ბიძია უჩა


პატარა ვიწრო ქუჩის ნაპირას,
იჯდა მოხუცი დაღონებული,
ვესალმებოდი ახლოს ჩავლისას,
თავს დამიხრიდა ჩაფიქრებული.

გადახედავდა თვალებით ქუჩას,
საღამო იყო თუ ალიონი,
მას ეძახოდნენ ბიძია უჩას,
მკერდზე ეკიდა მედალიონი.

ვინ იყო იგი? მე არ ვიცოდი,
ეჭვი მქონდა და გულს ჭია მღრნიდა,
იქნებ ლტოლვილი არის? ვფიქრობდი,
ისიც მელოდა და დიდხანს მცდიდა.

ბოლოს გავბედე და შევეკითხე:
-საიდანა ხართ ბიძია უჩა?
ხმა აუთრთოლდა,ამოიგმინა,
ცრემლიან თვალით გახედა ქუჩას.

-ყველაფერს გეტყვით სოხუმიდან ვარ,
იქ არის ჩემი გული და სული,
ლტოლვილი მქვია ჩემს ქვეყანაში,
დავკარგე რწმენა და სიხარული.

ის რაც გამაჩნდა ამ ცხოვრებაში,
აღარ შემრჩა და მწარედ მივტირი,
ომმა წამართვა შვილი ლევანი,
გამიჩნდა სევდა და გასაჭირი.

არავინ დამრჩა გავხდი ეული,
სულ აღარა მსურს ასე ცხოვრება,
გამოიფიტა ჩემი სხეული,
შემრჩა ტირილი,ჩუმი გოდება.

იმედი გაქრა და მომავალი,
აღარ მაქვს რწმენა დავბრუნდე იქით,
ომში დავკარგე შთამომავალი,
ვიგონებ წარსულს დარდით და ფიქრით.

დიდიხანია ველოდი ვინმეს,
გადამეშალა ჩემი განცდები,
დამწუხრებულმა მე შენ მოგენდე,
სწორად გავთვალე და არა ვცდები.

თვალზე მოაწვა ცრემლთა ნაკადი,
მეც ამატირა ბიძია უჩამ,
მადლობა ვუთხარ და წამოვედი,
დამძიმებულმა დავტოვე ქუჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი