უჯარმის ციხესთან


სტუმრად ვიყავი კახეთში,
მოკლე გზით წაველ სახლშია,
უჯარმის ახლოს ციხესთან,
წვიმამ მომისწრო გზაშია.

მანქანა დავამუხრუჭე,
თვალი მოვავლე ბუნებას,
ლამაზ ხევ-ხუვებს შევყურებ,
ვერ გავექეცი ცდუნებას.

ქვემოთ ბობოქრობს იორი,
თოთო ბავშვივით ურჩია,
სხვა ციხე-სიმაგრეებთან,
უჯარმის ციხეც ბურჯია.

უცებ ფიქრებმა წამიღო,
თვალწინ დამიდგა წარსული,
ქართველი ხმალაღმართული
და მტერი მიწას გაკრული.

თვალწარმტაცი ხარ სამშობლოვ,
ჩემო ზღაპრულო მხარეო,
შენმა შემყურე  მოხუცმა,
რარიგად გავიხარეო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი