კუნძული დიდ ქალაქში ჰგავდა ჩაკეტილ გასასვლელებს,
სადაც ვახტიორთა სიზმრები გაავებულ ძაღლებთან ერთად
დასდევდნენ არჩართულ სირენებს, ანუ იმ ქალებს,
რომლებიც ვერ ასწრებდნენ კივილს,
როცა მათ კლავდნენ.