საბრუას სახლ-კარობა და შეძლება


მე მუშა კაცი გახლავარ,
გლეხი ვარ, გლეხად შობილი,
არა ვარ ღვთის მომდურავი,
არა ვარ გულჩათხრობილი.
ჩალური სახლი მიდგია,
ხულა, დერეფნით სრულია,
სხვენი აქვს წიფლის ფიცრისა,
კედლები გამოწნულია.
წინ და გვერდებზედ კარები,
ურდულად დიდი კეტია,
ხულის კარებს კი რაზა აქვს
შიგნიდგან დასაკეტია.
შიგ შუა სხვენში ჰკიდია
ჩალხანის საკიდარია,
ხულისკენ_თარო ჯამ_ჭურჭლით
და კრუხის საბუდარია…
კერასთან შუა ბოძია,
ბოძთან_ძმრის ქოცო თხლიანი,
ბოძს უკან_ფქვილის გოდორი
და კოდი ბარაქიანი!..
უღელი ხარი კარზედ მყავს,
ძროხა და ერთი ფურ_ზაქი,
ქათმები, კრუხ_წიწილები,
ქოსმენად ერთი ბურვაკი!..
ვცხოვრობ, ბეჩავი, ღვთის მადლით,
არ გამტეხია გულია,
ნუ გეგონებათ, შევშინდე.
ჯაფისგან მოქანცულია!..
საღამო ხანზედ ცოლ_შვილით,
რომ მოვუჯდები კერასა,
მჭადს და ლობიოს მოვიდგამთ,
ღვინოზე ვიწყებ მღერასა!
დავაგურგურებ დიდს სათარს,
ბალღებს მივიწვენ ჩულებზე,
მეც იქვე წამოვგორდები,
არასა ვდარდობ ფულებზე!..
მე, დედამიწის მებრძოლი,
გლეხი ვარ, გლეხად შობილი,
არა ვარ ღვთის მომდურავი,
არა ვარ გულ ჩათხრობილი.
მაგრამ რომ ვშრომობ დღედაღამ,
ნეტავი გამაგებინა,
ე სიღარიბე რას დამსდევს?
წამი არ მასუნთქებინა!..
სჩანს, შავი მიწის ბრძოლასაც
ზოგჯერ არა აქვს ხვავია…
მაგრამ რა ვუყო, ბეჩავმა,
ვის ვუთხრა სამდურავია?..
წელს კი _ უნდა ვთქვა სულ ქვეშა _
მიწას არ უმტყუნებია:
პური და ღვინო მოვიდა,
ნიგოზი, ბლომად ლებია.
ვცხოვრობ, ბეჩავი, ღვთის მადლით,
არ გამტეხია გულია,
ნუ გეგონებათ, შევშინდე,
ჯაფისგან მოქანცულია!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი