ორნი ძმანი


ორნი ძმანი გაიყარნენ
და გაიყვეს ყველაფერი,
ისე მშვიდად განაწილეს,
ჰკვირდებოდა მათი მტერიც;
ორი ორმო პურიც გაჰყვეს,
უფროსსა ჰხვდა კალოს აქეთ,
მეორე ძმას მის პირდაპირ,
იყვნენ ორნი ტკბილად და მხნეთ.
უფროსსა ესვა ცოლ_შვილი,
უმცროსი მარტოკაობდა,
არცა რა ძმისა შურდა მას,
არცა რას სხვისგან დაობდა,
უფროსი თავის ორმოდგან
პურს ამოიღის მალულად
და ძმის ორმოში ჩაჰყრიდის,
მის უხილავად, ფარულად;
იტყოდის: „მომგებნი მყვანან
ცოლ_შვილი, ღმრთისა წყალობა;
მას კი არა ჰყავს არავინ,
მარტოკა ჰხვდების წვალება…“
უმცროსიც თავის ორმოდგან
პურს შეუმატის ძმისასა,
იტყოდის: „მარტოხელი ვარ,
სარჩოს ვიშოვი წლისასა;
ის კი წვრილშვილით სავსეა,_
შევმატებ მისსა ქისასა!…“
უფალმა ორთავ უმრავლა…
რაღად გინდა ქადაგება?
დამიჯერე, საყვარელო,
„კარგი ჰქენ და წინ დაგხვდება“.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი