ნახო პარიზი და მოკვდე


არ იცი, საიდან უნდა დაიწყო
ამ ქალაქის თვალიერება-
მას აქვს წარსული, აღბეჭდილი საგულდაგულოდ
და შეგეძლო შიგ შებიჯება და გამოსვლა და შებიჯება -
თითო ფინჯანი ყავის დალევა თითო კაფეში
მონტმარტზე და ელისეიზე კაშნეიან მხატვრებთან ერთად -
ისევ შინიდან გაუსვლელად, ისევ უსაფრთხოდ.
უსაფრთხოდ, რადგან რაც გეგონა, ის იქნებოდა -
ფეთქებადი დღესასწაულის ცქერა შორიდან -
ეკრანებზე, ფურცლებზე და წარმოსახვაში
ბედნიერების უსასრულოდ პროეცირება.
 
ახლა კი დგახარ შუა პიგალზე. იანვარია.
შენს წინ შენობას აწერია, რომ არის შარლე.
შენ კი სტატუსით ტურისტი ხარ -
ტერორიზმით დახშულ ქალაქში
და არ იცი სად ისეირნო.
 
აი ცხოვრება – ხელოვნების კარიკატურა -
ნამდვილ შანსს გაძლევს -ლამაზ კადრში გაიყინო
და თოვასავით დაგაფინოს ზედ სუბტიტრები
შენ კი უგულოდ ცდილობ მისგან თავის დაღწევას,
გზის გაგრძელებას, პროზაულად თვალიერებას გალერეების,
შოკოლადის ბლინების ჭამას,
შოპინგს, ჩანთების ამოვსებას სუვენირებით -
ქიმერებით, პატარა პრინცით, ეიფელით -
გიგანტური მაგნიტით თუ რკინის ქსელით -
რომ ეწევა შეყვარებულ სულებს,
ურცხვად რომ ანთია ამ შუაგულ ტრაგედიაშიც.
 
ესეც ერთგვარი თავგანწირვაა -
სეირნობა ტერორიზმით დამფრთხალ ქალაქში,
ტურისტები  გადამფრენი ფრინველებივით რომ უკენკავენ
მუზეუმებს, სკვერებსა და მაღაზიებს,
ვერსალის ბროლის მონოტონურ კორიდორებში
წამდაუწუმ გადამოწმება უახლესი ინფორმაციის,
დიდხანს წრიალი ორსეიში და ამაო მცდელობა ტკბობის,
ლუვრში დგომა ”მედუზას ტივთან”
გროვად რომ მოჩანს  კატასტროფის მსხვერპლი
და მათზე აღმართული მონა – ალამით.
მომავალი ჟონავს ტილოდან.
 
მონეს კი ისე აუნთია კედელზე თივა,
რომ მხოლოდ ამ შუქს  შეუძლია
გადაფაროს სასტიკი ცეცხლი,
რომ არ იცი რომელ ქალაქში, როდის მოგწვდება.
 
”რაც დავიპყარ, იმან დამიპყრო” -
ქუჩის კუთხეში დგას და მღერის არაბი გოგო.
ზუსტად არ გესმის სიმღერის ტექსტი,
მაგრამ ალბათ ამაზე მღერის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი