რისთვის მიყვარხარ?


რისთვის მიყვარხარ?_ამის ცნობა შენ გენებება?
საბრალო გული, მე, უბადრუკს, ვისთვის მეგზნება?
_მაშ, ჩემო ღმერთავ, დავიჩოქო, მომეცი ნება,
ჭეშმარიტებით ვაღიარო მე აღსარება:

ცხოვრება ჩემი წყაროსავიტ მომდინარებდა,
ვერც სოფლის ღელვა, ვერცა ჟინი მას ვერ არევდა
რასა ვგონებდი, თუ ვინმე მას ააჩქარებდა
და ჩემი ხვედრი მე სიცოცხლეს გამიმწარებდა!…

მომეღო ცნობა პირველადვე, რა გნახე შენა<
ვუძღვენ მადლობა მას, ვინც, ტურფად, შენ დაგამშვენა:
ვინც ამა სოფელს მოგიყვანა ჩემდა სალხენად,
ვინც ჩემ ნუგეშად, ჩემს ცხოვრებად შენ აღგაშენა!…

გულისა მეფავ, გულს მომეცი მაშინ ფონება!…
შენკენ ფრინავდნენ მყის გრძნობანი, მათთან გონება
შენ იქმენ ჩემთვის ცხოვერბა და კრეზის ქონება…
მე მაშინ გულსა განვიზრახე შენი მონება…

ხვედრმაც ღიმილით გადმომხედა, მომცა იმედი,
აღმიტქვა შენი მეუფება_რასაც ვძიებდი!
აგერ, ვამბობდი, შემეცვლება მასთან ბეჭედი…
მაგრამ, ვაინე! შედგა ჩალხი, გაბრუნდა ბედი!..

რისთვის მიყვარხარ?_მისთვის, რომ ხარ ეგრე ლამაზი:
წყნარი და მშვიდი, მასთან მარდი, ვით რმ გავაზი,
ვარდის და ბროლის ხარ სადარი, ტურფა და ნაზი…
მისთვის მიყვარხარ, რადგანა ხარ უფლისა ვაზი!

მაშ, ღმერთმა მკითხოს, თუ ოდესმე ეს სიყვარული
ან გავიგრილო, ან შევსცვალო მე შენზე გული,
უკუნისამდე თუ არ ვიყო მე შენი ყული,
მხვდეს რისხვა ღვთისა, მეხი ცისა, ვიყო წყეული.

რისთვის მიყვარხარ?_ მისთვის, რომ გულს მიჩინე წყლული,
რადგან ვიტანჯვი შენის ეშხით გაბრუებული,
რომ არ მიწყალებ, არ გიბრავლი, ბეჩავ, ბედკრული!..
მისთვის მიყვარხარ, რადგანა ხარ უმანკო სული!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი