თბილად ღუღუნებს ბუხარი


თბილად ღუღუნებს ბუხარი,
ციმციმებს ცეცხლის ენები,
მის ახლოს ვზივარ მდუმარი,
მინდა გავითბო ხელები.

ტკბილად ვიგონებ იმ ოსტატს,
ვინც ეს ბუხარი ჩამიდგა,
არ მავიწყდება მე ის დრო,
რამდენი წელი გავიდა.

ღმერთმა აცხონოს ის კაცი,
არ დაეკარგოს საკმელი,
ავდგე მოვნახო ასანთი,
დავუნთო წყვილი სანთელი.

ქარი ქრის გადარეული, 
ნელ-ნელა იწვის კუნძები, 
დამძიმდა ჩემი სხეული,
თითქოს დამადეს ხუნდები.

ეჰ,ბევრი წელი გავიდა,
წლები მჭექარე,მქუხარე,
წუთისოფელიც გაფრინდა,
შევიქმენ დიდი მწუხარე.

ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს,
მომავლის ნაპერწკალია,
შორიდან ისმის ჩხრიალი,
მდინარე ივრის წყალია.

ახლოს მივჯექი მოხუცი,
სითბომ გამითბოს ძვლებია,
ამ ბუხრის პირას ხორხოცი,
ქეიფიც არ დამკლებია.

თბილად ღუღუნებს ბუხარი,
გამოკრთის ცეცხლის ფერები,
ავდგები ბანცალ-ბანცალით,
მივალ და მოვეფერები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი